გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 611210017002056582
N2/229-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.12.2017 წ. ქ. მარნეული
შესავალი ნაწილი
მარნეულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ეკა ნავერიანი
მოსარჩელე: ნ------- ბ--------–---ა
წარმომადგენელი: ე-–--- ლ--------ე
მოპასუხე: ს----- პ--–------ი
არასრულწლოვნის წარმომადგენელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - მ------ შ--------ე
დავის საგანი: შვილის გვარის გამოცვლა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. არასრულწლოვან ბავშვს - 2010 წლის 19 ს----------ს დაბადებულ რ---- პ--–------ს შეეცვალოს მამის გვარი - პ--–------ი და მიენიჭოს დედის გვარი - ბ--------–---ი;
ნ------- ბ--------–---ას სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2010 წლის 2--------იდან 2013 წლის 23 მ---ამდე მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2010 წლის 19 ს----------ს მხარეებს შეეძინათ შვილი - რ---- პ--–------ი. მხარეები 2013 წლის 23 მ---ს განქორწინდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით. განქორწინების შემდეგ მოპასუხეს არ ჰქონია შვილთან ურთიერთობა და არც უცდია მისი აღდგენა. მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა, შვილის რჩენა-აღზრდისათვის, ბავშვის სრულწლოვანებამდე. მოპასუხე არ იხდის მასზე დაკისრებულ ალიმენტს. მოპასუხე არ ინტერესდება ბავშვით, იგი არ იცნობს შვილს, არც ბავშვი იცნობს მამას. მოსარჩელის მამა ცხოვრობს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში ცხოვრობენ ასევე სხვა ნათესავებიც. მოსარჩელეს ხშირად უწევს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ბავშვთან ერთად. ვინიდან ბავშვი არის არასრულწლოვანი, საჭიროა მამის თანხმობა პასპორტის აღებისათვის და საზღვრის გადაკვეთის დროს. ბავშვს მამასთან გვარის გარდა არაფერი არ აკავშირებს.
მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ბავშვის ინტერესებს ადგება ზიანი, ვინაიდან სკოლაში როდესაც ბავშვს მიმართავენ როგორც პ--–------ს, ბავშვი აღნიშნულს ძალიან განიცდის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ს----- პ--–------მა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან განქორწინების შემდეგ შექმნა სხვა ოჯახი. რ---- პ--–------ის გარდა, ახალი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი. შეძლებისდაგვარად იხდის დაკისრებულ ალიმენტს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას განესაზღვრა შვილთან-რ---- პ--–------თან ურთიერთობის წესი. მიუხედავად ამისა მოსარჩელე არ აძლევს უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილთან. მოპასუხე აღნიშნავს, რომ არ არსებობს რ---- პ--–------ისათვის გვარის გამოცვლის საფუძველი. ბავშვს მამის გვარით არ ადგება არანაირი ზიანი. ბავშვისათვის გვარის გამოცვლა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების უსაფუძვლო ახირებას.
21. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ის გარემოება, რომ ბავშვის გვარის გამოცვლა ემსახურება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ------- ბ--------–---ა და ს----- პ--–------ი 2010 წლის 2--------იდან 2013 წლის 23 მ---ამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებლებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-ქორწინების მოწმობა;
-განქორწინების მოწმობა.
3.1.2. ნ------- ბ--------–---ას და ს----- პ--–------ს თანაცხოვრების პერიოდში - 2010 წლის 19 ს----------ს შეეძინათ შვილი - რ---- პ--–------ი .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-რ---- პ--–------ის დაბადების მოწმობა;
3.1.3. მოპასუხე ნ------- ბ--------–---ასა და მოპასუხე ს----- პ--–------ის ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, ბავშვი რ---- პ--–------ი მუდმივად ცხოვრობს დედასთან ნ------- ბ--------–---ასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ს----- პ--–------ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა, შვილის რ---- პ--–------ის რჩენა აღზრდისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. მოპასუხე ს----- პ--–------მა მოსარჩელესთან განქორწინების შემდეგ შექმნა სხვა ოჯახი და ჰყავს ორი შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები;
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოცემულ ეტაპზე ბავშვის გვარის გამოცვლა არ გამომდინარეობს ბავშვის ინტერესებიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ------- ბ--------–---ას უნდა დაეკისროს მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ ბავშვის გვარის გამოცვლა ემსახურება ბავშვის ინტერესებს და მამის გვარის ტარება ბავშვის ინტერესებს აყენებს ზიანს.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა–------ ა-----------ამ განაცხადა, რომ იგი არის რ---- პ--–------ის პედაგოგი. რ---- პ--–------ი არის პირველ კლასში. სასკოლო ჟურნალში ბავშვის გვარად მითითებულია პ--–------ი. როდესაც მან ბავშვს მიმართა პ--–------ის გვარით, ბავშვმა განაცხადა, რომ მისი გვარი იყო ბ--------–---ი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ არც სკოლაში და არც სოფელში, გვარი პ--–------ი არ იგივდება რამე უარყოფითთან. გვარი ბ--------–---ი არ არის პრივილეგირებული გვარი და არ გამოირჩევა გვარ პ--–------ისგან. რ---- პ--–------ის მიმართ გვარიდან გამომდინარე არავითარი შეზღუდვები არ აქვს სკოლაში. პედაგოგის განმარტებით, რ----ისათვის ცნობილია, რომ იგი არის ბ--------–---ი.
მოპასუხე ს----- პ--–------ი პერიოდულად, შეძლებისდაგვარად ასრულებს მასზე დაკისრებულ საალიმენტო ვალდებულებას.
მოპასუხე ს----- პ--–------მა სასამართლოში წარმოადგინა მის მიერ საალიმენტო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები - თანხის გადახდის ქვითრები, რომლითაც დასტურდება, რომ 2013 წლიდან მოპასუხე იხდის მასზე დაკისრებულ ალიმენტს პერიოდულად.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, სააგენტოს წარმოებაშია საქმე ს----- პ--–------ის შვილთან-რ---- პ--–------თან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით. ტარდება სათანადო სამუშაოები, რათა მოხდეს მამას და შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა.
მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მამის გვარის ტარება ბავშვს -რ---- პ--–------ს უქმნის პრობლემებს და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვის გვარის გამოცვლა არ გამომდინარეობს ბავშვის ინტერესებიდან. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე, 1196-ე, 1198-ე, 1199-ე მუხლები. ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია"; საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ".
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.
''სამოქალაქო აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, 16 წლამდე არასრულწლოვნის სახელის ან/და გვარის შეცვლა ხორციელდება მისი მშობლების შეთანხმებით. მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში არასრულწლოვნის სახელის ან/და გვარის შეცვლის საკითხს მისი ინტერესების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ არასრულწლოვანს შეუსრულდა 10 წელი, მისი სახელის ან/და გვარის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ რა ბავშვის, მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საბერძნეთის მიმართ გამოთქმულ თავის რეკომენდაციაში, მიუთითა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და გამოიყენოს მისი სრული სახელი და გვარი, რომელსაც თავად, მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები აირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ, უმთავრეს შემთხვევაში, მშობლები წყვეტენ ბავშვის გვართან დაკავშირებულ საკითხს, კონვენცია არ უშვებს იმას, რომ აღნიშნული უფლება მშობლის აბსოლუტური პრეროგატივაა. ეროვნულ კანონმდებლობას უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმები, რათა თავიდან აიცილონ ბავშვის ისეთი გვარით რეგისტრაცია, რომელმაც მისი დაცინვა, დისკრიმინაცია ან სხვა ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს (იხ. www.unicef.org/publications/files/Implementation Handbook for the Convention on the Rights of Child Part 1 of 3.pdf).
კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას - იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (შდრ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი).
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის" მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ---- პ--–------ი არის მოსარჩელის და მოპასუხის საერთო შვილი, მხარეები განქორწინებული არიან და რ---- პ--–------ი ცხოვრობს დედასთან - ნ------- ბ--------–---ასთან. ერთი შეხედვით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ანიჭებს უფლებას მშობელს რომელთანაც შვილი საცხოვრებლად დარჩა მშობლების განქორწინების შედმეგ, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ბავშვის გვარის გამოცვლა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვარის გამოცვლა ემსახურებოდეს ბავშვის ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ს----- პ--–------ი შეძლებისდაგვარად ასრულებს მასზე დაკისრებულ საალიმენტო ვალდებულებას, მას ასევე სურვილი აქვს ურთიერთობა ჰქონდეს თავის შვილთან, აღნიშნულ პროცესში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოც. მოსარჩელე უთითებს, რომ მას ბავშვთან ერთად ხშირად უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება, რის გამოც უმჯობესია ბავშვს ჰქონდეს დედის გვარი. სასამართლო ვერ გაიზიარებს იმას, რომ ამ შემთხვევაში, ბავშვის გვარის გამოცვლა ემსახურება ბავშვის ინტერესებს, რადგან სხვა სახელმწიფოში ბავშვის გადასვლის შემთხვევაში ბავშვის გვარმა, დედის იქნება იგი თუ მამის, არ შეიძლება განსაზღვროს ბავშვის უფლებები სხვაგვარად და შესაბამისად გავლენა იქონიოს ბავშვის ინტერესებზე. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენებით, ბავშვისათვის ცნობილია, რომ იგი არის ბ--------–---ი და არა პ--–------ი. სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდეგ განმარტავს, რომ აღნიშნული გამოწვეულია მხარეების დაპირისპირებული, კონფლიქტური ურთიერთობიდან გამომდინარე. მოსარჩელე მხარეს არ აქვს სურვილი, რომ ბავშვს რაიმე კავშირი ჰქონდეს მამასთან, შესაბამისად ბავშვის მიერ დედის გვარის აღქმა საკუთარ გვარად გამოწვეულია სწორედ დედის ზეგავლენით და მოცემულ შემთხვევაში ბავშვისათვის მამის გვარის ნაცვლად დედის გვარის მინიჭება არ შეესაბამება მის ინტერესებს.
სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, მის სასიკეთოდ. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, კი ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ოჯახური გარემოს შექმნა გულისხმობს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.
”ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ბავშვი უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის გვარის შეცვლა მოცემულ შემთხვევაში არ გამომდინარეობს ბავშვის ინტერესებიდან, სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი და მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნ------- ბ--------–---ას სარჩელი მოპასუხე ს----- პ--–------ის მიმართ შვილის გვარის გამოცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩააბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ.მარნეული, ნარიმანოვის ქ. N4).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე პაატა ფხალაძე