გადაწყვეტილება №17455/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17455/2/2022
01.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 1.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 10.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17455/2/2022).
დავის საგანი:
საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 10.06.2022 წლის №EL168296 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20778 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
11.04.2022 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“-ს გავლით №„----------“ კონტეინერით სხვა საქონელთან ერთად საქართველოში შემოტანილ იქნა და შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში განთავსდა 1 ერთეული მოწყობილობა (წონით 425 კგ).
ვინაიდან აღნიშნული საქონლის დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 10.06.2022 წელს შედგენილ იქნა №EL168296 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც №„----------“ კონტეინერის მიმღებს (საზღვაო ხაზის №„----------“ კონოსამენტის მიხედვით) – მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.08.2022 წლის №20778 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ 11.04.2022 წელს სგპ „----------“-ს გავლით №„----------“კონტეინერით სხვა საქონელთან ერთად საქართველოში შემოტანილ იქნა და შპს „----------“-ს საბაჟო საწყობში განთავსდა 1 ერთეული მოწყობილობა (წონით 425 კგ).
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საზღვაო ხაზის №„----------“ კონოსამენტის მიხედვით, №„----------“ კონტეინერის მიმღები არის მომჩივანი, თუმცა მის მიერ საქონლის დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლისთვისაც საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და ის გვერდს უვლის როგორც საქმისთვის მნიშვნელობის მქონე უმთავრეს გარემოებას, ასევე საბაჟო კანონმდებლობით გათვალიწინებულ წინაპირობებს.
შემოსავლების სამსახურს თავისი დასაბუთება აგებული აქვს დეკლარანტის მიერ ვალდებულების დარღვევაზე და მის შედეგებზე, თუმცა არასწორად განმარტავს თუ ვინ არის განსახილველ საქმეში დეკლარანტი, ტვირთმიმღები და შესაბამისად ვის ეკისრება დეკლარანტის ვალდებულებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური დასაბუთებაში ცდილობს დაამტკიცოს, რომ საზღვაო ხაზის №„----------“ კონოსამენტის მიხედვით №„----------“ კონტეინერით მიღებული ტვირთი წარმოადგენს შპს „----------“-ს კუთვნილ ტვირთს, მხოლოდ იმიტომ, რომ საზღვაო ხაზის კონტეინერის მიერ კონოსამენტის თანახმად, კონტეინერის მიმღები არის შპს „----------“, რაც არ შეესაბამება არც საქმეში არსებულ დოკუმენტაციას და არც მოქმედ საბაჟო კანონმდებლობას. კერძოდ, კომპანიის მიერ წარდგენილი კონოსამენტის №„----------“ თანახმად, შპს „----------“ როგორც ექსპედიტორ/გადამზიდველი წარმოადგენს მხოლოდ კონტეინერის მიმღებს, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა ტვირთმიმღების ტვირთი (მათი ნაწილის საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში გასაგზავნი), მათ შორის სადავო 1 ერთეული მოწყობილობა წონით 425 კგ, რომლის ტვირთმიმღებს უკვე უშუალოდ ტვირზე გამოწერილი №„----------“ საზღვაო კონოსამენტის თანახმად წარმოადგენს „----------“, რომლის სახელზეა ასევე გამოწერილი ტვირთის ინვოისი და შეფუთვის ფურცელი.
შესაბამისად ცხადი და მკაფიოა, რომ შპს „----------“ წარმოადგენს არა ტვირთმიმღებს, არამედ კონტეინერის მიმღებს, რაც სამართლებრივად სრულიად განსხვავებული დეფინიციაა და სხვა სამართლებრივი შედეგის მატარებელია. მიუთითითებს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ჰ8 ქვეპუნქტზე, შესაბამისად ბუნდოვანია მისი მიმღები ყოველთვის არის ექსპედიტორი/გადამზიდველი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული ტვირთები გადასცეს უშუალოდ ტვირთმიმღებს. ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მიმღები ბუნებრივია არის ექსპედიტორ/გადამზიდველი, რომელიც პასუხისმგებელია მიაწოდოს/მიიღოს სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე და შემდგომ გადასცეს მასში განთავსებული ტვირთი უფლებამოსილ ტვირთმიმღებს. შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებული მსჯელობით კი გამოდის, რომ ნებისმიერი ტვირთის ტვირთმიმღები დეკლარანტი და მესაკუთრე არის ექსპედიტორი, რაც სრულიად წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.
საბაჟო პროცედურას და ვალდებულებას საბაჟო ორგანოსთან მიმართებაში ახორციელებს უშუალოდ დეკლარანტი, რომელიც საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად განიმარტება. აღნიშნული განმარტების თანახმად, აუცილებელია, რომ პირს ან თავად, როგორც ტვირთის მფლობელს და პოტენციურ მესაკუთრეს ჰქონდეს ეს უფლება ან ეს უფლებამოსილება მისი სახელით მინიჭებული უნდა ჰქონდეს სხვა პირს ამავე კოდექსის მე-14 და მე15 მუხლებით დადგენილი წესით, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე) დამტკიცებული საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტვირთის ზოგად დეკლარირებას ახორციელებს საქონლის მესაკუთრე/მიმღები ან მისი წარმომადგენელი.
განსახილველ შემთხვევაში, კომპანია არ წარმოადგენს დეკლარანტს, ვინაიდან ის არ წარმოადგენს არც ტვირთის პოტენციურ მესაკუთრეს/ტვირთმფლობელს და არც მინდობილ პირს. უფრო მეტიც, კომპანია არ წარმოადგენს აღნიშნული ტვირთის მიმღებს, იგი წარმოადგენდა მხოლოდ კონტეინერის მიმღებს, ხოლო ტვირთმიმღებს და მის დეკლარირებაზე უფლებამოსილ და ვალდებულ პირს წარმოადგენს „----------“. კომპანიას არ ჰქონდა არც ტვირთის შესყიდვის კომერციული დოკუმენტაცია: შეფუთვის ფურცელი და ინვოისი, რაც სავალდებულო პირობას წარმოადგენს დეკლარირებისთვის და რომლის გარეშეც დეკლარირება ვერ განხორციელდება და არც ტვირთმფლობელის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც ტვირთმფლობელის სახელით დეკლარირების უფლებამოსილებას მიანიჭებდა. №257 ბრძანებით დამტკიცებული მე-19 დანართის (დეკლარირების კლასიფიკატორი) მე-10 მუხლის თანხმად, საბაჟო გაფორმებისთვის სავალდებულო წარსადგენ დოკუმენტებს შორის არის შესყიდვის დოკუმენტაცია და მინდობილობა, როცა დეკლარირება დეკლარანტის/ტვირთმიმღების ნაცვლად ხორციელდება სხვა პირის მიერ. მითითებული რეგულაციების თანახმად, კომპანიას რომც მიემართა საბაჟო ორგანოსთვის ტვირთმფლობელის ნაცვლად საბაჟო პროცედურის განხორციელების მოთხოვნით, საბაჟო ორგანოს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უარი უნდა ეთქვა აღნიშნული პროცედურის განხორციელებაზე, რადგან კომპანია არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება არც კანონის საფუძველზე გააჩნია და არც ტვირთმიმღებისგან აქვს მინდობილობის საფუძველზე მიღებული.
კომპანია წარმოადგენს ექსპედიტორს/გადამზიდველს, რომლის მოვალეობა ტვირთის ექსპედიტირება და დანიშნულების ადგილზე ტვირთმიმღებისთვის გადაცემა იყო, ხოლო ტვირთთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელების უფლება გადამზიდავს (ექსპედიტორს) მხოლოდ ტვირთმიმღების/დეკლარანტის დავალების და სპეციალური მინდობილობის საფუძველზე აქვს, რაც განსახილველ შემთხვევაში კომპანიას არ ჰქონია. ის ამ პროცესში წარმოადგენდა გადამზიდავს (ექსპედიტორს) საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად და ევალებოდა ამავე კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დარღვეულა, ხოლო დეკლარირებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს გადამზიდავი ან ნებისმიერი სხვა პირი ახორციელებს ამავე კოდექსით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
აშკარაა, რომ კომპანია არ წარმოადგენს არც ტვირთმიმღებს, არც დეკლარანტს და არც დეკლარანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც ევალებოდა ტვირთის დეკლარირება და შესაბამისად შეიძლებოდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი წესის თანახმად, შესაბამისად დაუშვებელია მას დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისთვის, რაც მას არ ჰქონია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზოგადი დეკლარაცია განმარტებულია, როგორც დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ; საბაჟო დეკლარაცია - დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს, ხოლო დეკლარანტი - როგორც პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა (შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას).
საქმის გარემოებებით ირკვევა, რომ 11.04.2022 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით №„----------“კონტეინერით სხვა საქონელთან ერთად საქართველოში შემოტანილ იქნა და შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში განთავსდა 1 ერთეული მოწყობილობა (წონით 425 კგ). აღნიშნული საქონლის დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. საბაჟო სამართალდარღვევისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია დაეკისრა მომჩივანს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სამართალდარღვევის სუბიექტის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20778 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.