ბრძანება N 16551

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2025
№ დოკუმენტი 16551
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 16551

23 ივლისი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.: „-------“)

2025 წლის 3 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 3 ივლისის №96600/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №021-40 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებული საქონლის ღირებულებასა და შემოწმებით დაანგარიშებულ ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობის (ფულის ნაშთის) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არასწორად არის განსაზღვრული ხარჯები. შპს „------ -ს “ მიერ შემოწმების პერიოდში ინდ. მეწარმეებისათვის გადახდილია 509 040 ლარი და აღნიშნული ხარჯი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, უნდა გამოიქვითოს შემოსავლიდან. აღნიშნულის გარდა, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დოლარის ანგარიშზე უფიქსირდებოდა 81 900 ლარი, რაც სავარაუდოდ შემოწმებას არ გაუთვალისწინებია ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. ითხოვს ინდ. მეწარმეებზე გაცემული თანხებისა და შემოწმების პერიოდში საწარმოს ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობის სრულად გათვალისწინებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2005 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „-------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 3 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 6 ივნისის №11631 ბრძანება და ამავე თარიღის №021-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 82 054 ლარი, მათ შორის, გადასახადი 51 850 ლარი, ჯარიმა 25 604 ლარი, საურავი 4 600 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა საბანკო ამონაწერები, ინდ. მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებები და ასევე, შესყიდვის აქტები. საწარმოს დირექტორმა შემოწმებას წარმოუდგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ჰქონდა. საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, ასევე, მოწოდებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 2 692 787 ლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნულ რეალიზაციას ახდენდა მხოლოდ ერთ კომპანიასთან სს „------ -თან “ და ანგარიშსწორება ასახულია საბანკო ამონაწერებში. შემოწმების მიერ დაანგარიშდა მის მიერ გაწეული ხარჯები და გამოვლინდა სხვაობა 175 123 ლარი, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინები,თ გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 2 692 787 ლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნულ რეალიზაციას ახდენდა მხოლოდ ერთ კომპანიასთან სს „------- - თან “ და ანგარიშსწორება ასახულია საბანკო ამონაწერებში. შემოწმების მიერ დაანგარიშდა მის მიერ გაწეული ხარჯები და გამოვლინდა სხვაობა 175 123 ლარი, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

გადამხდელის არგუმენტთან, ინდ. მეწარმეებზე გადახდილი თანხებისა და საწარმოს დოლარის ანგარიშზე არსებული თანხის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების პროცესში საბანკო ამონაწერებისა და შესყიდვის აქტების გარდა რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია არ წარუდგენია. 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის საბანკო ამონაწერებში ფიქსირდებოდა ინდ. მეწარმეებზე გადახდილი მომსახურების ღირებულების თანხები, რომელმაც ჯამურად შეადგინა 442 440 ლარი. ასევე, გამოსაქვით ხარჯში გათვალისწინებულია საწარმოს მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტებით გადახდილი თანხები ჯამურად 95 500 ლარი. ერთიანი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯში გათვალისწინებულია საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული ხარჯებიც (საწვავის ხარჯი, ბანკის საკომისიო, გადახდილი ხელფასები, დოკუმენტური ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი თანხები). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მიწოდებული მასალების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა 175 123 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარუდგენლობის, აგრეთვე, სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ხოლო, შემოწმების პერიოდში საწარმოს დოლარის ანგარიშზე არსებული თანხას გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საწარმოს არ აქვს წარდგენილი ცნობა ანგარიშების შესახებ, ოფიციალურად საბანკო დაწესებულებიდან. გადამხდელის დოლარის ანგარიშზე ფიქსირდება მხოლოდ ერთი ოპერაცია. გასაუბრებისას აღნიშნულ თანხაზე გადამხდელმა განაცხადა, რომ საწარმოს დირექტორის მიერ მოხდა აღნიშნული თანხის გატანა და სხვადასხვა ხარჯში გამოყენება, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებული საქონლის ღირებულებასა და შემოწმებით დაანგარიშებულ ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.მომჩივანი ითხოვს ინდ. მეწარმეებზე გაცემული თანხებისა და შემოწმების პერიოდში საწარმოს ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობის სრულად გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა საბანკო ამონაწერები, ინდ. მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებები და ასევე, შესყიდვის აქტები. საწარმოს დირექტორმა შემოწმებას წარმოუდგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ჰქონდა. საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას.

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 2 692 787 ლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნულ რეალიზაციას ახდენდა მხოლოდ ერთ კომპანიასთან და ანგარიშსწორება ასახულია საბანკო ამონაწერებში. შემოწმების მიერ დაანგარიშდა მის მიერ გაწეული ხარჯები და გამოვლინდა სხვაობა,რომელიც ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.სსკ-ის 154-ე მუხლის გათვალისწინები,თ გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

101,154.