გადაწყვეტილება №18336/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.12.2022
№ დოკუმენტი 18336/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18336/2/2022

23.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 1.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18336/2/2022).

 

დავის საგანი:

ვირტუალური ზონის პირის მიერ არარეზიდენტ პირებზე მომსახურებისთვის გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2022 წლის №006-204 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27389 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 41 421,48 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 21 388,08

მოგების გადასახადი - 16 566,08

საშემოსავლო გადასახადი - 4 822

ჯარიმა - 10 158,8

საურავი - 9 874,6

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მომსახურებები (კერძოდ, პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებები) და ფიქსირდება შესაბამისი გადახდები. საზოგადოებას მიღებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და წარმოადგენს 2017 წლიდან საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას. საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე - გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით.

შესაბამისად, მომჩივნის მიერ არარეზიდენტ პირებზე გადარიცხული თანხები დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლების მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2022 წლის №006-204 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27389 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-100 მუხლის მე-2 ნაწილზე, 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის მე-3 ნაწილზე, 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მომსახურებები და ფიქსირდება შესაბამისი გადახდები, ხოლო აღნიშნული თანხები არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები/დოკუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტ პირებზე გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლი, რომლის თანახმად, არარეზიდენტები გადასახადის გადამხდელს წარმოადგენენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავალი კვალიფიცირდება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად.

ვინაიდან ვირტუალური ზონის პირის საქმიანობას არ გააჩნია კონკრეტული ტერიტორიული ადგილმდებარეობა, იგი შეიძლება რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდებოდეს, საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის არცერთი ქვეპუნქტი არ განსაზღვრავს ამ კონკრეტულ მომსახურებას. გამომდინარე აქედან, ვირტუალური ზონის პირისთვის არარეზიდენტისთვის გაწეული მომსახურება არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და შესაბამისად არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან.

უნდა გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის თანახმად წარმოქმნილი გადასახადი (არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის 10%-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით) და შესაბამისი ჯარიმა-საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ და „გ.თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:

გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;

გ.თ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების, დაქირავებულის მეშვეობით ან სხვაგვარად (მათ შორის, მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი გაწეულია საქართველოში, მიუხედავად მისი ფაქტობრივად გადახდის ადგილისა), რაც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა საქართველოში გასწია მომსახურება.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე - გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

ველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მომსახურებები (კერძოდ, პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებები) და ფიქსირდება შესაბამისი გადახდები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანია დაფუძნებულია 2017 წელს, 2020 წლის თებერვლის შემდეგ აღარ განუხორციელებია არანაირი საქმინობა. იმ პერიოდში პასუხისმგებელი პირი - დამფუძნებელი არარეზიდენტი პირი და დირექტორი საქართველოში აღარ იმყოფებოდა. შემოწმების პროცესში შინაარსის და დეტალების გასარკვევად დაუკავშირდნენ ბუღალტერს, რომელსაც ინფორმაცია არ ჰქონდა რა ტიპის მომსახურება მიიღეს. წარმოდგენილია ინვოისები, რომელშიც მითითებულია, რომ გაწეულია პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება. დეტალები უცნობია და ვერც გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოხდა ინფორმაციის მიღება. პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის საქართველოში შექმნა და საზღვარგარეთ მიწოდება სადავო არ გამხდარა. არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გარკვეულ ნაწილს გადასახადის გადამხდელი ბეგრავდა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებდა მომსახურების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწევას. ინვოისებში ინფორმაცია მითითებულია ძალიან ზოგადად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მომჩივანს მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, მოქმედებდა საქართველოში, ქმნიდა პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტს, რის შედეგადაც შემოსავალის ფორმირება მოხდა საქართველში. შესაბამისად, გაწეული მომსახურების შედეგი გამოიყენება საქართველოში. ამასთან, ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მომსახურება საქართველოში გაწეულად არ ითვლება, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.