ბრძანება N 27524

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.11.2023
№ დოკუმენტი 27524
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27524

08 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ის “ (ს/ნ "------")

(მის.:"------")

2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ოქტომბრის №20263/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----- -ის “ (ს/ნ "------") 2022 წლის 29 დეკემბრის №77694/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ნოემბრის №005-175 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თვითმფრინავის პალეტების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას, ვინაიდან მისი განმარტებით, აღნიშნული საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგისგან ჩათვლის უფლებით და განსახილველ საკითხში დარიცხული თანხები სრულად უნდა გაუქმდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9713 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 14 მაისიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 25 ნოემბრის №29482 ბრძანება და ამავე თარიღის №005-175 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 181 866 ლარი, მათ შორის, გადასახადი 107 485 ლარი, ჯარიმა 53 720 ლარი, საურავი 20 661 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 29 ივნისის №15260 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების საშუამავლო მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, ხოლო სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №15260 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 ოქტომბრის №20263/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №15260 ბრძანება და საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნული კონტეინერები (პალეტები) განკუთვნილია მხოლოდ საჰაერო სატვირთო გადაზიდვებისთვის და მას სხვა დანიშნულება არ გააჩნია. საჩივარზე თანდართულია ზემოაღნიშნული პალეტების შესახებ ინფორმაცია, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი ULD (Unit Load Devices) პალეტების აღწერა და დანიშნულება. პალეტებიდან ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას უზრუნველყოფს საჰაერო სატვირთო ტერმინალი, რომელიც განთავსებულია თავისუფალ (ნეიტრალურ) ზონაში და პალეტები არ ტოვებს აღნიშნულ ტერიტორიას და არ ექცევა საბაჟო რეჟიმში, გამომდინარე აქედან ULD პალეტების შეძენისას არ მომხდარა მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საბაჟო რეჟიმში მოქცევა.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: „2021 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება შპს "------"-ზე თვითმფრინავის პალეტების რეალიზაცია. აღნიშნული პალეტები გადამხდელს აღრიცხული ჰქონდა, როგორც ძირითადი საშუალება. აღნიშნულ ოპერაციაზე (პალეტების მიწოდება) წარმოშობილი დებიტორული დავალიანება გადაფარულია შპს "------"-ს მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებით და ბუღალტრულად გატარებულია, როგორც არასაოპერაციო შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული ძირითადი საშუალებების მიწოდება წარმოადგენს დღგით დასაბეგრ ოპერაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა: საჰაერო ხომალდის მიწოდება, გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება ან იჯარა, აგრეთვე ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან გამოყენებული აღჭურვილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2021 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება შპს "------"- ზე თვითმფრინავის პალეტების რეალიზაცია, რაც გადასახადის გადამხდელს აღრიცხული ჰქონდა, როგორც ძირითადი საშუალება. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული პალეტები განკუთვნილია სატვირთო ხომალდისთვის და წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვისთვის აუცილებელ აღჭურვილობას, რომლის მიწოდებაც გათავისუფლებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად. საჰაერო-სატვირთო ტრანსპორტირების დროს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება სპეციალური კონტეინერები (პალეტები), რომელსაც ეწოდება ULD (Unit Load Devices) პალეტები, რომლებიც თავის მხრივ იყოფა რამდენიმე ზომით კატეგორიად და რომლის სპეციფიკაციას არეგულირებს საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაცია IATA. ზემოაღნიშნულ პალეტებს გააჩნიათ სპეციფიკური ზომები და ფორმები, იმის მიხედვით, თუ თვითმფრინავის რომელ ნაწილში უნდა განთავსდეს იგი, თითოეულ ამ პალეტს გააჩნია დასაშვები ტვირთამწეობა, გამომდინარე თვითმფრინავის პარამეტრებიდან. აღნიშნული კონტეინერები (პალეტები) განკუთვნილია მხოლოდ საჰაერო სატვირთო გადაზიდვებისთვის და მას სხვა დანიშნულება არ გააჩნია. პალეტებიდან ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას უზრუნველყოფს საჰაერო სატვირთო ტერმინალი, რომელიც განთავსებულია თავისუფალ (ნეიტრალურ) ზონაში და პალეტები არ ტოვებს აღნიშნულ ტერიტორიას და არ ექცევა საბაჟო რეჟიმში, გამომდინარე აქედან ULD პალეტების შეძენისას არ მომხდარა მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საბაჟო რეჟიმში მოქცევა. შესაბამისად, იმ გარემოების გამო, რომ აღნიშნული პალეტები განკუთვნილია სატვირთო ხომალდისთვის და წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვისთვის აუცილებელ აღჭურვილობას, საგადასახადო კოდექსით გათავისუფლებულია აღნიშნული პალეტების რეალიზაცია და გაურკვეველია შემოწმების მოტივი და არგუმენტაცია თვითმფრინავის პალეტების რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვისთვის. მითუმეტეს იმ გარემოებისას, როდესაც თვითმფრინავის პალეტები მიწოდებული იქნა კომპანიისთვის, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია სატვირთო თვითმფრინავები და აღნიშნული პალეტებიც გამიზნულია თვითმფრინავში ტვირთის გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ასევე ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაცია/მტკიცებულებაზე, კერძოდ, საჩივარზე თანდართულია ზემოაღნიშნული პალეტების შესახებ ინფორმაცია, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი ULD (Unit Load Devices) პალეტების აღწერა, დანიშნულება, სტრუქტურა და სპეციფიკა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით თვითმფრინავის პალეტების რეალიზაციის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია, ვინაიდან წარმოდგენილ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ აღნიშნული პალეტები წარმოადგენს საჰაერო ხომალდისთვის განკუთვნილ, კერძოდ, ტვირთის გადაზიდვისთვის აუცილებელ აღჭურვილობას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული საქონლის მიწოდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, თვითმფრინავის პალეტების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ ის “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, თვითმფრინავის პალეტების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება თვითმფრინავის პალეტების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას.მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს უფიქსირდება თვითმფრინავის პალეტების რეალიზაცია. აღნიშნული პალეტები გადამხდელს აღრიცხული ჰქონდა, როგორც ძირითადი საშუალება. აღნიშნულ ოპერაციაზე (პალეტების მიწოდება) წარმოშობილი დებიტორული დავალიანება გადაფარულია შპს-ს მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებით და ბუღალტრულად გატარებულია, როგორც არასაოპერაციო შემოსავალი. აღნიშნული ძირითადი საშუალებების მიწოდება წარმოადგენს დღგით დასაბეგრ ოპერაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთნილი დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, თვითმფრინავის პალეტების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

159,163,172.