გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
130210017002178746
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210017002178746

2-824-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

22 იანვარი, 2017 წელი, ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“

წარმომადგენელი ირაკლი გვასალია

მოპასუხეები მ------–--------------------------შვილები

წარმომადგენელი ემზარ ზურაბაშვილი

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით

დატვირთული ნივთის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ ,,საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 22 562,19 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, საიდანაც 12 018,25 დოლარი ძირი თანხაა, 4 641,52 დოლარი - პროცენტი და 5 902,42 დოლარი - პირგასამტეხლო;

1.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 6-----------, რომელზეც მ------–-------------შვილის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, სარეალიზაციოდ მიექცეს მ------–-------------შვილის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

მოთხოვნილია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში;

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2013 წლის 22 აგვისტოს სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკსა“ და მ------–-------------შვილს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, მათ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სუფელ რ----–- მდებარე უძრავი ნივთი, რომელზეც მ------–-------------შვილის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული;

იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალოზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით;

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 10 სექტემბერს, მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება 36 თვით და მ------–-------------შვილზე გაიცა სესხი - 15 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი წლიური 17% სარგებლით. ხეკშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - გადასახდელი თანხის 0,5%;

მ------–-------------შვილის ვალდებულების შესასრულებლად, 2014 წლის 10 სექტემბერს, ,,საქართველოს ბანკთან“ დადებული ხელშეკრულებით, გ----------------შვილმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება 30 000 დოლარის ფარგლებში;

მხარეთა შეთანხმებით, 2015 წლის 29 ივნისს და 15 სექტემბერს მოხდა იმ დროისათვის არსებული ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია;

მოპასუხეებმა, მიუხედავად გაფრთხილებისა, დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი და წარმოეშვათ ვალდებულება მოსარჩელის წინაშე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შესაგებელში აღნიშნავს, რომ სარჩელს ნაწილობრივ ცნობს, - ძირი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში და არ ცნობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, რაც შემდეგ დააზუსტა და განმარტა: სარჩელს ცნობს ძირი თანხის - 12 018, 25 დოლარის მოთხოვნის ნაწილში - მთლიანად, პროცენტის - 4 641,52 დოლარის მოთხოვნის ნაწილში - ნაწილობრივ - 3 641,52 დოლარის ნაწილში და არ ცნობს პირგასამტეხლოს - 5 90,42 დოლარის მოთხოვნის ნაწილში, რადგან პროცენტის სახით 1 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი გადახდილი აქვს;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 22 აგვისტოს, სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკსა“ და მ------–-------------შვილს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება 10 წლის ვადით, 150 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის საკრედიტო ლიმიტით და ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით - იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ რ----–- მდებარე უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6-----------, რომელზეც მ------–-------------შვილის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-28);

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.29-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2015 წლის 17 დეკემბერს, 2014 წლის 10 სექტემბერს, ,,საქართველოს ბანკსა“ და მ------–-------------შვილს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, მ------–-------------შვილზე გაიცა სესხი 15 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი წლიური 17% სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.38-39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. მ------–-------------შვილის ვალდებულების შესასრულებლად, 2014 წლის 10 სექტემბერს, ,,საქართველოს ბანკთან“ დადებული ხელშეკრულებით, გ----------------შვილმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება 30 000 დოლარის ფარგლებში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.46-50);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.4. მ------–--------------------------შვილებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი და 2015 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდიათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ.58-59);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეებს გადახდილი აქვთ პროცენტი - 1000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი;

3.2.2. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 301-ე მუხლის 1 და 11 ნაწილები; 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.

 

სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მისგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში მ------–-------------შვილსა და ბანკს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და 2015 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მ------–-------------შვილისაგან და ასევე - გ----------------შვილისაგან, რომელიც თავდებად დაუდგა კრედიტორის წინაშე მ------–-------------შვილს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

იმავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის Nას-103-99-2016 განჩინებაში აღნიშნულია: პირგასამტეხლოს განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს“;

პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას, ,,სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ამით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს“;

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით;

სასამართლო ითვალისწინებს გაცემული სესხის ოდენობას, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას - რომ ვალდებულება არ სრულდება 2015 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლით მინიჭებული უფლებით კრედიტის გამცემს შეეძლო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა, რადგან გათვალისწინებული იყო კრედიტის დაბრუნება ნაწილ- ნაწილ, კრედიტის ამღების მიერ ზედიზედ ორი ვადის გადაცილების შემთხვევაში, კრედიტორმა კი სასამართლოს მომართა 2017 წლის ნოემბერში, რითიც ხელი შეეწყო პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას;

ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს ათჯერ - ნაცვლად მოთხოვნილი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5% ის და შესაბამისად - 5 902,42 დოლარისა, განისაზღვროს 0,05% -ით და შესაბამისად - 590,24 დოლარით;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს მოთხოვნილი ძირი თანხისა და პროცენტის გადახდა, რადგან ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო. მართალია, აღნიშნა, რომ პროცენტის ნაწილი - 1000 დოლარი გადახდილი აქვს, მაგრამ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, არაფრით დადასტურებული მისი განმარტება, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, არ გამოდგება თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად. შესაბამისად, გაზიარებული უნდა იქნეს, მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ სესხის პროცენტი სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით;

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტით დაადგინეს, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, სარეალიზაციოდ მიექცეს მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ნებისმიერი ქონება, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა და გადაწყვეტილებაში მიეთითოს აღნიშნულის შესახებ;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1 824 ლარი და 50 თეთრი;

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხებმა, სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნეს ძირი თანხის - 12 018,25 დოლარის მოთხოვნის ნაწილში, პროცენტის - 4641,52 დოლარის მოთხოვნა - 3641,52 დოლარის ნაწილში და არ ცნეს პირგასამტეხლოს - 5902, 42 დოლარის მოთხოვნის ნაწილში.

ამდენად, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 15 659,77 დოლარის ნაწილში და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 1 266,20 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს;

მოპასუხემ არ ცნო პროცენტის ნაწილის 1 000 დოლარის და პირგასამტეხლოს 5 902,42 დოლარის მოთხოვნა, დაეკისრა მოთხოვნილი პროცენტი მთლიანად და პირგასამტეხლო - 590, 42 დოლარი.

შესაბამისად, 1590,42 დოლარის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 127,71 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხე მხარეს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

1.1. მ------–-------------შვილს და გ----------------შვილს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 17 250 (ჩვიდმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, საიდანაც 12 018, 25 დოლარი ძირი თანხაა, 4 641,52 დოლარი - პროცენტი, 590,24 დოლარი - პირგასამტეხლო;

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ რ----–- მდებარე, მ------–-------------შვილის საკუთარი უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6-----------;

თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, სარეალიზაციოდ მიექცეს მ------–-------------შვილის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

2. მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 16 ნოემბერს N3782 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1 266 (ერთი ათას ორას სამოცდაექვსი) ლარი და 20 (ოცი) თეთრი;

2.1. მ------–--------------------------შვილებს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 127 (ას ოცდაშვიდი) ლარი და 71 (სამოცდათერთმეტი) თეთრი - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი