ბრძანება N 18244
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18244
27 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 10 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა ი/მ ----------- (ს/ნ -----------) 2023 წლის 5 მაისის №80830/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №064-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განხორციელებულ გაანგარიშებას, რომელიც ეხება შეძენილი სმფ-ების ღირებულების ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად განხილვას და აღნიშნული საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს (3%). გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ შესყიდვის პირველადი დოკუმენტების არსებობა უარყოფილია. ასევე, გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილ ჯართის საბაზრო ფასებს, ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია არ არის ერთგვაროვანი. მიიჩნევს, რომ დარიცხვის საფუძველი და წყარო არარეალურია. მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული თვით მეწარმის მიერ გადახდის წყაროსთან დეკლარირებული გადასახადების მონაცემები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტს №4779 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------- (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 აპრილის №7821 ბრძანება და ამავე თარიღის №064- 4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 39 188 ლარი, მათ შორის გადასახადი 21 934 ლარი, ჯარიმა 10 967 ლარი და საურავი 6 287 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„ი/მ ----------- (ს/ნ -----------) საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით, რომელსაც თავისივე წერილობითი განმარტებით ფიზიკური პირებისგან იძენს, რომელზეც არ არსებობს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. შემოწმების მიერ განხორციელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლა, რის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნა იდენტური საქონლის შესყიდვისას გაწეული ხარჯის დადგენა. შედეგად აღნიშნული ხარჯი 1 008 157 ლარი, ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 -ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელის წერილობითი განმარტებით, შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეძენა ხორციელდება ფიზიკური პირებისგან და აღნიშნულზე არ არსებობს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. შემოწმების მიერ განხორციელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლა, შედეგად დადგინდა საქონლის შესყიდვისას გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა და აღნიშნული თანხა ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით.
ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----------- (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ
დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განხორციელებულ გაანგარიშებას, რომელიც ეხება შეძენილი სმფ-ების ღირებულების ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად განხილვას და აღნიშნული საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს (3%)
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით, რომელსაც თავისივე წერილობითი განმარტებით ფიზიკური პირებისგან იძენს, რომელზეც არ არსებობს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. შემოწმების მიერ განხორციელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლა, რის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნა იდენტური საქონლის შესყიდვისას გაწეული ხარჯის დადგენა. შედეგად აღნიშნული ხარჯი ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულებად და ს დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);73(5);1333;154(1ა);
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილი