გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #160210017002098655
#2/906-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.01.2018 წ. ქ. მარნეული
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე
მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი'',მოსარჩელის წარმომადგენელი - თა-----------ი,მოპასუხეები - ას-------------ი, მუ----------------ი, ფი-----–---------ი, ტა--------------ი
თარჯიმანი - ირ-------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,კრ----------ი“ ითხოვს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 11179,33 აშშ დოლარის დაკისრებას, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6680 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 4192.54 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 225.45 აშშ დოლარი, თანხის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა - (0,27%) - 41,34 აშშ დოლარი და ჯარიმა (5%/არანაკლებ 2 ლარისა) - 40 აშშ დოლარი.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
2016 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელემ და ას-------------მა დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოსარჩელისაგან ისესხა 6680 აშშ დოლარი. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2,38%. სესხის ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 275 დღე ყოველ ვადაგადაცილებაზე). ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს მომსახურების გადახდასაც. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალი. მსესხებელს აღნიშნულ სესხზე ჰყავს თავდებები, კერძოდ, მუბარიზ ახმედოვი, ფი-----–---------ი და ტა--------------ი, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებებთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს სესხის ძირითად თანხაზე - მაქსიმალურ 6680 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე - მაქსიმუმ 4500 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელზე - 500 აშშ დოლარზე, რაც მთლიანობაში შეიძლება შეადგენდეს 11680 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე. მსესხებელი არღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის ვადებს და არ იხდის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისიწნებულ თანხებს, დღეის მდგომარეობით კი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 4 ივლისის შემდეგ. მსესხებელსა და თავდებებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. სესხის ხელშეკრულების და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეების მიერ სოლიდარულად გადასახდელი თანხა შეადგენს 11179,33 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის დარჩენილი ძირი თანხაა 6680 აშშ დოლარი, გრაფიკით გათვალისწინებული დარჩენილი პროცენტი - 4192.54 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის დარჩენილი თანხა - 225.45 აშშ დოლარი, თანხის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა - (0,27%) - 41,34 აშშ დოლარი და ჯარიმა (5%/არანაკლებ 2 ლარისა) - 40 აშშ დოლარი. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ" 2016 წლის 9 სექტემბერს განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, კერძოდ, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" 2016 წლის 9 სექტემბრიდან გარდაიქმნა სააქციო საზოგადეობად, გარდა ამისა მოხდა დასახელების ცვლილება და დღეის მდგომარეობით მოსარჩელის დასახელებაა სს"კრ----------ი", სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი კი დარჩა უცვლელი.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა. მათი მითითებით, სესხის ხელშეკრულება დაიდო ქართულ ენაზე და მასზე ხელმოწერის დროს მსესხებლისთვის შინაარსი სრულად ცნობილი არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ყველა პირობას არ დათანხმდებოდნენ. სესხის საპროცენტო სარგებელი - 2.38% განისაზღვრა არასწორად და ის საგრძნობლად მაღალია. ასევე არასწორად განისაზღვრა პირგასამტეხლო - 0,27% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის და ისიც საგრძნობლად მაღალია. მოპასუხეები არ დაეთანხმნენ სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიას უხდიდა დაზღვევის თანხას. 2016 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულება მორგებულია მოსარჩელის ინტერესზე და დაცული არ არის არც მსესხებლის და არც თავდებების ინტერესები. მოპასუხეები არ ეთანხმებიან ასევე თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვინაიდან ხელშეკრულება შედგენილი იყო ქართულ ენაზე და მათთვის არავის უთარგმნია მათთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე. მოპასუხე ას-------------მა ასევე მიუთითა, რომ მას გაუჭირდა დავალიანების დაფარვა დოლარის ლართან მიმართებაში გაძვირების გამო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეადგენს ახალ გრაფიკს და მოახდენს სესხის კორექტირებას, თანახმაა გადაიხადოს დარჩენილი თანხის ოდენობა. მოპასუხეების მითითებით, მათ ინფორმაცია არ ჰქონიათ არსებული დავალიანების შესახებ. გაფრთხილება, რომელიც ბანკმა გაუგზავნა მათ, არ ყოფილა ნათარგმნი აზერბაიჯანულ ენაზე.
მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნეს სასარჩელო მოთხოვნა 7500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმი 12:09:21- 12:09:43)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 5 სექტემბერს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრ----------მა“ და ას-------------მა დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოსარჩელისაგან ისესხა 6680 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2,38%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 17-20);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს. ფ. 21);
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება ( ს.ფ. 4-7; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმი 12:20:24-12:21:50)
3.1.2. სესხის ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 275 დღე ყოველ ვადაგადაცილებაზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 17-20).
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება ( ს.ფ. 4-7; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმი 12:20:24-12:21:50)
3.1.3. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 17-20).
- შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ს. ფ. 22-26);
- საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს. ფ. 27-30);
- სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისში ცვლილების შეტანის შესახებ (ს. ფ. 31-35).
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება ( ს.ფ. 4-7, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმი 12:20:24-12:21:50)
3.1.4. სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 17-20).
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება ( ს.ფ. 4-7; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმი 12:20:24-12:21:50)
3.1.5. მუბარიზ ახმედოვი, ფი-----–---------ი და ტა--------------ი არიან თავდები პირები. თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი მოვალის - ას-------------ის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებების განცხადებები (ს. ფ. 36, 38, 40);
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს. ფ. 37, 39, 41).
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება ( ს.ფ. 4-7; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმი 12:20:24-12:21:50)
3.1.6. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებები ძირიტად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად პასუხს აგებენ გამსესხებლის წინაშე სესხის ძირითად თანხაზე, მაქსიმალურ - 6680 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე - მაქსიმუმ 4500 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელზე - 500 აშშ დოლარზე, რაც მთლიანობაში შეიძლება შეადგენდეს 11680 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს. ფ. 37, 39, 41).
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება ( ს.ფ. 4-7; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმი 12:20:24-12:21:50)
3.1.7. მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 4 ივლისის შემდგომ. მსესხებელსა და თავდებებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილებები მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე (ს. ფ. 43, 45, 47, 49),- შეტყობინების ბარათები გზავნილების ჩაბარების შესახებ (ს. ფ. 44, 46, 48, 50,);
- სესხის დაფარვის ისტორია (ს. ფ. 44).
-მოსარჩელის ახსნა - განმარტება ( ს.ფ. 4-7)
3.1.8. სესხის ხელშეკრულების და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეების მიერ სოლიდარულად გადასახდელი სესხის ძირი თანხა შეადგენს 6680 აშშ დოლარს. მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებისათვის სესხის გრაფიკით გათვალისწინებული დარჩენილი პროცენტის - 4192.54 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის დარჩენილი თანხის - 225.45 აშშ დოლარის, თანხის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის - (0,27%) - 41,34 აშშ დოლარის და ჯარიმის (5%/არანაკლებ 2 ლარისა) - 40 აშშ დოლარის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს. ფ. 51),- მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( ს.ფ. 4-7, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმი 12:20 :24-12:21:50)
3.1.9. მოსარჩელემ განიცადა რეორგანიზაცია. 2016 წლის 9 სექტემბერს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიოზაცია კრედომ" განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, კერძოდ, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდ“. მოგვიანებით მოსარჩელემ ასევე შეიცვალა სახელი და გახდა სს ,,კრ----------ი“. სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი კი დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 52-53);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 7).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეების დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 11179,33 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის დარჩენილი ძირი თანხაა 6680 აშშ დოლარი, გრაფიკით გათვალისწინებული დარჩენილი პროცენტი - 4192.54 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის დარჩენილი თანხა - 225.45 აშშ დოლარი, თანხის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა - (0,27%) - 41,34 აშშ დოლარი და ჯარიმა (5%/არანაკლებ 2 ლარისა) - 40 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების წარმოშობის ფაქტი, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს აკისრია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით დასტურდება და არც მოპასუხეებს გაუხდიათ სადავოდ, რომ მსესხებელმა ას-------------მა მოსარჩელისაგან მიიღო 6690 აშშ დოლარი სესხის სახით. სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული იყო, თუ რა პერიოდულობითა და ოდენობით უნდა დაეფარა მსესხებელს სესხი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის დაფარვის ისტორიითა და 2017 წლის 20 სექტემბრის ცნობით დასტურდება არსებული დავალიანების ოდენობა, ხოლო ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არცერთ მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
მოპასუხეები სადავოდ ხდიან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობას, აღნიშნავენ, რომ მათთვის უცნობი იყო სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ვინაიდან არ იციან ქართული ენა, მათთვის არავის აუხსნია ხელშეკრულების შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
მოპასუხეების განმარტებებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია, როგორც სესხის ხელშეკრულებაზე, ასევე თავდების განცხადებებსა და თავდებობის ხელშეკრულებებზე მათი ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ისინი მართლაც არ გასცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, (მაშინ როდესაც არც მოპასუხეები აცხადებენ და არც რაიმე სახის მტკიცებულებები არსებობს მოპასუხეებზე რაიმე იძულების განხორციელების შესახებ) აღნიშნული არ ნიშნავს ხელშეკრულების გაფორმებას მათი ნების საწინააღმდეგოდ.
თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - სესხის ხელშეკრულება, თავდების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებზეც მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ხელმოწერა.
აღსანიშნავია, რომ ხელმოწერები შესრულებულია ქართულ ენაზე. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მათ თავად მოაწერეს ხელშეკრულებებს და განცხადებებს ხელი. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, რაიმე პრეტენზია ენის არცოდნის, ხელშეკრულების შინაარსის ახსნის ან/და თარჯიმნის მონაწილეობის შესახებ მათ არ გამოუთქვამთ. პრეტენზია არ გამოუთქვამთ მათ არც გაფრთხილების წერილების ჩაბარების შემდეგ, რაც ასევე ქართულ ენაზეა შედგენილი.
მოპასუხეების მითითებით, სესხის საპროცენტო სარგებელი - 2.38% განისაზღვრა არასწორად და ის საგრძნობლად მაღალია. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ პროცენტზე. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ სესხი სარგებლიანია და მსესხებელი ვალდებულია ძირითად თანხასთან ერთად გადაიხადოს მასზე დარიცხული სარგებელი, ასევე დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა და მომსახურების საკომისიო. აღნიშნული თანხები ასევე გაწერილია სესხის დაფარვის გრაფიკში, სადაც მითითებულია როგორც გადახდის პერიოდულობა და ოდენობა, ისე - თუ რომელი დავალიანება დაიფარება მითითებული თანხის გადახდით. მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგოს და პროცენტის განაკვეთის კანონთან შეუსაბამობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 17-20);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს. ფ. 21);
- თავდების განცხადებები (ს. ფ. 36, 38, 40);
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს. ფ. 37, 39, 41);
- გაფრთხილებები მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე (ს. ფ. 43, 45, 47, 49),- შეტყობინების ბარათები გზავნილების ჩაბარების შესახებ (ს. ფ. 44, 46, 48, 50,);
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების განმარტებას სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებული მოპასუხეების ვალდებულების შესახებ, კერძოდ, ის გარემოება, რომ სს ,,კრ----------ი" სადაზღვევო კომპანიას უხდიდა დაზღვევის თანხას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე წარმოადგინა: საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები; სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისი სს ,,კრ----------ის" სესხის მომხმარებელთათვის, 20---–---------------–ის შეთანხმება სს ,,კრ----------ის" სესხის მომხარებელთათვის სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისში ცვლილების შეტანის შესახებ. 20---–---------------–ის შეთანხმება სს ,,კრ----------ის" სესხი მომხარებელთათვის სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისში დამატებითი სადაზღვევო ფონდის შექმნის შესახებ და 20---–---------------–ის შეთანხმება სს ,,კრ----------ის" სეხის მომხარებელთათვის სიცოცხლის დაზღვევის პოლისის ვადის გაგრძელების შესახებ (ს.ფ. 136-147), რის თაობაზეც მოპასუხეებს საწინააღმდეგო განმარტება არ გაუკეთებიათ და არც აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ წარმოუდგენიათ რამე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები;
- სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისი სს ,,კრ----------ის" სესხის მომხმარებელთათვის, - 20---–---------------–ის შეთანხმება სს ,,კრ----------ის" სესხის მომხარებელთათვის სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისში ცვლილების შეტანის შესახებ;
-20---–---------------–ის შეთანხმება სს ,,კრ----------ის" სესხი მომხარებელთათვის სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისში დამატებითი სადაზღვევო ფონდის შექმნის შესახებ;
-20---–---------------–ის შეთანხმება სს ,,კრ----------ის" სეხის მომხარებელთათვის სიცოცხლის დაზღვევის პოლისის ვადის გაგრძელების შესახებ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 403-ე, 416-417-ე,463-ე, 891-ე, 892-ედა 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელემ და მოპასუხე ას-------------მა დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა სესხის სახით მიიღო თანხა 6680 აშშ დოლარის ოდენობით.
ამავე ხელშეკურლების 3.8 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2,38%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე კი, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 5 ლარისა), ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე - გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან). ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს მომსახურების გადახდასაც (იხ. გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.3. პუნქტები).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებიათ, მოპასუხეებს არ გადაუხდიათ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხა 6680 აშშ დოლარი, გრაფიკით გათვალისწინებული დარჩენილი პროცენტი 4192.54 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის დარჩენილი თანხა 225.45 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს, მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხით სარგებლობის ყოველთვიურ 2.38%-ზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ასევე სიცოცხლის საზღვევის თანხაზე 225.45 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, მოსარჩელემ დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სს „კრ----------ის” სასარჩელო მოთხოვნა სესხის ზირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და დაზღვევის თანხის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხე მხარე ვალდებულია სესხის ძირითად თანხასთან ერთად მოსარჩელეს გადაუხადოს პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა არ შეიძლება შეფასდეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. ამდენად სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მუ----------------ს, ფი-----–---------ს და ტა--------------ს, ას-------------თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში, ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. მუბარიზ ახმედოვთან, ფი-----–---------თან და ტა--------------თან დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ას-------------ის სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ამასთან მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე - 7500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეებს სს ,,კრ----------ი''-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 829,66 ლარიდან 273.06 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე სს ,,კრ----------ს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 829.66 ლარიდან 556.60 ლარი.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებისათვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციისათვის რეგისტრაციისათვის გადახდილი 42 ლარის დაკისრებას. აღნიშნული ხარჯის გადახდა დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით - (განცხადების მიღების ბართი ს.ფ.106-107) შესაბამისად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სს ,,კრ----------ი”-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხე მუ----------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - მის.: ქ. მარნეული, ჯანდარის დასახლება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 83.02.11.1--, გასხვისება და ყველანაირი ვალდებულებით (უფლებრივად) დატვირთვა. იმავე განჩინებით მოპასუხე ფი-----–---------ს აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - მის: ქალაქი მარნეული, ქუჩა ვაჟა ფშაველას, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 83.02.15.2--, გასხვისება და ყველანაირი ვალდებულებით (უფლებრივად) დატვირთვა.
ვინაიდან საქმის არსებითი განხილვის შედეგად სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე , 8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს ას-------------ს, მუბარიზ ახმედოვს, ფი-----–---------ს, ტა--------------ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11179.33 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს ას-------------ს, მუბარიზ ახმედოვს, ფი-----–---------ს, ტა--------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კრ----------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 273.06 ლარის და სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
1.3. მოპასუხეებს ას-------------ს, მუბარიზ ახმედოვს, ფი-----–---------ს, ტა--------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მერ გადახდილი სასამართლოსგარეშე ხარჯის 42 ლარის ანაზღაურება.
1.4. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (20---–-–-----------------ს საგადახდო დავალება N4--) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 829.66 ლარიდან 556.60 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300093150, ბანკის კოდი TRESGE 22.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე