გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-266-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.02.2018 წელი ქ. რ-------ი
შესავალი ნაწილი
რ-------ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე: სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტო,წარმომადგენელი: ს--–---ე ა--–--ე,მოპასუხე: გ--------ი ბ------ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე გ--------ი ბ------ეს მოსარჩელე სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 2-----–--ს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის 14 105,33 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 720,36 ლარის გადახდა, ჯამში 15 825,69 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირს გ--------ი ბ------ეს შორის 2--- წლის 2-----–--ს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. რ-------ში, ყოფილი ნ-----------–-ს ტერიტორიაზე 20 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს. კ. 81.14.01.---. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი, ხოლო ყოველწლიური საიჯარო ქირის ოდენობად განისაზღვრა 24 420 ლარი. ხელშეკრულების 2.2. მუხლის შესაბამისად, მოიჯარის მიერ წლიური საიჯარო ქირის 1/12 (2 035 ლარის) ნაწილის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ყოველი თვის 5 რიცხვამდე. იჯარის ხელშეკრულებით ასევე დეტალურად იქნა გაწერილი მხარეთა პასუხისმგებლობის საფუძვლები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. კერძოდ საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. მიუხედავად მოპასუხის არაერთი გაფრთხილებისა , მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. ამასთან, სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს 2--- წლის 1-------------ის №1------- ბრძანებით მოიშალა მხარეთა შორის 2--- წლის 2-----–--ს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო თუმცა მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულების არსებობის და საიჯარო ქირის თანხის ოდენობა დაადასტურა. მოპასუხე ქირის გადაუხდელობის მიზეზების შესახებ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მეტალურგიული კომბინატის დაცვის მიერ ფერხდებოდა საიჯარო ობიექტის დანიშნულებისამებრ გამოყენება რომელიც მოპასუხის მიერ მოსარჩელის თანხმობით გადაცემული იქნა შპს ,,მ-----–------თვის" ქვეიჯარით. ამასთან, საიჯარო მიწის ნაკვეთი აუქციონზე გატანილი იქნა ნაკლიანი ნივთი და მოსარჩელის მიერ დროულად არ მოხდა ხელშეკრულების მოშლა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 2-----–--ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ--------ი ბ------ეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. რ-------ში, ყოფილი ნ-----------–-ს ტერიტორიაზე 20 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს. კ. 81.14.01.---, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი, ყოველწლიური საიჯარო ქირის ოდენობა 24 420 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 41-48)
-2--- წლის 2-----–--ის იჯარის ხელშეკრულება (ს. ფ. 15-19)
3.1.2. მოიჯარის მიერ წლიური საიჯარო ქირის 1/12 (2 035 ლარის) ნაწილის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ყოველი თვის 5 რიცხვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 41-48)
-2--- წლის 2-----–--ის იჯარის ხელშეკრულების 2.2. მუხლი (ს. ფ. 15-19)
3.1.3. სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 1-------------ის №1------- ბრძანებით, მხარეთა შორის არსებული 2--- წლის 2-----–--ის იჯარის ხელშეკრულება მოიშალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 41-48)
-სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 1-------------ის №1------- ბრძანება (ს. ფ. 27-28)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2--- წლის 2-----–--ის იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 14 105, 33 ლარს. ამასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები, ხოლო მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დროულად არ იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ს----–-–-------------------------–- სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს----–-–-------------------------–- სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ'' მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სააგენტოს მიზნებია, ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება, ხოლო მე-3 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს ფუნქციები, რომლის თანახმადაც სააგენტო უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირებასა და შესაბამის ღონისძიებებს; კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველად გადაცემა; სახელმწიფო ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით, სასყიდლით, აუქციონის ფორმით; საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; კანონით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება იმ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის ან პირთა მიმართ, რომლებსაც არ აქვთ ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომლებიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებენ;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 2-----–--ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ--------ი ბ------ეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. რ-------ში, ყოფილი ნ-----------–-ს ტერიტორიაზე 20 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს. კ. 81.14.01.---, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი, ყოველწლიური საიჯარო ქირის ოდენობად განისაზღვრა 24 420 ლარი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. მოცემული ხელშეკრულება სასამართლოს აზრით დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, ს----–-–-------------------------–- სააგენტოს მხრიდან თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ქონების იჯარით გაცემის მიზნით. შესაბამისად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ერონულ სააგენტოსა და გ--------ი ბ------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 2-----–--ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ--------ი ბ------ეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. რ-------ში, ყოფილი ნ-----------–-ს ტერიტორიაზე 20 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს. კ. 81.14.01.---, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი, ყოველწლიური საიჯარო ქირის ოდენობად განისაზღვრა 24 420 ლარი. ხელშეკრულების 2.2 მუხლის შესაბამისად, მოიჯარის მიერ წლიური საიჯარო ქირის 1/12 (2 035 ლარის) ნაწილის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ყოველი თვის 5 რიცხვამდე. ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული 2--- წლის 2-----–--ის ხელშეკრულება შეწყდა სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 1-------------ის №1------- ბრძანებით. მოპასუხის საიჯარო ქირის დავალიანება კი შეადგენს 14 105, 33 ლარს. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მითითებას იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დროულად არ იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო რამდენიმე თვეში შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული 2--- წლის 2-----–--ის ხელშეკრულება. ამასთან, სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 1-------------ის №1------- ბრძანება მხარეთა შორის 2--- წლის 2-----–--ს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის მიერ სადაო არ გამხდარა და არც მოპასუხეს მიუმართავს უფრო ადრე მოსარჩელესთვის აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნით. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმ გარემოების შესახებ, რომ ქვემოიჯარის მიერ ვერ ხერხდებოდა, ან დაბრკოლებებით ხორციელდებოდა საიჯარო ტერიტორიაზე შესვლა სასამართლო არც აღნიშნულ განმარტებას მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ვინაიდან, მოპასუხეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ასეთს ადგილი ჰქონდა და მან მოსარჩელეს მიმართა აღნიშნულის აღმოსაფხვრელად სასამართლოში არ წარმოდგენილა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა (მაგალითად, 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შესრულება. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ვალდებულება არ წყდება და როგორც წესი, შედეგად იწვევს ვალდებულების დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. თუ როგორი შესრულებაა ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულებით განისაზღვრება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები 2--- წლის 2-----–--ის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომლის ოდენობა შეადგენს გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტს, დარღვევის დღიდან ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, თუმცა დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ვალდებულება არ იქნა შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავისთავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, კერძოდ, ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განაკვეთს, ამ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო განმარატავს, რომ ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, ეკონომიკურ ინტერესს. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ.,სუსგ 28.12.2012წ.-ის საქმე Nას-1560-1463-2012; სუსგ 16.05.2014წ.-ის საქმე Nას-1200-1145-2013).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალიწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1 720,36 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით, მოპასუხის მიერ გადასახდელი საიჯარო თანხისა და მისი გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოპასუხე გ--------ი ბ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; მოპასუხე გ--------ი ბ------ეს მოსარჩელე სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 15 105,33 ლარის გადახდა, საიდანაც 14 105, 33 ლარი წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული 2--- წლის 2-----–--ის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხას, ხოლო 1000 ლარი პირგასამტეხლოს;
2. მოპასუხე გ--------ი ბ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 453,15 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა)
14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან რ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რ-------ი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი