ბრძანება N 15604

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.07.2025
№ დოკუმენტი 15604
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15604

10 ივლისი 2025

ბრძანება

ფ/პ "-------" (პ/ნ "-------")

(ფაქტ. მის.:"-------")

2025 წლის 13 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა ფ/პ "-------"-ს (პ/ნ "-------") №96226/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აპრილის №21-11/23663 გადაწყვეტილებასა და აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №21-14/42982 გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სს „--------“ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტს მიმართული აქვს სასამართლოსთვის შუამდგომლობით, რომლითაც მოთხოვნილია 10 სუბიექტის ცრუმაგიერ პირად ცნობა. მათ შორისაა, შპს „--------“, რომლის 100%-ის დამფუძნებელია "-------" და თავად "-------".

სასამართლოში შუამდგომლობა წარდგენილია დანართებით 503 ფურცლად და წარმოდგენილია 10 ეგზემპლარად, ერთი სასამართლოსთვის და დანარჩენი ყველა მოპასუხე მხარისთვის. დანართებში მოცემულია ინფორმაცია სს „------ -ს “ შესახებ, რომელიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა ჩათვლილიყო საგადასახადო საიდუმლოებად, მაგრამ ცალსახაა, რომ სხვაგვარად შეუძლებელია ჩატარდეს სასამართლო პროცესი ისე, რომ მოპასუხე მხარეს არ ჰქონდეს საშუალება, გაეცნოს საქმისათვის საჭირო ინფორმაციამტკიცებულებებს.

მომჩივანი განმარტავს, რომ საქმის ობიექტური განხილვისათვის ესაჭიროება დამატებითი ინფორმაცია. ვალის მართვის დეპარტამენტმა წარადგინა თავისი პოზიციის გასამყარებელი ინფორმაციამტკიცემულებები, ხოლო საკუთარი პოზიციის გასამყარებელი ინფორმაცია-მტკიცებულებების წარდგენა მას, როგორც მოპასუხე მხარეს ევალება. ამდენად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა იწვევს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მათ არათანაბარ, არაობიექტურ სიტუაციაში ჩაყენებას და ართმევს საკუთარი თავის დაცვის უფლებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ იგი 2021 წლის 30 აგვისტომდე წარმოადგენდა სს „------- -ს “ დირექტორს და მას სრული უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია. ასევე იმ პერიოდის საგადასახადო შემოწმების მასალები, რომელ პერიოდშიც ის წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს. მით უმეტეს, რომ ამ პერიოდზე დარიცხული გადასახადის ძირითადი თანხა აღემატება 100 000 ლარს. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მომჩივანის წარმომადგენელმა 2024 წლის 26 აპრილს მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა მისი დირექტორობის პერიოდში წარდგენილი ყველა განცხადებაწერილების ასლები, ხოლო შემოსავლების სამსახურმა განცხადების საპასუხოდ ჩააბარა მას მოთხოვნილი კორესპონდენცია 253 ფურცლად.

ზემოაღნიშნულ პირობებში, მომჩივნისათვის სრულიად გაუგებარია და უკანონოა მომსახურების დეპარტამენტის უარი, სს „------ -ს “ ყოველთვიური დღგ-ის დეკლარაციების გადაცემაზე (იმ პერიოდზე, როდესაც დირექტორს წარმოადგენდა მომჩივანი 01.04.2019-01.08.2020 წწ.). მომსახურების დეპარტამენტის უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აღარ წარმოადგენს სს „------- -ს" წარმომადგენელს, მაგრამ ვინაიდან მომჩივანი წარმოადგენს მოპასუხეს სასამართლოში, ვალის მართვის დეპარტამენტს გადაცემული აქვს ინფორმაცია არა მარტო მისი დირექტორობის პერიოდის, არამედ დღეის მდგომარეობითაც, ასევე მისი დირექტორობის პერიოდზე ინფორმაცია გადაცემული აქვს კანცელარიასაც და აუდიტის დეპარტამენტსაც.

მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტისგან გადაცემული აქვს 2022 წლის 28 დეკემბრის №039-16 საგადასახადო მოთხოვნა, №33272 დარიცხვის ბრძანება და 2022 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მაგრამ არ აქვს ამ აქტის გაანგარიშებები, რაც აუცილებელია სასამართლოში პოზიციის ასახსნელად. ამიტომ მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტისგან საგადასახადო შემოწმების აქტის დანართი ცხრილები (გაანგარიშებები), რაც შემმოწმებლის განმარტებით, გაგზავნილია პორტალზე rs.ge-ზე, მაგრამ მასზე არ აქვს წვდომა და ითხოვს გაეგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე. აუდიტის დეპარტამენტისგან მიიღეს ფაქტობრივი უარი, რომ თითქოს უკვე ეცნობა ანალოგიური, წინა 2024 წლის 30 ივლისის წერილით, რაც არასწორია.

ზემოთ მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტსა და აუდიტის დეპარტამენტს წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია-დოკუმენტაციის გადაცემა.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ სს „--------“ (ს/კ "-------") ყოფილი დირექტორის მომჩივანს (პ/ნ "-------") წარმომადგენელმა „---------“-მ 2025 წლის 17 მარტის №"-------" წერილით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა სს „---------“ (ს/კ "-------") დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ასლები 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge) განთავსებულ სს „--------“ (ს/კ "-------") მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2024 წლის 20 აგვისტოს ამონაწერში ხელმძღვანელ და წარმომადგენელ პირად ფიქსირდება "-------" (პ/ნ "-------").

www.napr.gov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით მომჩივანი (პ/ნ "-------") 2021 წლის 31 აგვისტომდე წარმოადგენდა სს „--------“ (ს/კ "-------") ერთ-ერთ დირექტორს, რომელიც საწესდებო კაპიტალისა და ხმების 89.86% მფლობელი აქციონერის "-------"-ს 2021 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ვერ დადგინდა მომჩივანს (პ/ნ "-------") ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლისა და 39-ე მუხლის საფუძველზე, მის წარმომადგენელ „---------“-ს მომსახურების დეპარტამენტის თბილისის სერვისცენტრის 2025 წლის პირველი აპრილის №"-------" წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, სს „--------ს/კ "-------") დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ასლების მიღებაზე.

რაც შეხება სს „--------“ (ს/ნ "-------") ყოფილი დირექტორის მომჩივანს მოთხოვნას მისთვის მისაწოდებელი ინფორმაციების თაობაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელის 2024 წლის 29 ივლისის №"-------" წერილზე გაგზავნილია აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №"-------" წერილი და შესაბამისი მასალები, აღნიშნულ წერილში მითითებულია, რომ გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გაგზავნილია გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე (rs.ge). რაც შეეხება, დამატებით იმავე ინფორმაციის გამოთხოვას, უკვე 2025 წლის 6 ივნისის განცხადებაზე, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №"-------"წერილით პასუხად მითითებულია, რომ აღნიშნულზე გადამხდელს ეცნობა 2024 წლის 30 ივლისის №"-------"წერილით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის წერილობითი/ელექტრონული ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება მიიჩნევა გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება და ინფორმაციის შენახვის წესები ამ კოდექსის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში არსებული მონაცემებით ფ/პ მომჩივანი (პ/ნ "-------") არ წარმოადგენს სს „-------“ (ს/ნ "-------") ხელმძღვანელ/წარმომადგენელ პირს. ამასთან, პირის მიერ,არც დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტისა და აუდიტის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ "-------" (პ/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტსა და აუდიტის დეპარტამენტს წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია-დოკუმენტაციის გადაცემა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან ვერ დადგინდა მომჩივანის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება,სსკ-ის 37-ე მუხლისა და 39-ე მუხლის საფუძველზე, მის წარმომადგენელ პირს წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, სს"-----"-ს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ასლების მიღებაზე. რაც შეხება სს "------"-ს ყოფილი დირექტორის მოთხოვნას მისთვის მისაწოდებელი ინფორმაციების თაობაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელის წერილზე გაგზავნილია აუდიტის დეპარტამენტის წერილი და შესაბამისი მასალები, აღნიშნულ წერილში მითითებულია, რომ გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გაგზავნილია გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე.რაც შეეხება, დამატებით იმავე ინფორმაციის გამოთხოვას,აუდიტის დეპარტამენტის წერილით პასუხად მითითებულია, რომ აღნიშნულზე გადამხდელს ეცნობა 2024 წლის 30 ივლისის წერილით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტისა და აუდიტის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

37,39.