ბრძანება N 1582

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.02.2023
№ დოკუმენტი 1582
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1582

01.02.2023

შპს „------“ (ს/ნ ------ )

(მის.: -------- )

2022 წლის 29 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -------) №-------- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ოქტომბრის ID: ------- შესაგებელთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს პირველად ეტაპზე უნდა დაედგინა ხარვეზი, რაც არ განუხორციელებია. ასევე აღნიშნავს, რომ გადამხდელი 2018 წლამდე ეწეოდა აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის საქმიანობას, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით დაწესებულია შეღავათი, შესაბამისად, კომპანია არ წარადგენდა მოგების გადასახადის დეკლარაციებს. შემდგომ პერიოდში, 2017-2018 წლებში, გაუქმდა გადამხდელის ნებართვები და ამ პერიოდიდან გადამხდელმა ფაქტობრივად შეწყვიტა საქმიანობა. ამდენად, ვერ წარადგენდა მოგების გადასახადის დეკლარაციებს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ზედმეტად გადახდილი ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ, გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა 2022 წლის 13 ოქტომბერს (ID:-------). შესწავლის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო გადამხდელს, ID:------- შესაგებლით, ეთქვა უარი „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, მიეთითა, რომ:

2019-2022 წლების მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციებში არ ფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამავე ინსტრუციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციების მიხედვით წარმოდგენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთები შეესაბამება თუ არა წინა საანგარიშო წლის დეკლარაციაში დაფიქსირებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ მონაცემებს.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის შემდგომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მოთხოვნის შესწავლა, რა დროსაც დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ 2019-2022 წლების მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციებში არ ფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ -------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს ეთქვა უარი „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

63,65.