გადაწყვეტილება №21386/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21386/2/2023
05 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 21.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21386/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 17.10.2023 წლის №25746 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 20.10.2023 წლის №000-342 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.11.2023 წლის №28443 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 169.91 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №011-280 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 13.03.2023 – 25.08.2023 წწ. პერიოდში. აღნიშნული ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 169.91 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.10.2023 წლის №25746 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.10.2023 წლის №25746 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 20.10.2023 წლის
№011-280/1 ბრძანება და №000-342 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად უცვლელად დარჩა დაკისრებული ჯარიმა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.11.2023 წლის №28443 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.11.2023 წლის №28443 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 17.10.2023 წლის №25746 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საკუთარი სურვილით, ნებაყოფლობით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად ასევე დააკორექტირა დეკლარაციები და დაარიცხა შესაბამისი გადასახადი. 2023 წლის 13 მარტს უწევდა რეგისტრაცია და დარეგისტრირდა 25.08.2023 წელს. საჩივარი არ დაუკმაყოფილდა იმ არგუმენტით, რომ აქვს მიმდინარე აღიარებული დავალიანება, რომელიც არის გადანაწილებული და იხდის მითითებულ ვადებში, არ აქვს დარღვეული გრაფიკი.
ყველა გარემოების გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული სანქციის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დადგენილია, რომ მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 13.03.2023 – 25.08.2023 წწ. პერიოდში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა 2 169.91 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და დაავალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირება) განხორციელება.
მომსახურების დეპარტამენტის 20.10.2023 წლის №011-280/1 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს უარი ეთქვა დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან პირს 29.09.2023 წლის №011-280 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და მომსახურების დეპარტამენტის 20.10.2023 წლის №011-280/1 ბრძანების მიღების თარიღებში პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის ნაწილში.
მომჩივანი განმარტავს, რომ საკუთარი სურვილით, ნებაყოფლობით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად ასევე დააკორექტირა დეკლარაციები და დაარიცხა შესაბამისი გადასახადი. 2023 წლის 13 მარტს უწევდა რეგისტრაცია და დარეგისტრირდა 25.08.2023 წელს.
საჩივარი არ დაუკმაყოფილდა იმ არგუმენტით, რომ აქვს მიმდინარე აღიარებული დავალიანება, რომელიც არის გადანაწილებული და იხდის მითითებულ ვადებში, არ აქვს დარღვეული გრაფიკი.
ყველა გარემოების გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული სანქციის გაუქმებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ამჟამად უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 17.10.2023 წლის №25746 ბრძანების აღსრულება ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 17.10.2023 წლის №25746 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 13.03.2023 – 25.08.2023 წწ. პერიოდში. შესაბამისად, მომჩივანი დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 165(1);282(1);269(7);