გადაწყვეტილება №26338/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26338/2/2025
05 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 17.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26338/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.10.2025 წლის №006-382 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25802 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 17 170,27 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 9 280,22
ჯარიმა - 4 542,30
საურავი - 3 347,75
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა კომპიუტერული დაპროგრამება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული მომსახურების სხვა სახეები.
აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.05.2024 წლამდე პერიოდში ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის იანვრის, აგვისტოს, სექტემბრის, 2023 წლის იანვრისა და 2024 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს გაწერილი აქვს სულ 545 495 ლარის მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მისი განმარტებით, 2022 წლის იანვრის დეკლარაციაში არსებული სხვაობა გამოწვეული იყო შპს N1-სთვის გამოწერილი ანგარიშ/ფაქტურის თანხის ავანსად ჩარიცხვით, 2021 წლის დეკემბერში (10 933 ლარი), ხოლო, 2022 წლის აგვისტოს თვეში არსებული სხვაობა გამოწვეულია, შპს N2-სგან მიღებული ავანსით (46 305 ლარი) 2021 წლის დეკემბერში. ზემოთაღნიშნულ კომპანიებთან არ არის გაწერილი 2021 წლის დეკემბერში ავანსის ანგარიშ-ფაქტურები.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა აღნიშნული ტრანზაქციების საბანკო ამონაწერები და საგადახდო დოკუმენტები. დადგინდა, რომ შპს „N2''-სგან ჩარიცხული თანხა იყო 46 305 ლარი, თუმცა დანიშნულებაში ეწერა ხელშეკრულების თანახმად და არა ავანსი, ხოლო, შპს „N1''-სგან ჩარიცხული თანხა შეადგენდა 9 232.2 ლარს და დანიშნულებაში აქაც მითითებულია მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებები შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი არ ყოფილა. 2021 წლის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ბრუნვის ანალიზის შედეგადაც გადამხდელის ახსნა-განმარტება მიჩნეულ იქნა არადამაკმაყოფილებლად, რის საპასუხოდაც გადამხდელს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები.
შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.10.2025 წლის №006-382 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25802 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე, ასევე გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებთან 2021 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი არ არის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმების მიერ გადამხდელისგან გამოთხოვილი ტრანზაქციების საბანკო ამონაწერებითა და საგადახდო დოკუმენტებით დადგინდა, რომ შპს „N2-სგან თანხა შეადგენდა 9 232 ლარს და დანიშნულებაში ამ შემთხვევაშიც მითითებული იყო „მომსახურების ხელშეკრულება“.აღნიშნული ხელშეკრულებები შემოწმებისთვის უცნობია. შესაბამისად, 2021 წლის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის თვეში კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ ავანსის თანხებთან დაკავშირებით არ ჰქონდა გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბანკო ამონაწერების მიხედვით ჩარიცხვების დანიშნულებაში მითითებული იყო „ხელშეკრულების თანახმად“, „მომსახურების ხელშეკრულება“, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებები არც შემოწმების პერიოდში და არც დავების განხილვის ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო აუდიტის შესახებ შეტყობინება მიიღო 2025 წლის 2 ივლისს.მოთხოვნილი ინფორმაცია აუდიტორებს დროულად მიაწოდეს დოკუმენტებში მითითებულ ვადებში. მომდევნო თვეებში აუდიტორების მხრიდან მიიღეს დამატებითი მოთხოვნები სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენის თაობაზე, რომლებსაც ასევე დროულად აწვდიდნენ. აუდიტის ძირითადი საკითხი ეხებოდა დღგ-ის დეკლარაციებსა და ფაქტურებს შორის სხვაობას. აღნიშნული სხვაობა განპირობებულია ავანსად მიღებული თანხების დაბეგვრით, რაც ასახული არის შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. აღნიშნულ ოპერაციებზე არ იყო გამოწერილი ავანსის ფაქტურები, რადგან დამკვეთს არ მოუთხოვნია ავანსის ფაქტურები. ოპერაციის უკეთ გასაგებად აუდიტორმა მოითხოვეს აღნიშნულ ოპერაციებზე ხელშეკრულებები. ვინაიდან ხელშეკრულებები დაკავშირებული არის ხანდაზმულ პერიოდთან (2021 წლის), მათი მოძიება მათგან დროს მოითხოვდა. მომჩივანს არ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვადაში უნდა წარგვედგინა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები. დოკუმენტების მოძიების პროცესში მიიღეს შეტყობინება საგადასახადო მოთხოვნის შესახებ, რომელიც არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თანხები უკვე დაბეგრილი იყო ავანსის სახით. საგადასახადო აუდიტორს არ გაუკეთებია შეტყობინება, რომ აუდიტის პროცესს ასრულებდა და ასევე მას არ მოუხდენია დებიტორებისგან აღნიშნული ინფორმაციის ამოღება, რადგან სადავო საკითხში ფიგურანტი სამივე დებიტორი წარმოადგენს მაღალი რეპუტაციის კომპანიას, მარტივად შეიძლებოდა მეორე მხრიდან გადაემოწმებინა მათი არგუმენტები. 2025 წლის 9 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 13 822 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 9 280 ლარი და ჯარიმა 4 542 ლარი. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 15 ოქტომბერს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №006-382 სულ 17 170.27 ლარზე (9 280 ლარი - გადასახადი, 4 542 ლარი - ჯარიმა და 3 347,75 ლარი - საურავი). მათი საჩივრის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ სამწუხაროდ არ დაიბარა დავაზე და იმ მიზეზით არ დაგვიკმაყოფილა სარჩელი, რომ საჩივარს დანართად არ ქონდა ხელშეკრულებები. დარწმუნებულია, რომ მომხდარიყო საბჭოზე მათი დასწრება, მარტივად შეეძლოთ დაერწმუნებინათ მათ სიმართლეში. ამავდროულად, შემმოწმებლისთვის ცნობილი იყო, რომ მომჩივანი არ ეთანხმებოდა ერთი ოპერაციის ორჯერ დღგ-ით დაბეგვრას და დამწყები კომპანიისთვის აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ძალიან დიდი ტვირთია.
არგუმენტები:
1. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხი უკავშირდება მხოლოდ სამ საკითხს, სადაც აუდიტორმა ვერ დააიდენტიფიცირა ავანსის ასახვა დეკლარაციაში, ავანსის მიღების მომენტში და ითხოვდა ხელშეკრულებებს. ამ სამი ოპერაციიდან,2 არსებობს წერილობითი ხელშეკრულება და ერთზე არსებობს ავანსის ანგარიშ-ფაქტურა, რაც უმარტივესად შეეძლო გადაემოწმებინა. რაც შეეხება სხვა გზით როგორ შეიძლებოდა ოპერაციის გადამოწმება:
1. მომსახურების მიმღები კომპანიებიდან ჩარიცხულ თანხებზე მათ მიერ სრულად არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც გამორიცხავს გადასახადისგან თავის არიდებას და ეს ფაქტობრივად შეუძლებელია.
2. ამასთან მათ შემთხვევაში უმარტივესად დასტურდებოდა აღნიშნული ოპერაციები, რადგან კომპანია ეწევა მომსახურებას და ანგარიშსწორებას ახორციელებს მხოლოდ საბანკო გადარიცხვით, შესაბამისად მათი საბანკო ამონაწერისა და ანგარიშ-ფაქტურების შედარებით, შეიძლებოდა გადახდილი გადასახადების სისწორის დადგენა.
3. ასევე, შეიძლებოდა დებიტორებისგან გამოეთხოვა ოპერაციის დეტალები, რაც ასევე არ გაკეთებულა.
საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს 2021 წლის დღგ-ის დეკლარაციის გაშიფვრას, ფაქტურებს, ხელშეკრულებებს, ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურებს, ბანკის გადარიცხვის დოკუმენტებს, ახსნაგანმარტების ბარათს და სხვა დოკუმენტებს, რაც უტყუარად ადასტურებს გადასახადის გადამხდელის სისწორეს. ზემომოყვანილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ განსახილველ ნაწილში შემოწმების გადაწყვეტილება არსებითად არამართლზომიერია და ექვემდებარება გაუქმებას.
არგუმენტი 2: თემატური გასვლითი საგადასახადო შემოწმების პერიოდში საგადასახადო აუდიტორს კომუნიკაცია ჰქონდა გადასახადის გადამხდელთან, სადავო საკითხზეც გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა წერილობითი ახსნა-განმარტება, მიმდინარეობდა სამუშაოები დოკუმენტაციის სრული სახით გასაზიარებლად, რათა შემოწმების პროცესი სწორად წარმართულიყო, თუმცა ამის შემდეგ აუდიტორი არ დაკავშირებულა გადასახადის გადამხდელს და მიიღეს მხოლოდ შემოწმების აქტი, რომელიც საერთოდ აცდენილია რეალობას. ასევე, შემოწმების აქტში წერია, რომ გადასახადის გადამხდელი გაეცნო დარიცხვის საფუძვლებს, თუმცა წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ. მიგვაჩნია, რომ განსახილველ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არამართლზომიერია და ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა დაუსაბუთებლად და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
არგუმენტი 3: იმ შემთხვევაში, თუ მათი დასაბუთებული პირველი და მეორე არგუმენტები არ იქნება გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელი პირნათლად აღრიცხავს მის ოპერაციებს, არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით ახდენს კუთვნილი გადასახადების გადახდას, საგადასახადო კოდექსის 269 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. იმის გათვალისწინებით, რომ არ აპირებდნენ კუთვნილი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, ვთვლით, რომ თუ მათი მხრიდან მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, იგი გამოწვეულია მომჩივნის მიერ დაშვებული შეცდომით, რომ მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და არ მოახდენდნენ კუთვნილი გადასახადებისგან თავის არიდებას, ხოლო მათი მოტივაცია იყო ბიუჯეტისთვის არ მიგვეყენებინა ზარალი. მათი გააზრებით გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და აქვს მოტივაცია სრულად მოახდინოს ბიუჯეტთან მისი კუთვნილი გადასახადების გადახდა, რაც დასტურდება მათ ქმედებებში. მომჩივანი ითხოვს, დავის განხილვა განხორციელდეს ფიზიკურად, მათი დასწრებით, რადგან მაქსიმალურად დეტალურად მოახდინონ მათი არგუმენტების და ფაქტობრივი გარემოებების საბჭოსთვის გაცნობა. მათი მოთხოვნა არის გაუქმდეს 2025 წლის 9 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გამოცემული შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა №006-382-ის მიხედვით დარიცხული დღგ 9 280 ლარი, ჯარიმა 4 542 ლარი და საურავი 3347.75 ლარი. შესაბამისად მოთხოვნა 17 170.27 ლარი სრულად იქნას მოხსნილი.
არგუმენტ 2-თან დაკავშირებით: მათი მოთხოვნა არის გაუქმდეს 2025 წლის 9 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გამოცემული შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა №006-382-ის მიხედვით დარიცხული დღგ 9 280 ლარი, ჯარიმა 4 542 ლარი და საურავი 3347.75 ლარი. შესაბამისად მოთხოვნა 17 170.27 ლარი სრულად იქნას მოხსნილი. არგუმენტ 3-თან დაკავშირებით: მათი მოთხოვნა არის, თუ მათი დასაბუთებული პირველი და მეორე მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, როგორც კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლებულ იქნენ დარიცხული ჯარიმისგან 4 542 ლარის ოდენობით და დარიცხული საურავისგან 3347.75 ლარის ოდენობით. 2025 წლის 9 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 13 822 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 9 280 ლარი და ჯარიმა 4 542 ლარი. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 15 ოქტომბერს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №006-382 სულ 17 170.27 ლარზე (9 280 ლარი - გადასახადი, 4 542 ლარი - ჯარიმა და 3347.75 ლარი - საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №„--------“ და 26.12.2025 წლის №„--------“ წერილები, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ გაწერილი იყო სულ 545 495 ლარის მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის შესახებაც, გადამხდელი განმარტავდა, რომ 2022 წლის იანვრის დეკლარაციაში არსებული სხვაობა გამოწვეული იყო იმით, რომ შპს „N1“-სთვის გამოწერილი ფაქტურის თანხა ავანსად ჩარიცხული ჰქონდა 2021 წლის დეკემბერში 10 933 ლარი, ხოლო 2022 წლის აგვისტოს თვეში არსებული სხვაობა გამოიწვია იმან, რომ შპს „N2“-სგან მიიღეს ავანსი 2021 წლის დეკემბერში 46 305 ლარის ოდენობით. ზემოთაღნიშნულ კომპანიებთან არ არის გაწერილი 2021 წლის დეკემბერში ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა გადამხდელისგან აღნიშნული ტრანზაქციების საბანკო ამონაწერები და საგადახდო დოკუმენტები, შედეგად, შპს „N2''-სგან („--------“) ჩარიცხული თანხა იყო 46 305 ლარი, თუმცა დანიშნულებაში ეწერა ხელშეკრულების თანახმად და არა ავანსი, ხოლო, შპს „N1''-სგან („--------“) ჩარიცხული თანხა შეადგენდა 9 232.2 ლარს და დანიშნულებაში აქაც მითითებულია მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებები შემოწმებისთვის უცნობია. 2021 წლის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ბრუნვის ანალიზის შედეგადაც გადამხდელის ახსნა-განმარტება მიჩნეულ იქნა არადამაკმაყოფილებლად, რის საპასუხოდაც გადამხდელის მიერ ამ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტები. შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 154-ე, 160-ე და 164-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია მომჩივანის 7.12.2025 წლის №26338/2/2025 საჩივარი, რომელსაც გადამხდელი თან ურთავს დანართების სახით 2021 წლის დეკემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებებს შპს “N2”-სთან („--------“), 12 700 დოლარის ღირებულების მომსახურების გაწევაზე და შპს “------”-ს („--------“), 3 000 დოლარის ღირებულების მომსახურების მიწოდებაზე. ორივე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მომსახურების მიწოდებისთანავე უნდა შედგეს მიღება-ჩაბარების აქტი. სხვა დამატებითი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. შემოწმების მიერ, მოხდა 2021 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ბრუნვის ანალიზი გადამხდელის მიერ დაფიქსირებული პოზიციის სისწორის დასადგენად, რის გამოც შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის მიერ გაწერილ 2021 წლის დეკემბრის თვის ზედნადებებს, ფაქტურებს (120 654 ლარი), გაწერილი ავანსის ფაქტურებს (9 274 ლარი), გაითვალისწინეს 57 237 ლარის „ავანსის“ მიღება, შედეგად, დადგინდა, რომ გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა უნდა ყოფილიყო მინიმუმ 158 614 ლარი, ხოლო, საწარმოს მიერ დეკლარირებულია 148 347 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ხელშეკრულებები მიიჩნია არასაკმარისად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25802 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლებაზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანის მოთხოვნაა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გამოცემული შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა.
ასევე,სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლებულ იქნენ დარიცხული ჯარიმისგან და დარიცხული საურავისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელს გაწერილი აქვს სულ 545 495 ლარის მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. 2022 წლის იანვრის დეკლარაციაში არსებული სხვაობა გამოწვეული იყო შპს N1-სთვის გამოწერილი ანგარიშ/ფაქტურის თანხის ავანსად ჩარიცხვით, 2021 წლის დეკემბერში ხოლო, 2022 წლის აგვისტოს თვეში არსებული სხვაობა გამოწვეულია, შპს N2-სგან მიღებული ავანსით 2021 წლის დეკემბერში. ზემოთაღნიშნულ კომპანიებთან არ არის გაწერილი 2021 წლის დეკემბერში ავანსის ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმების პროცესში გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა აღნიშნული ტრანზაქციების საბანკო ამონაწერები და საგადახდო დოკუმენტები. დადგინდა, რომ შპს „N2''-სგან ჩარიცხული თანხა იყო 46 305 ლარი, თუმცა დანიშნულებაში ეწერა ხელშეკრულების თანახმად და არა ავანსი, ხოლო, მეორე საწარმოსგან ჩარიცხული თანხა შეადგენდა 9 232.2 ლარს და დანიშნულებაში მითითებულია მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებები შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი არ ყოფილა.2021 წლის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ბრუნვის ანალიზის შედეგადაც გადამხდელის ახსნა-განმარტება მიჩნეულ იქნა არადამაკმაყოფილებლად, რის საპასუხოდაც გადამხდელს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები. შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25802 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლებაზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,164.