გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1450-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი 2017 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "ს----------–---------ი"
წარმომადგენელი თეიმურაზ ბიჭოშვილი
მოპასუხე მ------ რ----------ა
თ-- ბ--–-–---–ი
დ----- ე------ე
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგსამატეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ------ რ----------ას, თ-- ბ--–-–---–ის და დ----- ე------ისათვის 23 015.83 ლარის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 12 855.75 ლარი, სარგებელი 6159.97 ლარი, პირგასამტეხლო 4000 ლარი.
(11.12.2017წ სხდომის ოქმი)
სარჩელის საფუძვლები
2014 წლის 27 იანვარს სს „ს----------–--------სა“ და მ------ რ----------ას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს დაუმტკიცდა სესხი 13 487 ლარი, სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა სამი წელი წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით, ყოველი თვის 7 რიცხვში, რაც მოპასუხემ დაარღვია. 2014 წლის 27 იანვარს თ-- ბ--–-–---–სა და დ----- ე------ესა და სს “ს----------–--------ს” შორის დადებულია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს მ------ რ----------ას სესხის ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება. თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 26 974 ლარი.
საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება პირველად დაარღვია 2014 წლის აპრილის თვეში, ვადის გადაცილებით განახორციელა შენატანი, რის გამოც დაერიცხა პირგასამტეხლო, მომდევნო პერიოდში არასტაბილურად იხდიდა სესხს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ-- ბ--–-–---–ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა.
მ------ რ----------ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმა არის გადაიხადოს სესხის ძირათადი თანხა, ხოლო პროცენტი და პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან არაგონივრულად მაღალია. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მსესხებელს არ მიუღია, რადგან სესხის ხელშეკრულება დაიდო მანამდე არსებული სესხის დავალიანების რეფინანსირების მიზნით. იგი რეფინანსირებამდე იხდიდა სესხის თანხას, რის გამო გაუგაბარია ამდენი პროცენტი რატომ ერიცხება. ფაქტობრივად რესტრუქტურიზაციის გზით რაიმე შეღავათი არ მიუღია, პროცენტი ისევ მაღალია.
მოპასუხე დ----- ე------ეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო სესხის გამო გარკვეული თანხა მასაც ჩამოეჭრა ანგარიშიდან. სესხის გაფორმებულია სხვა სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით, რის გამოც ასეთი დიდი ოდენობით პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაუგებარია და გაურკვეველია რა შეღავათი მიიღო მსესხებელმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 27 იანვარს სს „საქრთველოს ბანკსა“ და მ------ რ----------ას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს დაუმტკიცდა სესხი 13 487 ლარი, სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა სამი წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით, ყოველი თვის 7 რიცხვში 474,72 ლარის გადახდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-22. ტომი 1)
3.1.2. 2014 წლის 27 იანვარს თ-- ბ--–-–---–სა და დ----- ე------ესა და სს ს----------–--------ს შორის დადებულია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს მ------ რ----------ას სესხის ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება. თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 26 974 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 25-40)
- მოპასუხის განმარტება (11.12.2017წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.3. 2014 წლის 27 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია სს „ს----------–--------ის“ მიმართ მ------ რ----------ას შეუსრულებელი საკრედიტო ვალდებულებების რეფინანსირების მიზნით, რომელიც წარმოშობილია 2012 წელს მიღებული კრედიტების დაბრუნების ვალდებულების დარღვევის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-22. ტომი 1)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.116-121. ტომი 1)
3.1.2. მოპასუხე მ------ რ----------ამ 2014 წლის 27 იანვრის სესხის ხელშეკრულება არაჯეროვნად შეასრულა. 2014 წლის 31 ოქტობერის შემდეგ კრედიტი ბანკისთვის არ დაუბრუნებია. დავალიანება ბანკის მიმართ არის ძირითადი თანხა 12 855.75 ლარი, სარგებელი 6159,97 ლარი. 2017 წლის 21 აპრილამდე პერიოდისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასმატეხლოა 4000 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლოა 50 768,31 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 41. ტომი 1)
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 23-24. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 4-6. ტომი 1)
- მოპასუხეების განმარტებები (11.12.2017წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 316-ე, 115-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოსარჩელე მოითხოვს 2014 წლის 27 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულებას, ხოლო ეს ხელშეკრულება დადებულია 2012 წელს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს----------–--------ის“ მიმართ არსებული მ------ რ----------ას საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით. ამდენად, ამ ხელშეკრულებით მ------ რ----------ას ბანკიდან თანხა არ მიუღია, სესხის ხელშეკრულებაში მითითებული ძირითადი თანხა 13 187 ლარი არის 2012 წელს წარმოშობილი შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება - ძირითადი თანხის, სარგებლის და კრედიტის გადახდის ვადის დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა.
რეფინანსირება არის მომხმარებლის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იგივე ან სხვა საფინანსო კომპანიიდან მიღებული ახალი სესხით. რეფინანსირება თავისი შინაარსით არის მხარეებს შორის არსებული შეთანხმება, რომლითაც იცვლება სახელშეკრულებო პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.
შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ამ შემთხვევაში მსესხებელი სარჩელს არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ რეფინანსირების შედეგად მისი საკრედიტო დავალიანების დაფარვის პირობები არ გაუმჯობესდა. მოპასუხეები შემოიფარგლნენ მხოლოდ ზოგადი უარყოფით, თუმცა არ მიუთითებიათ კონკრეტულად ხელშეკრულების რომელი პირობაა მათთვის საზიანო. მოპასუხეებს არ მიუთითებიათ, რომ 2012 წლის სესხის დავალიანების მცდარი მონაცემებია მითითებული რეფინანსირების შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში.
მ------ რ----------ას ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, მოპასუხეს 2012 წლის 16 მაისს სს „ს----------–--------იდან“ მიღებული აქვს 5700 ლარი. 2012 წლის 15 ივნისს 4500 ლარი, 2013 წლის 13 მაისს 10 000 ლარი. ამდენად, 2012-2013 წლებში მ------ რ----------ას მიერ სს ს----------–--------იდან სესხად აღებულია 15 700 ლარი, ხოლო სესხის დასაფარად 2012 წლის 16 მაისიდან 2014 წლის 30 იანვრის ჩათვლით გადახდილია 6086 ლარი.
2014 წლის 27 იანვარს დადებული რეფინანსირების ხელშეკრულებით სესხის ძირითადი თანხაა 13 487 ლარი, რაც მოპასუხეს ნაწილობრივ აქვს ანაზღაურებული.მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია და დაადასტურა, რომ 2014 წლის 27 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 12 936.11 ლარი.
რეფინანსირების ხელშეკრულებით კრედიტის თანხაა 13 487 ლარი, ყოველთვიური შენატანი ძირითადი თანხა და პროცენტი ერთობლივად 474.72 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%, ხოლო ეფექტური საპროცენტი განაკვეთი 17.8%. თანხის გადახდა გათვალისწინებულია ყოველთვიურად თვის 7 რიცხვში.
სასამართლო აღნიშნავს, რეფინანსირების შესახებ სესხის ხელშეკრულებით მსესხებელზე ფაქტობრივად სესხის თანხა არ გაიცემა, ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხა არის მანამდე არსებული სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანება - სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დავალიანება. რეფინანსირებით ბანკი საკუთარი სახსრებიდან ახდენს სესხის ხელშეკრულების შესრულებას, ხოლო რეფინანსირებით მხარეებს შორის საკრედიტო ურთიერთობა გრძელდება შეცვლილი პირობებით.
მოპასუხემ პრეტენზია განაცხადა სესხის პროცენტთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად რატომ არა აქვს ბანკს პროცენტის მოთხოვნის უფლება არ განუმარტავს. საკრედიტო ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულების ერთერთი სახეა, ხოლო სხვა სასესხო ურთიერთობისგან იგი იმით განსხვავდება, რომ ყოველთვის სარგებლიანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. რეფინანსირების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მოპასუხისათვის სესხის სარგებლის დავალიანების პატიებას, სესხი ითვალისწინებს სარგებლის დარიცხვას, რის გამოც მოპასუხეს სესხის ძირითად თანხასთან ერთად ეკისრება სესხის პროცენტის დავალიანების გადახდაც.
მოპასუხეს სესხის სარგებლის დაკისრების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არსებითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, რადგან არ მიუთითებია რეფინანსირების შედეგად როგორც უნდა განსაზღვრულიყო მისი დავალიანების ოდენობა ან პროცენტი.
ამ შემთხვევაში სს „ს----------–--------მა“ საკუთარი სახსრებით მოახდინა მ------ რ----------ას სესხის სრულად რეფინანსირება, რის შედეგად მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა 2014 წლის 27 იანვრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ჯეროვნად შესრულებული არ არის. მოპასუხე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევით იხდიდა თანხებს. თანხა უნდა გადაეხადა ყოველი თვის 7 რიცხვში 474,72 ლარის ოდენობთ. მოპასუხე 2014 წლის 8 ოქტომბრამდე ყოველთვიურად იხდიდა თანხას, მაგრამ არასრულად. 2014 წლის 17 ივლისს სოლიდარულ თავდებს მისი ანგარიშიდან ჩემოჭრა 80.25 ლარი. სესხის თანხის დაბრუნების ვალდებულების შესასრულებად სხვა თანხის გადახდა მტკიცებულებებით არ დასტურდება.
ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით სესხის დაბრუნების ვალდებულება, ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც. მოპასუხეების დავალიანებაა სესხის ძირითადი თანხა 12 936.11 ლარი, პროცენტი 6159.97 ლარი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გდახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს, რაც ერთ დღეში შეადგენს 64,68 ლარს. დღეში 0,5%-ის პირგასამტეხლო თვეში 15%-ის შეადგენს, რაც არის თითქმის სესხის წლიური პროცენტის ტოლი საპროცენტო მაჩვენებელი.
მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლო დარიცხულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულის პროცენტით, ხოლო სარჩელით მოთხოვნილია შემცირებული თანხის 4000 ლარის დაკისრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების, ასვე შემცირებული ოდნეობით პირგასმატეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მოვალის ინტერესებში კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ სადაო ხელშეკრულებით მსესხებელს სესხის თანხა არ მიუღია, ხელშეკრულება დადებულია მანამდე არსებული საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით. შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული სესხის ძირითადი თანხა არის მანამდე არსებული სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს ერთობლიობა. ამდენად, მოპასუხის მიერ ბანკისგან მიღებული თანხის გადახდის დაგვიანებისათვის მოვალეს ხელმეორედ ერიცხება პირგასმატეხლო, რისი გათვალისწინებითაც მოპასუხეებისათვის 4000 ლარის დაკისრება არასამართლიანია.
პირგასამტეხლოს ერთერთი ფუნქციაა მოვალეზე ერთგვარი ზეგავლენა, რათა პირგასამტეხლოს დაკისრების მოლოდინის გამო მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად. ამასთან, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო მოვალისათვის სანქციის სახესაც იძენს, ვალდებულების დარღვევის გამო მას ეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობა, ხოლო კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით განცდილი ზიანი პირგასამტეხლოს დარიცხვით მინიმალურად ანაზღაურდება. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ფუნქცია, არ ნიშნავს, რომ მოვალეს უნდა დაეკისროს იმ ოდენობის პირგასამტეხლო, რაც მას მძიმე ტვირთად დააწვება, მას მეტისმეტად მკაცრ პასუხისმგებლობას დააკისრებს და მხოლოდ მისი დასჯისკენ იქნება მიმართული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ არის შესრულებული კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, მას გადახდილი აქვს კრედიტის ნაწილი, ვალდებულება 2 წელზე მეტია შეუსრულებელია, რის გამოც მოპასუხეების მიერ ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას წარმოადგენს 500 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს დ----- ე------ეს და თ-- ბ--–-–---–ს მ------ რ----------ასთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. თ-- ბ--–-–---–თან და დ----- ე------ესთან დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა მ------ რ----------ას საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამ ნორმის საფუძველზე სარჩელი საკრედიტო ვალდებულების შესრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 23 015.83 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 19 596.08 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 84%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 32 ლარი, რადგან მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა.
სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 722.88 ლარის 84% არის 579.99 ლარი, რაც 53-ე მუხლის შესაბამისად უნდა განაწილდეს მხარეებს შორის. დაკისრებული თანხიდან მოპასუხეებმა ცნეს 12 936.11 ლარი, რაც არის დაკმაყოფილებული მოთხოვნის 67%. 579.99 ლარის 67% არის 388.59 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. . ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 388.59 ლარი. საერთო ჯამში მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 421 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს უდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 191.4 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ს----------–--------ის“ სარჩელი;
1.1. მ------ რ----------ას, დ----- ე------ეს და თ-- ბ--–-–---–ს დაეკისროთ სს „ს----------–---------ისათვის“ 19 596,08 ლარის სოლიდარულად გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 3500 ლარის ნაწილში;
2. მ------ რ----------ას, დ----- ე------ეს და თ-- ბ--–-–---–ს დაეკისროთ სს „ს----------–--------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 191,4 ლარის გადახდა;
3. სს ს----------–--------ს დაუბრუნდეს 2017 წლის 27 ივნისს შპს საკრედიტო ბიუროს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 421 ლარი. თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე : ხაზინის ერთიანი ანგარიში. სახაზინო კოდი 300063150. (საგადახადო დავალება N0).;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი