გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3/113-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2017 წელი ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენლები - თ-----------------;
მოპასუხეები - ი/მ ე-----------------, ს----------------;
წარმომადგენელი - ლ------------------
დავის საგანი - ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი/მ ე------------------ და ს----------------- ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
მოსარჩელის განმარტებით, ი/მ ე-----------------მ მიზანმიმართულად წინასწარ გაარიდა ქონება ოჯახის წევრზე, შვილზე ს----------------ზე მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან არიდების მიზნით, რაც ქმნის საფუძველს მათი ცრუმაგიერ პირებად მიჩნევისათვის (იხ.სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2017 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეთა ი/მ ე------------------ და ს----------------- წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სახელდობრ, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ი/მ ე-----------------ს რომ არ აქვს საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების განზრახვა სჩანს მის მიერ ვალდებულების აღიარებაში. მოსარჩელემ ვალდებულების წარმოშობიდან თითქმის სამი წლის შემდეგ მიმართა სასამართლოს ანუ ამ პერიოდში ი.მ ე-----------------ს არ ეკრძალებოდა მისი ქონების განკარგვა. საკუთარი ნივთის თავისუფლად განკარგვის უფლება ი/მ ე-----------------ს კანონით აქვს მინიჭებული. ამდენად, განხორციელებული გასხვისება მართლზომიერია და არ არსებობს მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. (იხ. შესაგებელი, მოპასუხის ახნა-განმარტება, 2017 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2014 წლის 13 იანვარს გამოცემულ იქნა №83- ბრძანება ი/მ ე------------------ (ს/მ 3----------, იურიდიული მისამართი: სამტრედია, სოფ. მ--–------) კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ცატარების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2014 წლის 13 იანვრის №83- ბრძანება (ს.ფ. 37).
3.1.2.შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2014 წლის 02 აპრილს გამოცემულ იქნა №064-13 ბრძანება ი/მ ე------------------ (ს/ნ 3----------, იურიდიული მისამართი: სამტრედია, სოფ. მ--–------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2014 წლის 02 აპრილის №064-13 ბრძანება (ს.ფ.32).
3.1.3. უძრავი ქონების ½ ნაწილი მდებარე ქ. სამტრედია, ბ------------------- (ს/კ 3-.0-.5-.0--) 2014 წლის 22 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ი/მ ე------------------ შვილის ს----------------- (პ/ნ 3----------) საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( ს.ფ. 19);
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 26)
3.1.5. 2014 წლის 20 იანვარს ს----------------- საკუთრებაში დარეგისტრირდა 2014 წლის 20 იანვრის მდგომარეობით ი/მ ე------------------ საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება მარკა- MERCEDES-BENZ E 320, სახელმწიფო ნომრით I-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ინფორმაცია პირებზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ (ს.ფ 49);
3.1.6. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 13 იანვრის №83- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ ე-----------------ს გამოუვლინდა 53836,9 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხვი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რის გამოც 2014 წლის 18 მარტს ი/მ ე------------------ მიმართ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №068577 და № 068578.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №068577 და N068578 ( ს.ფ. 38-39)
3.1.7. 2017 წლის 05 ივლისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ი/მ ე-----------------ს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 113 690.50 ლარის ოდენობით, ხოლო უძრავ-მოძრავი ქონება რომლითაც შეიძლება უზრუნველყოფილი ყოფილიყო საგადასახადო ვალდებულების შესრულება, მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემის დროისათვის (2014 წლის 02 აპრილი) აღარ გააჩნდა და ამდენად, განხორციელებულმა გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2017 წლის №82093-21-05 წერილით ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსს ეთხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად მიემართა სასამართლოსათვის ი/მ ე------------------ და ს----------------- ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2017 წლის 06 ივლისის №82093-21-05 წერილი ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ 17-18).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს---------------- და ი/მ ე----------------- წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ ი/მ ე------------------თვის ქონების განკარგვის დროისათვის ცნობილი იყო საგადასახადო ვალდებულების შესახებ კერძოდ, მისთვის ცნობილი იყო სასაქონლო ინვენტარიზაციის შედეგები, რაც გამოიხატა მასში, რომ მას გამოუვლინდა 53 836,9 ლარის აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, გამოუვლინდა ასევე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით, ინვენტარიზაციის შედეგები სადავოდ არ გაუხდია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, რაც წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ი/მ ე-----------------, როგორც მესაკუთრე, უფლებამოსილია განკარგოს უძრავ-მოძრავი ქონება თავისი შეხედულებისამებრ, მაგრამ ამ ქმედების მიზანი არ უნდა ემსახურებოდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებას. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, იმის დასადასტურებლად, რომ იგი თავს არ არიდებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის და სარწმუნო მტკიცებულებად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
6.3 საქართველოს საგადასახადო კოდქსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სავალდებულო პირობა, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას ქმნის არის საგადასახადო ვალდებულებების არსებობა, რომლის შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით გადასახადის გადამხდელი ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.
6.4 სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი, ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადეასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე ადასტურებს კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
განსახილველ შემთხვევაში, ი/მ ე-----------------ს გააჩნია დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, თუმცა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, ინვენტარიზაციის შედეგების დაფიქსირების (13.01. 2014წ) შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით 2014 წლის 20 და 22 იანვარს მის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ოჯახის წევრს - შვილს ს----------------ს, რათა შეუძლებელი ყოფილიყო გადამხდელის სრულ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება. ი/მ ე------------------ მიერ განხორციელებულ ქმედებათა ჯაჭვი მიზანმიმართულია გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების თავის არიდებისათვის. ცრუმაგიერი პირების დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა და ამ სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც, კრედიტორის უფლებები.
ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. ბ)ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან მოპასუხე ს----------------- და ი/მ ე------------------ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
’სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები- სარჩელზე გადასახადის, მოსაკრეფლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ, სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლრის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, თითოეულს 75 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 5--ე, 243-244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ს---------------- და ი.მ ე----------------- აღიარებული იქნან ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
2. მოპასუხე ს----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 75 ლარის გადახდა.
2.1 მოპასუხე ი.მ ე-----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 75 ლარის გადახდა.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) სამტრედიის რაიონულ სასამართლოს(მდებარე: სამტრედია,ძმები ნინუების ქუჩა №1) მეშვეობით სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ნონა ზარქუა