განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100117002234566
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ადილარ წირღვავა
ბრალდებული - გი--------------–ვილი
ადვოკატი - პაა--------–---ძე
კანონიერი წარმომადგენელი - მე------------–-ილი
დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გი--------------–ვილი
მამის სახელი: მერაბი
დაბადებული: 27.01.2000 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული-საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 0----------
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. თბილისი, ბახ--------ის ქუჩა N22, ბინა-24.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. გი--------------–ვილმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - გამოსაყენებლად ვარგისი 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კალიბრის ,,პსმ“ სისტემის უნომრო პისტოლეტი, რომელსაც უკანონოდ ატარებდა ქ. ბათუმში და ამოღებული იქნა 2017 წლის 30 ივლისს მისი პირადი ჩხრეკის დროს.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. სასამართლოს დასკვნა გი--------------–ვილის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: სატელეფონო შეტყობინებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებს, გი--------------–ვილის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს, მოწმეების - კა------------–------------------–----ძის ჩვენებებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი--------------–ვილმა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.
სამართლებრივი შეფასება:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება:
6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს დამნაშავეს ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ აქვს თუ არა შეძენილი და შენახული, საჭიროა ორი პირობის არსებობა, კერძოდ: ა) ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი უნდა იყოს "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ; და ბ) ის შენახული უნდა იყოს იმ პირის მიერ ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ ჰქონდა.
8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს დამნაშავე ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებს თუ არა საჭიროა ერთი პირობის არსებობა, კერძოდ - ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ნებადართული უნდა იყოს "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
9. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა შემდეგი:
გი--------------–ვილის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 30 ივლისს, ქ. ბათუმში, ჯა----–---–ის ქუჩა N4-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, გი--------------–ვილისგან ამოღებული იქნა შავი ფერის შავტარიანი პისტოლეტი თავისი მჭიდით, ვაზნების გარეშე, რაც გი--------------–ვილს ჯინსის შარვლის ქამარში ჰქონდა ჩადებული.
ბალისტიკური ექსპერტიზის N64/ბ დასკვნის თანახმად, გი--------------–ვილის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი მჭიდით არის 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კალიბრის ,,პსმ“ სისტემის პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
10. დადგენილია, რომ გი--------------–ვილს არ აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა პისტოლეტის შეძენის, შენახვის ან ტარების თაობაზე.
11. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი - გი--------------–ვილისგან ამოღებული პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილია "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და მას იარაღის შენახვის კანონიერი უფლება არ ჰქონდა. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მას ნებადართული არ ჰქონდა.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი--------------–ვილმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რის გამოც იგი მითითებული კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
13. გი--------------–ვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
14. გი--------------–ვილის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
16. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით, ხოლო მე-3 ნაწილი თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გი--------------–ვილის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/ თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
17. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
18. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება.
მე-14 მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
ამავე კოდექსის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე პროცესის მწარმოებელი პირი არასრულწლოვანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყრას.
19. მოცემულ შემთხვევაში, გი--------------–ვილის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკის მიერ შედგენილ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულის არის 17 წლის მოზარდი, მე-12 კლასის მოსწავლე, არ არის ნასამართლევი, არის აბიტურიენტი და ემზადება 4 საგანში, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ გი--------------–ვილს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ პირობითად ჩათვლილი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გი--------------–ვილის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
20. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.
ავავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
21. ვინაიდან, გი--------------–ვილის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, სასამართლო თვლის, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება შესაძლებელია და მას დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად უნდა ჩაეთვალოს.
22. ამასთან, გი--------------–ვილის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უქნად იქნას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება.
23. გი--------------–ვილს სასჯელი უნდა დაენიშნოს ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით, რომლის თანახმადაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი--------------–ვილი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მას:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გი--------------–ვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 30 ივლისიდან - 2017 წლის 05 სექტემბრამდე.
გი--------------–ვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული ლე--–---------–--ლის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ცო------------ნის ქუჩა N229, (ზონა - თბილისი 01, სექტორი - ნაძალადევი 12, კვარტალი - 13, ნაკვეთი - 001/010, კოდი - 01/04/008, საკადასტრო კოდი - N01.12.13.001.010.01.04.008) - 7.000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
პირობით მსჯავრდებულ გი--------------–ვილის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი