გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2018
საქმის ნომერი
120210017002177649
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
22.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/682-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--ს ბანკი’’;

წარმომადგენელი - ი-----–--------–-ა;

მოპასუხე - დ----- ფ------–---–ი, ფ------ი ჯ------–---–ი;

წარმომადგენელი - ი-----–-----------ე;

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს დ----- ფ------–---–ს და ფ------ ჯ------–---–ს სს,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ 2014 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 32 000 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა-14 172,12 ლარი, პროცენტი-5 071.62 ლარი და პირგასამტეხლო-12 756,26 ლარი.

1.2. მოპასუხეებს დ----- ფ------–---–ს და ფ------ ჯ------–---–ს სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში სააპლიკაციო საფასურის -100 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2014 წლის 06 აგვისტოს სს ,,ს----------–--ს ბანკსა“ და დ----- ფ------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N1935691, რომლის თანახმად, დ----- ფ------–---–ზე გაიცა სესხი 14 948 ლარის ოდენობით, წლიური 17,7 % სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 06 აგვისტოს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ფ------ ჯ------–---–მა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 29 896 ლარით.

 

მოპასუხეების მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, გაფრთხილების მიუხედავად სესხი კვლავ არ არის გადახდილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეების წარმომადგენელმა ი-----–-----------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 16138,62 ლარის ნაწილში (ძირი თანხა 14 172,12 და პროცენტი 1966,5 ლარი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 06 აგვისტოს სს ,,ს----------–--ს ბანკსა“ და დ----- ფ------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N1935691, რომლის თანახმად, დ----- ფ------–---–ზე გაიცა სესხი 14 948 ლარის ოდენობით, წლიური 17,7 % სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით (21.08.2017 წლამდე), პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.08.2014წ. სესხის ხელშეკრულება N1935691(ს.ფ. 17-21);

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 22);

 

3.1.2. 2014 წლის 06 აგვისტოს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ფ------ ჯ------–---–მა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 29 896 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.08.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.24-30);

- ფ------ი ჯ------–---–ის 06.08.2014წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 23);

 

3.1.3. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად სესხის დაფარვა არ მომხდარა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.33-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;(იხ.სხდ.ოქმი 11.01.2018);

- შეტყობინებები (ს.ფ. 37-38);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. მოპასუხეების დავალიანება 2014 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: სესხის ძირი 14 172,12 ლარი, პროცენტი - 4605,45 ლარი და პირგასამტეხლო - 12756,26 ლარი.

 

მოპასუხე მხარემ სადავო გახადა ვალდებულების ოდენობა, იგი ეთანხმება სესხის ძირს 14172,12 ლარს და პროცენტს ნაწილობრივ, რაც შეადგენს 1966,5 ლარს. სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის სესხის პროცენტის - 5071,72 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე, თუმცა ასევე არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას სრულად. მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა სარგებლის ნაწილში მეტია ვიდრე სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პროცენტის ოდენობა. ზედმეტობის შესახებ მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ თანხაში მოიაზრება პროცენტის ოდენობა სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე. რაც დაუშვებელია, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს - 2017 წლის 21 აგვისტოს, შესაბამისად, მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პერიოდზე სარგებლის დაკისრების მოთხოვნა დაუშვებელია. შესაბამისად, სარგებლის ოდენობა შეადგენს 4605,45 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,საქართევლოს ბანკის’’ 15.11.2017წ. ცნობა ფინანსური ვალდებულებების შესახებ;

- 06.08.2014წ. სესხის ხელშეკრულება N1935691(ს.ფ 17-21);

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 22);

- 06.08.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.24-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,საქართველოს ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 301-ე, 416-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულებების შესასრულებლად, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლოდ და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

ამავე კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულებების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

2014 წლის 06 აგვისტოს სს ,,ს----------–--ს ბანკსა“ და დ----- ფ------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N1935691, რომლის თანახმად, დ----- ფ------–---–ზე გაიცა სესხი 14 948 ლარის ოდენობით, წლიური 17,7 % სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით. 2014 წლის 06 აგვისტოს სს ,,ს----------–--ს ბანკსა’’ და ფ------ ჯ------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ფ------ ჯ------–---–მა აიღო ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი ბანკის წინაშე მოვალის დ----- ფ------–---–ის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–--ს ბანკის’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და დ----- ფ------–---–ის სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. დ----- ფ------–---–ი ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. დ----- ფ------–---–ის მიერ დარღვეული იქნა მისი სესხის ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--ს ბანკსა’’ და დ----- ფ------–---–ს) შორის გაფორმებული 2014 წლის 06 აგვისტოს სესხის N1935691 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დარღვეული იქნა დ----- ფ------–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. სს ,,ს----------–--ს ბანკის’’ წინაშე ნაკისრი სასესხო ვალდებულებები არ შეუსრულებია არც თავდებს ფ------ ჯ------–---–ს. დღეის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება სს ,,ს----------–--ს ბანკის’’ წინაშე სესხის ძირი თანხის ნაწილში შეადგენს 14172,12 ლარს, ხოლო სარგებელი 4605,45 ლარს.

 

ამასთანავე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე გათვალისწინებული სარგებელი და პირგასამტეხლო, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთათვის ცნობილი იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და მასზე თანდართული გადახდის გრაფიკი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

ქართულ კანონმდებლობაში პიგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთ მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს. ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო, კერძოდ 2014 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულებიდან წარმოქმნილ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო 12756,26 ლარიდან უნდა შემცირდეს და გადასახდელად დარჩეს 1000 ლარი.

6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე მხარისათვის აპლიკაციის საფასურის 100 ლარის დაკისრების შესახებ სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელე უთითებს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურს მიმართა საქმის სწრაფად და მარტივად გადაწყვეტის მიზნით, თუმცა მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მის მიერ შეთავაზებული მორიგების პირობებს, რის შემდეგაც სარჩელი წარმოადგინა სასამართლოში. თავის მხრივ მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელემ თავისი სურვილით და შეხედულების შესაბამისად მიმართა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურს, რის გამოც მის მიერ გაღებული ეს ხარჯი გადასახდელად არ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. ამასთან, მოსარჩელე მხარემ არარეალური პირობები შესთავაზა მორიგებისათვის, მან არ შეამცირა პირგასამტეხლო, რომელსაც მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი, ამის გამო, მოპასუხესთან ვერ მოხდა შეთანხმება და არა იმის გამო, რომ არ აღიარებდა ზოგადად ვალდებულების არსებობას. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებულ პოზიციას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვა არის მოსარჩელის არჩევანი და არა მისი ვალდებულება, ამასთან, გაღებული ხარჯი არ უნდა გადახდეს მოპასუხეს იმის გამოც, რომ შეთანხმება მათ შორის ვერ შედგა პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, რაც ასევე დადგინდა სასამართლოში საქმის განხილვით, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და შეამცირა იგი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–--ს ბანკის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 960 ლარი. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 16138,62 ლარის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან მხარეები გათავისუფლდებიან და გადახდილი თანხის ნაწილი 476 ლარი დაუბრუნდება მოსარჩელე მხარეს. გარდა ამისა, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჯიდან 365 ლარი დარჩება ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხე დ----- ფ------–---–ს და ფ------ ჯ------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯიდან 119 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--ს ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხეებს დ----- ფ------–---–ს (პ/ნ4----------) და ფ------ ჯ------–---–ს (პ/ნ0----------) მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების 19 777,57 ლარის (ძირი 14 172.12 ლარი, პროცენტი 4605.45 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი) გადახდა.

3. მოპასუხეებს დ----- ფ------–---–ს და ფ------ ჯ------–---–ს სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟიდან 119 ლარის გადახდა.

4. სს ,,ს----------–--ს ბანკს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 15.11.2017წ. გადახდილი 960 ლარიდან, სახელმწიფო ბაჟი 476 ლარის ოდენობით.

5. სს ,,ს----------–--ს ბანკის’’ მიერ 15.11.2017წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 960 ლარიდან 365 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი