განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001968419
საქმე №1-502/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
თამარ გიორგაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ზ------ კ---–--–--ის
ბრალდებულის _ ა---------- პ---–------ის
ადვოკატის _ ბ------ ბ-----ის
თარჯიმანის - ზ------- ა---------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №1----------- საქმე,ბრალდებულ ა---------- ე----ის ძე პ---–------ის მიმართ
დაბადებული: 23.11.1--- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგო----ეობა: დ-------------–-
ნასამართლობა: მ-----
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, პ. მ--–---–---–-- ქუჩა N--, ბინა N--
ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ბათუმი, პ. მ--–---–---–-- ქუჩა N--, ბინა N-
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” და მე-4 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2017 წლის 17 მარტს, დღის საათებში, ა---------- პ---–------მა, მორგებული გასაღების - გამღების გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, მერკვილაძის ქუჩა N-, ბინა N---ში მდებარე, ნ---- კ-------ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ნივთებს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება:
2. დაზარალებულმა ნ---- კ-------ემ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში, მერკვილაძის ქ.N-, ბინა N---ში. სახლის ქვემოთ, პირველ სართულზე აქვს სასურსათო მაღაზია, სადაც თავადვე მუშაობს და ატარებს ძირითად დროს. დილით სახლიდან გასვლისას ყოველთვის კეტავს ბინის კარს და გასაღებს ორჯერ ატრიალებს. 2017 წლის 17 მარტს საღამოს სახლში დაბრუნებულმა გასაღების მხოლოდ ერთხელ გადატრიალების შემდეგ შეძლო ბინის შესასვლელი კარის გაღება, ბინაში შესულმა კი იატაკზე ფეხსაცმლის კვალი შენიშნა, რაც წესით არ უნდა ყოფილიყო, სახლი გულდასმით ჰქონდა დალაგებული, ამიტომ იეჭვა, რომ გაქურდეს. მაშინვე ფულის და ძვირფასეულობის შესანახ კარადას მიაშურა, სადაც პატარა სათლში ეწყო ეს ნივთები. ნახა, რომ ადგილზე არც ფული იყო და არც ძვირფასეულობა. დარეკა პოლიციაში და შეატყობინა ქურდობის ფაქტის შესახებ. პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ ადგილზე. გამომძიებელმა, ექსპერტების მონაწილეობით, სრულყოფილად დაათვალიერა ბინის ყოველი კუთხე. ექპერტებმა დაამუშავეს ფულის და ოქროულის შესანახი ადგილი კარადაში და აღმოაჩინეს ანაბეჭდები. ასევე ამოღებულ იქნა კარის საკეტის გულა. სულ მოპარული აღმოჩნდა 3000 ლარი, ოქროს სამკაულები ძვირფასი თვლებით, ბრინჯაოს მონეტა, წარწერით "WASHINGTON", ვერცხლის ბეჭედი და ბიჟუტერია - ერთი წყვილი საყურე. მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული ამოცნობისას ამოიცნო მსგავსი აღწერილობის ნივთებიდან სწორედ ეს სამი ნივთი.
3. 2017 წლის 17 მარტს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, მერკვილაძის ქუჩა N-, ბინა N---ში, რომლის კარი არის ღია მდგო----ეობაში, ხოლო კარების საკეტს რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. საძინებელ ოთახში კარიდან მარჯვენა მხარეს განთავსებული კარადის კარების ზედაპირიდან, სადაც დაზარალებული ფულს და ძვირფასეულობას ინახავდა, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სამი ცალი ხელის კვალი. ასევე ამოღებულ იქნა ბინის შესასვლელი კარების საკეტის გულა. შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ.
4. გამომძიებელმა ზ----- მ------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ნ---- კ-------ის შეტყობინების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში 2017 წლის 17 მარტს დაიწყო გამოძიება ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით. საძინებელ ოთახში მდგარი პატარა კარადის ზედაპირიდან, სადაც კ-------ის განმარტებით ინახავდა დაკარგულ ფულს და ძვირფასეულობას, კრიმინალისტებმა ამოიღეს თითის კვლები. ამოღებულ იქნა ასევე შესასვლელი კარის საკეტის გულა.
5. მოწმედ დაკითხულმა გ--–- გ-----ემ, აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურს ექსპერტ-კრიმინალისტმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 17 მარტს გამომძიებელ მ------–--ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ექსპერტებმა დაასურათეს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, დაქტილოფხვნილით დაამუშავეს ადგილები, სადაც შესაძლოა ყოფილიყო თითის კვლები. კარადის კარის შიგნითა და გარეთა ზედაპირიდან, სადაც დაზარალებული, მისივე განმარტებით, ინახავდა ოქროულს და ფულს, ამოიღეს თითის სამი კვალი.
6. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 29 მარტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 17 მარტს, ქ. ბათუმში, მერკვილაძის ქუჩა N-, ბინა N---ში მდებარე, ნ---- კ-------ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით ამოღებულ ერთ ცალ დაქტილოფირზე გადატანილი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის ერთი კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ, 1--- წლის 23 ნოემბერს დაბადებულ, ა---------- ე----ის ძე პ---–------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის.
7. აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო---- კ---------ემ. მანვე განმარტა, რომ არ არსებობს დასკვნის სიზუსტეში ეჭვის შეტანის საფუძველი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაბეჭდის და დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არსებული თითის ანაბეჭდის იდენტურობის ნიშნები მტკიცეა და მკაფიო. აღნიშნული ანაბეჭდების 14 ინდივიდუალური ნიშანი დაემთხვა ერთმანეთს, მაშინ როდესაც 9-10 ნიშნის არსებობაც საკმარისია დასკვნის გასაკეთებლად. შესაბამისად, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია - კ-------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ხელის თითის ერთი კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ, ა---------- პ---–------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა.
8. 2017 წლის 30 მარტს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული, ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინაში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მისაღებ ოთახში არსებული კარადაზე მდგარი ფიალიდან საყურე, ოქროსფერი შეფერილობის, დერეფანში საკიდზე დაკიდული ქურთუკის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ვერცხლისფერი ბეჭედი, ერთი ცალი ვერცხლისფერი ბრელოკი, ოვალური ფორმის, წარწერით : „Washington„, მეორე გვერდზე გამოსახულია „თეთრი სახლი“. ასევე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ე.წ. „ატმიჩკები“, რკინის დეტალი - ე.წ. „ტისკი“, ბრტყელტუჩა მრავალპირიანი, მოგრძო ბრტყელტუჩა, სახრახნისი, ერთი ცალი საკეტის გულა გასაღებით, გასაღებების აცმა (ცამეტი ცალი გასაღებით). ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა.
9. აღნიშნული ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ა---------- პ---–------ის თანდასწრებით, ექსპერტ-კრმინალისტების - მ------ მ-------ის, კ------- დ------ს, გამომძიებლის - ბ------ ხ-–-----ს და თარჯიმანის - დ---- დ-------ს მონაწილეობით. ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით, პ---–------ს რაიმე შენიშვნა არ პრეტენზია არ გამოუთქვამს.
10. ოქმს ერთვის ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტო-ილუსტრაცია.
11. გამომძიებელმა ზ----- მ------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩაატარა თარჯიმნის და ექსპერტ-კრიმინალისტების, ასევე პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლის ბ------ ხ-–-----ს მონაწილეობით. ჩხრეკის დაწყებამდე თარჯიმნის დახმარებით პ---–------ს გააცნო დადგენილება საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის თაობაზე, შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული, გამოძიებისთვის საინტერესო ნივთები, მათი კონკრეტული ადგილების მითითებით სრულად ასახა ჩხრეკის ოქმში, ყველა ამოღებული ნივთი დაილუქა ადგილზე. პ---–------ს პრეტენზია არ გამოუთქვამს ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით, თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო ჩხრეკის ოქმს და მოაწერა ხელი. ექსპერტ-კრიმინალისტები ახდენდნენ ფოტო-გადაღებას, შესაბამისად, ჩხრეკის პროცესი სრულად არის დასურათებული.
12. მოწმე ბ------ ხ-–-----მ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 30 მარტს გამომძიებელ ზ----- მ------–--ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და თარჯიმანი ქალბატონი, ვინაიდან პ---–------ი კარგად ვერ ფლობდა ქართულ ენას. თარჯიმნის მეშვეობით პ---–------ს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, ბინაში მისვლისთანავე გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ოქროსფერი საყურე, ვერცხლისერი ბეჭედი, ბრელოკი, წარწერით - „Washington“. ასევე რამდენიმე ცალი ე.წ. „ატმიჩკა“,ე.წ. „ტისკი“, ბრტყელტუჩები, სახრახნისი, ერთი ცალი საკეტის გულა გასაღებით, გასაღებების აცმა.
13. მოწმე კ------- დ------მ, აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურს თანამშრომელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 30 მარტს პოლიციის მესამე განყოფილებდან შემოსული გამოძახების საფუძვლზე, ექსპერტ-კრიმინალისტ მ------ მ-------ესთან ერთად გავიდა ქ. ბათუმში, მ--–---–---–-- ქუჩაზე, სადაც დახვდა გამომძიებელი ზ----- მ------–--ე, რომელმაც განუმარტა, რომ ა---------- პ---–------ის ბინაში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. გამომძიებელთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომელი ბ------ ხ-–----- და თარჯიმანი, ახალგაზრდა ქალბატონი. ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა პ---–------ის თანდასწრებით, რომელსაც თარჯიმანი უთარგმნიდა ყველაფერს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ოქროსფერი საყურე, ვერცხლისერი ბეჭედი, ბრელოკი, წარწერით - „Washington“. ასევე რამდენიმე ცალი ე.წ. „ატმიჩკა“, ე.წ. „ტისკი“, ბრტყელტუჩები, სახრახნისი, ერთი ცალი საკეტის გულა გასაღებით, გასაღებების აცმა. ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით პ---–------ს პრეტენზია არ გამოუთქვამს.
14. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა მ------ მ-------ემაც. მისი განმარტებით, ა---------- პ---–------ი სრულად ადევნებდა თვალს ჩხრეკის მიმდინარეობას. ჩხრეკა ერთდროულად არ ტარდებოდა მთელ ბინაში. ყველანი ერთად იმყოფებოდნენ ჯერ ერთ ოთახში, სადაც ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთები დაილუქებოდა, შემდეგ გადადიოდნენ ერთადვე სხვა ოთახში და უკვე იქ ატარებდნენ ჩხრეკას. პ---–------ს ჩხრეკის მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, პრეტენზია არ გამოუთქვამს.
15. 2017 წლის 19 აპრილს შედგენილი, დაზარალებულ ნ---- კ-------ის მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი, ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსი ნივთიდან დაზარალებულმა ამოიცნო ა---------- პ---–------ის ბინიდან ამოღებული საყურე, რომელიც, მისი განმარტებით, 2017 წლის 17 მარტს, ქ. ბათუმში, მერკვილაძის ქუჩა N--ში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინიდან იქნა მოპარული სხვა ნივთებთან ერთად.
16. 2017 წლის 19 აპრილს ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი ნივთიდან დაზარალებულმა ასევე ამოიცნო ე.წ. „ბრელოკი“ ინგლისური წარწერით Washington d.c., რომელიც მისი განმარტებით, 2017 წლის 17 მარტს, ქ. ბათუმში, მერკვილაძის ქუჩა N--ში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინიდან იქნა მოპარული.
17. იმავე დღეს, 2017 წლის 19 აპრილს ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმით თანახმად, ამოცნობისას დაზარალებულმა ნ---- კ-------ემ ამოიცნო ვერცხლისფერი ბეჭედი, მის წინაშე წარდგენილი სამი ერთმანეთის მსგავსი ბეჭდისგან და განმარტა, რომ აღნიშნული ბეჭედიც მოიპარეს 2017 წლის 17 მარტს მისი ბინის ქურდობისას სხვა სამკაულებთან ერთად.
18. 2017 წლის 18 აპრილის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ნ---- კ-------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია და აღინიშნა ის ვიდეო-კამერები, რომლებიც მერკვილაძის და მისი მოსაზღვრე ქუჩების ტერიტორიას აფიქსირებს. ოქმის თანახმად, ასეთია შპს „ქოინჯულარის“ ვიდეო-კამერა, რომელიც მიმართულია იმედაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთისკენ, იმედაშვილის და მერკვილაძის ქუჩების მხრიდან. ოქმს თან ერთვის ფოტოილუსტრაცია.
19. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინების საფუძველზე აღნიშნული ორგანიზაციიდან გამოთხოვილ იქნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 2017 წლის 17 მარტის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში. აღნიშნული ვიდეო ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 17 მარტს 14:45:46 სთ-ზე მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავს ბრალდებულს, მოძრაობს იმედაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთის მხრიდან და გადის კადრიდან 14:48:48 საათზე.
20. შპს „ქოინჯულარის“ წარმომადგენელმა ი----- ვ----ემ, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლებს გადასცა 2017 წლის 17 მარტის ვიდეო- ჩანაწერები, რომლებზეც ასახული იყო მათი შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული კამერების მიერ ჩაწერილი ინფორმაცია. ჩანაწერები საკმაოდ კარგი ხარისხისაა, აფიქსირებს მცირე პერიმეტრს, სულ 15 მეტრია კამერის მხედველობის არე და თავისუფლად შეიძლება პირის იდენტიფიცირება. სასამართლოს განჩინების წარდგენამდე, პოლიციის თანამშრომებს კამერების ჩანაწერები არ უნახავთ, მხოლოდ სიტყვიერად სთხოვეს ხელმძღვანელობას 17 მარტის ჩანაწერები არ წაეშალათ და შეენახათ.
21. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის არ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასამართლო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 10 აპრილის N----- დასკვნის თანახმად, ნ---- კ-------ის ბინის შესასვლელი კარის საკეტის გულა გამართულ მდგომარეობაშია, მის გარე ზედაპირზე რაიმე დაზიანება არ აღინიშნება,ის გახსნილია მორგებული გასაღებით - გამღებით.
22. ამავე სამსახურის სასამართლო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 24 აპრილის N----- დასკვნის თანახმად, ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დეტალები არის: საკეტის გულა, ცამეტი ცალი გასაღები, ორი ცალი ბრტყელტუჩა, ერთი ცალი სახრახნისი, ერთი ცალი გირაკი - ტისკი, ექვსი ცალი გამღები - ატმიჩკა.
23. აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების ავტორმა, ექსპერტმა რ---–---- გ-----ემ, საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ე.წ. „ატმიჩკა“ არის ქარხნული წესით დამზადებულ ნივთი, რომელზეც კუსტარულად არის შეტანილი ცვლილება, გადაკეთებულია. მაგ: გაქლიბული ან მომრგვალებული აქვს თავი, გაკეთებული აქვს კბილი და ა.შ. ზოგადად ეს ნივთები, ასეთი გადაკეთების შემდეგ გამოიყენება საკეტის გახსნისთვის. პ---–------ის ბინიდან ამოღებულ „ატმიჩკები“, სწორედ ამგვარი ნივთებია. ასეთი „ატმიჩკები“ გასაღების გარეშე აღებს საკეტს. თუ მას კუსტარულად გაკეთებული აქვს კბილები, „ატმიჩკა“ ითვლება - „გამღებად“. ნ---- კ-------ის საცხოვრებელი ბინის კარები სწორედ „გამღებით“ იყო გაღებული.
24. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ქმნის ბრალდების მხარის მტკიცებულებების ძირითად ბაზას, რომლის საფუძველზეც მხარე დადასტურებულად მიიჩნევს პ---–------ის მიერ კ-------ის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტს.
25. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა ასევე დაცვის მხარის მტკიცებულება - ბრალდებულ ა---------- პ---–------ის ჩვენება.
26. ბრალდებულმა ა---------- პ---–------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას არ ჩაუდენია ქურდობა და არაფერი აკავშირებს დაზარალებულთან და მისი ბინის ქურდობისას მოპარულ ნივთებთან. პოლიციის თანამშრომლებმა კანონის დარღვევით ჩაატარეს მისი ბინის ჩხრეკა. დარწმუნებულია, რომ ნივთები, რომლებიც, თითქოსდა, ამოიღეს ჩხრეკისას - საყურე, ბეჭედი, ბრელოკი, მის ბინაში სწორედ პოლიციის თანამშრომლებმა მიიტანეს და მერე თავადვე ამოიღეს, ეს ნივთები ადრე არასდროს უნახავს. ჩხრეკისას არ მონაწილეობდა თარჯიმანი, მხოლოდ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი ატარებდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას. ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა, მაგრამ თარჯიმნის გარეშე და შესაბამისად, არ იცის რა არის მასში დაფიქსირებული.
27. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ნ---- კ-------ის ნივთების ფარული დაუფლება სწორედ ბრალდებულმა ა---------- პ---–------მა ჩაიდინა.
28. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 მარტს, როდესაც დაზარალებული ნ---- კ-------ე საღამოხანს სახლში დაბრუნდა, ბინა გაქურდული დახვდა, რის თაობაზეც შეატყობინა პოლიციის მესამე განყოფილებას. ადგილზე მისულმა გამომძიებელმა ზ----- მ------–--ემ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. იმ კარადის კარების გარე და შიგნითა ზედაპირიდან, სადაც კ-------ე ინახავდა დაკარგულ ნივთებს, კრიმინალისტების მიერ აღმოჩენილ იქნა ხელის თითის სამი კვალი. აქედან ორი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უვარგისი აღმოჩნდა პიროვნების იდენტიფიცირებისთვის, ხოლო ერთი კვალი ვარგისი და იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ, 1--- წლის 23 ნოემბერს დაბადებულ, ა---------- ე----ის ძე პ---–------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის. ა---------- პ---–------ი წარსულში ნასამართლევია, შესაბამისად, დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში შეტანილია მისი თითის ანაბეჭდები. ექსპერტიზაზე წარდგენილი ანაბეჭდის სწორედ ამ ბაზის მონაცემებთან შედარებისას აღმოაჩინა ექსპერტმა კირტკიტაძემ პიროვნების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ისეთი ინდივიდუალური ნიშნების მყარი და მკაფიო თანხვედრა, რამაც შესაძლებელი გახადა მიეღო კატეგორიული დასკვნა კ-------ის ბინაში აღმოჩენილი თითის ანაბეჭდის ა---------- პ---–------ის თითის ანაბეჭდთან იდენტურობის თაობაზე.
29. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაქტილოსკოპია არის კრიმინალისტიკური მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის და ახდენს თითის ანაბეჭდის მიხედვით პიროვნების დადგენას. თითებზე განლაგებულია ე.წ. დვრილოვან ქარგები, რომლებიც არც ერთ სხვა ადამიანში არ მეორდება, თითოეული ადამიანის შემთხვევაში განსხვავებული და უნიკალურია. ადამიანის სიცოცხლის მანძილზე, ასაკის მატების მიუხედავად, ეს ანაბეჭდი უცვლელი რჩება იმ დროს, როცა ხელზე არსებული სხვა ხაზები გამუდმებით იცვლება. დვრილოვანი ქარგების კონფიგურაცია შეიძლება იყოს მსგავსი, თუმცა მაინც განსხვავდება ხაზების რაოდენობით, ზომებითა და განლაგებით.
30. ექსპერტმა-დაქტილოსკოპმა ო---- კ---------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ანაბეჭდების შედარებისას 14 ინდივიდუალური ნიშნის მკაფიო დამთხვევის პირობებში შესაძლოა ცალსახად და კატეგორიულად ითქვას, რომ კ-------ის საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილი ანაბეჭდი ა---------- პ---–------ის თითის ანაბეჭდის იდენტურია.
31. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიღებიდან მეორე დღესვე, ჩხრეკა ჩატარდა ა---------- პ---–------ის საცხოვრებელ ბინაში, რომლის შედეგად ამოღებულ იქნა ერთი წყვილი საყურე, ვერცხლისფერი ბეჭედი და ბრელოკი, წარწერით - „Washington d.c“, ასევე ე.წ. „ატმიჩკები“. დაზარალებულმა კ-------ემ საყურე, ბრელოკი და ბეჭედი ამოიცნო, როგორც მისი კუთვნილი და ქურდობისას მისი სახლიდან ფარულად დაუფლებული ნივთები. რაც შეეხება ე.წ. „ატმიჩკებს“, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ---- კ-------ის ბინის კარის საკეტი გაღებულია „გამღებით“. საქმის არსებითი განხილვისას, ექსპერტმა რ---–---- გ-----ემ განმარტა, რომ ე.წ. „ატმიჩკა“არის ქარხნული წესით დამზადებულ ნივთი, რომელზეც კუსტარულად შეტანილია ცვლილება, გადაკეთებულია. მაგ: გაქლიბული ან მომრგვალებული აქვს თავი, გაკეთებული აქვს კბილი და ა.შ. ზოგადად ეს ნივთები, ასეთი გადაკეთების შემდეგ გამოიყენება საკეტის გახსნისთვის. პ---–------ის ბინიდან ამოღებული „ატმიჩკები“, სწორედ ამგვარი ნივთებია. ასეთი „ატმიჩკები“ გასაღების გარეშე აღებს საკეტს. „ატმიჩკა“ ითვლება - „გამღებად“, თუ მას კუსტარულად გაკეთებული აქვს კბილები. სწორედ „გამღებით“ იყო გაღებული ნ---- კ-------ის საცხოვრებელი ბინის კარი.
32. 2017 წლის 17 მარტს, შუადღის საათებში მერკვილაძის ქუჩაზე ა---------- პ---–------ის გადაადგილების ფაქტი დაფიქსირებულია შპს „ქოინჯულარის“ ვიდეო კამერებით, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიას გადაჰყურებს. ჩანაწერი საკმაოდ კარგი ხარისხისაა და შესაძლებელია პ---–------ის ამოცნობა.
33. სასამართლოში წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ. დადგენილი ფაქტია, რომ კ-------ე და პ---–------ი არ იცნობდნენ ერთმანეთს, არასდროს ჰქონიათ შეხება და შესაბამისად, პ---–------ი არასდროს ყოფილა კ-------ესთან სტუმრად. მისი ანაბეჭდის სწორედ იმ კარადის კარის ზედაპირზე აღმოჩენა, რომელშიც დაზარალებული ინახავდა დაკარგულ ნივთებს, მიუთითებს მის მონაწილეობაზე აღნიშნულ დანაშაულში. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიებს ბინის ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი უკანონობის თაობაზე, რაც გამოიხატა მასში, რომ კ-------ის ბინიდან მოპარული ნივთები პოლიციელებმა „ჩაუდეს“ პ---–------ს ბინაში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვერსია დარჩა სიტყვიერად გაჟღერებულ ვერსიად და არ დადასტურებულა რაიმე მტკიცებულებით.
34. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, სააამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
35. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
36. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში. დაცვის მხარემ მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებად, რომლის გაზიარებაც, ამ ჩვენებაში ასახული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე, უსაფუძვლო იქნება, მით უფრო, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დასტურდება სრულიად საპირისპირო. დაზარალებული კ-------ე პირველივე გამოკითხვისას მისი ბინიდან მოპარულ ნივთებში ასახელებდა ვერცხლის ბეჭედს, ბრელოკს, არაძვირფასი ლითონისგან დამზადებულ საყურეს, ე.წ. ბიჟუტერიას. ბინის ჩხრეკას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელსაც პრეტენზია ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია და ხელი მოაწერა ოქმს. რაც შეეხება თარჯიმნის არყოფნას: ფაქტია, რომ ბრალდებული სრულყოფილად ვერ ფლობს პროცესის ენას და ესაჭიროება თარჯიმანი. გამომძიებელმა მ------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ბინის გასაჩხრეკად მისულ პოლიციის თანამშრომლებს ახლდათ თარჯიმანიც, იგივე განმარტება გააკეთეს ჩხრეკაში მონაწილე ბ------ ხ-–-----მ, ექსპერტებმა - კ------- დ------მ და მ------ მ-------ემ. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თარჯიმანი დ---- დ------- იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, თუმცა ბრალდებულმა განმარტა, რომ თარჯიმანი არ ყოფილა, ჩხრეკისას მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ბინაში. აღსანიშნავია, რომ ბინის ჩხრეკის მთელი პროცესი დასურათებულია ექსპერტ-კრმინალისტების მიერ და ფოტო-ცხრილი ერთვის საქმეს. ფოტოებზე კარგად ჩანს ახალგაზრდა ქალბატონი, სამოქალაქო ტანსაცმლით. ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების და ჩხრეკის ოქმის თანახმად, ის არის თარჯიმანი დ---- დ-------, რომელიც თარჯიმნობას უწევდა პ---–------ს მისი ბინის ჩხრეკისას. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარემ არ ჩათვალა მიზანშეწონილად თარჯიმნის დაკითხვა, დაცვის მხარეს კი არ მიუღია ზომები სასამართლოში თავის მტკიცებულებად წარედგინა თარჯიმნად მონაწილე პირები და მათი ჩვენებებით დაერწმუნებინა სასამართლო საკუთარი პოზიციის მართებულობაში.
37. იმისთვის, რომ ქმედებას ქურდობის კვალიფიკაცია მიენიჭოს ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია ამ ქმედების ფარულად განხორციელება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული ა---------- პ---–------ი ყველასგან ფარულად დაეუფლა ნ---- კ-------ის საცხოვრებელი ბინიდან ამ უკანასკნელის კუთვნილ ნივთებს.
38. საქმის განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
39. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
40. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
41. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
42. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
43. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
44. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
45. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა---------- პ---–------ის მიერ სსკ-ის 177-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების დადასტურება.
ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით :
46. დაზარალებულ ნ---- კ-------ის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ მას ა---------- პ---–------ისთვის მისი კუთვნილი ნივთების წაღების უფლება არ მიუცია და რომ ბრალდებული ყველასაგან ფარულად დაეუფლა კ-------ის ბინიდან სხვადასხვა ნივთს.
47. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ჩამდენი პირი. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა სახეზე, როდესაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთებს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
48. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ---- კ-------ის კუთვნილი ნივთები, ამ უკანასკნელის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე. ამასთან ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და თანდართული ფოტო-მასალით დასტურდება, რომ დაზარალებულის კუთვნილი რამდენიმე ნივთი ამოღებული იქნა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან, შესაბამისად, ბრალდებულს შეეძლო სხვისი კუთვნილი ნივთების, როგორც საკუთარის განკარგვა. ნივთების დიდი ნაწილის ბედი, რომელზეც მიუთითებს დაზარალებული, ამ დრომდე გაურკვეველია. ისინი არ აღმოჩნდა პ---–------ის ბინაში, შესაბამისად, 2017 წლის 17 მარტიდან, დანაშაულის ჩადენიდან - 2017 წლის 30 მარტამდე, ბინის გაჩხრეკამდე, პ---–------ს სრული შესაძლებლობა და საკმარისი დრო ჰქონდა ბინიდან ფარულად დაუფლებული ყველა ნივთი განეკარგა თავისი შეხედულებისამებრ.
49. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------- პ---–------ი სწორედ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ---- კ-------ის კუთვნილ ნივთებს.
ქმედების ჩადენა ბინაში უკანონოდ შეღწევით :
50. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ქურდობას ისეთ დამამძიმებელ გარემოებაში, როგორიცაა ბინაში უკანონო შეღწევა.
51. "ბინა” არის ადამიანის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული ნ---- კ-------ე ცხოვრობს ქ. ბათუმში, მერკვილაძის ქუჩა N-/18-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რომელიც 2017 წლის 17 მარტს, სახლში დაბრუნებულს, გაქურდული დახვდა.
52. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, მერკვილაძის ქუჩა N-, ბინა N---ში, რომლის კარების საკეტს რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ამოღებულ იქნა ბინის შესასვლელი კარების საკეტის გულა.
53. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის არ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასამართლო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 10 აპრილის N----- დასკვნის თანახმად, ნ---- კ-------ის ბინის შესასვლელი კარი საკეტის გულა გამართულ მდგო----ეობაშია, მის გარე ზედაპირზე რაიმე დაზიანება არ აღინიშნება,ის გახსნილია მორგებული გასაღებით - გამღებით.
54. ბრალდებული ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ე.წ. „ატმიჩკები“.
55. ექსპერტმა -ტრასოლოგმა რ---–---- გ-----ემ, საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ ე.წ. „ატმიჩკა“ არის ქარხნული წესით დამზადებულ ნივთი, რომელზეც კუსტარულად არის შეტანილი ცვლილება. ასეთი „ატმიჩკები“ გასაღების გარეშე აღებს საკეტს. თუ მას კუსტარულად გაკეთებული აქვს კბილები, „ატმიჩკა“ ითვლება - „გამღებად“. ნ---- კ-------ის საცხოვრებელი ბინის კარები სწორედ „გამღებით“ იყო გაღებული.
56. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს ქმედება ჩადენილია თუ არა ბინაში უკანონო შეღწევით, საჭიროა დამნაშავემ ქონების დაუფლების მიზნით გადალახოს წინააღმდეგობა, შეაღწიოს ბინაში და დაეუფლოს ქონებას.
57. ასევე სავალდებულოა ფაქტის დადგენა, რომ ნივთის დაუფლების განზრახვა წარმოშობილი იყოს ბინაში შეღწევამდე, რადგან ამ განზრახვის გარეშე ბინაში ყოფნა, იქ ყოფნის დროს ამ მიზნის წარმოშობა და შემდეგ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ამ მაკვალიფიცრებელი გარემოების არსებობას გამორიცხავს.
58. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები - დაზარალებულის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ა---------- პ---–------ის ბინის ჩხრეკის ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტ რ---–---- გ-----ის ჩვენება - ადასტურებენ, რომ ა---------- პ---–------მა, დაზარალებულ ნ---- კ-------ის საცხოვრებელ სახლში შეაღწია უკანონოდ, ქურდობის ჩადენის მიზნით ე.წ. გამღების გამოყენებით.
59. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------- პ---–------იმ ჩაიდინა ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით.
კვალიფიკაციის შეცვლა:
60. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---------- პ---–------ს ბრალად ედება ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, რადგან ბრალდების მხარის პოზიციით, პ---–------ის ქმედებით დაზარალებულმა ნ---- კ-------ემ მიიღო 11 000 ლარის ოდენობით ზიანი, საიდანაც ფულადი თანხა 3000 ლარია, ხოლო დანარჩენი იმ ძვირფასეულობის ღირებულებაა, რომელიც დაუფლებულ იქნა პ---–------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
61. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
62. დაზარალებული ნ---- კ-------ის მტკიცებით, მისი სახლიდან დაუფლებული იქნა 3000 ლარის ოდენობის ფულად თანხა და სხვადასხვა დასახელების ძვირფასი ნივთები - ბეჭდები, საყურეები, საათები.
63. დაზარალებულის ამ განმარტების გარდა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ-------ის მიერ ამ ნივთების თუნდაც ფლობის ფაქტს, ასევე იმ გარემოებას, რომ სწორედ მის მიერ დასახელებული ოდენობით ფულადი თანხა შესაძლოა ჰქონოდა სახლში.
64. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს პოზიცია, ერთის მხრივ, სრულებით არ ნიშნავს დაზარალებულის ჩვენების სისწორესა და მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანას, ჩვენება საკმაოდ თანმიმდევრული და დამაჯერებელია, თუმცა, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას სახელმძღვანელო უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
65. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს პ---–------ის მიერ დიდი ოდენობით მოძრავი ნივთების ქურდობაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კ-------ის ბინიდან მოპარული ნივთები, რომლებიც პ---–------ის ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული, შეფასდა სასაქონლო ექსპერტიზის ფარგლებში და მათი ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის N002254217 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 40 ლარს. სხვა ნივთების ღირებულებასთან დაკავშირებით, რომელთა ბედი გაურკვეველია, ასეთი მყარი და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულება სასამართლოს არ წარდგენია, შესაბამისად, რთულია ცალსახად და გადაჭრით, მხოლოდ დაზარალებულის სიტყვიერი განმარტების და შეფასების საფუძველზე, ითქვას, რომ მათი ღირებულება სცდება დიდი ოდენობის კანონით დადგენილ ზღვარს.
66. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
67. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
68. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
69. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
70. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
71. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
72. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
73. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------- პ---–------ის მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით წარდგენილი კვალიფიკაცია, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი ნივთების ქურდობისთვის - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ, ამოერიცხოს ბრალდებიდან და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქ/პუნქტით, რომელიც პასუხისმებლობას ითვალისწინებს ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
74. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---------- პ---–------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით - შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
75. ა---------- პ---–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
76. ა---------- პ---–------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
77. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
78. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
79. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
80. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
81. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
82. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
83. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
84. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------- პ---–------ის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
85. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა---------- პ---–------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
86. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ჩხრეკის და ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ასევე შპს „ქოინჯულარის“ ვიდეოჩანაწერები, რაც დისკების სახით ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნაჭერი, ხელის კვლები, საკეტის გულა და გასაღები, ა---------- პ---–------ის ნერწყვის ნიმუში, ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ე.წ. „ატმიჩკა-გამღები“, „ტისკი“ და სხვა საგნები, რომლებიცც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვერცხლის ბეჭედი, ბრელოკი და საყურე, უნდა დაუბრუნდს დაზარალებულ ნ---- კ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ ა---------- ე----ის ძე პ---–------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” და მე-4 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნას და ამოერიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით.
ბრალდებულ ა---------- ე----ის ძე პ---–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ”ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა---------- პ---–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 მაისიდან.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ჩხრეკის და ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ასევე შპს „ქოინჯულარის“ ვიდეო-ჩანაწერები, რაც დისკების სახით ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნაჭერი, ხელის კვლები, საკეტის გულა და გასაღები, ა---------- პ---–------ის ნერწყვის ნიმუში, ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ე.წ. „ატმიჩკა-გამღები“, „ტისკი“ და სხვა საგნები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ა---------- პ---–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვერცხლის ბეჭედი, ბრელოკი და საყურე, რომლებიც ასევე ინახება გამოძიების ორგანოში - დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ---- კ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი