ბრძანება N 11537
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11537
24.05.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 30 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) №80666/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №001-31 საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 31 მარტის №001925 ბრძანება). აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი №51).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიამ დროულად ვერ მოახერხა 2023 წლის თებერვლის თვის დღგ-ს დეკლარაციის გამოგზავნა და შესაბამისად დაეკისრა თანხის გადახდა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ დააზუსტა 2023 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნისა და ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35949 ბრძანების „პროცედურული სახელმძღვანელო დასაბეგრი საგადასახადო დოკუმენტების მართვის შესახებ“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ხდება ისეთი დოკუმენტ(ებ)ის გამოვლენა, რომელზეც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელს მოცემულ საანგარიშო პერიოდში არ წარმოუდგენია დეკლარაცია ან/და წარმოადგინა დეკლარაცია შემცირებული დასაბეგრი თანხით.
აღნიშნული პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით, პროგრამულ მოდულში „დაუბეგრავი დოკუმენტები“ 2023 წლის მარტში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესასწავლად დაეწერა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები. კერძოდ გამოწერილი ყველა ფაქტურა იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“, დღგ-ის თანხით 4349.84 ლარი.
დავალების განხილვის პერიოდში მოხდა 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტების შესწავლა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო იანვრის №01N26013084 დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი თანხა შეადგენდა ნულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2023 წლის 31 მარტის №001925 ბრძანების მიხედვით, შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიმართ განხორციელდა 4349.94 ლარის დარიცხვა და გამოიცა №001-31 საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთან, გადამხდელმა 2023 წლის 19 აპრილს დააზუსტა 2023 წლის იანვრის დღგ-ის დეკლარაცია დღგ-ის დასაბეგრი თანხით 8 521.52 ლარის ოდენობით, თანხა მოიცავდა N001-31 მოთხოვნის მიხედვით დარიცხულ ღირებულებას. აღნიშნული ხარვეზის გასწორების მიზნით გადამხდელმა 2023 წლის 8 მაისს წარმოადგინა დაზუსტებული დეკლარაცია N01N68010302 დღგ-ის თანხით 4171.50 ლარის ოდენობით. არსებული მონაცემების მიხედვით პირადი აღრიცხვის ბარათზე გაორმაგებული დარიცხვა არ უფიქსირდება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარმოდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 4349.94 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი საჩივარში ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნისა და ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო წარმოდგენილი დეკლარაციის მიხედვითაც დასაბეგრი თანხა შეადგენდა ნულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გადამხდელის მიმართ განხორციელდა თანხის დარიცხვა და გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციის და საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, პირადი აღრიცხვის ბარათზე გაორმაგებული დარიცხვა არ ფიქსირდება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3); 158(1); 159(1);
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის N35949 ბრძანება 7(2)