გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210116001418689
N2/1295-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს ,,თი---- ბანკი”;
წარმომადგენელი - ლელა ბანძელაძე;
მოპასუხე - ე----რ გუ----ე;
მოპასუხე - ნ--- ჩა-----–---–ი (არ გამოცხადდა);
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნ--- ჩა-----–---–ს და ე----რ გუ----ეს სს ,,თი---- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 3063.41 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1994.47 ლარი, პროცენტი - 363.36 ლარი, პირგასამტეხლო 705.58 ლარი.
1.2. ნ--- ჩა-----–---–ს და ე----რ გუ----ეს სს ,,თი---- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 25 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1994.47 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი წლიური 38% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 63.15 ლარს. თავდების ე----რ გუ----ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 4550 ლარით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელემ, იმის გათვალისწინებით რომ მოპასუხეებმა დაფარეს დავალიანების ნაწილი, მოთხოვნა შეამცირა 1397.79 ლარამდე, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 294.17 ლარი, პროცენტი - 498.04 ლარი, პირგასამტეხლო 605.58 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ე----რ გუ----ემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო ნ--- ჩა-----–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 17 მარტს სს ”თი---- ბანკსა” და ნ--- ჩა-----–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3646975-7904802, რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა კრედიტი 3500 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადად განისაზღვრა 18 თვე, მისი დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 17 რიცხვში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო წლიური სარგებელი 38% და ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ასევე დავალიანების 1% დარღვევის პირველი ათი დღის განმავლობაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი (დავალიანების) თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება ე----რ გუ----ესთან, რომლის საფუძველზეც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 4550 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 16-44);
- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. მოპასუხეთა დავალიანებამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეადგინა 3063.41 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1994.47 ლარი, პროცენტი - 363.36 ლარი, პირგასამტეხლო 705.58 ლარი.
სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ მოპასუხემ გადაიხადა დავალიანების ნაწილი, რის შემდეგაც გადასახდელი დარჩა სესხის ძირი თანხაა 294.17 ლარი, პროცენტი - 498.04 ლარი, პირგასამტეხლო 605.58 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 45);
- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ე----რ გუ----ემ სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო, თუმცა არ მიუთითებია უარის თქმის საფუძველი და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ სს ”თი---- ბანკის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420–ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 17 მარტს სს ”თი---- ბანკსა” და ნ--- ჩა-----–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3646975-7904802, რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა კრედიტი 3500 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადად განისაზღვრა 18 თვე, მისი დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 17 რიცხვში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო წლიური სარგებელი 38%.
ვინიდან მოპასუხეს არ დაუფარია სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი სრულად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის 294.17 ლარის და პროცენტის 498.04 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ასევე დავალიანების 1% დარღვევის პირველი ათი დღის განმავლობაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი (დავალიანების) თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები დადგენილ დროში, პირაგასმტეხლოს ოდენობამ შეადგინა 605.58 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, ვალდებულების დარღვევამდე იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 294.17 ლარს, პირგასამტეხლოს სახით მასზე 605.58 ლარის დაკისრება არათანაზომიერი ჯარიმაა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი უნდა შემცირდეს 200 ლარამდე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე----რ გუ----ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც თავდებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
კონკრეტულ შემთხვევაში თავდებობის ხელშეკრულებით ე----რ გუ----ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა არის 4550 ლარი, შესაბამისად, თავდები პასუხისმგებელია მოსარჩელის წინაშე მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე სრული მოცულობით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, უნდა გადახდეს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად. კერძოდ, მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟი 160.11 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 150 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის 213.48 ლარი, ვინაიდან მან მოთხოვნა შეამცირა 3939.29 ლარით, სახ. ბაჟის თანხა 118.17 ლარი სსს კოდექსის 42-ე მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 29.76 ლარი უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად, მათვე უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი და ადვოკატის მომსახურების თანხა 39.68 ლარი.
სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 12.18 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ე----რ გუ----ის კუთვნილ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 29.10.33.077. უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ”თი---- ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ნ--- ჩა-----–---–ს და ე----რ გუ----ეს სს ,,თი---- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 992.21 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 294.17 ლარი, პროცენტი - 498.04 ლარი, პირგასამტეხლო 200 ლარი.
2. სს ”თი---- ბანკს” უარი ეთქვას მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე.
3. ნ--- ჩა-----–---–ს და ე----რ გუ----ეს სს ,,თი---- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 29.76 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი 39.68 ლარი.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ‘’თი---- ბანკს’’ 2016 წლის 24 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 118.17 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
5. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 12.18 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ე----რ გუ----ის კუთვნილ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 29.10.33.077. დარჩეს ძალაში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე