გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1553-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2017 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს „ონ-–------------ი’’
წარმომადგენელი - თამთა ლ-----ე
მოპასუხე - გ------ი კ-------–-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.გ------ი კ-------–-აზე, შპს ,,ონ-–------------ი’’-ს სასარგებლოდ 2000.00 ლარის გადასახდელად დაკისრება. საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 800.00 ლარს, პროცენტი - 120.00 ლარს და შემცირებული პირგასამტეხლო - 1080.00 ლარს.
1.2. გ------ი კ-------–-აზე, შპს ,,ონ-–------------ი’’-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50.00 ლარის გადასახდელად დაკისრება.
1.3.პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,ონ-–------------სა’’ და გ------ი კ-------–-ას შორის, 2015 წლის 18 დეკემბერს, ელექტრონულად დაიდო №83023917_11 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, გ------ კ-------–-აზე გაიცა სესხი 800.00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 30 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი - 0.50%, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50.00 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100.00 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო - 2.00%. მსესხებელს სესის თანხა გამსესხებლისათვის დღემდე არ დაუბრუნებია, რის შედეგად, 2017 წლის 05 ივნისის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 9140.00 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 800.00 ლარი, პროცენტი - 120.00 ლარი, პირგასამტეხლო - 8220.00 ლარი. გამომდინარე აღნიშნულიდან, გამსესხებელი იძულებულია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები და მომართოს სასამართლოს მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე გ------ი კ-------–-ამ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც არ მიუთითა სარჩელში აღწერილი ფაქტების საწინაღმდეგო გარემოებები, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელში მითითებული პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 18 დეკემბერს გ------ი კ-------–-ასა და შპს ,,ონ-–------------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს ,,ონ-–------------მა’’ გ------ი კ-------–-ას სესხის სახით გადასცა 800.00 ლარი, 30 დღით. კრედიტის დღიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 0.50%, კლიენტის მიერ ვადის ბოლოს დასაფარი თანხა: 920.00 ლარი, სესხის დაფარვის პირელადი თანხის ოდენობა: 920.00 ლარი, მომდევნო გადახდების ოდენობა: 0.00 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო: 2.00%, სესხის ვადის გადაცილების ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე: 50.00, ოცდაათ დღემდე: 100.00. სესხის გაცემის თარიღი: 18 დეკემბერი, 2015 წელი. სესხის სრულად დაფარვის თრიღი: 17.01.2016.
მტკიცებულება:
ხელშეკრულება (ს.ფ.14-20).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. 2017 წლის 05 ივნისის მდგომარეობით გ------ი კ-------–-ას დავალიანება, შპს ,,ონ-–------------ის’’ მიმართ შეადგენს 9140.00 ლარს, აქედან სესხის ძირი თანხაა -800.00 ლარი, საკომისიო 120.00 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 8220.00 ლარი. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს საფუძველზე მოპასუხეზე 2000 ლარის გადასახდელად დაკისრებას, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 800.00 ლარს, პროცენტი - 120.00 ლარს და შემცირებული პირგასამტეხლო - 1080.00 ლარს.
მტკიცებულება: ცნობა.(თ.1. ს.ფ.23).
3.2.2.მოპასუხე გ------ი კ-------–-ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელში მითითებული პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს.
მტკიცებულება: სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2.3. ფაქტობრივად, სადავო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება.
დავის სამართლიანად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხია და სასამართლოს კვლევის საგანია მოპასუხეზე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 268-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 403-ე, 417-418-ე, 623-625-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს გ------ კ-------–-ასა და შპს ,,ონ-–------------ს’’ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს ,,ონ-–------------მა’’ გ------ი კ-------–-ას სესხის სახით გადასცა- 800.00 ლარი, 30 დღით. კრედიტის დღიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 0.50%, კლიენტის მიერ ვადის ბოლოს დასაფარი თანხა: 920.00 ლარი, სესხის დაფარვის პირველადი თანხის ოდენობა: 920.00 ლარი, მომდევნო გადახდების ოდენობა: 0.00 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო: 2.00%, სესხის ვადის გადაცილების ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე: 50.00, ოცდაათ დღემდე: 100.00. სესხის გაცემის თარიღი: 18 დეკემბერი, 2015 წელი. სესხის სრულად დაფარვის თარიღი: 17.01.2016.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ძირითადი თანხის 800.00 ლარის და სარგებელის (პროცენტის)-120.00 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი მოტივაცია პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 2%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და სარჩელის სასამართლოში წარმოდგენისას შეადგინა 8220.00 ლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი საერთო თანხის 2.0 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების ძირითადი თანხის, მოვალის მიერ საერთო ჯამში გადასახდელი თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს სრულიად მართებულად მიაჩნია მოპასუხე მხარის ბრალეულობისა და პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის მქონე ინსტრუმენტის არსებობის პირობებში, სარჩელით მოთხოვნილი, შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც საბოლოო ჯამში შეადგენს 1080.00 ლარს.
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს საკითხის გადაწყვეტისას ,,მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა".
- სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან იგი შეუსაბამოდ მაღალი არ არის მოთხოვნის მოცულობასთან და ვალდებულების დარღვევის დროს გათვალისწინებით. ასევე ბანკი, როგორც სამოქალაქო სამართალურთიერთობის სუბიექტი და როგორც საკრედიტო ორგანიზაცია, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც მისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თუ არ მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ასეთ შემთხვევაში იგი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, შეწყვეტს ფუნქციონირებას.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილით - ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ონ-–------------სა’’ და გ------ კ-------–-ას შორის, 2015 წლის 18 დეკემბრის, №83023917_11 სესხის ხელშეკრულების 17.2 მუხლი ითვალისწინებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
შესაბამისად, შუამდგომლობა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს შპს ,,ონ-–------------ის” სარჩელი.
2. მოპასუხე გ------ი კ-------–-ას შპს ,,ონ-–------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2000.00 (ორი ათასი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 800.00 ლარს, პროცენტი - 120.00 ლარს და შემცირებული პირგასამტეხლო - 1080.00 ლარს.
3. გ------ კ-------–-ას შპს ,,ონ-–------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე