გადაწყვეტილება №81001/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№81001/1/2023
8.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (პ/ნ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 16.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №81001/1/2023).
დავის საგანი: დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2023 წლის №007-62 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10025 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
7 061.46 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 4 681
ჯარიმა - 1 405
საურავი - 975.46
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 20 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მასალებით დადგინდა, რომ --- გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და სარგებლის სახით იღებდა საპროცენტო შემოსავალს. ---ს 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემულად უფიქსირდებოდა 44 499 აშშ დოლარი, მათ შორის: 2020 წელს 33 306 აშშ დოლარი, 2021 წელს 11 193 აშშ დოლარი. ამასთან, ---ის მიერ აღნიშნული ოპერაციებიდან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, გაცემული სესხებიდან სარგებლის სახით მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 2020 წელს 1 530 აშშ დოლარი, შესაბამისი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით - 4 702.76 ლარი, 2021 წელს - 2 871 დოლარი, (9 348.17 ლარი), ხოლო 2022 წელს კი 1 117 დოლარი (3 439.69 ლარი.)
საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 73-ე და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, ---ის მიერ სხვადასხვა პირებზე გასესხებული თანხებიდან, პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №5842 ბრძანება და ამავე თარიღის №007-62 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შესაბამისად ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული ძირითადი გადასახადები გადახდილი აქვს (2022 წლის საშემოსავლო გადასახადი 688 ლარი და 2021 წლის საშემოსავლო გადასახადი 2811 ლარი) და 2023 წლის საავანსო საშემოსავლო გადასახადიც არ ეკუთვნის, რადგან განცხადების საფუძველზე შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა და ჩააბარა 2023 წლის საშემოსავლო დეკლარაციაც (შეჩერების). ამის შემდეგ დარჩა გადასახადი ჯარიმა და საურავი. იმის გათვალისწინებით, რომ არის პენსიონერი და მარტოხელა და ასევე გადახდილი აქვს ძირითადი თანხა, ითხოვს ჯარიმისა და საურავის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო დარიცხვის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევა ჩადენილია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №5842 ბრძანება და ამავე თარიღის №007-62 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7).