ბრძანება N 2995

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2026
№ დოკუმენტი 2995
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2995

12 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 20 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2026 წლის 20 იანვრის №100106/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №085-33 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი განმარტავს, რომ მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი საცალო ვაჭრობაზე, ამასთან, ახორციელებს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული რძის პროდუქტების რეალიზაციას. გადამხდელის განმარტებით, დღგ-თი დასაბეგრ საქონელს ბეგრავდა კანონის შესაბამისად და იხდიდა გადასახადებს, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწილის (ნადუღი, კარაქი) დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით არ ჰქონდა ინფორმაცია. გადამხდელი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით, ხოლო დარიცხული თანხები წარმოადგენს მძიმე ფინანსურ ტვირთს. აღნიშნულიდან გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №23064 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ----- (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 დეკემბრის №28130 ბრძანება და ამავე თარიღის №085-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 46 945 ლარი, მათ შორის, გადასახადი 26 198 ლარი, ჯარიმა 13 345 ლარი და საურავი 7 400 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

ინდივიდუალური მეწარმე ------ საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით, დამატებით საცალო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით, ქალაქ ------ში. გადამხდელს გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი და პოსტ-ტერმინალი, რომელთა გამოყენებით აღრიცხავს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს. შემოწმებით გამოვლინდა, რომ მეწარმე ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათავისუფლებულ საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის რეალიზაციას. მეწარმე არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, მეწარმის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო მასალების, საკონტროლო-სალარო აპარატის, საბანკო ტერმინალების მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა მეწარმის მიერ მიღებული შემოსავლის მოცულობა. გადამხდელს არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც სრულყოფილად გაიმიჯნებოდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული შემოსავლის მოცულობები. გარდა ამისა, რეალიზებული საქონლის დადგენის მიზნით შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო ჟურნალის ელექტრონული ვერსიით, რომელიც შეიცავდა დღგ-ით დასაბეგრ და დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დადგინდა დასაბეგრი ბრუნვის პროპორცია, რაზე დაყრდნობითაც არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა 857 153 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვა შეადგენს 711 603 ლარს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაუდგინდა 145 550 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159- ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინდივიდუალური მეწარმე საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში. შემოწმებით გამოვლინდა, რომ მეწარმე ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციას. . გადამხდელს არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც სრულყოფილად გაიმიჯნებოდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული შემოსავლის მოცულობები. გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების შედეგად დადგინდა დასაბეგრი ბრუნვის პროპორცია, რაზე დაყრდნობითაც არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270;272;275;