განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/561-17
(№078200117002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 დეკემბერი, 2017 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ღონღაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული დ---------–---–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-----–------------------------------------------------–--
ადვოკატი: ზურაბ დალაქიშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
სხდომის სახე: ღია, ბრალდებულის დასწრების გარეშე,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დ---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით, დ---------–---–---–ს სამი წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დ---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განაჩენით დ---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექაის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ხანგრძლივობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის ჯარიმის მოუხდელი ნაწილი- 1 000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ დ---------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათი.
1.4. დ---------–---–---–ი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 03 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2016 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 19:05 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე მართავდა ,,ბმვ X5’’-ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - WZ-222-VX.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ დ---------–---–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. 2017 წლის 20 იანვარს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება დ---------–---–---–ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენის შეუსრულებლობის ფაქტზე.
3.2. მოწმე თ------–-------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დ---------–---–---–ი მისი მეუღლეა, 2016 წლის 20 დეკემბერს, მასთან და შვილებთან ერთად, ბმვ X5 მარკის ა/მანქანით, საგარეჯოდან ბრუნდებოდა ქ.თბილისში და გაჩერდა გომბორის საგუშაგოს მ/ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ჩასახმელად. საჭესთან იჯდა თვითონ, ხოლო მეუღლე - გვერდით. საწვავის ჩასხმის მომენტში შეუძლოდ გახდა, გულის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და თვალთ დაუბნელდა. უთხრა დ-----ს, რომ ვერ იყო კარგად და საჭესთან გადმოსულიყო. დ----- დაჯდა საჭესთან და სადგურიდან დაახლოებით 100 მეტრის გავლის შემდეგ გაიგონა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ხმა, რომ გაჩერებულიყვნენ. ვინაიდან დ-----ს ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება, პატრულის თანამშრომლებმა იგი დააჯარიმეს და მანქანა ჩამოართვეს. დ-----მ მეგობრებს დაურეკა და მათი მანქანით ისევ საგარეჯოში დაბრუნდნენ და მივიდა ექიმთან, შეიტყო, რომ მაღალი წნევა ჰქონდა. შემდეგ თბილისში, კერძოდ ”ინგოროყვას კლინიკაში” ჩაიტარა გამოკვლევები. მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც მოსვლია, თუმცა არა მანქანის მართვის დროს. ცოტა ადრე ავარიაში მოყვა და თავის ტკივილები და პრობლემები მას შემდეგ აწუხებს. იმ კონკრეტულ მომენტში მას მანქანის მართვა არ შეეძლო. დ-----მ შესთავაზა, სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებო, თუმცა უარი უთხრა, რადგან ბავშვებიც მანქანაში ისხდნენ და სურდა სახლში მალე მისულიყო. მეუღლე ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, დაკავებულია და საქართველოში სასამართლო პროცესზე ამიტომ ვერ გამოცხადდა, მას განზრახ თავი არ აურიდებია.
3.3. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ თ------–-------–---–ის სახელზე გაცემულია მართვის მოწმობა ნომრით AH4488070.
3.4. შპს ”კლინიკის” ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 20 დეკემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, თ------–-------–---–ს აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, კარდიონევროზი. ჩაუტარდა მედიკამენტური მკურნალობა - კაპტოპრილი, ვალოკორდინი, ანალგინი, დიმედროლი, გრანდექსინი.
3.5. მოწმე ზ-------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა/მანქანა ბმვ X5 მისგან შეიძინა თ------–-------–---–მა, თუმცა თანხის სრულად გადაუხდელობის გამო, უკან დაუბრუნა. მანქანა მასზე არ დარეგისტრირებულა.
3.6. მოწმე გ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე, 2016 წლის 20 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას გ-----–-------სთან ერთად. თბილისი ბაკურციხის საავტომობილო გზის 23-ე კმ/ზე, გასწრების მიზნით, ღერძულა ხაზი გადაკვეთა ბმვ X5 მძღოლმა და მიუთითეს მას, რომ გაჩერებულიყო. საჭესთან იჯდა დ---------–---–---–ი, რომლის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მას მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. მანვე განუმარტა, რომ საჭესთან მეუღლის შეუძლოდ გახდომის გამო იჯდა, რაც ასევე აღნიშნა ქალბატონმაც, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შეთავაზებაზე, მან უარი განაცხადა. ვიზუალურადაც არ ეტყობოდა, რომ რამე აწუხებდა. მანქანა გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე და საქმე გადაეცა გამოძიებას. ვიდრე ისინი დოკუმენტებს აწესრიგებდნენ, მათთან მეგობარი ან ნათესავი მივიდა და მანქანით წაიყვანა. იგი თბილისიდან მოვიდა თუ საგარეჯოდან არ იცის, ასევე არ ახსოვს ბავშვები ისხდნენ თუ არა მანქანაში.
3.7. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ-----–-------მ. მანვე დამატებით განმარტა, რომ შეჩერების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში არის დასახლებული პუნქტი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოძახების შემთხვევაში მალევე (10 წუთი) მოვიდოდა, ახსოვს, რომ მანქანაში ბავშვები ისხდნენ.
3.8. საპროცესო მოქმედებების ირგვლივ მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ი-----–------------–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ შედგენილი დოკუმენტების რეალობა, მისივე განმარტებით, თ------–-------–---–ს უნდა დაერეკა 112-ში, დ---------–---–---–ს არ ჰქონდა უფლება დამჯდარიყო საჭესთან.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა დ---------–---–---–ის ბრალეულობაში.
გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად ბრალდებულის ქმედებაში სსკ-ს 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების ფორმალურად არსებობისა, იგი მოქმედებდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი - უკიდურესი აუცილებლობის პირობებში და მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.
საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების (განაჩენის) შეუსრულებლობა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ზიანი ადგება მართლმსაჯულების ინტერესს განაჩენის შესრულების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სავალდებულოობა და აღსრულების უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია კანონიერების პრინციპის დაცვასთან, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან თვითნებობისა და უკანონობის აღმოფხრასთან. განაჩენის შეუსრულებლობა გამოიხატება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისგან/დაკისრებული მოვალეობის შესრულებისგან განზრახ თავის არიდებაში ან მის დარღვევაში და პირი, რომელსაც განაჩენის ან სხვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აკისრია, არანაირ ზომებს არ იღებს ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს, დ---------–---–---–ის მიერ განაჩენის შეუსრულებლობის ჩადენის დროს, სახეზეა თუ არა მითითებული დანაშაულის ყველა ნიშანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. შესაბამისად, ქმედება, რომ დანაშაულად ჩაითვალოს, იგი აკრძალული უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსით, და ქმედება არ უნდა იყოს ჩადენილი მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავი გარემოებების პირობებში.
საქართველოს სსკ-ის 30-ე მუხლის თანახმად: მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.
როგორც განიმარტა, სასამართლოს განაჩენით, დ---------–---–---–ს ჩამორთმეული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება, თუმცა 2016 წლის 20 დეკემბერს, იგი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც საჭეს მართავდა დ---------–---–---–ი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ თ------–-------–---–ი არის დ---------–---–---–ის მეუღლე, მის სახელზე გაცემულია მართვის უფლების მოწმობა, მანვე შეიძინა ა/მანქანა ბმვ X5 ზ-------–----–---–ისაგან და 2016 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოდან თბილისის მიმართულებით, თ------–-------–---–ი მგზავრობდა მეუღლე დ---------–---–---–თან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს, თ------–-------–---–მა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მას დაუდგინდა დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია, კარდიონევროზი. ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერებამდე საჭესთან არ იჯდა თ------–-------–---–ი და მანქანას თავიდანვე მართავდა დ---------–---–---–ი - არ წარმოუდგენია. ის გარემოებები, რომ მანქანა წინა დღით შეიძინა თ------–-------–---–მა და მას აქვს მართვის მოწმობა, ასევე ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ დ---------–---–---–ს ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება, სასამართლოს არწმუნებს, რომ საწვავის ჩასასხმელად გაჩერებამდე, საჭესთან ნამდვილად თ------–-------–---–ი იჯდა, ყოველ შემთხვევაში, სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამის საპირისპირო მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ასევე დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ა/მანქანა X5 შეჩერების მომენტსთვის საჭესთან იჯდა დ---------–---–---–ი, თუმცა მხარეთა შორის ამ ნაწილში სადავოა ქმედების მართლზომიერება. არსებობდა თუ არა უკიდურესი აუცილებლობა, რომ დ---------–---–---–ი დამჯდარიყო საჭესთან წარმოადგენს დანაშაულის მეორე ნიშნის - ქმედების მართლწინააღმდეგობის გარემოების დადგენის აუცილებელ პირობას.
როგორც განიმარტა, სსკ-ს 30-ე მუხლით დადგენილია უკიდურესი აუცილებლობის ცნება და მისი პირობები. უკიდურესი აუცილებლობა ემსახურება ერთი სამართლებრივი სიკეთის დაცვას, სხვა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების ხარჯზე. უკიდურესი აუცილებლობლობის მდგომარეობა ისეთი მდგომარეობაა, როდესაც 1. ზიანი ადგება სხვა ობიექტს, 2. საფრთხე ემუქრება სამართლებრივ სიკეთეს და აუცილებელია მისი დაცვა/გადარჩენა და 3. უკიდურესი აუცილებლობა სამართლებრივი სიკეთის ისეთი დაცვაა, როდესაც ეს ხორციელდება სხვა სიკეთის დაზიანების ხარჯზე, რაც გამართლებული მხოლოდ მაშინაა თუ გადარჩენილი სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაზიანებული.
სხვა, დაზიანებული სიკეთის დადგენისას, მნიშვნელოვანია, რომ ისიც სისხლის სამართლის კოდექსით იყოს დაცული. უკიდურესი აუცილებლობა იმიტომ არის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის კანონით აღწერილი ქმედება, დაზიანებულია სისხლის სამართლის კანონით დაცული სიკეთე და ეს მოხდა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის გადარჩენის მიზნით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი სიკეთე, რომლის გადასარჩენად სხვას აზიანებენ, მატერიალური იყოს და საფრთხის წყაროც შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. სამართლებრივი სიკეთის დაზიანების საფრთხე შეიძლება წარმოშვას შემთხვევითმა გარემოებებმა და დაზიანება უნდა იყოს ერთადერთი საშუალება შესაბამისი სიკეთის გადასარჩენად.
პირველი პირობა, რომ სამართლით დაცულ სიკეთეს საფრთხე უნდა შეექმნას რეალურად, მოცემულ შემთხვევაში გამოიხატება ავტომობილის უსაფრთხო მართვაში. თუკი შეუძლოდ მყოფი თ------–-------–---–ი, გააგრძელებდა საჭის მართვას, საფრთხე შეექმნებოდა როგორც მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ისე შემთხვევის ადგილზე მიმავალ სხვა მგზავრებს.
მეორე პირობა, რომ საფრთხე უნდა იყოს ამწუთიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არა საფრთხის აღმკვეთი მოქმედების დროული განხორციელება, სამართლებრივი სიკეთე გარდაუვლად დაზიანდება, გამოიხატება იმაში, რომ აუცილებელი იყო თ------–-------–---–ის, დ---------–---–---–ისა და მათი არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხო მგზავრობა, თ------–-------–---–ი იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ მის მიერ მანქანის მართვის შემთხვევაში მას და ასევე სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე იმწუთიერად მიადგებოდა.
აქვე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის პოზიციაზე, რომ თ------–-------–---–ს არ აღენიშნებოდა რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, რაც მას ხელს შეუშლიდა მანქანის უსაფრთხო მართვაში და აღნიშნავს, რომ თავად ბრალდების მხარემ წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, თ------–-------–---–ს აღენიშნებოდა არეტრიული ჰიპერტენზია და კარდიონევროზი. ცხადია სადავო არ არის ის გარემოება, რომ წნევის მატება და დავარდნა გართულებების გარეშე ზოგადად არ არის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა, თუმცა უპირობოდ საფრთხის შემცველია ასეთი მდგომარეობა პირისთვის, რომელიც საჭეს მართავს. ჩვეულებრივ სხვა სამუშოს, ან საყოფაცხოვრებო პირობებში შესაძლებელია ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება მის ამგვარ მდგომაროებას არ მიაქციოს და ისე შეასრულოს თავისი მოვალეობა, თუმცა ასეთი მდგომარეობით მანქანის მართვა ერთმნიშვნელოვნად შეიცავს საფრთხეს როგორც მძღოლის, ისე სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობის დასაცავად.
ბრალდების მხარემ ასევე აღნიშნა, რომ თუკი თ------–-------–---–ი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, კვლავ საგარეჯოში რატომ დაბრუნდა და გარკვეულწილად ეჭქვეშ დააყენა საგარეჯოს რაიონში ექიმთან მისვლის აუცილებლობა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს არ განუმარტავთ, რომ დ---------–---–---–ის მეგობარი, რომელიც მასთან დასახმარებლად მივიდა, თბილისიდან ჩავიდა, მოწმეებმა ვერ დააკონკრეტეს მისი მოძრაობის მიმართულება და თუკი დ---------–---–---–ი და თ------–-------–---–ი მოდიოდნენ საგარეჯოდან, ისინი რომ კვლავ იქ დააბრუნა შესაძლებელია საგარეჯოდანვე წამოსულმა მეგობარმა - არანაირ ეჭვს არ იწვევს.
მესამე პირობა, რომ ქმედება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის უკიდურესი საშუალება და გადარჩენილი სიკეთე უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ვიდრე დაზიანებული, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის. ბრალდების მხარე უთითებდა, რომ ბრალდებულს და მის მეუღლეს შეეძლოთ გამოეძახათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ამასთან მათ უარი თქვეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის შეთავაზებაზე სამედიცინო დახმარებისთვის, ხოლო დაცვის მხარე უთითებდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება იყო მათი უფლება და არა ვალდებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველ რიგში აბსოლუტურად უსარგებლო იქნებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შეთავაზება გამოეძახებინათ სამედიცინო დახმარება, ვინაიდან მათ მხრიდან დ---------–---–---–ი უკვე გამოვლენილი იყო ა/მანქანის უკანონოდ მართვაზე და მათ მიერ სამედიცინო სამსახურის გამოძახება არანაირად აღარ შეცვლიდა ვითარებას. სამედიცინო დახმარების გამოძახებას სამართლებრივად მნიშვნელობა აქვს მანამ, სანამ დ---------–---–---–ი დაჯდებოდა საჭესთან და სწორედ აქ უნდა დადგინდეს იყო თუ არა დ---------–---–---–ის მიერ კანონის დარღვევა ერთადერთი საშუალება მანქანის უსაფრთხო მართვის უზრუნველსაყოფად. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ეს ერთადერთი საშუალება იყო, ვინაიდან 2016 წლის 20 დეკემბერი არის ზამთრის თვე, ხოლო 19 საათზე ისევე ბნელა როგორც თუნდაც 23 საათზე. დ---------–---–---–ი და თ------–-------–---–ი მგზავრობდნენ არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად, ადგილი სადაც მათ საწვავი ჩაასხეს და შემდეგ დ---------–---–---–ი დაჯდა საჭესთან, დასახლებული პუნქტიდან, როგორც პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნეს, დაშორებულია დაახლოებით 100 მეტრით. სასამართლო აღნიშნავს, პირობა, რომ გამოყენებული საშუალება უნდა იყოს ერთადერთი, ასევე უნდა იყოს იმწუთიერი, ისევე როგორც შექმნილი ან მოსალოდნელი საფრთხე უნდა იყოს გარდაუვალი და იმწუთიერი. შესაძლო სამართლებრივი სიკეთე, რომლის დაზიანების ხარჯზეც ხდება სხვა სამართლებრივი სიკეთის დაცვა, ერთადერთ საშუალებასთან ერთდ, უნდა იყოს მყისიერი და რეალური. მოცემულ შემთხვევაში თ------–-------–---–ის მხრიდან მანქანის უსაფრთხო მართვა და სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული რეალური, იმწუთიერი და მყისიერი საშუალება იყო სხვა ადამიანის მიერ თ------–-------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი მანქანის უსაფრთხო მართვა და ეს სხვა ადამიანი იმ კონკრეტულ შემთხვევაში იყო დ---------–---–---–ი. სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევაში კი მოვლენები განვითარდებოდა შემდგნაირად: სამედიცინო დახმარება ადგილზე მივიდოდა რამდენიმე ხნის, თუნდაც როგორც ბრალდების მხარის მოწმეებმა აღნიშნეს 10 წუთის განმავლობაში. მისვლიდან თ------–-------–---–ის სამედიცინო შემოწმებას დასჭირდებოდა დამატებითი დრო და საბოლოოდ მიეცემოდა თუ არა თ------–-------–---–ს მანქანის მართვის რეკომენდაცია, ცხადია ამის დადგენა შეუძლებელია. სამედიცინო დახმარების თანამშრომლები კი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ მოწმისათვის შესაბამისი დახმარების გაწევით, არცერთი მათგანი არ უზრუნველყოფდა თ------–-------–---–ის, დ---------–---–---–ისა და მათი შვილების თბილისში ჩაყვანას, ანუ დამატებით საჭირო იყო კიდევ საპატრულო პოლიციის გამოძახება და ამ შემთხვევაშიც, რომ რომელიმე თანამშრომელი წაიყვანდა მათ სახლში მათივე მანქანით უსაფუძვლოა, ასეთ შემთხვევაშიც კი ბრალდებულს, მის მეუღლეს და ბავშვებს მოუწევდათ რამდენიმე საათის განმავლობაში, ზამთრის თვეში, თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე დგომა და ლოდინი ვინ უზრუნველყოფდა მათ გამგზავრებას დანიშნულების ადგილამდე, შესაბამისად ალტერნატიული შესაძლებლობები, რომ ერთის მხრივ თ------–-------–---–ს უზრუნველყო მანქანის უსაფრთხო მართვა და დ---------–---–---–ს არ დაერღვია განაჩენით დაკისრებული ვალდებულება, არ იყო იმწუთიერი და რეალური, რაც სასამართლოს უქმნის საფუძველს, რომ დ---------–---–---–ის ქმედება შეაფასოს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებების პირობებში ჩადენილ ქმედებად.
რაც შეეხება სიკეთეთა თანაფარდობას, ყველა დასახელებული გარემოება, ერთობლიობაში იძლევა იმის საფუძველს, რომ დ---------–---–---–ის მიერ, განაჩენით განსაზღვრული აკრძალვის დარღვევა ნაკლებად მნიშვნელოვანი სიკეთე იყო, ვიდრე დ---------–---–---–ის, თ------–-------–---–ისა და მათი არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხო მგზავრობა, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული როგორც მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო მოსალოდნელი საფრთხე, ისე სხვა პირების, რომლებიც დროის იმ მონაკვეთში და იმ ადგილას მგზავრობდნენ თბილისი ბაკურციხის საავტომობილო გზაზე.
ამდენად, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ---------–---–---–ი მოქმედებდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოების - უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, რისი გათვალისწინებითაც იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
დ---------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ---------–---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. დ---------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. განემარტოს მსჯავრდებულს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, 1 თვის ვადაში.
მოსამართლე მ.მაისურაძე