ბრძანება N 14597
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14597
26 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 19 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №67110/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №006-52 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტი გასცდა სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს და გადასახადის გადამხდელს დააკისრა გადასახადი, რომელიც სასამართლოს არ დაუკისრებია. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახად ნახსენებია მხოლოდ ქონების გადასახადისა და ჯარიმის შემცირება და არაფერია ნათქვამი სხვა გადასახადების გადაანგარიშების (ანუ საგადასახადო შემოწმების აქტის შეცვლის) შესახებ. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურმა აირჩია სასამართლოს გადაწყვეტილების საკუთარი შეხედულებით ინტერპრეტაციის და არაზუსტად შესრულების გზა, რაც კანონშეუსაბამოა და გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, საქმე №3/4172-14, შპს „-------“ (ს/ნ -------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ:
„1. შპს „-------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 2 დეკემბრის №6-1510 საგადასახადო მოთხოვნა ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში; დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტი შპს „-------“ მიმართ.
3. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 1 აპრილის №19066 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში.
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.“
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განჩინებით, საქმე №3ბ/3036-17, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განჩინების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 3 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 44 678 ლარი, მათ შორის გადასახადი 34 136 ლარი და ჯარიმა 10 542 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 თებერვლის №006-52 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება შემდეგი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საქმე N3ბ/3036- 17-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 2 დეკემბრის №6-1510 საგადასახადო მოთხოვნა ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 1 აპრილის №19066 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში. სასამართლოს მსჯელობით, შპს „-------“ (ს/ნ -------) წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება სარეკულტივაციო მიწას. 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი სათიბი, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. სასამართლოს გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საგადასახადო ორგანოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი სრულად (გადასახადი 40 160 ლარით და ჯარიმა 12 048 ლარით). აღნიშნულმა გავლენა იქონია შემოწმების პერიოდში გამოსაქვით ხარჯებზე და შესაბამისად, გადასატანი ზარალის ოდენობაზე, რის გამოც გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის ნაწილში დაერიცხა 6 024 ლარი და განესაზღვრა ჯარიმა 1 506 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი სრულად (გადასახადი 40 160 ლარით და ჯარიმა 12 048 ლარით). აღნიშნულმა გავლენა იქონია შემოწმების პერიოდში გამოსაქვით ხარჯებზე და შესაბამისად, გადასატანი ზარალის ოდენობაზე, რის გამოც გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის ნაწილში დაერიცხა 6 024 ლარი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სალდირებულად საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 თებერვლის დასკვნით შემცირებას დაექვემდებარა სულ 44 678 ლარი, მათ შორის გადასახადი 34 136 ლარი და ჯარიმა 10 542 ლარი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს გადაწყვეტილებით წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება სარეკულტივაციო მიწას, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი სრულად. აღნიშნულმა გავლენა იქონია შემოწმების პერიოდში გამოსაქვით ხარჯებზე და შესაბამისად, გადასატანი ზარალის ოდენობაზე, რის გამოც გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის ნაწილში დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21); 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 276(1-უ)