გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820-10017002199062 ( №3-180 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
განმცხადებელი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
წარმომადგენელი - ირ---–------–-ძე, სა----------–----ძე
დაინტერესებული პირი - გო-----------ძე
მოთხოვნის არსი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება
აღწერილობითი ნაწილი:
1. განმცხადებელი მხარის მოთხოვნა
1.1. ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000-კვ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ფ-----ში მდებარე გო-----------ძის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მთლიან 676 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე ნაწილზე 53 კვ.მ. და მასზე არსებულ ნარგავებზე. (ს/კ 22.24.0-.0--).
სასამართლოს გადაწყვეტილების მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.2. თავის მოთხოვნას განმცხადებელი მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელების ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000-კვ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს .
განმცხადებელი მიუთითებს, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისათვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მონაკვეთს მახინჯაურიდან ჭოროხის მდინარემდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14,3 კმ და გზის სიგანე შეადგენს 14.0 მეტრს.
ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000-კვ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის დაფინანსებას ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).
ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც უვლის ქ. ბათუმს აღმოსავლეთიდან, მთელ სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. გზის უმეტესი ნაწილი მიყვება ახალ ტრასას და გაივლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი - ფოთი (ასაქცევი) სარფის საავტომობილო გზაზე არსებულ საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ, სოფელ მახინჯაურის მისადგომებთან. საპროექტო გზა გადის მთიან რელიეფზე. პროექტის ფარგლებში აშენდება გვირაბი, ხიდები და სატრანსპორტო კვანძები.
გზის მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:
გზის ხარისხი - საერთაშორისო ავტომაგისტრალი; საანგარიშო სიჩქარე - 100კმ/სთ; გზის საფუძვლის სიგანე - 14,0 მ; სავალი ნაწილის სიგანე - 7,0 მ; სამოძრაო ზოლის სიგანე - 3,5 მ; მოპირკეთებული გვერდულების სიგანე 2,5 მ; მოსაპირკეთებელი გვერდულების სიგანე 1,0 მ. საფარის ტიპი ასფალტ - ბეტონი გზისთვის - ცემენტ ბეტონი ხუთი გვირაბისთვის.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ფ-----ში მდებარე გო-----------ძის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მთლიან 676 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე ნაწილზე 53 კვ.მ. და მასზე არსებულ ნარგავების გამოსყიდვაზე. მხარეთა შორის მოლაპარაკება ძირითადად ვერ შედგა საექსპროპრიაციო ქონების საკომპენსაციო ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს (საქმეში დაინტერესებულ პირს) წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, თუმცა შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ამავე წერილით, გო-----------ძე ინფორმირებული იყო, რომ უარის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონის თანახმად და საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
განმცხადებელი მხარე აღნიშნავს, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით საქმის მასალები გადაიგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც ჩატარდა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველი კომისიის სხდომა. 2017 წლის 16 ნოემბრის გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/496 ბრძანება ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“, რომლითაც განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა, ხოლო ექსპროპრიაციის უფლების მისანიჭებელ სუბიექტად დადგინდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით დეპარტამენტის მიერ მინისტრის ბრძანება ექსპროპრიაციის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე– 2 პუნქტის და ამავე კანონის მე–5 მუხლის შესაბამისად, განმცხადებელი მხარე მოითხოვს, ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიანიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ ქონებაზე:
ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ფ-----ში მდებარე გო-----------ძის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მთლიან 676 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე ნაწილზე 53 კვ.მ. და მასზე არსებულ ნარგავებზე. (ს/კ 22.24.0-.0--)
2. სასამართლოს გადაწყვეტილება მოექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (სპეციალური ნორმის ,,აუცილებები საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად).
2.დაინტერესებულ პირთა პოზიცია
2.1. დაინტერესებულმა პირმა გო-----------ძემ განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც არ ეთანხმება განმცხადებლის მოთხოვნას. სასამართლო სხდომაზე გო-----------ძემ დააფიქსირა იგივე პოზიცია და განმარტა, რომ არ არის გზის მსენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ ჯერ უნდა მოხდეს სამართლიანი ანაზღაურება და ამის შემდგომ არის შესაძლებელი ექსპროპრიაცია. არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მიწის ნაწილის სახელმწიფოზე გადაცემით მთლიანი ნაკვეთი კარგავს დანიშნულებას. ნაკვეთი წარმოადგენს ფერდობ ადგილს, პრობლემური ხდება მისასვლელი გზა.
გო-----------ძე მიიჩნევს, რომ არ არის გათვალისწინებული მესაკუთრის ინტერესები და შეტავაზებული თანხა შეუსაბამოა, შესაბამისად მოთხოვნა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზეც არის უკანონო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ - 1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს, რომლის დაფინანსებას ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მონაკვეთს მახინჯაურიდან ჭოროხის მდინარემდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14.3 კმ და გზის სიგანე შეადგენს 14.0 მეტრს. ბათუმის შემოვლითი გზა, უვლის ქ. ბათუმს აღმოსავლეთიდან, მთელს სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში, გზის უმეტესი ნაწილი მიჰყვება ახალ ტრასას და გაივლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი - ფოთი (ასაქცევი) - სარფის საავტომობილო გზაზე არსებულ საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ, სოფელ მახინჯაურის მისადგომებთან. საპროექტო გზა გადის მთიან რელიეფზე. პროექტის ფარგლებში აშენდება გვირაბი, ხიდები, და სატრანსპორტო კვანძები. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული იქნა მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების მესაკუთრეების მიმართ შესაბამისი საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, ბათუმის ასაქცევი გზა (I მონაკვეთი).
3.1.2. ბათუმის შემოვლითი გზის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული, გო-----------ძის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც გადაწყდა, ქონების მესაკუთრესთან შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, უძრავი ქონების მესაკუთრეს (საქმეში დაინტერესებულ პირებს) წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება. ამავე წერილებით, მესაკუთრე ინფორმირებული იყო, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონის თანახმად და საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ გო-----------ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილები უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ;
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. საქმის მასალებში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ ბათუმის შემოვლითი გზის კმ- 1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის, შემოვლითი გზის განთავსების ზოლში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს გო-----------ძე (თუმცა მიწის ნაკვეთი დატვირთულია იპოთეკით ბანკის მიერ) გზის განთავსების ზოლში მოქცეულია საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი, 53 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ნარგავები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,- მხარეთა ახსნა განმარტებები, ნახაზები, მიწის ნაკვეთის ფოტოები.
3.1.4. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით საქმის მასალები გადაიგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც ჩატარდა ექსპრორპიაციის საკითხების განმხილველი კომისიის სხდომა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის N1-1/496 ბრძანებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება (ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე).
დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით დეპარტამენტის მიერ მინისტრის ბრძანება ექსპროპრიაციის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება
– გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, N239-240 ნომერი;
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი; საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის. ამდენად, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.
საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.
6.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში. ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
6.4.საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.
დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.
ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვარით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.
6.5. `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.
აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - საზოგადოებრივ საჭიროებისათვის გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.
6.6. დადგენილია და უდავო, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ - 1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს, რომლის დაფინანსებას ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მონაკვეთს მახინჯაურიდან ჭოროხის მდინარემდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14.3 კმ და გზის სიგანე შეადგენს 14.0 მეტრს. ბათუმის შემოვლითი გზა, უვლის ქ. ბათუმს აღმოსავლეთიდან, მთელს სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში, გზის უმეტესი ნაწილი მიჰყვება ახალ ტრასას და გაივლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი - ფოთი (ასაქცევი) - სარფის საავტომობილო გზაზე არსებულ საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ, სოფ. მახინჯაურის მისადგომებთან. საპროექტო გზა გადის მთიან რელიეფზე. პროექტის ფარგლებში აშენდება გვირაბი, ხიდები და სატრანსპორტო კვანძები. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული იქნა მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების მესაკუთრეების მიმართ შესაბამისი საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება.
ბათუმის შემოვლითი გზის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული, გო-----------ძის კერძო საკუთრებაში არსებული ერთი ერთეული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა, რადგანაც ქონების მესაკუთრემ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნია.
სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისათვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება თვით გო-----------ძეც.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება - შემდეგი მესაკუთრის უძრავ ქონებაზე:
ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ფ-----ში მდებარე გო-----------ძის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მთლიან 676 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე ნაწილზე 53 კვ.მ. და მასზე არსებულ ნარგავებზე. (ს/კ 22.24.0-.0--
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.
მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.
`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლის აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა . ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირი, ქონების მესაკუთრე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000-კვ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიანიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ფ-----ში მდებარე გო-----------ძის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მთლიან 676 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე ნაწილზე 53 კვ.მ. და მასზე არსებულ ნარგავებზე. (ს/კ 22.24.0-.0--)
3. სასამართლოს გადაწყვეტილება მოექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (სპეციალური ნორმის ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად).
4.მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან,5.გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე