გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.01.2018
საქმის ნომერი
080310017002132962
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
09.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#3/1210-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 იანვარი , 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე

მოსარჩელე – ე-–-- ფ---–----–---–ი.

წარმომადგენელი - ნ-------------------------------–-------ე.

მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი.

წარმომადგენელი - ბ------ ჩ------–---ი.

მოპასუხე - ს------- კ--–--ე.

წარმომადგენელი – მ---------------------–------------–---–ი.

მოპასუხე - ნიკოლოზ ნათენაძე.

წარმომადგენელი - ბ------ ჩ------–---ი.

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. დადგინდეს მოპასუხეთა მხრიდან ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია პროფესიის ნიშნით.

1.2. დაევალოთ საქართველოს პარლამენტს, ს------- კ--–--ეს და ნიკოლოზ ნათენაძეს ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა და შეწყვიტონ მისი შევიწროვება პროფესიული ნიშნით.

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 22 სექტემბრის №849/1-ე ბრძანება ე-–-- ფ---–----–---–ისათის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი, პროფესიით ჟურნალისტი. აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად მან გაიარა შესაბამისი კონკურსი, გამოცდაზე 100 შესაძლებლობიდან დააგროვა 99 ქულა და დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს მაღალი პასუხისმგებლობითა და ხარისხით. 2017 წლის 27 თებერვალს კომიტეტის თავმჯდომარემ ს------- კ--–--ემ კაბინეტში დაიბარა სამი თანამშრომელი - ე-–-- ფ---–----–---–ი, თ------ მ---------ე (მთავარი სპეციალისტი) და რ----- ც----------ე (წამყვანი სპეციალისტი). შეხვედრას ესწრებოდა აპარატის უფროსი ვ--–---- ტ-------–---–ი და თავმჯდომარის ნდობით აღჭურვილი ორი ახალი თანამშრომელი. ე-–-- ფ---–----–---–ს, თ------ მ---------ეს და რ----- ც----------ეს ს------- კ--–--ემ უთხრა, რომ უნდა დაეწერათ განცხადებები და ნებაყოფლობით დაეტოვებინათ სამსახური, რადგან ისინი განათლებით იურისტები არ იყვნენ. თ------ მ---------ემ და რ----- ც----------ემ აღნიშნულზე თანხმობა განაცხადეს, ხოლო ე-–-- ფ---–----–---–მა ითხოვა პასუხი კითხვაზე რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვდა თავმჯდომარე მათი სამსახურიდან წასვლას. აღნიშნულის შემდგომ ს------- კ--–--ემ მოსარჩელეს განუცხადა, რომ თუ იგი ნებაყოფლობით არ დატოვებდა სამსახურს მოხდებოდა მისი გათავისუფლება დისციპლინური წარმოების საფუძველზე, რადგან მისცემდა ისეთ დავალებებს, რომლებსაც ე-–-- ფ---–----–---–ი, როგორც არა იურისტი ვერ შეასრულებდა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ ს------- კ--–--ე ნიკოლოზ ნათენაძესთან ერთად ახორციელებს ე-–-- ფ---–----–---–ის შევიწროებას პროფესიული ნიშნით. მიზანმიმართულად ახდენს ე-–-- ფ---–----–---–ის ნორმალურ სამუშაო სიტუაციაზე თავდასხმას, დროის მცირე მონაკვეთში შესასრულებლად აძლევს იმგვარ დავალებებს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლოს მისი შესრულება. მიუხედავად შექმნილი მტრული ვითარებისა, ე-–-- ფ---–----–---–ი არასამუშაო საათების ხარჯზე ასრულებს მიცემულ დავალებებს, თუმცა თავმჯდომარე მუდმივად უსაფუძვლოდ, იწუნებს შესრულებული დავალებების ხარისხს.

 

ს------- კ--–--ემ ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება პირველად 2017 წლის 4 მაისს მოითხოვა იმ ფაქტზე, რომ თითქოს ე-–-- ფ---–----–---–მა უარი თქვა მისი დავალების შესრულებაზე. ამავე თარიღში ს. კ--–--ემ დისციპლინური წარმოების დაწყება ასევე მოითხოვა რ. ც----------ის მიმართ. დისციპლინური წარმოების დაწყების შემდეგ ც----------ემ მიიღო დადებით დახასიათება და საკუთარი განცხადებით დატოვა სამსახური. ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ კი დისციპლინური წარმოება გაგრძელდა, თუმცა დარღვევა ვერ დადასტურდა. 2017 წლის 25 ივლისს ს------- კ--–--ემ კიდევ ერთხელ მოითხოვა ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება (მათ შორის იმ ფაქტის შესწავლის მიზნით, რომელიც 2017 წლის 4 მაისის მიმართვისას ერთხელ უკვე იყო შესწავლილი). აღნიშნულის შემდეგ ნიკოლოზ ნათენაძის 2017 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით ე-–-- ფ---–----–---–ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ დისციპლინური წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო ს------- კ--–--ის მიერ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსისათვის 2017 წლის 25 ივლისს გაგზავნილი წერილი. დისციპლინური წარმოების განსახორციელებლად შექმნილმა კომისიამ დაიწყო 2 ფაქტის შესწავლა: დავალების შესრულებაზე უარის თქმა და დავალების არაჯეროვნად შესრულება. პირველ საკითხთან დაკავშირებით კომისია სწავლობდა შემდეგ შემთხვევას: 2017 წლის 18 აპრილს ს------- კ--–--ემ ე-–-- ფ---–----–---–ს მეილით დაავალა მოემზადებინა დასკვნა კანონპროექტთა პაკეტზე. დავალების მიღების შემდგომ ე-–-- ფ---–----–---–მა მეილით მიმართა ს------- კ--–--ეს შეკითხვით, ამ დავალების მხოლოდ მისთვის მიცემა, ხომ არ წარმოადგენდა გაუგებრობას. აღნიშნული ტიპის დამაზუსტებელი მიმართვა არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად და შესაბამისად წარმოება ისე დასრულდა, რომ დისციპლინური გადაცდომა არ დადასტურდა. მიუხედავად აღნიშნულისა ფაქტის გამოვლენიდან დისციპლინური წარმოების დასაწყებად განსაზღვრული ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე ფაქტზე დაწყებული დისციპლინური წარმოებისას კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–-- ფ---–----–---–ის შეკითხვა წარმოადგენდა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობას, რაც ასევე აისახა გასაჩივრებულ ბრძანებაში. რაც შეეხება დავალების არაჯეროვნად შესრულებას კომისია სწავლობდა შემდეგ საკითხებს: ა) ,,ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’; ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტებზე ე. ფ---–----–---–ის მიერ მომზადებული დასკვნები იყო თუ არა ზედაპირული; ბ) მოსარჩელის მიერ ,,მედიის თავისუფლება საერთაშორისო საჯარო სამართალში’’ მომზადებული ანალიზი ნაშრომი შესრულებული იყო თუ არა სათანადო ხარისხით; გ) გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის პრინციპები დაამუშავა თუ არა ე. ფ---–----–---–მა ხარისხიანად. დარღვევა დადგინდა მხოლოდ ,,ა’’ პუნქტთან მიმართებაში, რაც არის უკანონო, ვინაიდან საქართველოს პარლამენტში არ არის დადგენილი კონკრეტული ფორმა, რომლის მიხედვითაც წამყვანი სპეციალისტი ვალდებულია მოამზადოს დასკვნა კანონპროექტზე. შესაბამისად დისციპლინური ზომის გამოყენებას საფუძვლად დაედო მხოლოდ სუბიექტური მოსაზრება.

 

საყვედურის გამოცხადების შემდეგ ს------- კ--–--ე განაგრძობს ე-–-- ფ---–----–---–ის შევიწროებას. 2017 წლის 3 ოქტომბერს ს. კ--–--ემ ე-–-- ფ---–----–---–ს 2 დღეში შესასრულებლად მისცა შემდეგი დავალება: ,,ბავშვთან მიმართებით, როგორ ფუნქციონირებს სოციალური მუშაკის სისტემა გერმანიაში, შვედეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში. შესრულებულ დავალებაში ჩანდეს 1. ყველ ძირითადი კომპონენტის რეზიუმე (სისტემის ფუნქციონირების შეჯამება); 2. ნორმატიული ბაზა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვადსხვა ნორმატიული აქტებიდან (შესაძლებელია მთლიანად აქტი, თუ ის მთლიანად ბავშვის სოციალურ მუშაკს ეხება) ინგლისურ ენაზე. ამ ნორმატიულმა ბაზამ უნდა დამანახოს საკანონმდებლო საფუძვლები დეტალებში სოციალური მუშაკის სისტემის ფუნქციონირებასთან მიმართებით, რომელიც ბავშვს უკავშირდება.’’ მოსარჩელის მითითებით აღნიშნული დავალების შესრულებისათვის განსაზღვრული დრო იყო არასაკმარისი.

მოსარჩელის მითითებით მისი დისკრიმინაციის პროცესში ს------- კ--–--ესთან ერთად ჩართულია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე. 2017 წლის 27 თებერვალს, ს------- კ--–--ესთან შეხვედრის დასრულებიდან დაახლოებით 5-10 წუთში ე-–-- ფ---–----–---–ს შეხვდა ნ. ნათენაძე, რომელიც ცდილობდა მის დარწმუნებას დაეწერა განცხადება და წასულიყო სამსახურიდან, რასაც მოსარჩელე არ დათანხმდა. დისციპლინური წარმოების დაწყების შემდეგ ნიკოლოზ ნათენაძე, 2017 წლის 16 მაისს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ე-–-- ფ---–----–---–ს და კვლავაც განუცხადა საკუთარი სურვილით წასულიყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის აპარატის წამყვანის პოზიციიდან და გადასულიყო იურიდიულ კომიტეტში, რადგან ს------- კ--–--ეს მასთან მუშაობა არ სურდა. ამავე დღეს მოსარჩელემ მოითხოვა კუთვნილი შვებულების გამოყენება, თუმცა ნიკოლოზ ნათენაძემ უსაფუძვლოდ გააჭიანურა შესაბამისი ბრძანების გამოცემა და იგი გამოსცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ე-–-- ფ---–----–---–მა 24 მაისს მიმართა წერილობით განმარტების მისაღებად.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის განმავლობაში მასზედ გაცემული პრემიები კომიტეტში დასაქმებული სხვა პირებისაგან განსხვავებით არის მინიმალური (მარტში - 30%, ივნისში 20%, სექტემბერში - 0%).

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე საქართველოს პარლამენტის და ნიკოლოზ ნათენაძის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარე საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს. კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის აპარატის თანამშრომლისათვის კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით დავალებების მიცემა-დაკისრება, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს დავალება მიმღებს, ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან შესრულებული დავალების ხარისხთან დაკავშირებით უარყოფითი მოსაზრების დაფიქსირება, არ შეიძლება წარმოადგენდეს შევიწროებას პროფესიული ნიშნით. უსაფუძვლოა იმაზე მითითება, რომ დროის მცირე მონაკვეთში, კომიტეტის თავმჯდომარე - ს. კ--–--ე, შესასრულებლად აძლევს ისეთ დავალებებს, რომელთა შესრულებას მოსარჩელე ვერ შეძლებდა. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ დროის სიმცირის გამო დავალების ვერ შესრულების მოტივით კომიტეტის თავმჯდომარისაგან ს------- კ--–--ეს შენიშვნა არ მიუღია და პრეტენზია შეეხებოდა მხოლოდ ხარისხს. დავალების შესრულების შემჭიდროვებული ვადა დამოკიდებულია დავალების შინაარსზე, დღის/კვირის სამუშაო განრიგით გათვალისწინებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის საჭიროებაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე, რაც გამომდინარეობს პარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის დატვირთული მუშაობის სპეციფიკიდან და რასაც თავად წყვეტს კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან დავალების მიცემა კომიტეტის აპარატის ნებისმიერი თანამშრომლისათვის ხდება მათი თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის ფარგლებში, შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მოსარჩელისათვის დავალების მიცემა ხდება როგორც კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტისათვის, რომლის თანამდებობრივი ინსტრუქციაც ითვალისწინებს მსგავსი ტიპის დავალებების მიცემას. შესაბამისად მოსარჩელის მითითება, რომ ხელმძღვანელი პირის მიერ დავალების შემჭიდროვებულ ვადაში შესასრულებლად მიცემა წარმოადგენს დისკრიმინაციას პროფესიული ნიშნით არის უსაფუძვლო.

 

მოპასუხეთა წარმომადგენლის მითითებით მოსარჩელეს კანონის დადგენილი წესით მიეცა შვებულება და აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემის დროს რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მოსარჩელისათვის გამოწერილ პრემიებს, იგი დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან როგორიც არის შვებულებაში ყოფნა, დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შრომის დისციპლინის დაცვა და ა. შ. სწორედ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით ხდება პრემიების გამოწერა უფლებამოსილი პირის მიერ და მოსარჩელისათვის გამოწერილი პრემიების ოდენობა არ ადასტურებს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციის ფაქტს.

 

მოპასუხეთა განმარტებით უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ ს------- კ--–--ის 2017 წლის 4 მაისის წერილის საფუძველზე დაწყებული დისციპლინური წარმოების დროს არ დადასტურდა დარღვევა და იმავე ფაქტზე განმეორებით მოხდა საკითხის შესწავლა. ,,დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 4 აგვისტოს №783/1 ბრძანების შესაბამისად კომისია შეიქმნა 2017 წლის 4 აგვისტოს. შესაბამისად კომისიას არ უმსჯელია ს. კ--–--ის 4 მაისის მიმართვის საფუძველზე ე. ფ---–----–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების საკითხზე და შესაბამისად არ მიუღია რაიმე სახის გადაწყვეტილება. კომისიამ დისციპლინური წარმოება დაიწყო 2017 წლის 25 ივლისის №12430 წერილის საფუძველზე, რაც დაზუსტებული იქნა ს. კ--–--ის 2017 წლის 29 აგვისტოს №13719 წერილით. ამ უკანასკნელი წერილით კონკრეტულად იქნა მითითებული ის დავალებები რომელთა შესრულება მოხდა არაჯეროვნად ან შესრულებაზე უარი იქნა გაცხადებული. ირკვეოდა, რომ ე. ფ---–----–---–მა დავალების შესრულებაზე რამდენჯერმე თქვა უარი იმ მიზეზით, რომ მის ფუნქციებში არ შედიოდა, მაგალითად, კომიტეტში განსახილველად შესულ კანონპროექტებზე დასკვნების პროექტის მომზადება.

 

2.2. მოპასუხე ს------- კ--–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად გავლილი ტესტირება, სადაც მან მიიღო 99 ქულა, სრულად მოიცავდა სხვადასხვა ნორმატიული აქტების და სასამართლო გადაწყვეტილების ცოდნას. შესაბამისად უსაფუძვლოა მითითება, რომ ვინაიდან მოსარჩელე არ არის პროფესიის იურისტი, მისთვის მიცემული დავალებები არ შედის მის კომპეტენციაში და აღნიშნული წარმოადგენს დისკრიმინაციას. მოსარჩელის ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის №1344/1 ბრძანებას, რომლითაც განსაზღვრულია წამყვანი სპეციალისტის თანამდებობრივი მოვალეობები.

 

სინამდვილეს არ შესაბამება მოსარჩელის მითითება, რომ მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა მაღალი პასუხისმგებლობითა და ხარისხით. რიგ შემთხვევებში მოსარჩელე საერთოდ უარს ამბობდა დავალებების შესრულებაზე, ხოლო რიგ შემთხვევებში არაჯეროვნად ასრულებდა მათ. მოპასუხის განმარტებით იგი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა 2016 წლის ნოემბრის თვეში და მას შემდეგ რამდენიმე თვე აკვირდებოდა თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელის, ასევე რ----- ც----------ის და თეიმურაზ მ---------ის მიერ შესრულებული სამუშაო იყო არაკვალიფიციური გადაწყვიტა ეცნობებინა მათთვის და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული შეხვედრა, სადაც ს. კ--–--ემ მათ განუცხადა, რომ უკმაყოფილო იყო შესრულებული სამუშაოთი და მოუწოდა კვალიფიციურად შეესრულებინათ თანამდებობით მათზე დაკისრებული მოვალეობები. გარდა მოსარჩელისა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო კომიტეტის სხვა თანამშრომლების მიმართაც, რომლებიც ასევე ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას ჯეროვნად და რომლებმაც მათთან შეხვედრის შემდეგ შეცდომები გამოასწორეს.

 

მოსარჩელისათვის დავალების შესასრულებლად მიცემული ვადა იყო სხვა თანამშრომლებისათვის მსგავს დავალებაზე მიცემული დროის მსგავსი. კანონპროექ ტზე დასკვნის მოსამზადებლად განსაზღვრული ვადა გამომდინარეობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 152-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან. კომიტეტის აპარატში დასაქმებულ პირებთან შედარებით მოსარჩელეს წარმოებაში ჰქონდა გაცილებით ნაკლები საქმე, ხოლო მსგავსი დავალების შესრულებისათვის კი იღებდა მსგავს დროს. მას შემდეგ რაც მოსარჩელემ უარი თქვა მოემზადებინა დასკვნა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’; ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტებზე, ასევე ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ კანონის პროექტსა და მის თანამდევ კანონპროექტებზე, კომიტეტის სხვა თანამშრომლებმა კვალიფიციური დასკვნა მოამზადეს გაცილებით ნაკლებ დროში ვიდრე ეს განსაზღვრული იყო მოსარჩელისათვის.

 

მოპასუხის მითითებით ე-–-- ფ---–----–---–ი კვარტლების მიხედვით იღებდა პრემიის იმ ოდენობას, რომელიც შეესაბამებოდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, კერძოდ, პირველ ორ კვარტალში პრემია მიიღო წახალისების მიზნით, მაგრამ მას შემდეგ რაც 2017 წლის 22 სექტემბერს გამოეცხადა საყვედური, მოპასუხემ პრემიის გაცემა არაგონივრულად მიიჩნია.

 

შესაბამისად მოსარჩელის მითითება, რომ ს------- კ--–--ე ახდენდა დისკრიმინაციას პროფესიული ნიშნით არის უსაფუძვლო, მითუმეტეს, რომ თანამშრომლისათვის დავალების მიცემა არ წარმოადგენს დასაქმებულის დისკრიმინაციას.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ მასსა და პარლამენტის აპარატის უფროსს შორის არ არსებობს არავითარი შეთანხმება, რომლის მიზანი იქნებოდა ე-–-- ფ---–----–---–ის დისკრიმინაცია. შესაბამისად გაუგებარია და უცნობია მოპასუხისათვის რა საუბარი ჰქონდა აპარატის უფროსს ე-–-- ფ---–----–---–თან.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 4 მაისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ს------- კ--–--ემ №7211 წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს ნიკოლოზ ნათენაძეს და მოითხოვა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტის ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იმ საფუძვლით, რომ ე-–-- ფ---–----–---–ი ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს ჯეროვნად (სისტემატიურად), ადგილი ჰქონდა დავალების შესრულებაზე უარის თქმასაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის №7211 წერილი (ს.ფ. 72)

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივლისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ს------- კ--–--ემ №12430 წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს ნიკოლოზ ნათენაძეს და მოითხოვა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტის ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იმ საფუძვლით, რომ ე-–-- ფ---–----–---–ი ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს ჯეროვნად (სისტემატიურად), ადგილი ჰქონდა დავალების შესრულებაზე უარის თქმასაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის №12430 წერილი (ს.ფ. 78).

 

3.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 4 აგვისტოს №783/1 ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის აპარატში დისციპლინური წარმოების განსახორციელებლად შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 4 აგვისტოს №783/1 ბრძანება (ს.ფ. 114).

 

3.1.4. საქართველოს პარლამენტის აპარატში დისციპლინური წარმოებების განსახორციელებლად შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ დაიწყო დისციპლინური წარმოება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ს------- კ--–--ის 2017 წლის 25 ივლისის №12430 განცხადების საფუძველზე ამავე კომიტეტის წამყვანი სპეციალისტის ე-–-- ფ---–----–---–ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის საკითხის შესასწავლად.

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ს------- კ--–--ის 2017 წლის 25 ივლისის №12430 განცხადებაში მითითებული ფაქტების დასაზუსტებლად კომისიამ 2017 წლის 25 აგვისტოს №13657 წერილით მიმართა ს. კ--–--ეს - წარმოედგინა დამატებით მტკიცებულებები ე. ფ---–----–---–ის მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა სისტემატურად ჯეროვნად შეუსრულებლობისა და კონკრეტული დავალებების შესრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

 

2017 წლის 29 აგვისტოს ს. კ--–--ემ კომისიას მიმართა №13719 წერილით, სადაც მიუთითა, რომ ე. ფ---–----–---–ი არაჯეროვნად ასრულებდა მისთვის მიცემულ როგორც ზეპირ, ისე წერილობით დავალებებს და კონკრეტულად მიუთითა ამ დავალებათა შესახებ, ხოლო სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითა 2017 წლის 18 აპრილს ე-–-- ფ---–----–---–ის მიერ ს------- კ--–--ისათვის ელფოსტით გაგზავნილ წერილზე, რომელშიც აღნიშნული იყო შემდეგი: ,,რაც შეეხება დავალებას, რომელიც აპარატის უფროსმა თქვენი დავალებით გადმომცა იმედს ვიტოვებ, რომ მექანიკური გაუგებრობაა. აქ საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე (რომელიც თავის მხრივ ცხრა კანონში იწვევს ცვლილებას) და ფიზიკურად წარმოუდგენელია მისი ჯეროვნად მომზადება შევძლო იმის გათვალისწინებით, რომ განათლებით იურისტი არ ვარ და იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიული განათლების შემთხვევაშიც კი, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მთავარი სპეციალისტები მუშაობენ და არა წამყვანი სპეციალისტები’’. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ე-–-- ფ---–----–---–მა კომისიისათვის მიცემულ ახსნა განმარტებაში აღნიშნა, რომ დავალების შესრულებაზე ცალსახად უარი არ უთქვამს. მას ვერ წარმოედგინა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ შეიძლება ასეთი არამართლზომიერი დავალება მისცეს და ასეთი საპასუხისმგებლო დასკვნის მომზადება დაავალოს ერთ კონკრეტულ წამყვან სპეციალისტს (მთავარი სპეციალისტის ჩართულობის გარეშე), ვადად ერთი დღე განუსაზღვროს და ისც კი არ გაითვალისწინოს, რომ აპარატში ყველა იურიდიული განათლების სპეციალისტი ჰყავს, თავად ე-–-- ფ---–----–---–ის გარდა.

 

კომისიამ მიიჩნია, რომ ე. ფ---–----–---–ის მიერ დავალების შესრულებაზე უარის განცხადება იმ მოტივით, რომ კომიტეტში განსახილველად შესულ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადება მისი ფუნქცია არ იყო, არის საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის №1344/1 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობრივი ინსტრუქციით’’ მისთვის დაკისრებული თანამდებობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა. აღნიშნული კი წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას - სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა. კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დისციპლინური გადაცდომისათვის ე. ფ---–----–---–ს უნდა განესაზღვროს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.

 

ე. ფ---–----–---–ის მიერ დავალებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტთან დაკავშირებით კომისიამ შეისწავლა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტებზე მომზადებული დასკვნა და დაადგინა, რომ: დასკვნის ძირითადი ნაწილი შინაარსობრივად ემთხვევა შესაბამისი კანონპროექტის განმარტებითი ბარათების შინაარს. ე. ფ---–----–---–ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში სამივე კანონპროექტის განმარტებითი ბარათები თითქმის მთლიანადაა გადმოტანილი, შეცვლილია მხოლოდ საკითხების თანმიმდევრობა. აღნიშნული დოკუმენტი ფაქტობრივად კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათების შემოკლებული ვარიანტია. დოკუმენტს არ აქვს დასკვნის სახე, ვინაიდან იგი არ შეიცავს კანონპროექტების სამართლებრივ შეფასებას, სამართლებრივ ანალიზს. არ იკვეთება პოზიცია კანონპროექტებით შემოთავაზებული ცვლილების ფარგლებში კონკრეტული მუხლებისა და პუნქტების მიმართ - რამდენად მისაღებია ისინი, ხომ არ ეწინააღმდეგება რომელიმე ნორმატიულ აქტს, რამდენად გამართულია სამართლებრივად, კანონპროექტებით გათვალისწინებული რომელიმე ნორმა ხომ არ საჭიროებს სამართლებრივი ტექნიკის, ტერმინოლოგიური ან თუნდაც რედაქციული თვალსაზრისით დახვეწას. ე. ფ---–----–---–ის მიერ მომზადებულ დასკვნაში ასახული არ არის კონკრეტული წინადადებები და შენიშვნები კანონპროექტების სრულყოფისა და დახვეწის მიზნით. დოკუმენტი არის არა სამართლებრივი, არამედ უფრო ინფორმაციული ხასიათის და ძირითადად იმ მონაცემებს შეიცავს, რომლებიც მითითებულია შესაბამის კანონპროექტზე თანდართული განმარტებით ბარათებში. ე. ფ---–----–---–ის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული არ არის არცერთი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით. ის შეიცავს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას კანონპროექტის მიზნის, არსის და ფინანსური დასაბუთების შესახებ, ზოგ შემთხვევაში კი - ინფორმაციას კანონპროექტების საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან მიმართების შესახებ, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონპროექტებზე თანდართული განმარტებითი ბარათების შინაარსია.

 

კომისიამ მიიჩნია, რომ იკვეთება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, სამსახურებრივ მოვალეობათა გაუფრთხილებლობით (ჯეროვანი) შეუსრულებლობა. კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დისციპლინური გადაცდომისათვის ე. ფ---–----–---–ს უნდა განესაზღვროს იმავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.

 

კომისიამ დადასტურებულად მიიჩნია ე-–-- ფ---–----–---–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი და დაასკვნა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტს ე-–-- ფ---–----–---–ს უნდა განესაზღვროს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პარლამენტის აპარატში დისციპლინური წარმოებების განსახორციელებლად შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2017 წლის 20 სექტემბრის დასკვნა (ს.ფ. 27-35).

 

3.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ნიკოლოზ ნათენაძის მიერ 2017 წლის 22 სექტემბრის №849/1 ბრძანებით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტს ე-–-- ფ---–----–---–ს სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო კომისიის 2017 წლის 20 სექტემბრის №15163 დასკვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ნიკოლოზ ნათენაძის 2017 წლის 22 სექტემბრის №849/1 ბრძანება (ს.ფ. 24-26).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეთა მხრიდან მის მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას პროფესიული ნიშნით. ასევე მიაჩნია, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს. აღნიშულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ;

- საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.

 

იგივე პრინციპი გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

 

განსახილველ შემთხვევაში ე-–-- ფ---–----–---–ი მოითხოვს დადგინდეს მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია პროფესიის ნიშნით და დაევალოთ საქართველოს პარლამენტს, ს------- კ--–--ეს და ნიკოლოზ ნათენაძეს ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა და შეწყვიტონ მისი შევიწროვება პროფესიული ნიშნით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა.

 

ამავე კოდექსის 3633-ე მუხლის თანახმად სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე. დაუშვებელია სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

 

დადგენილია, რომ ე-–-- ფ---–----–---–ის არის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი.

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის №1344/1 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად წამყვანი სპეციალისტი: ა) ხელს უწყობს კომიტეტს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში; ბ) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში; გ) ამზადებს კომიტეტში განსახილველად შესულ კანონპროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე დასკვნების პროექტებს; დ) კომიტეტის აპარატის სახელით პასუხს აგებს კომიტეტის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველად გატანილ კანონპროექტებზე, აღნუსხავს პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს; ე) ხელს უწყობს კომიტეტს საკონტროლო ფუნქციების შესრულებაში; ვ) მონაწილეობს კომიტეტის მიერ მოქალაქეთა წერილების, საჩივრებისა და განცხადებების შესწავლასა და განხილვაში; ზ) ასრულების კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებებს; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით, კომიტეტის დებულებითა და კომიტეტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

ამავე ინსტრუქციის თანახმად წამყვანი სპეციალისტი თანამდებობრივად ექვემდებარება კომიტეტის თავმჯდომარეს, კომიტეტის აპარატის უფროსს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე. წამყვანი სპეციალისტი შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობით ანგარიშს წარადგენს ყოველკვარტლურად.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 31 დეკემბრის №246/3 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წამყვანი სპეციალისტი: ა) ახორციელებს კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ბ) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში; გ) უზრუნველყოფს კანონპროექტების დახვეწას იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით; დ) ამზადებს დასკვნების პროექტებს კომიტეტში განსახილველად შესულ კანონპროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე; ე) ხელს უწყობს კომიტეტის მიერ საკონტროლო ფუნქციების განხორციელებას; ვ) კომიტეტის აპარატის სახელით პასუხს აგებს კომიტეტის მიერ პარლამენტის სხდომებზე განსახილველად გატანილ კანონპროექტებზე, აღნუსხავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს; ზ) მონაწილეობს მოქალაქეთა წერილების, საჩივრებისა და განცხადებების შესწავლასა და განხილვაში; თ) პასუხს აგებს კომიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და თანამდებობრივ მოვალეობათა სრული მოცულობით, კვალიფიციურად შესრულებისათვის; ი) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის აპარატის უფროსის სხვა დავალებებს.

 

ზემოაღნიშნული ბრძანებების გათვალისწინებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ყველა ის დავალება, რაც ე-–-- ფ---–----–---–ს, როგორც კომიტეტის წამყვან სპეციალისტ მიღებული აქვს კომიტეტის თავმჯდომარის ს------- კ--–--ისაგან, სრულად შეესაბამება წამყვანი სპეციალისტისათვის ბრძანებით განსაზღვრულ ვალდებულებს. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ მას შესასრულებლად გადასცა დავალება, რომელიც არ შედიოდა მის ფუნქციებში და სცდებოდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის №1344/1 ბრძანებით და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 31 დეკემბრის №246/3 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობრივი ინსტრუქციის პირობებს.

 

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე 2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირებისათვის (სადაც მონაწილეობას იღებდა ე-–-- ფ---–----–---–ი) განსაზღვრული საკონკურსო თემატიკა, რომელიც სრულად შედგება სხვადასხვა საკანონმდებლო და სასამართლო აქტებისაგან (ს.ფ. 156), კერძოდ: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) 1948 წლის ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია’’; გ) რომის 1950 წლის ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია’’ და მისი ოქმები - გ.ა.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმები; გ.ბ.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-4 ოქმი (იმ უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფის შესახებ, რომლებსაც არ მოიცავს კონვენცია და მისი პირველი დამატებითი ოქმი; გ.გ.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 ოქმი (სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ); გ.დ.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 ოქმი; გ.ე.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-12 ოქმი; გ.ვ.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 ოქმი (ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ; დ) სტრასბურგის 1995 წლის ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენცია; ე) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი; ვ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია; ზ) საქართველოს ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ; თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; კ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; ლ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; მ) პატიმრობის კოდექსი; ნ) საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; ო) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი; პ) საქართველოს კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ; ჟ) საქართველოს კანონი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ; რ) საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ; ს) საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ; ტ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო 10 წლის ძირითადი პრეცედენტული გადაწვეტილებები; უ) საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება; ფ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულება; ქ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის დებულება; ღ) საქართველოს პარლამენტის საქმის წარმოების ინსტრუქცია;

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების, ასევე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის №1344/1 ბრძანებით და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 31 დეკემბრის №246/3 ბრძანებით საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტისათვის განსაზღვრული ვალდებულების გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ვინაიდან იგი პროფესიით არ არის იურისტი, კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისთვის მიცემული დავალებების თემატურობა, რაც დაკავშირებული იყო საკანონმდებლო აქტების კანონპროექტებზე დასკვნების მომზადებასთან, წარმოადგენს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციის ფაქტს.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 152-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 14 დღისა საქართველოს მთავრობა, პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

 

საქმეში წარმოდგენილია ე-–-- ფ---–----–---–ისათვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მიცემული დავალებები (ს.ფ. 43, 52, 58, 63, 75), რომელთა შესრულების დრო ანალოგიურია ამავე კომიტეტის სხვა წამყვანი სპეციალისტებისათვის (ს.ფ. 204-205, 206-207) მიცემულ დავალებათა შესასრულებლად განსაზღვრული დროისათვის. ასევე არ აღემატება რაოდენობის მხრივ ე-–-- ფ---–----–---–ის მიერ შესრულებული დავალებები კომიტეტის სხვა თანამშრომელთა მიერ, მათ შორის წამყვანი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოთა მოცულობას, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოთა შესახებ (ს.ფ. 219-220, 208, 209-210, 211-214, 215-217, 221-223, 224-226, 227, 228, 229-230, 231-233, 234-235, 236-237). აღნიშნულით გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერც იმ თვალსაზრისით შეძლო დაედასტურებინა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისთვის მიცემული დავალებები შესრულების დროისა და მოცულობის მიხედვით განსხვავდება ამავე კომიტეტის სხვა თანამშრომლების, მათ შორის წამყვანი სპეციალისტების შესრულებული სამუშაოსაგან.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 31 დეკემბრის №246/3 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომიტეტის აპარატის უფროსი: ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ახორციელებს კომიტეტის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას, კომიტეტის აპარატის მოხელეებს უნაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხს აგებს კომიტეტის აპარატის მიერ ძირითადი ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის; ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებულ გადაწყვეტილებათა და სხდომების ოქმების დადგენილი წესით გაფორმებას; გ) კოორდინაციას უწევს კომიტეტის აპარატისა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობებს; დ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მოხელეთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, ამზადებს წინადადებებს მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით, კომიტეტის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის №1344/1 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად წამყვანი სპეციალისტი თანამდებობრივად ექვემდებარება კომიტეტის თავმჯდომარეს, კომიტეტის აპარატის უფროსს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე. წამყვანი სპეციალისტი შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობით ანგარიშს წარადგენს ყოველკვარტლურად.

 

მოპასუხე ელისო კ--–--ე განმარტავს, რომ ე-–-- ფ---–----–---–ი მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა არაჯეროვნად, რიგ შემთხვევებში კი საერთოდ უარს ამბობდა დავალების შესრულებაზე. აღნიშნულის დამადასტურებლად მოპასუხე უთითებს მის მიერ მოსარჩელისათვის მიცემულ კონკრეტულ დავალებებზე (საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის ანალიზის შესახებ, პრესრელიზის მომზადება ს------- კ--–--ისა და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, ქრისტიან ურსეს შეხვედრის შესახებ და ა. შ) და მათზე ე-–-- ფ---–----–---–ის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში დაშვებულ შეცდომებზე. კომიტეტის ხელმძღვანელი პირი, რომ არ იყო კმაყოფილი მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით აღნიშნულს ადასტურებს თავად მოსარჩელეც, მაგრამ ვერ უთითებს ისეთ ფაქტებზე, რაც დაადასტურებდა, რომ ხელმძღვანელი პირის მიერ გამოთქმული იყო პრეტენზიები სრულყოფილად შესრულებული დავალების მიუხედავად.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიმართ წარმოებული დისციპლინური სამართალწარმოება და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ს------- კ--–--ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მიმდინარეობდა არა მხოლოდ ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ არამედ ამავე კომიტეტის სხვა წამყვანი სპეციალისტების მიმართაც, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო გამოეცხადათ შენიშვნა (ს.ფ. 177-178).

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი) 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.

 

ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის მოქმედი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად - მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წესდება მოხელის წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფულად ჯილდოს შინაარსს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული მატერიალური წახალისების საშუალება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე უკმაყოფილო იყო მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით. შესაბამისად ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2017 წლის განმავლობაში მიიღო კომიტეტში დასაქმებული სხვა პირებისაგან განსხვავებული ოდენობის პრემიები (მარტში - 30%, ივნისში 20%, სექტემბერში - 0%), არ შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციის ფაქტად.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი) 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოხელისათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მოხელეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით მოხელეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოხელეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიეცემა.

 

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 24 მაისს №460/4 ბრძანება (ს.ფ. 84), რომლითაც დაკმაყოფილდა ე-–-- ფ---–----–---–ის 16 მაისის განცხადება და მოსარჩელეს მიეცა 2017 წლის ანაზღაურებადი შვებულება 16 კალენდარული დღის ოდენობით 2017 წლის 1 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით. ასევე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 23 აგვისტოს №1472/4 ბრძანება (ს.ფ. 115) რომლითაც დაკმაყოფილდა ე-–-- ფ---–----–---–ის 22 აგვისტოს №13529 განცხადება (ს.ფ. 116) და მოსარჩელეს მიეცა 2017 წლის ანაზღაურებადი შვებულება 5 სამუშაო დღის ოდენობით 2017 წლის 25 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით.

 

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 8 სექტემბრის №1627/4 ბრძანება (ს.ფ. 117) რომლითაც დაკმაყოფილდა ე-–-- ფ---–----–---–ის 22 აგვისტოს №13530 განცხადება (ს.ფ. 118) და მოსარჩელეს მიეცა 2017 წლის ანაზღაურებადი შვებულება 7 სამუშაო დღის ოდენობით 2017 წლის 11 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.

 

ზემოდასახელებული ბრძანებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ე-–-- ფ---–----–---–ის ყველა განცხადება კუთვნილი შვებულების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილებულია კანონის შესაბამისად და აპარატის უფროსის მიერ მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვას ან/და სხვა თანამშრომლებისაგან განსახვავებულ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ 2017 წლის 16 მაისის განცხადებაზე ბრძანების გამოცემა 24 მაისს წარმოადგენს დისკრიმინაციას. ამასთან საყურადღებოა, რომ ე-–-- ფ---–----–---–ის შვებულება 16 კალენდარული დღის ოდენობით მიეცა მისი განცხადების შესაბამისად 2017 წლის 1 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით (ს.ფ. 120).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა მირანდა ცხადაძემ და კობა გრიალაშვილმა განმარტეს, რომ ისინი ესწრებოდნენ 2017 წლის 27 თებერვალს გამართულ თათბირს, სადაც კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე პირებს და მათ შორის ე-–-- ფ---–----–---–ს მიუთითა, რომ უკმაყოფილო იყო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით, თუმცა მათთვის სამსახურის დატოვება არ მოუთხოვია.

 

ადამიანის უფლება - იყოს დაცული დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან, განმტკიცებულია არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში, რომელთა შორის აღსანიშნავია ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია’’

 

კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფორმულირების მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად საჭიროა, სახეზე იყოს ,,განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ ან შედარებით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ’’, რაც ამოცნობად მახასიათებლებს ეფუძნება. პირდაპირი დისკრიმინაციის დროს კუმულაციურად უნდა არსებობდეს შემდეგი: არასახარბიელო მოპყრობა, შედარებითობის ფაქტორი და პიროვნების იდენტიფიკატორი. პირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება მრავალი ქმედებით გამოიხატოს, რომელიც გაიგივებული იქნება არასახარბიელო მოპყრობასთან.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის’’ მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან მიმართებით ადგენს: ,,შესაძლოა, რომ განსხვავებული მოპყრობა იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობდეს, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე.’’ არაპირდაპირი დისკრიმინაციის ელემენტებია: ნეიტრალური წესი, კრიტერიუმი ან პრაქტიკა; მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა დაცულ ჯგუფებზე.

 

არაპირდაპირი დისკრიმინაციის მეორე ნიშანია, რომ ნეიტრალურ დებულებას, კრიტერიუმს თუ პრაქტიკას უნდა ჰქონდეს გარკვეულ ჯგუფზე კონკრეტული უარყოფითი ეფექტი. სწორედ ამით განსხვავდება არაპირდაპირი დისკრიმინაცია პირდაპირისაგან, ანუ თუ პირველ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება თავად დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, არაპირდაპირი დისკრიმინაციის დროს ნიშანდობლივია უთანასწოროთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უარყოფითი ეფექტი. ამასთან, ასეთი ეფექტის შეფასებისას, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ისე მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო იკვლევს, „დაცული ჯგუფის“ რამდენად დიდ ნაწილზე იმოქმედა ნეგატიურად კონკრეტულმა დებულებამ, კრიტერიუმმა თუ პრაქტიკამ.

 

ადამიანის უფლებათა სფეროში უნივერსალურ დონეზე მიღებული აქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პაქტი ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ’’. პაქტის მე-2 და 26-ე მუხლები კრძალავენ დისკრიმინაციას. მე-2 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებები: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო. პაქტის 26-ე მუხლის მიხედვით: ,,თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციისაგან.

 

ევროპის სასამართლოს განმარტებების თანახმად იმისათვის, რომ საკითხი მოექცეს კონვენციის მე-14 მუხლის რეგულირების ქვეშ, აუცილებელია, განსხვავებული მოპყრობა არსებობდეს ანალოგიური ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია თუ მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ე.ი. არ ისახავს კანონიერ მიზანს და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (ევეიდა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). დისკრიმინაციის საფუძველი არის პიროვნების ისეთი მახასიათებელი, რომლის ნიადაგზეც ხდება განსხვავებული მოპყრობა ამა თუ იმ უფლების განხორციელებისას. ევროპული ანტიდისკრიმინაციული დირექტივები ითვალისწინებს დისკრიმინაციის საფუძვლების ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს, როგორიცაა სქესი (სქესობრივი თანასწორობის დირექტივა), სექსუალური ორიენტაცია, უნარშეზღუდულობა, ასაკი, რელიგია ან რწმენა (დასაქმების სფეროში თანასწორობის დირექტივა), რასობრივი და ეთნიკური წარმოშობა (რასობრივი თანასწორობის დირექტივა).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ემყარება იდენტიფიცირებად მახასიათებელს ან სტატუსს, კონვენციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის დისკრიმინაციად განიხილება, გარადა ამისა, იმისათვის, რომ კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად დისკრიმინაცია არსებობდეს, სახეზე უნდა იყოს ერთნაირ ან მსგავსს ვითარებაში მყოფი პირების მიმართ. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამამართლებელი საფუძველი, ანუ, თუ არ ემსახურება კანონიერ მიზანს, ან არ არის პროპორციული მისაღწევ მიზანთან მიმართებით. დისკრიმინაციის ცნება, შეიძლება, ისეთ შემთხვევასაც მოიცავდეს, როცა, ობიექტური გამართლების გარეშე, პირი ან პირთა ჯგუფი არ ექვემდებარება უპირატესს მოპყრობას, ვიდრე სხვა პირები, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობის მინიჭების მოთხოვნა კონვენციიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - დადგინდეს მოპასუხეთა მხრიდან ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია პროფესიის ნიშნით და დაევალოთ საქართველოს პარლამენტს, ს------- კ--–--ეს და ნიკოლოზ ნათენაძეს ე-–-- ფ---–----–---–ის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა და მისი შევიწროვება პროფესიული ნიშნით, არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილის პირის მიერ დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 22 სექტემბრის №849/1-ე ბრძანება ე-–-- ფ---–----–---–ისათის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა შესაბამისი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.4. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი უფლებამოსილია შექმნას დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია: ა) თუ საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული და ამ საჯარო დაწესებულებას არ ჰყავს ზემდგომი ორგანო; ბ) საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

 

დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 4 აგვისტოს №783/1 ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის აპარატში დისციპლინური წარმოების განსახორციელებლად შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა.

 

დადგენილია, რომ დისციპლინური წარმოების განსახორციელებლად შექმნილმა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 4 აგვისტოს №784/1 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის ე-–-- ფ---–----–---–ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის საკითხის შესასწავლად დაიწყო დისციპლინური წარმოება, ამავე კომიტეტის ს------- კ--–--ის 2017 წლის 25 ივლისის №12430 განცხადების საფუძველზე.

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ს------- კ--–--ის 2017 წლის 25 ივლისის №12430 განცხადებაში მითითებული ფაქტების დასაზუსტებლად კომისიამ 2017 წლის 25 აგვისტოს №13657 წერილით მიმართა ს. კ--–--ეს - წარმოედგინა დამატებით მტკიცებულებები ე. ფ---–----–---–ის მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა სისტემატურად ჯეროვნად შეუსრულებლობისა და კონკრეტული დავალებების შესრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

 

2017 წლის 29 აგვისტოს ს. კ--–--ემ კომისიას მიმართა №13719 წერილით, სადაც მიუთითა, რომ ე. ფ---–----–---–ი არაჯეროვნად ასრულებდა მისთვის მიცემულ როგორც ზეპირ, ისე წერილობით დავალებებს და კონკრეტულად მიუთითა ამ დავალებათა შესახებ, ხოლო სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითა 2017 წლის 18 აპრილს ე-–-- ფ---–----–---–ის მიერ ს------- კ--–--ისათვის ელფოსტით გაგზავნილ წერილზე, რომელშიც აღნიშნული იყო შემდეგი: ,,რაც შეეხება დავალებას, რომელიც აპარატის უფროსმა თქვენი დავალებით გადმომცა იმედს ვიტოვებ, რომ მექანიკური გაუგებრობაა. აქ საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე (რომელიც თავის მხრივ ცხრა კანონში იწვევს ცვლილებას) და ფიზიკურად წარმოუდგენელია მისი ჯეროვნად მომზადება შევძლო იმის გათვალისწინებით, რომ განათლებით იურისტი არ ვარ და იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიული განათლების შემთხვევაშიც კი, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მთავარი სპეციალისტები მუშაობენ და არა წამყვანი სპეციალისტები’’. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ე-–-- ფ---–----–---–მა კომისიისათვის მიცემულ ახსნა განმარტებაში აღნიშნა, რომ დავალების შესრულებაზე ცალსახად უარი არ უთქვამს. მას ვერ წარმოედგინა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ შეიძლება ასეთი არამართლზომიერი დავალება მისცეს და ასეთი საპასუხისმგებლო დასკვნის მომზადება დაავალოს ერთ კონკრეტულ წამყვან სპეციალისტს (მთავარი სპეციალისტის ჩართულობის გარეშე), ვადად ერთი დღე განუსაზღვროს და ისც კი არ გაითვალისწინოს, რომ აპარატში ყველა იურიდიული განათლების სპეციალისტი ჰყავს, თავად ე-–-- ფ---–----–---–ის გარდა.

 

კომისიამ მიიჩნია, რომ ე. ფ---–----–---–ის მიერ დავალების შესრულებაზე უარის განცხადება იმ მოტივით, რომ კომიტეტში განსახილველად შესულ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადება მისი ფუნქცია არ იყო, არის საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის №1344/1 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობრივი ინსტრუქციით’’ მისთვის დაკისრებული თანამდებობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა. აღნიშნული კი წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას - სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა. კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დისციპლინური გადაცდომისათვის ე. ფ---–----–---–ს უნდა განესაზღვროს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.

 

ე. ფ---–----–---–ის მიერ დავალებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტთან დაკავშირებით კომისიამ შეისწავლა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტებზე მომზადებული დასკვნა და დაადგინა, რომ: დასკვნის ძირითადი ნაწილი შინაარსობრივად ემთხვევა შესაბამისი კანონპროექტის განმარტებითი ბარათების შინაარს. ე. ფ---–----–---–ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში სამივე კანონპროექტის განმარტებითი ბარათები თითქმის მთლიანადაა გადმოტანილი, შეცვლილია მხოლოდ საკითხების თანმიმდევრობა. აღნიშნული დოკუმენტი ფაქტობრივად კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათების შემოკლებული ვარიანტია. დოკუმენტს არ აქვს დასკვნის სახე, ვინაიდან იგი არ შეიცავს კანონპროექტების სამართლებრივ შეფასებას, სამართლებრივ ანალიზს. არ იკვეთება პოზიცია კანონპროექტებით შემოთავაზებული ცვლილების ფარგლებში კონკრეტული მუხლებისა და პუნქტების მიმართ - რამდენად მისაღებია ისინი, ხომ არ ეწინააღმდეგება რომელიმე ნორმატიულ აქტს, რამდენად გამართულია სამართლებრივად, კანონპროექტებით გათვალისწინებული რომელიმე ნორმა ხომ არ საჭიროებს სამართლებრივი ტექნიკის, ტერმინოლოგიური ან თუნდაც რედაქციული თვალსაზრისით დახვეწას. ე. ფ---–----–---–ის მიერ მომზადებულ დასკვნაში ასახული არ არის კონკრეტული წინადადებები და შენიშვნები კანონპროექტების სრულყოფისა და დახვეწის მიზნით. დოკუმენტი არის არა სამართლებრივი, არამედ უფრო ინფორმაციული ხასიათის და ძირითადად იმ მონაცემებს შეიცავს, რომლებიც მითითებულია შესაბამის კანონპროექტზე თანდართული განმარტებით ბარათებში. ე. ფ---–----–---–ის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული არ არის არცერთი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით. ის შეიცავს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას კანონპროექტის მიზნის, არსის და ფინანსური დასაბუთების შესახებ, ზოგ შემთხვევაში კი - ინფორმაციას კანონპროექტების საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან მიმართების შესახებ, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონპროექტებზე თანდართული განმარტებითი ბარათების შინაარსია.

 

კომისიამ მიიჩნია, რომ იკვეთება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, სამსახურებრივ მოვალეობათა გაუფრთხილებლობით (ჯეროვანი) შეუსრულებლობა. კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დისციპლინური გადაცდომისათვის ე. ფ---–----–---–ს უნდა განესაზღვროს იმავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინურიზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინურისახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის №1344/1 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობრივი ინსტრუქციაზე, რომლის თანახმად წამყვანი სპეციალისტი: ა) ხელს უწყობს კომიტეტს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში; ბ) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში; გ) ამზადებს კომიტეტში განსახილველად შესულ კანონპროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე დასკვნების პროექტებს; დ) კომიტეტის აპარატის სახელით პასუხს აგებს კომიტეტის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველად გატანილ კანონპროექტებზე, აღნუსხავს პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს; ე) ხელს უწყობს კომიტეტს საკონტროლო ფუნქციების შესრულებაში; ვ) მონაწილეობს კომიტეტის მიერ მოქალაქეთა წერილების, საჩივრებისა და განცხადებების შესწავლასა და განხილვაში; ზ) ასრულების კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებებს; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით, კომიტეტის დებულებითა და კომიტეტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

დასახელებული ბრძანებით განსაზღვრულია წამყვანი სპეციალისტის ფუნქციები და იგი მოიცავს იმ ტიპის სამუშაოს შესრულებასაც, რასაც ე-–-- ფ---–----–---–ს კომიტეტის ხელმძღვანელი პირი ავალებდა. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2017 წლის 18 აპრილს ს------- კ--–--ის მიერ ე-–-- ფ---–----–---–ისათვის მიცემული დავალება მოემზადებინა დასკვნა კანონპროექტთა პაკეტზე, ამ უკანასკნელის მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად კომისიამ დადასტურებულად მიიჩნია ე-–-- ფ---–----–---–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი და დაასკვნა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტს ე-–-- ფ---–----–---–ს უნდა განესაზღვროს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.

 

რაც შეეხება ე. ფ---–----–---–ის მიერ დავალების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ კომისიის მიერ დასკვნაში დადგენილი გარემოებები არის მცდარი და არ შეესაბამება რეალობას. ასეთი სახის მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა არც ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ იკვეთება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, სამსახურებრივ მოვალეობათა გაუფრთხილებლობით (ჯეროვანი) შეუსრულებლობა. კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დისციპლინური გადაცდომისათვის ე. ფ---–----–---–ს უნდა განესაზღვროს იმავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ დასკვნის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.

 

დასახელებულ საკანონმდებლო ნორმაში ამომწურავად არის ჩამოთვლილი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იმ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი, რომელიც მას შეუძლია მიიღოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის საფუძველზე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით და მის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 22 სექტემბრის №849/1-ე ბრძანება ე-–-- ფ---–----–---–ისათის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს არ დაეკისრებათ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ამასთან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდნეობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ე-–-- ფ---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. ე-–-- ფ---–----–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 (ასი) ლარი (გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’, საგადასახადო დავალება 0; გადახდის თარიღი 13/10/2017; გადამხდელი ე-–-- ფ---–----–---–ი; სახაზინო კოდი 300183150, გადახდილი თანხა 200 ლარი).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე