გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210017002201798
საქმე №2/939-17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.01.2018 წ. ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: - შპს ,,ახ--–----------------------ი“;
მოსარჩელის წარმომადგენელი: - გა-–--ა თა---------–--ე;
მოპასუხე: - ქე-----ნ გუ---–--ე;
დავის საგანი: - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - ქე-----ნ გუ---–--ეს შპს ,,ახ--–----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1808.02 ლარი გადახდა (ძირი თანხა - 600 ლარი, საკომისიო - 72.00 ლარი, პირგასამტეხლო - 1136.00 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხისა და საკომისიოს ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 21 დეკემბერს შპს ,,ახ--–----------------------სა“ და ქე-----ნ გუ---–--ეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის №297420 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელის სახელზე გაიცა თანხა 600 ლარის ოდენობით, 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების თანახმად, საკომისიო შეადგენდა 72 ლარს. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფარვის (20.01.2017წ.) თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 1.5 % და ერთჯერადი ჯარიმა 30-ე დღეზე 100 ლარი, მიმდინარე ძირის და საკომისიოს 10%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება განთავსებული შპს ,,ახ--–----------------------ის’’ ვებ გვერდზე (იხ. ს/ფ 14-17);
- სესხის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 18);
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს/ფ 20);
- საგადახდო ისტორია, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგადახდო დავალება (იხ. ს/ფ 19;21);
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს/ფ 22-26);
- მინდობილობა, რწმუნებულება (იხ. ს/ფ 27-29);
3.2.2. მოპასუხე - ქე-----ნ გუ---–--ემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ 1-13);
- შესაგებელი (იხ. ს/ფ 38-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.3. 2017 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ქე-----ნ გუ---–--ეს შპს ,,ახ--–----------------------ის’’ მიმართ ეკისრება დავალიანება 1808.02 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 600 ლარი, საკომისიო - 72 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 188.80 ლარი, ყოველდღიური ჯარიმა - 947.22 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს/ფ 20);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 867-ე, 623-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 872-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს სესხის ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე როსტომ გურგენიძეზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე შპს ,,ახ--–----------------------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ქე-----ნ გუ---–--ეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი ხმარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის 600 ლარის და საკომისიოს 72 ლარის დაკისრების თაობაზე, უფრო მეტიც მან ამ ნაწილში ცნო სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე მხარისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ძირი თანხის 600 ლარისა და საკომისიოს - 72 ლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცხული პროცენტით არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 600 ლარი, საკომისიო - 72 ლარი და პირგასამტეხლო - 1136.00 ლარი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმა (პირგასამტეხლო) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც სასარჩელო მოთხოვნის თანახმად შეადგენს 1136.00 ლარს წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია ქე-----ნ გუ---–--ის მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო და თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 2016 წლის 21 დეკემბრის ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 100 ლარის ოდენობით გადახდა.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს ,,ახალი ფინანსურ ჯგუფის’’ სასარგებლოდ ქე-----ნ გუ---–--ეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს - ქე-----ნ გუ---–--ეს შპს ,,ახ--–----------------------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 26.16 ლარის გადახდა, ხოლო შპს ,,ახ--–----------------------ის’’ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 23.84 ლარი უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
რაც შეეხება სასამართლო გარეშე ხარჯებს, მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება (სალაროს შემოსავლის ორდერი 100 ლარზე) იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯის თაობაზე და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მათ მიერ გაწეული ხარჯის, კერძოდ კი ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება, თუმცა ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე ქე-----ნ გუ---–--ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 2591-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ახ--–----------------------ის“ სარჩელი ქე-----ნ გუ---–--ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქე-----ნ გუ---–--ეს მოსარჩელე შპს ,,ახ--–----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 772 (შვიდას სამოცდათორმეტი) ლარის (ძირი - 600 (ექვსასი) ლარი, საკომისიოს - 72 (სამოცდათორმეტი) ლარი და პირგასამტეხლო - 100 (ასი) ლარი) გადახდა;
3. ქე-----ნ გუ---–--ეს შპს ,,ახ--–----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის ნაწილის ანაზღაურება, 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. შპს ,,ახალ ფინანსურ ჯგუფს“ დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 26 (ოცდაექვსი) ლარი და 16 თექვსმეტი) თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300893150 (გადახდის თარიღი: 28.09.2017 წელი, საგადასახადო დავალება 961). ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 23 (ოცდასამი) ლარი და 84 (ოთხმოცდაოთხი) თეთრი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე