გადაწყვეტილება №21186/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21186/2/2023
09 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 30.10.2023 და 31.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21186/2/2023; №84537/1/2023 (შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილია 6.11.2023 წლის №112507-21-04 წერილით)).
დავის საგანი:
1. საერთაშორისო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას საწვავისა და მივლინების ხარჯის გაუთვალისწინებლობა;
2. ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული სატვირთო ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2023 წლის №048-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25626 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 44 877.51 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 24 711
დღგ - 3 873
მოგების გადასახადი - 3 529
საშემოსავლო გადასახადი - 17 309
ჯარიმა - 12 356 საურავი - 7 810.51
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 16.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2023 წლის №21905 ბრძანება და ამავე თარიღის №048-7 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 26.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.10.2023 წლის №25626 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტურად დაუდასტურებელი საწვავის ხარჯის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25626 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საერთაშორისო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას საწვავისა და მივლინების ხარჯის გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელმა წარადგინა გადაზიდვის მომსახურებაზე გამოწერილი ინვოისები. შემოწმების პროცესში შესწავლილია საწარმოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საზღვრის კვეთები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს საერთაშორისო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი სრულად არ აქვს ასახული ერთობლივ შემოსავალში. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც უფიქსირდებათ დატვირთული საზღვრის კვეთა და საწარმოს მიღებული შემოსავალი არ აქვს ჩართული შემოსავალში, შემოწმების მიერ განისაზღვრა საბაზრო ფასი და აღნიშნულით გაიზარდა კომპანიის შემოსავალი. დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავლებს შორის სხვაობა განხილულია, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არსებულ დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარზე, რომლითაც მომჩივანი ითხოვს საწვავის და მივლინების ხარჯის გათვალისწინებას. აღნიშნულის და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის, ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებათა წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი საწვავის ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საერთაშორისო გადაზიდვებზე, რომელიც არ იყო დეკლარილებული, შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნას საწვავის და სამივლინებო ხარჯები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს ანგარიშვალდებული პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ავტოსტრანსპორტო საშუალების საწვავის შეძენისათვის შესაბამისი ქვეყნის მიერ დადგენილი წესით გაცემული ჩეკი (დოკუმენტი), თუ ეს საწვავი გამოყენებულია შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობისათვის და ხარჯი სახეზეა.
მომჩივანი ითხოვს, საწვავის და სამივლინებო ხარჯების გათვალისწინებას იმ საერთაშორისო გადაზიდვებზე, რომელიც არ იყო დეკლარილებული.
მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25626 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ხოლო ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტურად დაუდასტურებელი საწვავის ხარჯის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25626 ბრძანებით და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.
2. ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული სატვირთო ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმომ 2021 წელს ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაყიდა სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი ჯამში 10 000 ლარად. აღნიშნული ავტომობილის საბაზრო ფასი გაცილებით აღემატებოდა რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე მითითებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ განისაზღვრა ავტომობილის საბაზრო ფასი. დეკლარირებულ შემოსავალსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, მოგების გადასახადით და ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანს აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია.
მომჩივნის არგუმენტაცია
სატრანსპორტო საშუალება იყო ძველი (ძრავი მწყობრიდან იყო გამოსული) და გაყიდა იმ ფასში რაც მითითებულია ანგარიშ-ფაქტურაში. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს შეუმცირდეს დარიცხული გადასახადები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. მომჩივანი ითხოვს ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული სატვირთო ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების გაუქმებას, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება იყო ძველი (ძრავი მწყობრიდან იყო გამოსული) და გაყიდა იმ ფასში, რაც მითითებულია ანგარიშ-ფაქტურაში. საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში 26.09.2023 წელს წარდგენილი საჩივრით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 12 356 ლარის ოდენობით მათ შორის, მოგების გადასახადში 1 765 ლარი, დღგ-ში 1 937 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 8 655 ლარი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2023 წლის №048-7 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 7 810 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს გათავისუფლდეს შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან, ამასთან თუ შეუმცირდება გადასახადის თანხა დარჩენილი თანხის გადახდას შეძლებს 45 დღის განმავლობაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საერთაშორისო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას საწვავისა და მივლინების ხარჯის გაუთვალისწინებლობა;
2. ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული სატვირთო ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 16.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2023 წლის №21905 ბრძანება და ამავე თარიღის №048-7 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 26.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.10.2023 წლის №25626 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25626 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154; 269 ( 7); 105; 72; 302 (3).