ბარაბაძე N 13088

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.06.2026
№ დოკუმენტი 13088
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13088

15 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 27 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივნისის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა ი/მ ---- (ს/ნ ----) 2026 წლის 27 მაისის №102609/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 აპრილის №057-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ წარდგენილი აქვს სალარო აპარატის შეცდომით დაფიქსირებული ჩეკები, რომლის კორექტირებაც განხორციელდა განცხადების წარდგენის გზით, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული და დამატებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5050 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 21 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 28 აპრილის №9182 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 110 389 ლარი, მათ შორის, გადასახადი 66 648 ლარი, ჯარიმა 33 241 ლარი, საურავი 10 500 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2013 წლის 28 თებერვალს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოთი და ხილ-ბოსტნეულით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ერთი სალარო აპარატი და ორი პოსტ-ტერმინალი შემდეგ მისამართზე: -----. ერთ-ერთი პოსტ-ტერმინალი ნომრით ----- გაუქმებულია 2024 წლის 12 ივლისს. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. შემოსავლების სამსახურის გადასახადები ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას, რის საფუძველზეც აღნიშნულ სხვაობაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე, 43-ე და 168-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ წარდგენილი აქვს სალარო აპარატის შეცდომით დაფიქსირებული ჩეკები, რომლის კორექტირებაც განხორციელდა განცხადების წარდგენის გზით, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული და დამატებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების საკონტროლოსალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის (დუბლირების) ფაქტი. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხოს საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული (დუბლირებული) თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაამოწმოს გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის შესამოწმებელი პერიოდის ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---- (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების საკონტროლო-სალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის (დუბლირების) ფაქტი;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული (დუბლირებული) თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაამოწმოს გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის შესამოწმებელი პერიოდის ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: -----) ან სასამართლოში (მის.: ----), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას, რის საფუძველზეც აღნიშნულ სხვაობაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;163;164;168