გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2018
საქმის ნომერი
010210016001394053
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001394053

№2-2452/2016წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - შპს ,,ბ--------------- ჯ-----ი"

წარმომადგენელი - თ----- მ--–--ე, მ--–---- ა----–--ე

მოპასუხეები - მა----- ხ-------ე, ნო--------ე (არ გამოცხადდა)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 5 962 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 380.51 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- 2015 წლის 27 მარტს მოსარჩელესა და მა----- ხ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1008447, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს 18 თვის ვადით ასესხა 2863 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, წლიურ 36%-ად, ვადაგადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ნარჩენი სესხის თანხის 0.2%-ის ოდენობით, ყოველ სრულ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2015 წლის 27 მარტს სესხის მიმართ სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე ნო--------ემ.

- სესხის დაფარვა მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით, რაც არ გაუკეთებია, ის და მისი თავდები 2015 წლის 28 აპრილიდან დღემდე არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს.

- 2016 წლის 28 მაისის მდგომარეობით მა----- ხ-------ეს გააჩნია შემდეგი დავალიანება:

სესხის ძირი თანხა: 2 863 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი: 832 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა (პირგასამტეხლო): 2 267 აშშ დოლარი.

სულ ჯამში დავალიანება შეადგენს 5 962 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის არაგონივრული, რადგან ხელშეკრულების თანახმად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს ნარჩენი სესხის თანხის 0.2%-ს, მაგრამ არანაკლებ 1 აშშ დოლარისა. პირგასამტეხლოს დადგენისას მისი არაგონივრულობა გამოიხატება ორი კუთხით: პირველი, რომ პირგასამტეხლო დადგენილია არა კონკრეტული ვადამოსული გადასახდელის გადახდის ვადის გადაცილებისას, არა ამ ვადის ვადაგადაცილებული თანხის მიხედვით, არამედ ნარჩენი თანხის მიხედვით, რომლიდანაც დიდი ნაწილის გადახდის ვადა დამდგარი არც არის. მოპასუხე აღიარებს, რომ გადასახდელი აქვს სესხის ძირი თანხა 2 863.00 აშშ დოლარი და დარიცხული სარგებელი 832.00 აშშ დოლარი, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით, უკვე მძიმე ტვირთია.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 27 მარტს მოსარჩელესა და მა----- ხ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1008447, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს 18 თვის ვადით ასესხა 2 863 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, წლიურ 36%-ად, ვადაგადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ნარჩენი სესხის თანხის 0.2%-ის ოდენობით, ყოველ სრულ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2015 წლის 27 მარტს სესხის მიმართ სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე ნო--------ემ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი,- 2015 წლის 27 მარტის სესხის ხელშეკრულება;

- 2015 წლის 27 მარტის თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.2. სესხის დაფარვა მოპასუხეს-მსესხებელს უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით, მას და მის თავდებს 2015 წლის 28 აპრილიდან დღემდე ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებელი აქვთ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი,- 2015 წლის 27 მარტის სესხის ხელშეკრულება;

- 2015 წლის 27 მარტის თავდებობის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სესხის დაფარვა მოპასუხეს-მსესხებელს უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით, მას და მის თავდებს 2015 წლის 28 აპრილიდან დღემდე ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებელი აქვთ, რის გამოც 2016 წლის 28 მაისის მდგომარეობით მა----- ხ-------ეს გააჩნია შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა: 2 863 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი: 832 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა (პირგასამტეხლო): 2 267 აშშ დოლარი. სულ ჯამში დავალიანება შეადგენს 5 962 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი,- 2015 წლის 27 მარტის სესხის ხელშეკრულება;

- 2015 წლის 27 მარტის თავდებობის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.2. . მოპასუხეები სადავოდ ხდიან პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია და მხარეებიც არ დავობენ მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს მა----- ხ-------ესა და ნო--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 2 863 აშშ დოლარისა და პროცენტის/სარგებლის სახით 832 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს ანაზღაურება 793.45 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით 1 472.55 დოლარის დაკისრების შესახებ სარჩელის ნაწილში უარი უნდა ეთქვას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებმა მისგან მიიღეს სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ არ დაუბრუნეს უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამეწარმეო სუბიექტია და ახორციელებს ფულად ოპერაციებს. მა----- ხ-------ეს სურვილი ჰქონდა თანხის დასესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე, 2015 წლის 27 მარტს მოსარჩელესა და მა----- ხ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1008447, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს 18 თვის ვადით ასესხა 2 863 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, წლიურ 36%-ად, ვადაგადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ნარჩენი სესხის თანხის 0.2%-ის ოდენობით, ყოველ სრულ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარები ასევე შეთანხმდენ სესხის სხვა არსებით საკითხებზე. პირობების შეთანხმების შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა. მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.

 

როგორც დადგენილია, შპს ”ბ--------------- ჯ-----სა” და მა----- ხ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე 2015 წლის 27 მარტის ხელშეკრულების თანახმად გაიცა სესხი 2863 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 36%-ის დარიცხვით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მა----- ხ-------ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ თამილა ანანიძე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. თ. ანანიძემ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მა----- ხ-------ეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, ანუ გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ვალდებულება არ შეასრულა და სესხის დასაფარად თანხა არ შეიტანა. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 2 863 აშშ დოლარი. დასახელებული თანხა მა----- ხ-------ემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მა----- ხ-------ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

ამ ნაწილში მოთხოვნას ეთანხმება მოპასუხეც -მსესხებელი.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. მა----- ხ-------ემ გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანა თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით მა----- ხ-------ეს გადასახდელი აქვს სარგებელი 832 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე სარჩელს მოთხოვნის ამ ნაწილშიც ეთანხმება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.2 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მა----- ხ-------ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასულია 330 დღე. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 2 267 აშშ დოლარი.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გარდა ხელშეკრულებაში სუსტი მხარის მონაწილეობის გამო პირგასამტეხლოს შემცირების გონივრულობისა, მასზე ზემოქმედება აქვს იმასაც, რომ მოსარჩელეს შეეძლო ზიანის გამოსწორება მოეთხოვა დროულად, ანუ ვალდებულების დარღვევისთანავე დროულად განეხორციელებინა რეაგირება. ვალდებულების დარღვევიდან 330 დღის გასვლაში, გარკვეულწილად მოსარჩელის ბრალიც არის, რამაც გაზარდა პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო 2 267 აშშ დოლარიდან უნდა შემცირდეს 793,45 აშშ დოლარამდე. შესაბამისად მა----- ხ-------ეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 793,45 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მარტს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხე მა----- ხ-------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე ნო--------ემ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ნო--------ე წარმოადგენს რა სოლიდარული ხელშეკრულების მხარეს, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ის პასუხისმგებელია მსესხებლის ვალდებულებებზე; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მასაც წაუყენოს მოთხოვნა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 380,51 ლარს. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით უნდა განაწილდეს მხარეებს შორის.

 

7.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 380.51 ლარის ოდენობით, ასევე მის მიერ გაწეული იქნა იურიდიული მომსახურეობისათვის ხარჯი - 373.71 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მა----- ხ-------ესა და ნო--------ეს მოსარჩელის შპს ,,ბ--------------- ჯ-----ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 286,81 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გამო და 373,71 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურების სახით, სულ 660,52 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე, 249-ე,257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ბ--------------- ჯ-----ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს მა----- ხ-------ესა და ნო--------ეს მოსარჩელის შპს ,,ბ--------------- ჯ-----ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 2 863 აშშ დოლარისა და პროცენტის/სარგებლის სახით 832 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს მა----- ხ-------ესა და ნო--------ეს მოსარჩელის შპს ,,ბ--------------- ჯ-----ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით 793.45 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა, ხოლო მოსარჩელე შპს ,,ბ--------------- ჯ-----ს" პირგასამტეხლოს სახით 1 472.55 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სარჩელის ნაწილში უარი ეთქვას.

 

4. მოპასუხეებს მა----- ხ-------ესა და ნო--------ეს მოსარჩელის შპს ,,ბ--------------- ჯ-----ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 286,81 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გამო და 373,71 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურების სახით, სულ 660,52 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), მხარეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე