ბრძანება N 15799

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2023
№ დოკუმენტი 15799
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15799

04 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (პას.ნ -------)

(Adress: -------, -------; Tel.: -------)

2023 წლის 19 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა -------ის (პას.ნ -------) №104315/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივნისის №EL213533 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ ------- საქართველოში შემოსვლისას დაჯარიმდა 2000 ლარის ოდენობით იმ მიზეზით, რომ საბაჟო დეპარტამენტმა ვერ მოიძია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე მეორე ავზის ქარხნულად დამონტაჟების შესახებ. ჯარიმა გადაიხადა და შემდგომ მიმართა „-------“, სადაც მიიღო დასტური, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ქარხანა დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია ორი საწვავის ავზი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ საბაჟო კონტროლის ზონაში ------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ტრანზიტული საქონლით დატვირთული №------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ------- მოქალაქე ------- (-------, პასპორტის №-------).

საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ სტანდარტულად განსაზღვრულ ერთ – 715 ლიტრიან საწვავის ავზთან ერთად (რომელიც სავსე იყო დიზელის ტიპის საწვავით), №------- სატვირთო ავტომობილზე ასევე დამონტაჟებული იყო მეორე – 500 ლიტრიანი საწვავის ავზი, რომელშიც მოთავსებული იყო დაახლოებით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

ვინაიდან, -------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 17 ივნისს შედგენილ იქნა №EL213533 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------- (პასპორტის №------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

საჩივარზე თანდართული „-------“ 2023 წლის 19 ივნისის ცნობა გაცემულია კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და აღნიშნული ცნობით არ დასტურდება, რომ მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე ქარხანა დამამზადებლის მიერ სტანდარტულად დამონტაჟებულია ორი საწვავის ავზი.

------- (პასპორტის №-------) 2022 წლის 9 ივლისიდან 2023 წლის 17 ივნისამდე პერიოდში უფიქსირდება 16 (გასვლა – შესვლა) კვეთა საქართველოს საბაჟო საზღვარზე.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი.

ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ 1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები აზუსტებს:

5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად მისი ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.

საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი სტანდარტით გათვალისწინებული აქვს ერთი - 715 ლიტრის ტევადობის საწვავის ავზი. სადავოდ არ არის გამხდარი ასევე ის, რომ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული მეორე – 500 ლიტრიანი საწვავის ავზში მოთავსებული იყო დაახლოებით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

ვინაიდან, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, ასეთ ავზში მოთავსებული საწვავი არ განიხილება იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებულ საქონლად და მის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი შეზღუდვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -------ის (პას.ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის ავტორი განმარტებით სატრანსპორტო საშუალებაზე ქარხანა დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია ორი საწვავის ავზი, არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ სტანდარტულად განსაზღვრულ ერთ – 715 ლიტრიან საწვავის ავზთან ერთად (რომელიც სავსე იყო დიზელის ტიპის საწვავით), ასევე დამონტაჟებული იყო მეორე – 500 ლიტრიანი საწვავის ავზი, რომელშიც მოთავსებული იყო დაახლოებით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

ვინაიდან, ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5; 163(1); 168(4);

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173(ს); 194(5); 199;