გადაწყვეტილება №21495/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2024
№ დოკუმენტი 21495/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21495/2/2023

18 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 5.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21495/2/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 6.07.2023 წლის 19644/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №007-309 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 267 744.61 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 139 098

დღგ - 68 114

საშემოსავლო გადასახადი - 69 604

ქონების გადასახადი - 1 380

ჯარიმა - 68 287

საურავი - 60 359.61

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით, თამბაქოს ნაწარმით, მცირე რაოდენობით საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო და სხვა მსგავსი პროდუქტებით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლიდანაც ირკვევა შემდეგი: კომპანიის დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით შეადგენს საშუალოდ 0.2%-ს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, საწარმოს შეძენები უფიქსირდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას. დეკლარირებული ფასნამატი 2019-2022 წლების პერიოდების მიხედვით შეადგენს საშუალოდ 9%-ს. გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტების მიხედვით სმფ-ის ნაშთი 1.04.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 358 664 ლარს. იქიდან გამომდინარე, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით შეუძლებელია ოპერაციების მიმდინარეობაზე (დაწყებაზე/დასრულებაზე) კონტროლი და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით და საწარმოს შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებით კომპანიის მიერ შეძენილი პროდუქცია დაჯგუფდა ცალკეულ კატეგორიებად, მთლიან შეძენაში თითოეული კატეგორიის პროპორციული წილის მიხედვით დაყოფილ იქნა პირის მიერ წარდგენილი სმფ-ების ნაშთების ჯამური მონაცემები. ცალკეულ კატეგორიასთან მიმართებით მსგავსი საქმიანობის აუდირებული ფასნამატის (საშუალოდ ფასნამატმა შეადგინა 13%) გამოყენებით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ამასთან, შემოწმებით განხორციელდა კომპანიის ფულადი სახსრების ანალიზი. ანალიზისას გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გათვალისწინებულია კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილი ინფორმაცია კომპანიის დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის და საწყისი კაპიტალის შესახებ. შედეგად, საწარმოს გამოუვლინდა ფულადი სახსრების განკარგვადი ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანების შესაბამისად, დაექვემდებარა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირებას. აღნიშნული განაცემი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32179 ბრძანება და ამავე თარიღის №007-355 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 14.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.04.2023 წლის №8582 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.07.2023 წლის №19644/2/2023 (გატ. 19.07.2023წ. №03/58322) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8582 ბრძანება;

2. მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციაზე იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მისი მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს პირველი სადავო საკითხის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 6.07.2023 წლის №19644/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 24.10.2023 წლის დასკვნა, რომლითაც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №27067 ბრძანება და ამავე თარიღის №007-309 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია წარმოადგენს ღია საწყობის სახის სავაჭრო სივრცეს, სადაც:

➢ იდენტიფიცირებულია მომხმარებელთა შესასვლელ-გასასვლელი;

➢ გასაყიდად განკუთვნილი საქონელი (სურსათი) განთავსებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას - თაროებზე, დახლ-მაცივრებში და სხვა სათავსოებში;

➢ მომხმარებელი დამოუკიდებლად ან/და მოლარე-კონსულტანტის დახმარებით ირჩევს სასურველ საქონელს (სურსათს);

➢ საქონლის (სურსათის) შეძენა-რეალიზაცია აღირიცხება შტრიხ-კოდებითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და ამ აღრიცხვით, იდენტიფიცირებადია როგორც შეძენილი საქონლის (სურსათის) თვითღირებულება, ისე ამავე საქონლის (სურსათის) რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

კომპანიას აქვს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას. კომპანია სარგებლობს მაღაზიის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფით, რომლის მეშვეობითაც ხდება როგორც საქონლის მიღების ასევე რეალიზაციის დეტალური აღრიცხვა. კერძოდ, ყველა სახის საქონელს კომპანია ყიდულობს ადგილობრივი მომწოდებლებისგან ზედნადებების საფუძველზე.

ზედნადებებში დაფიქსირებული თითოეული საქონელი ყველა საჭირო მონაცემის (ფასი, რაოდენობა, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი და ა.შ) მიხედვით მიღებისთანავე პროგრამაში შესაბამისი შტრიხკოდების მეშვეობით აისახება. ასევე თითოეულ პროდუქტს ეთითება გასაყიდი ფასის ოდენობა (რომელიც პერიოდულად შეიძლება გადაიხედოს თვითღირებულების ანალიზის საფუძველზე და შეიცვალოს).

გაყიდვის შემთხვევაში, ხდება საქონლის პროგრამაში „გატარება“ შტრიხკოდის მეშვეობით, რომლის საფუძველზეც ფიქსირდება რეალიზაციის ფაქტი იმ მომენტში დაფიქსირებული გასაყიდი ფასის მიხედვით, და ამასთანავე თვითღირებულებაში ჩამოიწერება შესაბამისი საქონლის შეძენის ღირებულება საშუალო შეწონილი მეთოდის გამოყენებით.

აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებულ მონაცემებს მთელი შესამოწმებელი პერიოდისთვის თვის ჭრილში, სადაც მოცემულია თითოეულ თითოეული გაყიდული პროდუქტიდან მიღებული შემოსავალი და თვითღირებულებაში ჩამოწერილი შესაბამისი ღირებულება. ყოველივე აქედან გამომდინარე, შემმოწმებლის მტკიცება რომ გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას, არასწორია და შესაბამისად შემოწმებას არ ჰქონდა უფლება რომ გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და კომპანიის შემოსავლები გაეანგარიშებინა არაპირდაპირი მეთოდით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 16.04.2021 წელს და 11.02.2022 წელს გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია ორი საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვის მიხედვით გამოიცა №727225 და №748595 ოქმები, რომელთა მიხედვითაც არცერთი საკონტროლო შესყიდვის შემთხვევაში არ გამოვლენილა სამართალდარღვევა, რაც დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი არ აქვს შემოსავლების დამალვას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი საფუძველი რომელიც შეიძლება ყოფილიყო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დამადასტურებლად არ არსებობს. ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული შემოსავლების მიხედვით კომპანიის ფასნამატი შეადგენს 12.5%, რაც 4%-მდე დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით შესაბამისობაშია 13%-იან საშუალო მაჩვენებელთან. კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების სისწორის დასადასტურებლად ასევე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მასში მოცემული მონაცემების მიხედვით კომპანიის მოგების მარჟა შეადგენს 12.5%-ს. რაც შემოწმების მიერ მოყვანილი საბაზრო მარჟისგან - 13%- ისგან არაარსებითი გადახრით (4%-ზე ნაკლები ოდენობით) განსხვავდება. უნდა აღინიშნოს რომ მოცემული შემოსავალი 9,215,860 იყოფა ორ ნაწილად, პირველი ეს არის მაღაზიის აღრიცხვის პროგრამიდან საქონლის რეალიზაციის საფუძველზე მიღებული საკომპენსაციო თანხების ჯამი 9,089,282 ლარის ოდენობით და მეორე 126,577 ლარი არის დისტრიბუტორებისგან (საქონლის მომწოდებლებისგან) მიღებული ფასდაკლებები (შემოსავალი) შეძენილი საქონლის მოცულობიდან და მარკეტინგული შინაარსის მომსახურებებიდან გამომდინარე.

დეკლარირებული თანხების მიხედვით დათვლილი დაბალი (9%-იანი) ფასნამატი გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, კერძოდ 6 თვის განმავლობაში ნაცვლად მთლიანი ბრუნვისა, დეკლარირება ხდებოდა მხოლოდ ნაღდი ფულის ბრუნვის მიხედვით.

შემოწმების მიერ დათვლილი ფასნამატი 9%-ის ოდენობით გამოწვეულია არა იმ გარემოების გამო რომ შემოსავლების დამალვა ხდებოდა, არამედ იმის გამო, რომ 2019 წლის ბოლო სამი თვის და 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომპანიის მიერ არასწორი მონაცემების დეკლარირება ხდებოდა. კერძოდ, მოცემულ თვეებში სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მთლიანი შემოსავლის ნაცვლად დღგ-ის დეკლარაციებში შეცდომით ჩაიწერა მხოლოდ ნაღდი ფულის სახით მიღებული ბრუნვა, ხოლო უნაღდო სახით მიღებული შემოსავლები გამორჩენილია. შესაბამისად, როდესაც შემოწმებამ მოახდინა დეკლარირებული შემოსავლების თვითღირებულებასთან შედარება, მოგების მარჟა განისაზღვრა 9%-ით ნაცვლად ფაქტობრივად მიღებული 12.5%-ისა. თვალსაჩინოებისთვის წარმოადგენს ცხრილს, საცად კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში მოცემული მონაცემები და დეკლარირებული მონაცემებია შედარებული.

მოცემული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ნათლად ჩანს რომ მარჟაზე გავლენას ახდენს 2019 წლის სექტემბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2020 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის მექანიკური შეცდომა, რომლის დროსაც დასაბეგრ ბრუნვაში ჩაწერილია სალარო აპარატების ფისკალური მონაცემები, ნაცვლად მთლიანი ბრუნვისა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ შეცდომით მოხდა დღგ-ის ბრუნვის შემცირება დღგ-ის ჩათვლით 266,933 ლარის ოდენობით, რომლის მიხედვითაც კომპანიის მიერ დამატებით გადასახდელი დღგ-ის ოდენობა უნდა შეადგენდეს 40,719 ლარს (266,933/1.18*18%) და არა 68,114 ლარს, როგორც ეს შემოწმების მიერ არის დარიცხული. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას იგი სრულად უნდა გაუქმდეს, რადგან არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაბეგვრის ობიექტის გამოანგარიშების საფუძველი. კერძოდ სააღრიცხვო მონაცემები, მათ შორის სალაროში თანხის მოძრაობა, კანონმდებლობის შესაბამისად არის აღრიცხული და მასზე დაკვირვებით შესაძლებელია ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციების და მისი დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების შესწავლა. გარდა ამისა, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ის გარემოება, რომ კომპანია არ აპირებდა მიზანმიმართულად გადასახადების დამალვას, ტექნიკური ხარვეზი და შეცდომა (6 თვის განმავლობაში ნაცვლად მთლიანი ბრუნვისა დეკლარირებული მხოლო ნაღდი ფულის რეალიზაცია), რომლის გამოც სათანადოდ ვერ მოხდა შემოსავლის დეკლარირება და შესაბამისი დღგ-ის გადახდა, კომპანიისთვის შემოწმების დასრულების შემდგომ გახდა ცნობილი.

აქედან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლების გამოყენებას და საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლებას, მითუმეტეს რომ კომპანიას შემოწმებამდე პერიოდში რაიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა არ უფიქსირდებოდა. ყოველივედან გამომდინარე კი, დაუსაბუთებელია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების აუცილებლობა შემოწმებისას, ვინაიდან, კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია იძლევა ყველა დასაბეგრი ოპერაციის სწორად განსაზღვრის შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადავო აქტები შეიცავს არსებით ხარვეზებს. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების გაუქმება და დამატებით დარიცხული გადასახადის თანხებისა და შესაბამისი ფინანსური სანქციების შემცირება ზემოთ აღწერილი ფაქტებისა და არგუმენტების გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 6.07.2023 წლის №19644/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციაზე იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მისი მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს პირველი სადავო საკითხის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის და მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლების განმარტებას, რომლებიც მოცემულ ეტაპზე არ შეცვლილა, კერძოდ საბჭოს 6.07.2023 წლის №19644/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცალკეული სახის ინფორმაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი და გარანტირებული იქნება კონტროლი ოპერაციების დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია და საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 6.07.2023 წლის №19644/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საბჭოს 6.07.2023 წლის 19644/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32179 ბრძანება და ამავე თარიღის №007-355 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 14.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.04.2023 წლის №8582 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.07.2023 წლის №19644/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 24.10.2023 წლის დასკვნა, რომლითაც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №27067 ბრძანება და ამავე თარიღის №007-309 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.