გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310117002008576 (3/157-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელეები: ქე--------------ია, ქე--------------ია
წარმომადგენელი - ქე--------------ია
მოპასუხეები: 1. სსი-------–-–---------------------------------------ტო, 2. ს---------–-–------------------------------------------------------------------–----------------------------
წარმომადგენელი - მარ-----------ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე მხარეს დაევალოს მოსარჩელეთა სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (დ-------------–------------------------------–-–--------------–------------------ი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2--- წლის 02 მაისს ქე--------------იამ (დაბადების თარიღი - 22.01.1--- წელი) მიმართა სსი-------–-–---------------------------------------ტოს ზუ-----------------–-------------------------რს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი, შესაგებელი;
-განცხადება (ს.ფ. 65);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–-------------------.
3.2.2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუ-----------------–-------------------------რის 2--- წლის 03 მაისის №29-----26 წერილით ქე--------------იას განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი, შესაგებელი;
-03.05.2--- წლის წერილი (ს.ფ. 70);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–-------------------.
3.2.3.ქე--------------იამ 2--- წლის 29 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაასაჩივრა 2--- წლის 03 მაისის №29-----26 წერილი.
სააგენტოს 2--- წლის 02 ივნისის №01/1----4 წერილით ქე--------------იას უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი, შესაგებელი;
-03.05.2--- წლის წერილი (ს.ფ. 70);
-01.02.2--- წლის წერილი (ს.ფ. 72);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–-------------------.
3.2.4.2--- წლის 18 მაისს ქე--------------იას (დაბადების თარიღი - 07.10.1--- წელი) კანონიერმა წარმომადგენელმა (დედამ) - თე--------–---–მა მიმართა სსი-------–-–---------------------------------------ტოს ზუ-----------------–-------------------------რს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა შვილის - ქე--------------იასათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი, შესაგებელი;
-დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19);
-განცხადება (ს.ფ. 89);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–-------------------.
3.2.5.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუ-----------------–-------------------------რის 20---–-–------------ №2------15 წერილით ქე--------------იას კანონიერი წარმომადგენლის თე--------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი, შესაგებელი;
-22.05.2--- წლის წერილი (ს.ფ. 90);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–-------------------.
3.2.6.ქე--------------იას კანონიერმა წარმომადგენელმა თე--------–---–მა 20---–-–----- მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაასაჩივრა 20---–-–------------ №2------15 წერილი.
სააგენტოს 2--- წლის 06 ივნისის №01-----16 წერილით ქე--------------იას კანონიერ წარმომადგენელს თე--------–---–ს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი, შესაგებელი;
-22.05.2--- წლის წერილი (ს.ფ. 90);
-06.06.2--- წლის წერილი (ს.ფ. 87);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–-------------------.
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრა არ ნიშნავს სასამართლოს მხრიდან უეჭველად მის დაკმაყოფილებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მიაღწიოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილების სახით, აუცილებელია სარჩელში მისი მოთხოვნა იყოს დასაბუთებული, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლითაც მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ფატები და მოსაზრებები, ასევე წარმოადგინოს დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მისი მოთხოვნის კანონიერებას. ეს მსჯელობა სრულად შეესაბამება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლითაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1--- წლის 20 მაისიდან) მე-6 მუხლით განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რის შესახებაც ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ მე-6 მუხლში არაფორმალური პრინციპებიდან უმნიშვნელოვანესია ,,საშუალებათა თანასწორობის’’ (შეჯიბრებითობის) პრინციპი, რომელიც ნიშნავს, რომ მხარეთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საქმის განხილვისას და არც ერთი მხარე არ უნდა სარგებლობდეს რაიმე არსებითი უპირატესობით თავის ოპონენტთან შედარებით (იხ. CASE OF NEUMEISTER V. AUSTRIA).
18.01.2----–-–--------------–-----ხდომაზე დაზუსტდა, რომ წინამდებარე სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ცნობილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელეთა სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის სასამართლოს წესით დავალდებულება, რამეთუ მათი ასეთი მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან არ დაკმაყოფილდა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელეებს განემარტათ, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხე მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და მან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლოს ძირითადად მიუთითა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტზე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 58-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნორმებში დაფიქსირებულია შესაძლებლობა პირადობის მოწმობა შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელს, რაც მიუთითებს მასზედ, რომ პირს სურვილის შემთხვევაში შეუძლია არ აიღოს პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლით და თავისუფლად მოითხოვოს მისი გაცემა ელექტრონული მატარებლის გარეშე.
მოსარჩელის მიერ განვითარებულმა აღნიშნულმა მსჯელობამ გამოკვეთა ხსენებულ ნორმათა სასამართლოს მიერ განმარტების აუცილებლობა, რათა განისაზღვროს მოპასუხე მხარის მოსარჩელის მიმართ უმოქმედობის მართლზომიერების საკითხი. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო საკითხზე ყურადსაღებია საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლითაც სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი კავშირის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქისათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემასთან, რასაც არეგულირებს მოსარჩელის მიერ მითთებული სპეციალური ნორმატიული აქტები. სახელდობრ, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რაც მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
იმავე კანონის მე-14 მუხლის პირველი და მესამე პუნქტით, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრთვე აფხაზურ ენაზე; პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების თარიღი; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა; ნ) მისამართი; ო) რეგისტრაციის თარიღი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებული მუხლიდან მოსარჩელის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მე-4 პუნქტს, რომლითაც საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).
აღნიშნულ ნორმათა ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის ის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო საბუთი, რომლითაც წარმოჩინდება პირი საჯარო თუ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, დოკუმენტს სტანდარტულად გააჩნია პერსონალური მონაცემების შემცველი აუცილებელი რეკვიზიტები და იგი შეიძლება გაიცეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით ან მის გარეშე, რასაც ცხადყოფს მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი, თუმცა იმავე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადება აკონკრეტებს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის (არაელექტრონული) გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ობიექტური გარემოება არ გულისხმობს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, პირიქით, ობიექტური გარემოება არის გარემოება, რომელიც პირის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) აღებას.
ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს პირადობის მოწმობის მითითებულ ორ სახეს, მათ შორის, თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით;
ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის.
გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი);
დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი);
ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
ამრიგად, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ობიექტური მიზეზები შემთხვევების სახით რეგლამენტირებულია 25-ე მუხლში, რომელთაგან მოსარჩელემ ვერ მიუთითა ვერცერთ შემთხვევაზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მოპასუხე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის უკანონობის შესახებ, რომ მოპასუხე არასწორად განმარტავს კანონს, ვინაიდან სასამართლოს მითითებული მსჯელობიდან ნათელია, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის დამაზუსტებელ მე-14 მუხლის მე-10 პუნქტს არ ეწინააღმდეგება №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება. არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არ უკავშირდება მოქალაქის ნებას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირადობის მოწმობასა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას შორის გააკეთოს არჩევანი, სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ გაიცემა მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, ხოლო მათ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ კონკრეტულ, საგამონაკლისო შემთხვევაში, ობიექტური გარემოების არსებობისას, რასაც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არა აქვს.
6.2.რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 58-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, არც ეს ნორმაა დასტური იმისა, რომ პირს ნებისმიერ დროს, თავისი სურვილის შემთხვევაში აქვს უფლება აიღოს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
აღნიშნული ნორმის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება გასცენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე.
მითითებული ნორმის შინაარსის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს ორი წინაპირობის არსებობისას: 1. თუ სახეზეა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევა და 2. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებს სწორედ აღნიშნული თარიღიდან მიენიჭათ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხის მიმართ მოთხოვნა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილია არა 2011 წლის ივლისამდე, არამედ 2--- წლის მაისის თვეში, რაც გამორიცხავს მათი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
კონკრეტულ ვითარებაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა სარჩელი, დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მისი უმოქმედობა შესაბამისობაშია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ განვითარებული მოტივაციის მსგავსი მსჯელობა წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 31 ოქტომბრის №2-------- გადაწყვეტილებითაც, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო საკითხის მიმართ საერთო სასამართლოების მხრიდან დანერგილია ერთგვაროვანი პრაქტიკა.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2--- წლის 13 ივლისს მიღებული დროებითი განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა