გადაწყვეტილება №86731/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№86731/1/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 16.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №86731/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.07.2023 წლის №81505/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის №021-101 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 44 366,97 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 21 343
დღგ - 12 679
საშემოსავლო გადასახადი - 8 664
ჯარიმა - 7 854
საურავი - 15 169,97
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლის იმპორტი საბერძნეთისა და იტალიის რესპუბლიკებიდან და აღნიშნული საქონლის რეალიზაცია საქართველოში (სოციალური ქსელის საშუალებით). აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების დანიშვნის შემდგომ დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ. გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან და შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალების და საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით, 2019 წელს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 170 432 ლარის შემოსავალი. აღნიშნული მასალებით დაანგარიშდა ასევე 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რამაც შეადგინა 127 114 ლარი (საქონლის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯები).
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. 2019 წლის სექტემბრის თვეში მომჩივნის შემოსავალი გადასცდა 100 000 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 158-ე მუხლების და 165-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №021-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10932 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.07.2023 წლის №81505/1/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10932 ბრძანება.
მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 21.07.2023 წლის №81505/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საჩივარში მითითებული დოკუმენტური მტკიცებულებები. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე არ იკვეთება საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე განსაზღვრული დასაბეგრი ოპერაციების ფორმის/შინაარსის ცვლილების სამართლებრივი საფუძველი, ამასთან წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც გავლენას მოახდენდა შუალედური აქტით დარიცხული თანხების ოდენობაზე. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.12.2023 წლის №021-101 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება გაანგარიშებული თანხების ოდენობას, რისთვისაც აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა დამატებითი მტკიცებულები, ასევე აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელშიც დეტალურად არის გაანგარიშებული მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლების ოდენობა. ასევე არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას 16.09.2019 წლიდან, რადგან თვლის, რომ აქტით დარიცხული თანხა არ შეესაბამება 2019 წელს მომჩივნის მიერ რეალურად მიღებულ შემოსავლებს. აუდიტორმა არ გაითვალისწინა წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად თანამშრომლობდა და აწვდიდა ყველა მტკიცებულებას. მიღებული შემოსავლებიდან უნდა მომხდარიყო დიფერენცირება მომჩივნის მიერ შეძენილი-გაყიდული პროდუქციის და მომჩივნის მიერ სხვა პირებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების.
მომჩივნის მიერ საბანკო ანგარიშის საშუალებით მიღებული ფულადი თანხები არ განეკუთვნება სრულად დასაბეგრ შემოსავალს, რადგან მის მიერ მიღებული ფულადი სახსრები შედგება შემდეგი ოპერაციებისგან:
1. მომჩივნის მიერ გამოწერილი პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულება - რაც ნიშნავს იმას, რომ ყიდდა მის მიერ გამოწერილ ნივთებს და გადაცემდა ნივთზე საკუთრების უფლებას მისი 100 % ღირებულების კომპენსაციის სანაცვლოდ;
2. გამომწერების მიერ ჩარიცხული თანხებისგან, რომლებიც უკვეთავდნენ გარკვეული ნივთების გამოწერას სხვადასხვა უცხოური საიტებიდან, რის სანაცვლოდაც იღებდა გამოწერილი ნივთის ღირებულების 10%- ს (ეწეოდა მომსახურებას);
3. მომჩივნის ოჯახის წევრების და ნათესავების მიერ გადარიცხული თანხებიდან, ვინაიდან ეს ანგარიში იყო მომჩივნის პირადი და განკუთვნილი იყო არამარტო სამეწარმეო საქმიანობისთვის არამედ პირადი დანიშნულებისთვის;
4. მომჩივნის მიერ და მისი ოჯახის წევრების მიერ გადახდის აპარატის საშუალებით შეტანილი თანხებისგან, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია სამეწარმეო საქმიანობასთან.
ზემოთ ჩამოთვლილ ოპერაციებთან დაკავშირებით აქვს გაკეთებული ახსნა-განმარტება და წარდგენილი აქვს მტკიცებულებები როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ისე აუდიტის დეპარტამენტში. დამატებით წარდგენილი აქვს ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერები, სადაც გამომწერები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართავდნენ ნივთების გამოწერის თხოვნით, ამას ადასტურებს პირადი მიმოწერის სქრინები, რომელიც ამოღებულია სოციალური ქსელიდან. ასევე, მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები.
2019 წლის შუალედური აქტის საჩივარში ასევე წარდგენილი აქვს აუდიტორული კომპანიის მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნა, რომელსაც დამატებით წარმოადგენს კიდევ ერთხელ მიმაგრებული ფაილით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საბჭოს 21.07.2023 წლის №81505/1/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საჩივარში მითითებული დოკუმენტური მტკიცებულებები. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე არ იკვეთება საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე განსაზღვრული დასაბეგრი ოპერაციების ფორმის/შინაარსის ცვლილების სამართლებრივი საფუძველი, ამასთან წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც გავლენას მოახდენდა დარიცხული თანხების ოდენობაზე.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, პირადი ჩარიცხვების ნაწილი შესწავლილია მომჩივნის წარმომადგენელთან ერთად, ყველა ის ადამიანი, რომელზეც მიუთითებს, რომ პირადი ურთიერთობებით შემოიფარგლებოდნენ, ყველა იყო გათვალისწინებული. შესაბამისი ცხრილი გაგზავნილია მომჩივნის წარმომადგენელთან. ასევე გათვალისწინებულია ჩარიცხვის აპარატიდან მომჩივნის მიერ საბანკო ანგარიშებზე შეტანილი თანხები. აღნიშნული თანხები შემოსავალში გათვალისწინებული არ არის. მომსახურების გაწევის შემთხვევაშიც სრული თანხა ერიცხებოდა მომჩივანს და ხდებოდა ნივთის გამოწერა, რაც ანალოგიურად ხდებოდა ნივთის მომჩივნის მიერ ყიდვის და გაყიდვის შემთხვევებშიც.
მომჩივნის მიერ მომსახურებად მითითებულ შემთხვევებშიც თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებული იყო საქონლის ღირებულება. საქონლის მსურველი პირები მომჩივნის სოციალურ გვერდზე ნახულობდნენ განთავსებული საქონლის ფოტოს, უგზავნიდნენ მომჩივანს და ეკითხებოდნენ საქონლის ღირებულებას. აღნიშნული საქონლის უცხოური ვებგვერდის ბმული ხელმისაწვდომი არ იყო. წარმოდგენილია გარკვეული პირების ახსნა-განმარტებები, რომელზეც ხელმოწერა დადასტურებულია ნოტარიულად, თუმცა ამავე პირების მიერ თანხების გადარიცხვების დროს საბანკო ამონაწერში დანიშნულებაში მითითებულია საქონლის ღირებულება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას არ დაექვემდებარა დარიცხული თანხები.
საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 21.07.2023 წლის №81505/1/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. სატვირთო ავტომანქანების სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ღირებულებებსა და მყიდველების მიერ დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის სხვაობით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა;
2. გაანგარიშებული შემოსავლის კომპანიის დირექტორზე გაცემულად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლის იმპორტი საბერძნეთისა და იტალიის რესპუბლიკებიდან და აღნიშნული საქონლის რეალიზაცია საქართველოში (სოციალური ქსელის საშუალებით). აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 158-ე მუხლების და 165-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10932 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.07.2023 წლის №81505/1/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც გავლენას მოახდენდა შუალედური აქტით დარიცხული თანხების ოდენობაზე. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.12.2023 წლის №021-101 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161; 282.