გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2018
საქმის ნომერი
010210016001366125
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210016001366125

#2-1475/16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

17.01.2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი თამარ ევგენიძე

 

მოსარჩელე - ა(ა)იპ „ბ--------------–-ო ბ-----ის გ-----------ა

წარმომადგენელი - დ-----------ე

 

მოპასუხე - შპს „ს----------–-----------ა“

წარმომადგენელი - მ------------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხე შპს „ს----------–-----------ისათვის“, სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის - 32 599.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება, მოსარჩელე ა(ა)იპ „ბ--------------–-ო ბ-----ის გ-----------ის“ სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

 

„საფოსტო მომსახურების შესახებ“ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ევალებოდა მოსარჩელისათვის გაეწია საფოსტო მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.

 

მოპასუხემ დაარღვია რა სახელშეკრულებო ვალდებულება არ უზრუნველყო მოსარჩელის საფოსტო გზავნილის - სააპელაციო შესაგებლის, ადრესატისათვის - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის დროული მიწოდება, რამაც განაპირობა საპროცესო ვადის გაშვების მოტივით მოსარჩელის სააპელაციო შესაგებლის განუხილველად დატოვება და ა(ა)იპ „ბ--------------–-ო ბ-----ის გ-----------ის ინტერესების საწინააღმდეგო (32 599.00 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მომტანი) დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ქონია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 3 თებერვალს და 2015 წლის 22 ივლისს შპს „ს----------–-----------ასა“ და ა(ა)იპ „ბ--------------–-ო ბ-----ის გ-----------ას“ შორის გაფორმდა #37/15/6004 და #50/15/6004 ხელშეკრულებები, საფოსტო მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვით, შემსრულებელი (შპს „ს----------–-----------ა“) დამკვთის სურვილის გათვალისწინებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, კისრულობდა ვალდებულებას განეხორციელებინა საფოსტო მომსახურება, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფოსტო მომსახურების პროდუქტების ფარგლებში. ხელშეკრულებათა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულებათა შემადგენელი ნაწილით - ხელშეკრულებათა დანართებით განისაზღვრა საფოსტო გზავნილის მიღებისა და მისი ადრესატისათვის ჩაბარების წესები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 3 თებერვლის #37/15/6004 ხელშეკრულება - ს. ფ. 15-21;

- #37/15/6004 ხელშეკრულების დანართი - ს. ფ. 22-24;

- 2015 წლის 22 ივლისს #50/15/6004 ხელშეკრულება - ს. ფ. 25-31;

- #50/15/6004 ხელშეკრულების დანართი - ს. ფ. 32-34;

 

3.1.2. საფოსტო მომსახურების შესახებ #50/15/6004 ხელშეკრულებით შპს „ს----------–-----------ის“ ვალდებულებას შეადგენდა - მკაცრად დაეცვა საფოსტო გზავნილების გაფორმების, მომზადების, შემსრულებლისათვის მათი გადაცემის წესები (7.4. პუნქტი). ხელშეკრულების დანართით კი განისაზღვრა, საფოსტო მომსახურების მიღების მიზნით, დამკვეთის მიერ საფოსტო გზავნილის შემსრულებლისათვის გადაცემის დადასტურდების წესი, რაც გულისხმობდა გზავნილი შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას და მისთვის მაიდენტიფიცირებელი ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საფოსტო გზავნილი ითვლებოდა რეგისტრირებულად (შეკვეთილად) (1.7 პუნქტი). იმავე დანართით განისაზღვრა შპს „ს----------–-----------ის“ ვალდებულება საფოსტო გზავნილის პირველი მიტანა განეხორციელებინა - მომსახურების მიღების ჩვეული რეჟიმის შემთხვევაში - 72 საათის განმავლობაში, საფოსტო გზავნილი მიღების სწრაფი (დაჩქარებული) რეჟიმის შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში (2.2.1 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 22 ივლისს #50/15/6004 ხელშეკრულება - ს. ფ. 25-31;

- #50/15/6004 ხელშეკრულების დანართი - ს. ფ. 32-34;

 

3.1.3. ა(ა)იპ „ბ--------------–-ო ბ-----ის გ-----------ა“ 2013 წლის 19 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #98 ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებდა შპს „ჯ------------------სთან“. 2014 წლის 23 ივნისის #27 ბრძანებით ა(ა)იპ „ბ--------------–-ო ბ-----ის გ-----------ამ“ შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #98 ხელშეკრულება შპს „ჯ------------------სთან“ და პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 32 599.75 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს #1126-1060-2015 განჩინება - ს. ფ. 39-41;

 

3.1.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ------------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა(ა)იპ „ბ--------------–-ო ბ-----ის გ-----------ის“ დირექტორის 2014 წლის 23 ივნისის #27 ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #98 ხელშეკრულების შეწყვეტისა და შპს „ჯ----------------იისათვის“ პირგასამტეხლოს სახით 32 599.75 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ დარჩა ძალაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაცი წესით გაასაჩივრა შპს „ჯ------------------მ“.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი, საპროცესო ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველად, ხოლო შპს „ჯ------------------ს“ სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად დაკმაყოფილდა - გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და გასაჩვრებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 19 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #98 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და შპს „ჯ------------------სათვის“ პირგასამტეხლოს - 32 599.75 ლარის, დაკისრების თაობაზე ა(ა)იპ-ის 2014 წლის 23 ივნისის #27 ბრძანება.

 

ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ა(ა)იპ-ის საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, ვინაიდან ა(ა)იპ-მა საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 23 სექტემბერს, მაშინ როცა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის ვადა ეწურებოდა 2015 წლის 21 სექტემბერს, 24:00 საათზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.11.2015 წლის #1126-1060-2015 განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა განმარტება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს #1126-1060-2015 განჩინება - ს. ფ. 39-41;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთა შორის გაფორმებული „საფოსტო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, მოპასუხე შპს „ს----------–-----------ის“ მხრიდან არ დასტურდება. მოსარჩელემ საფოსტო გზავნილი (სააპელაციო შესაგებელი) შპს „ს----------–-----------ის“ ბათუმის #6004 სერვის ცენტრის შესაბამის თანამშრომელს ჩააბარა 17.08.2015 წელს. საფოსტო გზავნილი ადრესატს - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 18.08.2015 წელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვეს ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა რა მოსარჩელის ბრძანება კონკრეტული კომპანიისათვის პირგასამტეხლოს სახით 32 599 ლარის დაკისრების თაობაზე, მოსარჩელემ დაკარგა ამ თანხის მიღების შესაძლებლობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მისთვის არახელსაყრელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობამ - საფოსტო გზავნილის მიღება/გაგზავნის დათქმულ ვადაში განუხორციელებლობამ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები, კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი განპირობებულია სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით, (მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით) და არსებობს რეალური და არა მოჩვენებითი მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ამასთან ზიანის ანაზღაურების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად აუცილებელია ყველა ამ წინაპირობის ერთდროულად არსებობა, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მსჯელობას იქონიებს მხარეთა შორის სადავოდ მიჩნეული, ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობა/არ არსებობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის სადავოა საფოსტო გზავნილის - სააპელაციო შესაგებლის, შპს „ს----------–-----------ის“ სერვისცენტრისათვის ჩაბარების თარიღი.

 

მოსარჩელის მტკიცებით საფოსტო გზავნილი - სააპელაციო შესაგებელი, მოპასუხეს (ბათუმის #6004 სერვისცენტრს) გადაეცა 2015 წლის 11 აგვისტოს, თუმცა სერვისცენტრმა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით, გზავნილი დაარეგისტრირა და გადააგზავნა რამდენიმე დღის დაგვიანებით - 2015 წლის 17 აგვისტოს, რამაც განაპირობა გზავნილის ადრესატისათვის დაგვიანებით მიწოდება, ა(ა)იპ-ის მხრიდან საპროცესო ვადის გაშვებულად მიჩნევა და შესაბამისად, მისთვის არახელსაყრელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.

 

მოპასუხის მტკიცებით კი, სერვისცენტრმა გზავნილი მიიღო და დაარეგისტრირა 2015 წლის 17 აგვისტოს და მეორე დღესვე ჩააბარა ადრესატს, სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსის გათვალისწინებით თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს მათ მიერვე მითითებული ფაქტების მტკიცებისა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული არგუმენტის გაქარწყლების ტვირთი. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე, მის მიერ მითითებული გარემოების - საფოსტო გზავნილის მოპასუხისათვის 2015 წლის 11 აგვისტოს ჩაბარების ფაქტის დასადასტურებლად, შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი ახსნა-განმარტებით. სხვა რაიმე მტკიცებულება ამ გარემოების დასადასტურებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოსარჩელისაგან განსხვავებით, მოპასუხემ მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სადავო გზავნილი რეგისტრაციის მიღება/ჩაბარების ამსახველი წერილობითი მასალები, მათ შორის ამონაწერი ელექტრონული რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება მოპასუხე კომპანიის სერვისცენტრში საფოსტო გზავნილის 2015 წლის 17 აგვისტოს ჩაბარების ფაქტი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მასალებში ასახული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მხარის მიერ რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. მხოლოდ სიტყვიერი განმარტება კი საკმარისი არ არის სადავო გარემოების დასადასტურებლად, მით უფრო იმ პირობებში, როცა წარმოდგენილი წერილობითი მასალები უდავოდ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ გზავნილის მიღება, გადაგზავნა, ადრესატისათვის გადაცემას მოპასუხე მხარე ახდენდა მხარეთა შორის გაფორმებული საფოსტო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

 

კერძოდ, დადგენილია, რომ საფოსტო გზავნილის მიღებისა და მისი ადრესატისათვის ჩაბარების წესებს განსაზღვრავდა საფოსტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი, რომლის 1.7. პუნქტის მიხედვით საფოსტო მომსახურების მიღების მიზნით, დამკვეთის მიერ საფოსტო გზავნილის შემსრულებლისათვის გადაცემა დასტურდება გზავნილის შესაბამის რეესტრში რეგისტრაციითა და მისთვის მაიდენტიფიცირებელი ნომრის მინიჭებით, რის შემდეგაც საფოსტო გზავნილი ითვლება რეგისტრირებულად (შეკვეთილად).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სწორედ ამ წესით გზავნილის მიღების, მაიდენტიფიცირებელი ნომრის მინიჭებისა და რეგისტრაციის ფაქტის ამსახველი/დამადასტურებელი წერილობითი მასალები, რომლებიც სასამართლოს აზრით წარმოადგენენ სსკ-ის 102.3 მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებებს მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ განახორციელა მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების მოპასუხის მხრიდან სახელშერულებო ვალდებულების დარღვევისა და ამით ზიანის მიღების ფაქტის სათანადო მტკიცება. წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ წერილობით მტკიცებულებებს:

 

- შპს „ს----------–-----------ის“ წერილობითი ინფორმაცია - ს. ფ. 37-38;

- გადაზიდვის დეტალები (ამონაწერი ელექტრონული რეესტრიდან) - ს.ფ. 56-57;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 411-412-ე, 394-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ სათანადოდ არ შეასრულა ნაკისრი სახელშეკრულებო მოვალეობა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიაყენა მატერიალური ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელსაც ის მიიღებდა, 32 599 ლარის ოდენობით, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, ქმნიან თუ არა ზიანის ანაზღაურების დავალდებულების წინაპირობას. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს საფოსტო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ან არაჯეროვნად შესრულების საკითხი და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სახელშეკრულებო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად, დავა უნდა გადაწყდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

სკ-ის 629.1 მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საფოსტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით უზრუნველეყო გზავნილის მიღება, რეგისტრაცია და მისი ადრესატისათვის გადაგზავნა/მიწოდება. მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, სკ-ის 361.2-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხი უნდა აგოს ნებისმიერი იმ ზიანის გამო, რომელიც შესძლოა განიცადოს კონტრჰაგენტმა დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ ზიანის ანაზღურების ვალდებულება საქმის მასალებით დადასტურებული უნდა იქნეს თავად ზიანის არსებობის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით და უნდა არსებობდეს რეალური მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა (უმოქმედობას) და მოსარჩელე მხარისათვის მიყენებულ ზიანს შორის.

 

მოსარჩელის მტკიცებით მის მიერ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხა 32 599 ლარი, წარმოადგენს იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ის პირგასამტეხლოს სახით მიიღებდა შპს „ჯ------------------საგან“, მის მიერვე გამოცემული ბრძანების საფუძველზე და რომლის მიღების შესაძლებლობა დაკარგა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით.

 

სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით კვლევის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „ს----------–-----------ის“ მხრიდან, საფოსტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტს, (რაზეაც აპელირებდა მოსარჩელე მხარე) ადგილი არ ქონია (გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). შესაბამისად, არ არსებობს სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის მოტივით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელის არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის საპროცესო ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ „ბ--------------–-ო ბ-----ის გართიანების“ სარჩელი მოპასუხე შპს „ს----------–-----------ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი