განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100117002240070
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ალექსანდრე ძირკვაძე
ბრალდებული - ერგ-------–-------ურქ
ადვოკატი - გო-------ძე
თარჯიმანი - შო-----------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ერგ-------–-------ურქ
მამის სახელი: ისმაილი
დაბადებული: 20.02.1970 წელი
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 0---------3
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ბორჩხა.
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, რკი-----ის ქუჩა N12, ბინა-14.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2015 წლის 09 მარტს, შპს "მ-----"-ს და ერგ-------–-------ურქს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს "მ-----მ" ერგ-------–-------ურქისათვის შეიძინა ლიზინგის საგანი - MERSEDES BENZ ML-ის მარკის ავტომანქანა 4.850 ლარად. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 09 მარტი და ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 561.58 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ლიზინგის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხის გადახდამდე შეძენილი ავტომანქანა გადავიდა შპს "მ-----ს" საკუთრებაში, ხოლო სარგებლობის, ფლობის და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ერგ-------–-------ურქს. ამ უკანასკნელმა ნაცვლად იმისა, რომ დაეფარა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მის კანონიერ სარგებლობაში არსებული ავტომანქანა გაფლანგა-გაასხვისა გამოძიებით დაუდგენელ პირზე შპს "მ-----"-ს უფლებამოსილ პირებთან შეუთანხმებლად, რითაც შპს "მ-----ს" მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. სასამართლოს დასკვნა ერგ-------–-------ურქის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ლე--–-------–----–იძის და ზაალ ფი--–---–--–---–ის გამოკითხვის ოქმებს, 2015 წლის 09 მარტის ლიზინგის ხელშეკრულებას, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობას და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქ/პუნქტი კი გულისხმობს, იგივე ქმედების ჩადენას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
7. სასამართლო განმარტავს, რომ იმისთვის, რათა პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს გაფლანგვად, სავალდებულოა პირის ქმედებაში გამოკვეთილი იყოს შემდეგი კომპონენტები: სახეზე უნდა იყოს სხვისი ქონება, რომელიც მოქცეული უნდა იყოს გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში; და უნდა მოხდეს ამ ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.
განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, გაფლანგულია შპს "მ-----"-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა. აღნიშნულ ფაქტს და გაფლანგული ავტომანქანის შპს "მ-----"-სათვის კუთვნილებას ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
8. რაც შეეხება მართლზომიერ მფლობელობას, იგი სახეზე გვაქვს მაშინ, როცა სხვისი ქონება კანონიერად მოექცევა პირის მართვა-გამგებლობაში და უფლებამოსილია განახორციელოს ამ ქონების მართვა. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის საგანი - MERSEDES BENZ ML-ის მარკის ავტომანქანა ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა ერგ-------–-------ურქის მართლზომიერ მფლობელობაში, სარგებლობის, ფლობის და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.
9. ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის შემთხვევაში კი სახეზე უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონების სხვა პირზე გასხვისება ან სხვაგვარად გადაცემა. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ერგ-------–-------ურქმა შპს "მ-----"-ს უფლებამოსილ პირებთან შეუთანხმებლად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ავტომანქანა გაასხვისა სხვა პირზე, ისე რომ შპს "მ-----"-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული არ ჰქონდა.
10. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვან ზიანს, ვინაიდან გაფლანგული ავტომანქანის ღირებულება ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად შეადგენდა 4.850 ლარს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.
11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ერგ-------–-------ურქმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქ/პუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
12. ერგ-------–-------ურქის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება, გულწრფელი მონანიება და დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება.
13. ერგ-------–-------ურქს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
15. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქ/პუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ერგ-------–-------ურქის პიროვნების და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/ თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
16. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
17. მოცემულ შემთხვევაში, ერგ-------–-------ურქის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი და დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ ერგ-------–-------ურქს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქ/პუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ერგ-------–-------ურქი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, ერგ-------–-------ურქს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ერგ-------–-------ურქის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი