ბრძანება № 29529
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 29529
29 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 21 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა ი/მ „-----------“ (ს/ნ -----------) №84274/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №006-474 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დღგ-ის რეგისტრაციის ვადის დარღვევა განპირობებული იყო, მის მიერ კანონმდებლობის არასწორი აღქმით. ვინაიდან, პირი მცირე მეწარმეა და გადასახადის ოდენობა მცირე მეწარმისათვის უკავშირდება რიგ შემთხვევაში 500 000 ლარიან ზღვარს, მიიჩნია, რომ ამ ზღვარის გადაულახავად არ დაუდგებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს შემოწმებით დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13891 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ „--------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 28 სექტემბრის №23866 ბრძანება და ამავე თარიღის №006-474 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 52 306 ლარი, მათ შორის, გადასახადი 32 635 ლარი, ჯარიმა 9 065 ლარი, საურავი 10 606 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
ი/მ ----------- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 22 აპრილიდან, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2014 წლის 27 თებერვლიდან. შემოწმების პროცესში 01.01.2020 წლიდან 01.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დადგენისთვის შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. მეწარმის საქმიანობის სახეა ფეხსაცმლის წარმოება, კერძოდ დიზაინი და შეკერვა. ახორციელებს ასევე ქამრების წარმოებასაც. საქმიანობა ხორციელდება ნაქირავებ ფართში, მისამართზე ----------ში. გადამხდელის სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი რეგისტრირებული იყო 13.08.2018 წლიდან - 08.09.2020 წლამდე პერიოდში, თუმცა ჩეკების ამობეჭდვა არ განხორციელებულა. დამკვეთებისგან საკომპენსაციო თანხების მიღება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ პირის მიერ 2020 წლის 14 ივლისს, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. ასეთ შემთხვევაში, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი ექვემდებარება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 14.07.2020 წლიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის (2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე-159-ე მუხლები) თანახმად, დადგინდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165 პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, პირის თანხმობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, მეწარმის დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმებას ექვემდებარება 2021 წლის პირველ ივლისს. შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზის შედეგად გადამხდელს კვლავ გამოუვლინდა დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება 18.03.2022 წლიდან. ამასთანავე, კვლავ დაექვემდებარა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციიდან მოხსნას 2023 წლის 1 აპრილს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, ი/მ --------- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 181 317 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ --------- (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს შემოწმებით დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ი/მ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 22 აპრილიდან. შემოწმებით დგინდება, რომ პირის მიერ 2020 წლის 14 ივლისს, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. პირი ექვემდებარება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 14.07.2020 წლიდან.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270(1);282;272(1);269(7);