განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№020100117002221190(1/805-2017)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 იანვარი 2018 წელი ქ.ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- ნუ--------------
ბრალდებული-სო-------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: სო------------- მიმართ
მამის სახელი: გრ-------
დაბადებული: 24.06.19-- წელს
პირადი ნომერი: 1----------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო - სპეციალური განათლების მქონე
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ზ---------- რაიონი, სოფელი კ----–---–-
რეგისტრირებული: ზ---------- რაიონი, სოფელი კ----–---–-
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
სო------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2017 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ზ--------–-, თა--------–------------ე, სო------------- რამდენიმეჯერ დაარტყა ნაჯახი სხეულის სხვადასხვა არეში ლი-------------ს, რომელთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგად ლი-------------მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2017 წლის 25 დეკემბერს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ სო------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულ სო------------- აღიარებით.
2017 წლის 04 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 129-138).
2017 წლის 31 ოქტომბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ლი-------------- მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 8-13).
ზ---------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ლი-------------- მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 17-19).
2017 წლის 31 ოქტომბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სო------------- საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარების შესახებ (ს.ფ. 42-48 ).
ზ---------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სო------------- საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 52-54).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლის 06 ნოემბრის №0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 147-149).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ნოემბრის №0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 150-155).
ზ---------- რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით. (ს.ფ. 62-65)
ზ---------- რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2015 წლის 26 იანვრის განაჩენით (ს.ფ. 66-68).
ზ---------- რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით (ს.ფ. 74-78) .
დაზარალებულ ლი-------------- ჩვენებით.
მოწმეების გი--------------ს და მი----–------------ ჩვენებებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სო------------ და ლი------------- არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა დისკირიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია სხვა პირის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, მოცემულ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განსაზღვრული შედეგის დადგომა.
საქართველოს სსკ-ის მე-8-ე მუხლის შესაბამისად თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. შესაბამისად არსებობს მიზეზობრივი კავშირი სო------------- ქმედებას- დაზარალებულისათვის ნაჯახის დარტყმას და დამდგარ შედეგს, მისი სხეულის დაზიანებას შორის.
სუბიექტური მხრივ სო------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ სო------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ამდენად, ბრალდებულ სო------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სო------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სო------------- მიერ ლი-------------- მიმართ ძალმომრეობით ქმედებას არაერთხელ ჰქონდა ადგილი და ის ნასამართლევია ოჯახური ძალადობისათვის, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ სო------------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
სო------------ ადრე ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილია მესტიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2011 წლის 20 დეკემბრის განაჩენი, რის შესაბამისად სო------------- ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლით, მას სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთასთან ერთად შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ჯარიმის თანხა სო------------- მიერ არ არის გადახდილი, რაც დასტურდება ს--------–------------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნი----–-----------ს 2017 წლის 03 ნოემბრის №7---- ცნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სო------------- მიმართ 2014 წლის 30 სექტემბრის და შემდგომ პერიოდში დადგენილ განაჩენებში აღნიშნულის თაობაზე არ არის მსჯელობა და განაჩენთა ერთობლიობით მას არა აქვს დაკისრებული მოუხდელი სასჯელის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა. შესაბამისად სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული განაჩენთა ერთობლიობა, რა დროსაც სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, სო------------- საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხისტარიანი ნაჯახი, ლი-------------- და სო------------- სისხლის ნიმუშები, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ლი-------------- ტანსაცმელი- შავი ფერის პიჯაკი, შავი ფერის ტყავის წყვილი ჩექმა, შავი ფერის ნაჭრის მოკლე კაბა და რუხი ფერის გრძლსახელოიანი მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------- რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლი-------------ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ სო------------ (პირადი ნომერი 1----------) საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2.სო------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 31 ოქტომბრის 18:55 საათიდან.
3.სო------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4.ნივთიერი მტკიცებულება, სო------------- საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხისტარიანი ნაჯახი, ლი-------------- და სო------------- სისხლის ნიმუშები, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ლი-------------- ტანსაცმელი- შავი ფერის პიჯაკი, შავი ფერის ტყავის წყვილი ჩექმა, შავი ფერის ნაჭრის მოკლე კაბა და რუხი ფერის გრძლსახელოიანი მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ს--------–------------------- პოლიციის დეპარტამენტის ზ---------- რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლი-------------ს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზ---------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნატრული აკობია