განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2018
საქმის ნომერი
190100117002162081
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/562 -17

(№039071017001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - გიორგი ლობჯანიძე

 

დაცვის მხარე: ადვოკატი ბექა პაპიძე

 

ბრალდებული: ი----------–--–---–ი;

პირადი ნომერი: 6----------;

დაბადებული: 27.01.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: უმაღლესი;

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი: ქ. წალკა, ა-----------------------ში.

 

კვალიფიკაცია: სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტი - ძარცვა, ისე იგი დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სხდომის სახე: ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:

 

2017 წლის 07 ოქტომბერს ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა ი----------–--–---–მა განიზრახა აშკარად გაეტაცა სს "საქართველოს ბანკი"-ს კუთვნილი ფული და სხვა ძვირფასი ნივთები. იმავე დღეს ი----------–--–---–ი სამსახურებრივი ავტომობილით დაახლოებით 09 სთ და 10 წუთზე მივიდა ქ. წალკაში თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სს "საქართველოს ბანკი"-ს ფილიალში, სადაც დაახლოებით 09:44 საათზე მიმდინარეობდა ბანკის საცავიდან - სალაროში თანხის და ძვირფასი ნივთების გადატანა. ამ პერიოდში ი----------–--–---–ი ბანკის მისაღებ ოთახში მიუახლოვდა საცავიდან გამოსულ სს "საქართველოს ბანკი"-ს ქ. წალკის ფილიალის სარეზერვო უფროს მოლარეს რ--------------------ს და ხელიდან აშკარად გასტაცა მუყაოს ყუთში მოთავსებული სს "საქართველოს ბანკი"-ს კუთვნილი 36 664 აშშ დოლარი, 9 875 ევრო, 100 ფუნტი, 473 040 რუბლი, 10 თურქული ლირა, 59 330 ლარი (მთლიანობაში 199512.96 ლარის ექვივალენტი თანხა), 28,5 გრამიანი მოქალაქე ა---------–------–--ის კუთვნილი ოქროს ძეწკვი, ღირებული 2010 ლარად. აღნიშნულის შემდეგ ი----------–--–---–მა სამსახურებრივი ავტომობილით დატოვა შემთხევის ადგილი, ხოლო ნაძარცვი ფულის დიდი ნაწილი და ოქროს ნივთი გადამალა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ,,საქართველოს ბანკის” დაცვის ინსპექტორის ა---------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს, როდესაც იმყოფებოდა სახლში, 09:30 საათზე დაურეკა რ-------–---------------მა და უთხრა, რომ ი----------–--–---–მა ბანკიდან ფული წაიღო. ის მივიდა ბანკში, სადაც გაარკვია, რომ მისმა უფროსმა ი----------–--–---–მა, მოლარეს რ--------------------ს წაართვა ფული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს წალკის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ--–--------–---ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს, იმყოფებოდა სახლში; დაახლოებით 09:00 საათზე დაურეკა ი----------–--–---–მა და უთხრა, რომ გაძარცვა საქართველოს ბანკის წალკის ფილიალი და სურდა რომ ,,პოლიციას ჩაბარებოდა”. იგი მივიდა ი----------–--–---–ის მიერ მითითებულ ადგილზე, სადაც დახვდა ეს უკანასკნელი და გ----------------ე. ი----------–--–---–ს ხელში ეკავა ფაილი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ფული. მან ი----------–--–---–ი მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, დაწერა პატაკი და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. პირადი ჩხრეკისას ი----------–--–---–ისგან ამოღებული იქნა 1050 დოლარი, რომელზეც განაცხადა, რომ ეს იყო ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი.

 

საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები დაცვის მხარემ უდავოდ სცნო, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სისხლის სამართლის ფარგლებში მოიცავს პროცედურულ გარანტიებს, რომელიც ეფუძნება მხარეთა (ბრალდება და დაცვა) თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპს. ამგვარად, ევროპის სასამართლო მტკიცებულების საკითხს მოიაზრებს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების ფაქტი; დანაშაული ძარცვით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ძარცვა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაა. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება არის პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი (ნივთი) ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევა და მოპოვება. ძარცვისას ნივთის აშკარად დაუფლება ნიშნავს ნივთის დაუფლებას მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის თანდასწრებით, ამასთან აუცილებელია მძარცველს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების აშკარა ხასიათი.

 

მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია მისი აშკარა ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება მის ქონებას. ძარცვა, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ძარცვა დამთავრებულად იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა ამ ქონების რეალიზება.

 

ძარცვის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.

 

დანაშაულის გვარეობითი ობიექტია საკუთრება, უშუალო ობიექტი კი მესაკუთრის ან მფლობელის მიერ ნივთის მიმართ მისი უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა, ხოლო საგანი სხვისი მოძრავი ნივთი.

ძარცვის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემულია ძარცვის განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოება, რაც გულისხმობს ძარცვას ჩადენილი დიდი ოდენობით. დიდი ოდენობა რეგლამენტირებულია თვით კანონში, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა ი----------–--–---–მა სს "საქართველოს ბანკი"-ს ქ. წალკის ფილიალის სარეზერვო უფროს მოლარეს რ--------------------ს ხელიდან აშკარად გასტაცა მუყაოს ყუთში მოთავსებული სს "საქართველოს ბანკი"-ს კუთვნილი 36 664 აშშ დოლარი, 9 875 ევრო, 100 ფუნტი, 473 040 რუბლი, 10 თურქული ლირა, 59 330 ლარი, 28,5 გრამიანი მოქალაქე ა---------–------–--ის კუთვნილი ოქროს ძეწკვი. აღნიშნულის შემდეგ ი----------–--–---–მა სამსახურებრივი ავტომობილით დატოვა შემთხევის ადგილი და ნაძარცვი ფულის დიდი ნაწილი გადამალა.

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ ი----------–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი, ძარცვა, ისე იგი დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი----------–--–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არა აქვს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----------–--–---–ს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ი----------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად საქმეზე ამოღებული:

 

- სს „საქართველოს ბანკიდან“, სს „ვისი პეტროლიუმ ჯორჯიადან“, შპს „ფრეგოდან“ და კომპიუტერული ექსპერტიზიდან შემოსული ელექტრონული ინფორმაცია, განთავსებული კომპაქტ დისკებზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

-გ--–--------–---ისგან ამოღებული თანხა, ყოფილი ტექნიკუმის შენობის დათვალიერებისას ამოღებული თანხა, ი----------–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა (ერთი პაკეტი), რომელიც შესანახად განთავსებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში - უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- ი----------–--–---–ის პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და კომპიუტერი, რომელიც ინახება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციის შენობაში - უნდა დაუბრუნდეს ი----------–--–---–ს ან მისი ოჯახის სრულწლოვან პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----------–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

2. ი----------–--–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 07 ოქტომბრიდან.

 

3. ი----------–--–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად საქმეზე ამოღებული:

 

- სს „საქართველოს ბანკიდან“, სს „ვისი პეტროლიუმ ჯორჯიადან“, შპს „ფრეგოდან“ და კომპიუტერული ექსპერტიზიდან შემოსული ელექტრონული ინფორმაცია, განთავსებული კომპაქტ დისკებზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

- გ--–--------–---ისგან ამოღებული თანხა, ყოფილი ტექნიკუმის შენობის დათვალიერებისას ამოღებული თანხა, ი----------–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა (ერთი პაკეტი), რომელიც შესანახად განთავსებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- ი----------–--–---–ის პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და კომპიუტერი, რომელიც ინახება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციის შენობაში - დაუბრუნდეს ი----------–--–---–ს ან მისი ოჯახის სრულწლოვან პირს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი