ბრძანება N 9897
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9897
06 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 26 იანვრის და 3 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ----) 2026 წლის 26 იანვრის №100367/1/2026 და 3 თებერვლის №100533/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №006-586 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიიჩნევს, რომ შემოწმებას არ შეუსწავლია დებიტორული დავალიანებების წარმოშობის რეალური მიზეზები, არ დაუდგენია და შეუსწავლია მათი რეალობა, არ განუხილავს დებიტორული დავალიანებების არსებობა წარმოადგენს, თუ არა მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტს. შპს „-----“-ის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილებით საცალო ვაჭრობა. ასევე, კომპანია ახორციელებს ავტომობილების სერვისს (ე.წ. -----). შპს „-----“-ს ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (60%-ის წილის მფლობელი, ----- რეზიდენტი საქონლის მომწოდებელი კომპანია – შპს ------“ (შემდგომში − „------“) და 40%-ის წილის მფლობელი, ------, საქონლის მყიდველი კომპანია – შპს „-------“ (შემდგომში − „-------“)). განმარტავს, რომ COVID-19 პანდემიისა და პოსტპანდემიის პერიოდში ავტომანქანების (მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ახალ, ძვირადღირებულ ავტომობილებს) რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „------“-მა სთხოვა „------“, რათა მის საწყობში არსებულ ავტომობილებს არ განეცადათ მორალური ცვეთა, დახმარებოდა აღნიშნული ავტომობილების რეალიზაციაში. „-----“ დაეთანხმა შპს „------“-ს შეთავაზებას, შეეძინა შპს „-----“-ის საწყობში არსებული ავტომანქანები, რადგანაც ავტომანქანების გაყიდვის უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა (ქვეყნის მოსახლეობის და ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით). ასევე, იმისათვის, რომ შვილობილი კომპანიისათვის შეემსუბუქებინა მიმდინარე და მომავალი ფინანსური პრობლემები. ამავდროულად, რადგანაც აღნიშნულ პერიოდში მთელს მსოფლიოს მსგავსი პრობლემები ჰქონდა და ავტოინდუსტრია სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდებული ავტომობილების ღირებულების გადახდა მოხდებოდა ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ ან ურთიერთჩათვლის გზით. თავის მხრივ, არც ------ შესაბამის ბაზარზე სახარბიელო მდგომარეობა, რის გამოც შპს „-------“-სგან შეძენილი ავტომობილები სწრაფად ვერ იყიდება, რაც არის საქონლის მიწოდებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების მიზეზი. გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება წლების განმავლობაში. თუმცა დებიტორული დავალიანება პერიოდულად ხან იკლებს და მინიმალურ ოდენობამდე ჩამოდის, ხან მატულობს, რაც შეესაბამება კომპანიებს შორის არსებულ ჩვეულებრივ ურთიერთობას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტზე ზედმეტად გადარიცხული (ავანსად მიჩნეული) თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 ოქტომბრის №21600 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“-ის (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანაგრშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28571 ბრძანება და ამავე თარიღის №006-586 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 147 652 ლარი, მათ შორის, გადასახადი 735 536 ლარი, ჯარიმა 367 768 ლარი, საურავი 44 348 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-----“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომობილების შეძენა და რეალიზაცია, ასევე, ავტომობილების სერვისის მომსახურება. საწარმო ავტომობილების შეძენას ახორციელებს არარეზიდენტი თურქტული კომპანია -------სგან, რომელიც ამავე დროს არის შპს „------“-ის 60%-იანი წილის მფლობელი, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს როგორც საქართველოში ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე, არარეზიდენტ ------ კომპანია „-------“-ზე, რომელიც ამავე დროს არის შპს „------“-ის 40%- იანი წილის მფლობელი. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ პირს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების და კრედიტორისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი არარეზიდენტ იურიდიულ კომპანიებთან. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ №11 დანართის შესაბამისად, საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსი და არარეზიდენტი პირისთვის საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ პირს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 2 512 885 ლარის ოდენობით, მიუხედავად შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ბრუნვებისა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფიქსირდება 1 870 720 ლარის დებიტორული დავალიანება, საწარმოს მუდმივად გააჩნია დებიტორული დავალიანება. შედეგად, აღნიშნული დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საქონლის მომწოდებელი ----- კომპანიის, „-----“ მიმართ შპს „-----“-ს გააჩნია ხოლმე კრედიტორული დავალიანება. შემოწმების აქტში აღნიშნული დებიტორული დავალიანების წარმოშობის მიზეზებია, 2024 წელს შპს „-----“-ის მიერ მომწოდებლისთვის ავანსის გადახდა, რომლის შესაბამისი საქონლის დროულად მოწოდება ვერ მოხერხდა, ასევე, საქონლის (ავტომობილების ნაწილის, რომელთა ღირებულება უკვე გადახდილი იყო მომწოდებლისთვის), უკან დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 26 იანვრის მდგომარეობით, აღნიშნული კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება შემცირდა 155 000 ლარამდე, რაც გამოწვეულია იმით, რომ 2026 წლის იანვარში განხორციელდა 12 ავტომობილის იმპორტი. გასათვალისწინებელია, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შპს „------“-ის ბალანსზე ირიცხებოდა გასაყიდი მხოლოდ ერთი ავტომობილი. შესაბამისად, კომპანიის ფუნქციონირების გასაგრძელებლად გასაყიდი ავტომობილების ქონა აუცილებელი იყო და 2026 წლის იანვარში ავტომობილების იმპორტი არ მომხდარა ----- კომპანიის, „-----“ მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ხელოვნურად შემცირების მიზნით. ზემოაღნიშნული არგუმენტების შესაბამისად გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ----- კომპანია „-----“ ზედმეტად გადახდილი თანხის (ავანსი) სანაცვლოდ შემდგომ პერიოდში ავტომობილების შემოსვლის/მოწოდების ფაქტი, აღნიშნული მანქანების ღირებულების შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----“-ის (ს/ნ ----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ------ კომპანია „------“ ზედმეტად გადახდილი თანხის (ავანსი) სანაცვლოდ შემდგომ პერიოდში ავტომობილების შემოსვლის/მოწოდების ფაქტი, აღნიშნული მანქანების ღირებულების შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტზე ზედმეტად გადარიცხული (ავანსად მიჩნეული) თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომობილების შეძენა და რეალიზაცია, ასევე, ავტომობილების სერვისის მომსახურება. საწარმო ავტომობილების შეძენას ახორციელებს არარეზიდენტი კომპანია რომელიც ამავე დროს არის მომჩივანის 60%-იანი წილის მფლობელი.
შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ პირს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების და კრედიტორისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი არარეზიდენტ იურიდიულ კომპანიებთან. საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსი და არარეზიდენტი პირისთვის საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ზედმეტად გადახდილი თანხის (ავანსი) სანაცვლოდ შემდგომ პერიოდში ავტომობილების შემოსვლის/მოწოდების ფაქტი, აღნიშნული მანქანების ღირებულების შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1):154(1):