გადაწყვეტილება №22927/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.07.2024
№ დოკუმენტი 22927/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22927/2/2024

10 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------"(ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 22.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22927/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30969 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2024 წლის №006-37 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7301 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 326 606.79 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 179 235

დღგ - 63 709

მოგების გადასახადი - 11 452

საშემოსავლო გადასახადი - 104 074

ჯარიმა - 88 265

საურავი - 59 106.79

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. ფიზიკური პირისგან აღნაგობით მიღებული აქვს მიწა და აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი, რომელთა 80% ამ მომენტისთვის უკვე რეალიზებული აქვს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 26.06.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ:

გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს მიწა აღნაგობის უფლებით, ხოლო სანაცვლოდ გადასაცემი აქვს მასზე აშენებული საცხოვრებელი ბინების სასარგებლო ფართის 20%. 2022 წლის მაისში ერთ-ერთი მიწის მესაკუთრისთვის, "--------"-სთვის, საწარმოს გადაცემული აქვს წინასწარ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კუთვნილი ფართი შეთანხმებული ფასით, რაც შესაბამის პერიოდში საწარმოს დაფიქსირებული აქვს ფართის მიწოდებად და წინასწარ განსაზღვრული თანხა 126 732 ლარი დაბეგრილი აქვს დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, გაცვლის (ბარტერის) ოპერაციის ფარგლებში, პირის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების სანაცვლოდ აღნაგობის უფლებით მიღებული"---------"-ის მიწა შემოწმების შედეგად შეფასდა საბაზრო ფასით, რამაც შეადგინა 278 447 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემსა და შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ღირებულებას შორის სხვაობა 151 715 ლარი დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 10.10.2023 წლის №25048 ბრძანება და ამავე თარიღის №006- 499 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 8.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30969 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- პირველ სადავო საკითხთან (სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის უსასყიდლო მიწოდებად განხილვასთან) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შპს „------“ მიმართებაში, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან (აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა მიღებული მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30969 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.03.2024 წლის №21676/2/2023 (რეს. 14.05.2024წ. №03/36742) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30969 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 1.02.2024 წლის დასკვნა, რომლითაც შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა სულ 35 263 ლარით, მათ შორის გადასახადი 23 509 ლარით და ჯარიმა 11 754 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2024 წლის №2892 ბრძანება და ამავე თარიღის №006-37 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 13.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.04.2024 წლის №7301 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30969 ბრძანების აღსრულების მიზნით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი. შედეგად, კომპანიის მიერ დასაბეგრი თანხა, ნაცვლად მიღებული მიწის საბაზრო ფასისა, განისაზღვრა მეაღნაგე ფიზიკური პირისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით, 294 390 ლარით. რაც საგადასახადო აქტით განსაზღვრულ სანაცვლოდ მიღებულ მიწის საბაზრო ფასზე 15 942 ლარით მეტია. ხოლო ფიზიკური პირისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევის მომენტი გადამხდელსაც მართლზომიერად ჰქონდა განსაზღვრული და დეკლარირებული ჰქონდა აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მშენებარე აქტივზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მისი დაბეგვრის დროს წარმოადგენს მისი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტი, რომელიც ჯერ არ დამდგარა. შესაბამისად ამ ნაწილში არათუ დარიცხვა არამართლზომიერია, არამედ შემცირებას უნდა დაექვემდებაროს დეკლარირებული ციფრებიც და მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასის ოდენობით და დაიბეგროს კორპუსის ექსპლუატაციის პერიოდში, რის დეკლარირებასაც საწარმო თავად განხორციელებს:

ა) თუ უკვე დასრულებული აქტივის მიწოდება ხდება მაშინ - საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში (საგადასახადო კოდექსის 163-ემუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი)

ბ) მშენებარე ობიექტი მიწოდების მომენტში - უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში (პირდაპირ უთითებს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, რომლითაც ჩანს, რომ გადაფორმების შემდეგ გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს 421 190 ლარის სამშენებლო მასალები და შესაბამისად სახეზეა ის ფაქტი, რომ არც ფორმალურად და არ შინაარსობრივად კორპუსი არ იყო შესული ექსპლუატაციაში, არ იყო დასრულებული.

თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომელშიც მითითებულია, რომ დაბეგვრის დრო სწორადაა განსაზღვრული, დღგ-ით დაბეგვრის მომენტად განიხილა მისი გადაფორმების მომენტი, ამასთან დასაბეგრი თანხის ოდენობა გაიზარდა 15 000 ლარით და კომპანიას დამატებით დაერიცხა 3 649 ლარი ანუ დავის პროცესში დაამძიმა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება.

აღნიშნულზე წარდგენილ საჩივარზე შემოსავლების სამსახურში სხდომა გაიმართა გადამხდელის მონაწილეობის გარეშე, ამასთან არ დაკმაყოფილდა საჩივარი ყოველგვარი მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე.

ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში არ დამდგარა ექსპლუატაციის მომენტი, ითხოვს აღნიშნული საფუძვლით ზედმეტად დეკლარირებული და აქტით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30969 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- პირველ სადავო საკითხთან (სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის უსასყიდლო მიწოდებად განხილვასთან) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შპს „------- -თან “ მიმართებაში, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან (აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა მიღებული მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30969 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2024 წლის დასკვნით:

- გადამხდელმა წარადგინა შპს „------ -თან “ გაფორმებული შედარების აქტი, რის მიხედვითაც დასტურდება კომპანიის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან წარმოქმნილი მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად დაკვალიფიცირებული ოპერაცია შეფასდა სასყიდლიან მიწოდებად, შესაბამისად მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

- გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი. შედეგად, კომპანიის მიერ დასაბეგრი თანხა, ნაცვლად მიღებული მიწის საბაზრო ფასისა, განისაზღვრა მეაღნაგე ფიზიკური პირისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით, 294 390 ლარით. რაც საგადასახადო აქტით განსაზღვრულ სანაცვლოდ მიღებულ მიწის საბაზრო ფასზე 15 942 ლარით მეტია. ამავდროულად, საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად, კომპანიის მიერ ფიზიკური პირისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი. მომსახურების გაწევის მომენტად მიჩნეული უნდა იქნას ის მომენტი, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დადგება ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა შორის და არა საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მომენტი. აღნიშნული მომსახურების გაწევის მომენტი გადამხდელსაც მართლზომიერად ჰქონდა განსაზღვრული და დეკლარირებული ჰქონდა სწორ საგადასახადო პერიოდში. მიმდინარე გადაანგარიშებით, აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი თანხა გაიზარდა 15 942 ლარით, რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა (3 648 ლარი) ამ თემის მიხედვით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მშენებარე აქტივზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მისი დაბეგვრის დროს წარმოადგენს მისი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტი, რომელიც ჯერ არ დამდგარა. შესაბამისად ამ ნაწილში არათუ დარიცხვა არამართლზომიერია, არამედ შემცირებას უნდა დაექვემდებაროს დეკლარირებული ციფრებიც და მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასის ოდენობით და დაიბეგროს კორპუსის ექსპლუატაციის პერიოდში, რის დეკლარირებასაც საწარმო თავად განხორციელებს. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, რომლითაც ჩანს, რომ გადაფორმების შემდეგ გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს 421 190 ლარის სამშენებლო მასალები და შესაბამისად სახეზეა ის ფაქტი, რომ არც ფორმალურად და არ შინაარსობრივად კორპუსი არ იყო შესული ექსპლუატაციაში, არ იყო დასრულებული. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომელშიც მითითებულია, რომ დაბეგვრის დრო სწორადაა განსაზღვრული, დღგ-ით დაბეგვრის მომენტად განიხილა მისი გადაფორმების მომენტი, ამასთან დასაბეგრი თანხის ოდენობა გაიზარდა 15 000 ლარით და კომპანიას დამატებით დაერიცხა 3 649 ლარი ანუ დავის პროცესში დაამძიმა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია 2019 წელს და შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა გავრცელდეს 2021 წლამდე არსებული რედაქცია, როგორც დასაბეგრი თანხის ასევე, დაბეგვრის მომენტის მიხედვით. მიწის სანაცვლოდ გადასაცემი ბინები მიწოდებული აქვს კომპანიას 2022 წლის მაისში და ამ ოპერაციაზე დეკლარირებული აქვს სიმბოლური თანხა, შემოწმების შედეგად შეიცვალა დასაბეგრი თანხა, განისაზღვრა მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მთლიანი კაპიტალიზებადი ხარჯი ბუღალტრულად აღრიცხული იყო.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხში შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30969 ბრძანების აღსრულების საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივრები ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

ასევე, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევის და განმარტავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშების შედეგად არ დამძიმებულა, იმის მიუხედავად რომ დღგ-ში განხორციელდა დარიცხვა სულ 3 647 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 431 ლარი და ჯარიმა 1 216 ლარი, ვინაიდან შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა სულ 35 263 ლარით, მათ შორის გადასახადი 23 509 ლარით და ჯარიმა 11 754 ლარით.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7301 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ზედმეტად დეკლარირებული და აქტით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. ფიზიკური პირისგან აღნაგობით მიღებული აქვს მიწა და აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი, რომელთა 80% ამ მომენტისთვის უკვე რეალიზებული აქვს.

გადამხდელს ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს მიწა აღნაგობის უფლებით, ხოლო სანაცვლოდ გადასაცემი აქვს მასზე აშენებული საცხოვრებელი ბინების სასარგებლო ფართის 20%. 2022 წლის მაისში ერთ-ერთი მიწის მესაკუთრისთვის,,საწარმოს გადაცემული 10 ივლისი 2024 N 03/52712 2 აქვს წინასწარ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კუთვნილი ფართი შეთანხმებული ფასით, რაც შესაბამის პერიოდში საწარმოს დაფიქსირებული აქვს ფართის მიწოდებად და წინასწარ განსაზღვრული თანხა 126 732 ლარი დაბეგრილი აქვს დღგ-ით.

ბარტერის ოპერაციის ფარგლებში, პირის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების სანაცვლოდ აღნაგობის უფლებით მიღებული მიწა შემოწმების შედეგად შეფასდა საბაზრო ფასით, რამაც შეადგინა 278 447 ლარი. გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემსა და შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივრები ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

302(6).