გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001448710
№2-2396/2016წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ნოემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: შპს ”ბ--------------- ჯგ-----”
წარმომადგენელი: თ----- მე-–---, მა-–---- ა----–---
მოპასუხე: და---- ტ-------, ნ---- ლე---–---–-
წარმომადგენელი: ლ--–- ბჟ--–---
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებზე - ნ---- ლე---–---–ზე და და---- ტ-------ზე სოლიდარულად შპს ”ბ--------------- ჯგ-----ს” სასარგებლოდ 3910 აშშ დოლარის დაკისრება, რომელშიც შედის სესხის ძირი თანხა - 1836 აშშ დოლარის ოდენობით, გადაუხდელი სესხის პროცენტი - 407 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 1667 აშშ დოლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხეებზე - ნ---- ლე---–---–ზე და და---- ტ-------ზე სოლიდარულად შპს ”ბ--------------- ჯგ-----ს” სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 275.07 ლარის დაკისრება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
- 2014 წლის 15 დეკემბერს შპს "ბ--------------- ჯგ----სა" და ნ---- ლე---–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1010322, რომლის თანახმადაც ნ---- ლე---–---–ზე გაიცა სესხი 2150 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში წლიურად 36%-ად (თვეში 3%), სესხის ვადაგადაცილების (გადაუხდელობის) შემთხვევაში კი ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო (ჯარიმა) ნარჩენი სესხის თანხის 0.2 %-ის ოდენობით (მაგრამ არანაკლებ 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) ყოველ სრულ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2014 წლის 15 დეკემბერს მოპასუხე ნ---- ლე---–---–-ს მიერ ნაკისრ სასესხო ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე და---- ტ-------მ. სესხის დაფარვა მოპასუხე ნ---- ლე---–---–ს უნდა განეხორციელებინა სესხზე დართული გრაფიკის მიხედვით 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით, რაც მას არ გაუკეთებია და 2016 წლის ივლისის მდგომარეობით ნ---- ლე---–---–ს გააჩნია კომპანიის წინაშე დავალიანება 3910 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 1836 აშშ დოლარი, გადაუხდელი სესხის პროცენტი - 407 აშშ დოლარი, ჯარიმა (პირგასამტეხლო) - 1667 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს:
- 2014 წლის 15 დეკემბერს ნამდვილად გაფორმდა მხარეებს შორის სესხისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. 2016 წლიდან ეკონომიკური კრიზის გამო ვეღარ გადაიხადეს სესხი, სესხზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, აღიარეს სესხის ძირი თანხა, პირგასამტეხლოს ნაწილში თვლიან, რომ შეუსაბამოდ მაღალია.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 15 დეკემბერს მხარეთა შორის - შპს ”ბ--------------- ჯგ----სა” და ნ---- ლე---–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N1010322.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- სესხის ხელშეკრულება N1010322(15.12.2014);
- შესაგებელი;
3.1.2. 2014 წლის 15 დეკემბერს მხარეთა შორის - შპს ”ბ--------------- ჯგ----სა” და და---- ტ-------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N1010322.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N1010322 (15.12.2014);
- შესაგებელი;
3.1.3. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, თანახმადაც ნ---- ლე---–---–ზე გაიცა სესხი 2150 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- ამონაწერი ანგარიშიდან;
- შესაგებელი;
3.1.4. 2014 წლის 15 დეკემბერს შპს ”ბ--------------- ჯგ----სა” და ნ---- ლე---–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1010322, რომლის თანახმადაც შპს ”ბ--------------- ჯგ----მა” ნ---- ლე---–---–ს 16 თვის ვადით ასესხა 2150 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, წლიურ 36 %-ად (თვეში 3%), სესხის ვადაგადაცილების (გადაუხდელობის) შემთხვევისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო (ჯარიმა) ნარჩენი სესხის თანხის 0.2 %-ის ოდენობით, ყოველ სრულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.12.2014 წ. სესხის ხელშეკრულება №1010322;
- 25.07.2016წ. ამონაწერი ანგარიშიდან N 1010322;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.5. 2014 წლის 15 დეკემბერს შპს ”ბ--------------- ჯგ----სა” და და---- ტ-------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ---- ლე---–---–-ს მიერ ნაკისრ სასესხო ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იტვირთა და---- ტ-------მ.
სოლიდარული თავდებობის თანხად განისაზღვრა 12000 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სესხის ხელშეკრულება;
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
3.1.6. სესხის დაფარვა მოპასუხე ნ---- ლე---–---–ს უნდა განეხორციელებინა სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით, რაც არ შეუსრულებია. 2016 წლის 28 მაისის შემდეგ აღარ განხორციელებულა ვალდებულების შესრულება. 2016 წლის 25 ივლისის მდგომარეობით ნ---- ლე---–---–ს შპს ”ბ--------------- ჯგ-----ს” მიმართ გააჩნია შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა 1836 აშშ დოლარის ოდენობით, გადაუხდელი სესხის პროცენტი - 618 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 407 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-15.12.2014წ. სესხის ხელშეკრულება N 1010322;
- გადახდის გრაფიკი.
- 25.07.20156წ. ამონაწერი ანგარიშიდან N 1010322;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეები სადავოდ ხდიან სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია და მხარეებიც არ დავობენ მასზედ, რომ სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო და სარგებელი, არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ, სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობაში, მასში მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან ჯეროვნად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი კი უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება მისი კეთილსინდისიერად შესრულებაც. დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები და მას კომპანიის წინაშე ეკისრება დავალიანება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
-ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
6.2 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ასევე იცავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, კერძოდ ყველა ადამიანს თავისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების დასადგენად უფელება აქვს მისი საქმე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, სათანადო ვადებში ღიად იქნას განხილული. კონვენციის მე-6 მუხლს გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და სწორედ აღნიშნულ მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. ამ მუხლის დაცვის ობიექტია კანონის უზენაესობა.
6.3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-8 მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად იქნეს აღდგენილი მისი უფლებები ნაციონალური სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.
6.4. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, შპს ”ბ--------------- ჯგ----სა” და ნ---- ლე---–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე 2014 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად გაიცა სესხი 2150 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 36%-ის დარიცხვით.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
დადგენილია, რომ 2014 წლის 15 დეკემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხე ნ---- ლე---–---–-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე და---- ტ-------მ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე და---- ტ------- წარმოადგენს რა სოლიდარული ხელშეკრულების მხარეს, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ის პასუხისმგებელია მსესხებლის ვალდებულებებზე; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მასაც წაუყენოს მოთხოვნა.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, როგორც მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.
ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს.
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს ნარჩენი სესხის თანხის 0,2%, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება 4-ჯერ. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1667 აშშ დოლარის, უნდა დაეკისროთ 416,75 აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 275.07 ლარს. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო 1836 აშშ დოლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ, მოპასუხემ სარჩელი 1836 აშშ დოლარის ნაწილში სცნო, ამიტომ ისინი ამ თანხის კუთვნილ ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით უნდა განაწილდეს მხარეებს შორის. მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 102 ლარის გადახდა, რაც მას უნდა ჩაეთვალოს გადახდილად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან, ხოლო 129,10 ლარი მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან. მოპასუხეებს კი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 43,90 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ”ბ--------------- ჯგ-----ს” სარჩელი ნ---- ლე---–---–-სა და და---- ტ------ის მიმართ სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს - ნ---- ლე---–---–სა და და---- ტ-------ს მოსარჩელის შპს ”ბ--------------- ჯგ-----ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2659.75 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1836 აშშ დოლარი, პროცენტი/სარგებელი - 407 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო/ჯარიმა - 416,75 აშშ დოლარი.
3. შპს ”ბ--------------- ჯგ-----ს” სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 1250,25 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს - ნ---- ლე---–---–სა და და---- ტ-------ს მოსარჩელის შპს ”ბ--------------- ჯგ-----ს” სასარგებლოდ სოლდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 43.90 ლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელე შპს ”ბ--------------- ჯგ----ს” სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 27 ივნისს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 129.10 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 102 ლარის ოდენობით, რაც მას ჩაეთვალოს გადახდილად 2016 წლის 27 ივნისს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (275,07 ლარი). (საგადახდო დავალება №146, გადამხდელის ბანკი - სს ’’ვითიბი ბანკი ჯორჯია’’, გადახდის თარიღი - 27/06/2016 წელი, მიმღების ბანკი/ ხაზინა 300693150).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე