გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
421210016001576696
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 421210016001576696

(2/90-2016)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 თებერვალი, 2018 წელი. ქ. მარტვილი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

მარტვილის მუნიციპალიტეტში - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი -მელანო შალამბერიძე

მოსარჩელე - შპს „ვე----------ი“

წარმომადგენელი - გი------ თა---ე

მოპასუხე - ინ-- მა--------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ინ-- მა--------ასათვის 1940.69 ლარის ანაზღაურების დაკისრება, მოსარჩელე შპს „ვე----------ი“-ს სასარგებლოდ;

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ინ-- მა--------ამ #11------4 სასესხო განაცხადის საფუძველზე 2015 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელისგან მიიღო სესხი-450 ლარი შემდეგი პირობებით: საკომისიო-81 ლარი; საპროცენტო განაკვეთი-18%; მოქმედების ვადა-2015 წლის 26 დეკემბერი. მოპასუხეს დღმდე გადახდილი აქვს 198 ლარი, რითაც დაფარულ იქნა იქნა ჯარიმის თანხა. ამჟამინდელი მდგომარეობით მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ 1940.69 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა-450 ლარი, საკომისიო-81 ლარი და ჯარიმა-1409.69 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ინ-- მა--------ამ საკრედიტო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო სარჩელის მოთხოვნა არ ცნო საპროცენტო განაკვეთის, პირგასამტეხლოსა და საკომისიო თანხის მოთხოვნის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 26 ნოემბერს შპს „ვე----------სა“ და ინ-- მა--------ას შორის დაიდო სესხის # 11------4 ხელშეკრულება, რომლის თანახმად ინ-- მა--------ამ იმავე დღეს, 2015 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელე შპს „ვე----------ი“-სგან მიიღო სესხი-450 ლარი, 30 დღის ვადით სარგებლის 18%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2015 წლის 27 დეკემბერი.

 

3.2.2.მოვალეს სესხების დაფარვა უნდა ეწარმოებია ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად, კერძოდ, 2015 წლის 27 დეკემბერს, რაც მოვალის მიერ არ განხორციელებულა. წინამდებარე სარჩელის შემოტანის დღისათვის ინ-- მა--------ას

სესხის # 11------4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს ჯამში 198 ლარი , საიდანაც 158 ლარი გადაიხადა 2016 წლის 29 თებერვალს, ხოლო 40 ლარი -2016 წლის 6 ივნისს.

 

3.2.3.წინამდებარე სარჩელის შემოტანის დღისათვის მოპასუხე ინ-- მა--------ას ვალდებულება სესხის # 11------4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს

1940.69 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა-450 ლარი, პროცენტი-81 ლარი და ჯარიმა-1409.69 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის # 11------4 ხელშეკრულება;

- სესხის განსაკუთრებული პირობები;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკები;

- ცნობა ფინანსური ვალდებულებების შესახებ;

-საგადახდო დავალებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ვე----------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 867-868-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე-892-ე,464-464-ე, 895-ე, 898-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 286-ე 301-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებმა სესხის ხელშეკრულება დადეს წერილობითი ფორმით, შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე და მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეზე გასცა სესხის სახით გასცა 450 ლარი, შესაბამისი (18%) საპროცენტო განაკვეთით. ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულებაში ასახული პირობების ნამდვილობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არ აწესებს სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მხარეთა შორის ნების გამოვლენისას, რაიმე შეზღუდვას, ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან ისეთ პირობებზე, რაც მათთვისაა სასურველი და მისაღები. მოცემულ შემთხვევაშიც, მხარეები შეთანხმდენენ ძირითადი თანხისა და სარგებლის ოდენობაზე, შესაბამისად, ისეთ პირობებზე, როგორიც მათ სურდათ, მხარეებს შორის ნების გამოვლენის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა და მხარეთა შეთანხმებაში არც კანონსაწინააღმდეგო პირობა გამოვლენილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვადამდე შეწყვიტა რა ხელშეკრულება, მიიღო მატერიალური ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პროცენტის სახით მისაღები თანხა წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს და არსებობს მოპასუხისათვის მისი ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული იყო მოპასუხის ვალდებულება გადაეხადა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, თუმცა სასამართლო თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. იმავდროულად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხარისხისა და მიზეზის, ასევე, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროიდან სასამართლოსათვის მომართვამდე პერიოდის გათვალისწინებით, (რამაც ბუნებრივია ზეგავლენა იქონია პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდაზე), პირგასამტეხლოს დარიცხული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა შემცირდეს.

 

სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მიიჩნევს, რომ თანხაში, 1409.69 ლარში განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან, მოპასუხე ინ-- მა--------ამ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მას უნდა დაეკისროს შეუსრულებელი ვალდებულების სრულად ანაზღაურება ძირითადი თანხისა და სარგებლის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი უნდა შემცირდეს და საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი, საიდანაც მითითებული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ აღიარებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 30 ლარის გადახდა, მოსარჩელის შპს „ვე----------ი“ -ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი-12.29 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და უნდა დარჩეს იმავე ანგარიშზე, ხოლო შპს „ვე----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 7.71 (შვიდი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს „ვე----------ი“ -ს მოთხოვნა;

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე - ინ-- მა--------ას (პირადი N 51--------1) მოსარჩელე - შპს „ვე----------ი“ -ს (ს/კ 40------0) სასარგებლოდ 1000 (ერთი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

2 დაეკისროს მოპასუხე - ინ-- მა--------ას (პირადი N 51--------1) მოსარჩელე შპს „ვე----------ი“ -ს (ს/კ 40------0) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 30 (ოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელის შპს „ვე----------ი“ -ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი-12.29 (თორმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და დარჩეს იმავე ანგარიშზე.

 

4. დაუბრუნდეს შპს „ვე----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 7.71 (შვიდი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი.

 

5. გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია