ბრძანება N 9010

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.04.2023
№ დოკუმენტი 9010
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9010

26.04.2023

შპს „-------------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------------)

2023 წლის 23 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „------------“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 23 იანვრის №10257/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №081-282 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია 144 841 ლარი, გადასახდელი დღგ კი - 43 843 ლარი. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დღგ-ის განაკვეთი შეადგენს 18%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე აცხადებს, რომ 144 841 ლარიდან გადასახდელი დღგ-ის თანხა უნდა იყოს 26 071 ლარი ((144 841*18)/100). მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი. მიუთითებს, რომ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადამხდელის უფლება-მოვალეობის ნაწილში). ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 601 მუხლებზე და ითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32560 ბრძანება და №081-282 საგადასახადო მოთხოვნა.

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №12451 ბრძანების საფუძველზე შპს „--------“ (ს/ნ ---------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32560 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-282 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 83 474 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 47 571 ლარი, ჯარიმა 24 180 ლარი და საურავი 11 723 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში შპს „---------“ აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ქალაქ -----ში, -------- ქუჩა №-ში (ს/კ ----------). აღნიშნული კორპუსი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომელიც შპს „----------“ მიღებული აქვს უძრავი ნივთის სანაცვლოდ მომსახურების შესრულების ხელშეკრულებებით. ასევე, სარეალიზაციო ფართების ნაწილზე დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები 2018 წლამდე. კორპუსის მშენებლობა წარმოებდა ქვეკონტრაქტორი კომპანიის შპს „-----------“ (ს/ნ ------------) მიერ, რომელიც შესრულებულ სამუშაოებზე პერიოდის ბოლოს აწარმოებდა მასალების ჩამოწერას და გამოწერდა ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. შემოწმებით, 2018 წლამდე განხორციელებული რეალიზაციების მიმართ გამოყენებულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის მარეგულირებელი ნორმები და ამ ნორმებზე დაყრდნობით გაანგარიშებული თანხები დაიბეგრა 2019-2020 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში. იგივე მიდგომით მოხდა გაანგარიშება მიწის სანაცვლოდ ბარტერული გარიგებების ნაწილშიც. ექსპლუატაციაში ფაქტობრივად მიღების თარიღად შემოწმებით განისაზღვრა 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდი, ვინაიდან ამ პერიოდშია მიღებული ბოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სამშენებლო მომსახურებაზე შპს „----------გან“. ხოლო 2018 წლიდან რეალიზებული ბინების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა მოხდა ხელშეკრულების დადებისა ან/და თანხის ანაზღაურების მომენტში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----------“ აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ქალაქ ბათუმში. აღნიშნული კორპუსი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომელიც შპს „----------“ მიღებული აქვს უძრავი ნივთის სანაცვლოდ მომსახურების შესრულების ხელშეკრულებებით. ასევე, სარეალიზაციო ფართების ნაწილზე დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები 2018 წლამდე. კორპუსის მშენებლობა წარმოებდა ქვეკონტრაქტორი კომპანიის შპს „----------“ მიერ, რომელიც შესრულებულ სამუშაოებზე პერიოდის ბოლოს აწარმოებდა მასალების ჩამოწერას და გამოწერდა ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ 2018 წლამდე განხორციელებულ რეალიზაციებზე მართლზომიერად იქნა გამოყენებული გრძელვადიანი კონტრაქტის ნორმები, ასევე, მართლზომიერად დაიბეგრა მიწის სანაცვლოდ ბარტერული გარიგებების ნაწილი და 2018 წლიდან რეალიზებული ბინების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა ხელშეკრულების დადებისა ან/და თანხის ანაზღაურების მომენტში განხორციელდა მართლზომიერად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში ტექნიკური ხარვეზის გამო არასწორად აისახა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 144 841 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 243 570 ლარის შესაბამისი გადასახადის თანხა - 43 843 ლარი მითითებული სწორედ, რაც დასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტის დანართითაც.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების აქტის მიხედვით განსაზღვრულ გადასახდელი დღგ-ს თანხას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. აღნიშნული კორპუსი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომელიც გადამხდელს მიღებული აქვს უძრავი ნივთის სანაცვლოდ მომსახურების შესრულების ხელშეკრულებებით. ასევე, სარეალიზაციო ფართების ნაწილზე დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები 2018 წლამდე. კორპუსის მშენებლობა წარმოებდა ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ, რომელიც შესრულებულ სამუშაოებზე პერიოდის ბოლოს აწარმოებდა მასალების ჩამოწერას და გამოწერდა ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. შემოწმებით, 2018 წლამდე განხორციელებული რეალიზაციების მიმართ გამოყენებულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის მარეგულირებელი ნორმები და ამ ნორმებზე დაყრდნობით გაანგარიშებული თანხები დაიბეგრა 2019-2020 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში. იგივე მიდგომით მოხდა გაანგარიშება მიწის სანაცვლოდ ბარტერული გარიგებების ნაწილშიც. ექსპლუატაციაში ფაქტობრივად მიღების თარიღად შემოწმებით განისაზღვრა 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდი, ვინაიდან ამ პერიოდშია მიღებული ბოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სამშენებლო მომსახურებაზე ქვეკონტრაქტორი კომპანიისგან. ხოლო 2018 წლიდან რეალიზებული ბინების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა მოხდა ხელშეკრულების დადებისა ან/და თანხის ანაზღაურების მომენტში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(10), 309(107), 159(1), 163, 164(1).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 161.