გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.01.2018
საქმის ნომერი
820210017001930044
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210017001930044 (2-271/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 იანვარი. 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - რო--- ს--------–---

მოსარჩელის წარმომადგენელი - ინ----------–-ძე

მოპასუხეები: - თა---- ს--------–---, გუ----–- ს--------–---, მა----- ს--------–--- ამ----- ს--------–---.

წარმომადგენელი- ჯუ---------------–-–---–ი

დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დავალდებულდნენ მოპასუხეები; თა---- ს--------–---, გუ----–- ს--------–---, მა----- ს--------–--- და ამ----- ს--------–--- ხელი არ შეუშალონ რო--- ს--------–---ს საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისათვის კომლის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური, სოფ ყო-----–-----ვი მე-4 ქუჩა, N8.

 

1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსარულებლად.

 

1.3. მოპასუხეებს დაეკისროთ სასამართლო ხარჯები.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე რო--- ს--------–--- მოპასუხეებთან ერთად ირიცხება კომლის წევრად, რომელსაც საარქივო მონაცემების მიხედვით ერიცხება უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ყო-----–-----ვი. აღნიშნული ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. რო--- სა-------–-ძის მშობლები მა----- ს--------–--- და ქე-----ნ არ-----–-ძე არიან განქორწინებული, მოსარჩელე აღარ ცხოვრობს მამისეულ სახლში და მოპასუხეებთან აქვს კონფლიქტური ურთიერთობა. რო--- ს--------–---ს სურს დაადგინოს კომლის სახელზე რიცხული მიწის ფართის ზუსტი ოდენობა, ქონება დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში და გამოეყოს თავისი რეალური წილი. მოპასუხეები არ აძლევენ მიწის ნაკვეთის აზომვისა და ნახაზის დამზადების საშუალებას, რის გამოც მომართა სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და მოითხოვენ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო განხილვისას მიცემულ განმარტებაში მოპასუხე მხარის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სადაო ქონება წარმოადგენს ყოფილი საკოლმეურნეო კომლის ქონებას. 1993 წლის იანვრიდან საკოლმეურნეო კომლმა, როგორც ასეთმა შეწყვიტა არსებობა, რადგან ამ კომლის არსებობა დაკავშირებული კოლმეურნეობასთან, ხოლო 1993 წლის 1 იანვრიდან კოლმეურნეობებმა შეწყვიტეს არსებობა. საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე 125-ე მუხლებით საკოლმეურნეო კომლის ქონება, კომლის გაუქმების შემთხვევაში ხდებოდა ამ კომლის წევრთა საკუთრება. მოსარჩელე დაბადებულია 1995 წელს ამდენად, იგი ვერანაირად ვერ იქნებოდა თა---- სა-------–-ძის კომლის წევრი 1993 წლისთვის და ამდენად მას არ მოუპოვებია საკუთრების უფლება ამ ქონებაზე. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ საკომლო წიგნის ქსეროასლს, 1993 წლის შემდეგ განხორციელებული ჩანაწერი არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ეს არის მხოლოდ რეგისტრაციის მისამართი. თუმცა მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობდა და ცხოვრობს ბათუმში ტბეთის ქუჩა 3 ბ 44-ში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

აჭარის საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გაცემული საარქივო ცნობით დგინდება, რომ ორთაბათუმის ტემის საკრებულოს დოკუმენტებით სოფელ ყო-----–-----ვის 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ს--------–--- თა----ი არის კომლის უფროსი და მასთან ერთად კომლს შემადგენლობაში ირიცხებიან: ს--------–--- გუ----–-, ს--------–--- მა-----, ს--------–--- ამ-----, ს--------–--- რო---ი. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 0.20 ჰა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელვაჩაურის არქივის ცნობა N AA2016075538-03

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე რო--- ს--------–--- ამჟამად არ ცხოვრობს მამისეულ ოჯახში მშობლების განქორწინების გამო. იგი მიიჩნევს, რომ მას, როგორც კომლის წევრს უფლება აქვს იცოდეს რა ფართის მიწის ნაკვეთი ერიცხება კომლს სარგებლობაში და მოამზადებინოს ამ ნაკვეთზე აზომვითი ნახაზი. თუკი მას აღნიშნულ ქონებაზე არ გააჩნია საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ეტყვის უარს რეგისტრაციაზე, მანამდე კი მოპასუხეების ხელშეშლის გამო ვერ ახორციელებს კანონით მინიჭებულ უფლებას.

 

მოპასუხე მხარე საპირისპიროს აცხადებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რო--- ს--------–---ს არავითარი უფლება არ გააჩნია და აზომვითი ნახაზის მომზადება სურს სხვის მიწის ნაკვეთზე, რითაც ირღვევა მესაკუთრეთა, უფლება, შესაბამისად მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლა აზომვითი ნახაზის დამზადებაზე კანონიერია.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მხრიდან კომლის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აზომვითი ნახაზის მომზადების ხელშეშლა არის უკანონო, რაც იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოთხოვნა ხელსეშლის აღკვეთზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში მოტხოვნას უარი უნდა ეთქვას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე და 125-ე მუხლები.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას როგორც კომლის წევრს, აქვს უფლება მოამზადოს აზომვითი ნახაზი საარქივო მონაცემებით კომლზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე, იცოდეს ფართის ზუსტი ოდენობა, წარადგინოს ნახაზი შესაბამის სამსახურებში, რის განხორცილებაშიც ხელს უშლიან მოპასუხეები.

 

მოპასუხე მხარე ხელშეშლის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ 1993 წლის იანვრიდან საკოლმეურნეო კომლმა, როგორც ასეთმა შეწყვიტა არსებობა, რადგან ამ კომლის არსებობა დაკავშირებული კოლმეურნეობასთან, ხოლო 1993 წლის 1 იანვრიდან კოლმეურნეობებმა შეწყვიტეს არსებობა. საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე 125-ე მუხლებით საკოლმეურნეო კომლის ქონება, კომლის გაუქმების შემთხვევაში ხდებოდა ამ კომლის წევრთა საკუთრება. მოსარჩელე დაბადებულია 1995 წელს ამდენად, იგი ვერანაირად ვერ იქნებოდა თა---- სა-------–-ძის კომლის წევრი 1993 წლისთვის და ამდენად მას არ მოუპოვებია საკუთრების უფლება ამ ქონებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია კოლმერნეობები გაუქმდა 1993 წლიდან მაგრამ კომლმა განაგრძო არსებობა საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით. საკომლო მეურნეობა რეგისტრირდებოდა საადგილმამულო (საკომლო) წიგნში. ამავე დროს მოქმედებდა საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე 125-ე მუხლებით დადგენეილი წესები. კომლის ცალკე გამოყოფა ხდებოდა ზემო აღნიშნული სამოქალაქო კოდექსის გაუქმების შემდგომაც და ვრცელდებოდა თანასაკუთრებით დადგენილი რეგულაციები.

 

6.2. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 22.03.96წ. კანონის მე-4 მუხლის თანახმად კომლი შეიძლება არსებობდეს საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 14.06.2000წ. კანონით. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილი უთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და საადგილმამულო მეურნეობაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების არსებობა მოწესრიგდეს სამოქალაქო კანონმდებლობის (1323-ე, 1463-ე, 1514-ე მუხ.) შესაბამისად. საადგილმამულო (საკომლო) წიგნში რეგისტრაცია, საფუძველი იქნება სოფლად მცხოვრები ოჯახის (რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ მიწაზე ეწევა საერთო საქმიანობას) კომლად მიჩნევისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ რო--- ს--------–--- წარმოადგენს თა---- სა-------–-ძის კომლის წევრს. ასევე დადგენილია, რომ რო--- ს--------–--- დაბადებულია 1995 წელს. დაბადაებისთანავე იგი ჩაეწერა კომლის წევრად მოპასუხეთა ნებითა და ინიციატივით, როცა კომლის ქონებაზე ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი, კომლის წევრებმა გამოხატეს ნება რო--- სა-------–-ძის კომლის წევრად ჩაწერით გადაეცათ უფლება საკუთრებაზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა თა---- ს--------–---მ, გუ----–- ს--------–---მ, მა----- ს--------–---მ და ამ----- ს--------–---მ გამოავლინეს ნება და თავისი ინიციატივით კომლის წევრებად ჩაწერეს მოსარჩელე რო--- ს--------–---. მათი ნების გამოვლენა მიმართული იყო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რასაც თან ახლდა გარდა კომლის წევრად ჩაწერისა, საცხოვრებელი ადგილის, შემდგომში ქონების წილის მიღებისა და სხვა ურთიერთობების განსაზღვრა. მხარეთა შორის დავა გამოიწვია მოსარჩელის მოქმედებამ, რომ მშობლების განქორწინების შემდგომ მან აირჩია დედასთან ყოფნა, რაც არ ართმევს უფლებას კომლის ქონებაზე, მით უმეტეს უფლებას მოამზადოს აზომვითი ნახაზი მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამჟამად არავის საკუთრებაში არ რეგისტრირებული.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეების მიერ ხელშეშლა კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადებაზე არის უკანონო, შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოპასუხეების მიერ ხელშეშლა კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადებაზე არის უკანონო, შესაბამისად არსებობს ამ ნაწილში რო--- სა-------–-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებივი საფუძველი.

 

6.6. რაც შეეხება მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37 მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, რომლის ანაზრაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, მათვე უნდა დაკისროთ იურიდიული მომსახურების თანხა 120 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რო--- სა-------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეები: თა---- ს--------–--- (პ/ნ 6----------), გუ----–- ს--------–--- (პ/ნ 6----------), მა----- ს--------–--- (პ/ნ 6----------) და ამ----- ს--------–--- (პ/ნ 6----------) დავალდებულდნენ ხელი არ შეუშალონ რო--- ს--------–---ს (პ/ნ 6----------) საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადებისათვის, კომლის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ყორილისთავი.

 

3. მოპასუხეებს - თა---- ს--------–---ს (პ/ნ 6----------), გუ----–- ს--------–---ს (პ/ნ 6----------), მა----- ს--------–---ს (პ/ნ 6----------) და ამ----- ს--------–---ს (პ/ნ 7----------) რო--- სა-------–-ძის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის 120 ლარის ანაზღაურება.

 

4. სარჩელის მოთხოვნა დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე