ბრძანება N 31794

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.12.2023
№ დოკუმენტი 31794
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31794

18 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „"------"-ის “ (ს/ნ "------")

(მის.: "------")

2023 წლის 4 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 4 ივნისის №19863/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №066-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება სმფების ინვენტარიზაციის შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის №10646 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") 2021 წლის 16 თებერვლის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. საგადასახადო შემოწმების აქტით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნეს ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნეს გაფრთხილება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის №10646 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 20 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 236 301 ლარი, მათ შორის, გადასახადი 156 134 ლარი და ჯარიმა 80 167 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 აპრილის №066-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 16 ივნისის №13630 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 ნოემბრის №20351/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №13630 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა, განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20351/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ კომპანია არის ნავთობპროდუქტების მხოლოდ ბითუმად მოვაჭრე, ინვენტარიზაციის ჩატარებისას მოთხოვნილი იქნა ახსნა-განმარტება თუ სად გააჩნდა კომპანიას საბითუმო-სარეალიზაციო ბაზები, ბუღალტერმა მიუთითა მხოლოდ იმ ბაზებზე სადაც ხდებოდა ნავთობპროდუქტების გაცემა, მაგრამ გამორჩა იჯარით აღებული საწყობების მითითება "------"-სა და "------"-ში , სადაც განთავსებული იყო განუბაჟებელი ნავთობროდუქტები, მაგრამ ბუღლტრულ აღრიცხვაში იყო აღრიცხული, ამდენად შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დანაკლისად. ამასთან, აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა მათი მიწვევა საჩივრის განხილვაზე.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ ინვერტაზიციის მასალებში არსებობს გადასახადის გადამხდელის წერილობითი დოკუმენტი სადაც ფიქსირდება ნავთობპროდუქტების ბაზები, მაგრამ არ იყო მითითებული ის ბაზები, სადაც როგორც მომჩივანი საჩივარშიც აღნიშნავს შესაძლებელია რეალურად არსებულიყო ნავთობპროდუქტები. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც მომჩივანი აღნიშნავს განბაჟება მოხდა 3 რიცხვში, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარებულია 4 ივნისს, ამდენად აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია სხვაობა.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან უძრავი ქონების გაქირავებამდე (2019 წლის მარტი), გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შპს „N1-ის “ მიერ სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების დოკუმენტური მტკიცებულებები. ამასთან, დამატებით წარმოდგენილია არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ქონება იჯარით გაცემამდე არ იყო „დასრულებული“ და მის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებისათვის საჭირო იყო არსებითი ხარჯების გაწევა. წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს „დაუმთავრებელ მშენებლობას“, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად „დაუმთავრებელი მშენებლობა“ არ ექვემდებარება აფასებას. კომპანიას შეუმცირდა დარიცხული ქონების გადასახადი.

 ინვენტარიზაციით შედეგად გამოვლენილ სხვაობასთან მიმართებით, შემოწმების მიერ ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას/დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც გადამხდელი მიუთითებს, რომ სმფ-ების ინვენტარიზაცია არ იყო ჩატარებული სრულყოფილად, კერძოდ ინვენტარიზაციით კომპანიის სფმ-ების დათვლა არ გაახორციელდა რამოდენიმე მისამართზე. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმება მიუთითებს სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებზე, სადაც დაფიქსირებულია კომპანიის მხრიდან ყველა ის მისამართი, სადაც ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტისათვის ინახებოდა გადამხდელის სმფ-ები. შესაბამისად, დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგებს. განმარტავს, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ების სხვაობა არ შეესაბამება რეალობას. 2019 წლის 4 ივნისს შპს „------ -ში “ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია ინვენტარიზაცია მხოლოდ ქ. "------"-ის , ქ. "------"-ის და ქ. "------"-ის საბითუმო ბაზებში, მაგრამ აზომვები არ ჩატარებულა ქ. "------"-ის საწყობში და ქ. "------"-ის საწყობში, სადაც კომპანიის მიერ 2019 წლის 3 ივნისს საბაჟო სატვირთო დეკლარაციით განხორციელდა 200 000 ლ. ბენზინის და 100 000 ლ. დიზელის მიღება. გადამხდელის განმარტებით, მის მიერ განბაჟებული ბენზინი/დიზელი სრულად და დროულად არის აღრიცხული, რაც დამატებული იყო ბუღალტრულ ნაშთებზე. ასევე, დღგ-ის სპეც. საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერით გარანტირებულია კონტროლი სამეურნეო ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს, გაანალიზოს და გააკონტროლოს მათ შორის გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია ნებისმიერ (მათ შორის ხანდაზმულ) პერიოდზე ჩაატაროს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები ან/და გადასახადის გადამხდელისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, თუ გამოიკვეთა შეუსაბამობები, საგადასახადო ორგანო უნდა დაეყრდნოს მის მიერ დადგენილ მონაცემებს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვროს პირის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის №10646 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების სხვაობასთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების სხვაობასთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება სმფების ინვენტარიზაციის შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს „დაუმთავრებელ მშენებლობას“, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად „დაუმთავრებელი მშენებლობა“ არ ექვემდებარება აფასებას. კომპანიას შეუმცირდა დარიცხული ქონების გადასახადი.

2.ინვენტარიზაციით კომპანიის სფმ-ების დათვლა არ გაახორციელდა რამოდენიმე მისამართზე. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმება მიუთითებს სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებზე, სადაც დაფიქსირებულია კომპანიის მხრიდან ყველა ის მისამართი, სადაც ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტისათვის ინახებოდა გადამხდელის სმფ-ები. შესაბამისად, დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის №10646 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების სხვაობასთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაცია/მტკიცებულებები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

145,286(9).