გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001978070
საქმე №2/558-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.02.2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე: სს „ ს---------------------------------------–------“ ს/კ:2--------
წარმომადგენელი -ჯ--------–-–---–-,მოპასუხე - ზ-------–--------;
წარმომადგენელი: დ-------------–---–-;
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ზ-------–-------ს დაეკისროს სს „ ს--------------------------------------–------ს “ სასარგებლოდ 10 418. 73 (ათი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და 73 თეთრი) ლარის ანაზღაურება.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელემ სარჩელში და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 02 თებერვალს ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოპასუხე ზ-------–-------მა, რომელიც მართავდა „ ფორდ ტრანზიტის “ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო №OW 6-- WO “ დაარღვია მოძრაობის წესები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის შეჩერება და შეეჯახა წინ მიმავალ „ მერსედესის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო № FF 1-- LL “, რომელსაც მართავდა კ------------–----–---–ი. შეჯახების შედეგად ეს უკანასკნელი შეეჯახა მის წინ მიმავალ სატვირთო ავტომანქანას.
„ მერსედესის “ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო № FF 1-- LL “ დაზღვეული იყო სს „ ს---------------------------------------–------“ -ს მიერ.
შეჯახების ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ასევე შეჯახების ადგილზე გავიდა სს „ ს---------------------------------------–------“-ს წარმომადგენელიც. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი იქნა სქემატური ნახაზი, ჩამორთმეული იქნა მხარეთა ახსნა - განმარტებები და გამოწერილი იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვით მომხდარ შეჯახებაში დამნაშავედ ცნობილი იქნა „ ფორდ ტრანზიტის “ მარკის ავტომანქანას მძღოლი ზ-------–--------.
შპს „ ავტო დეტალ სერვისის “ ინვოისის თანახმად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება განისაზღვრა 3 936.50 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 10 418.13 (ათი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და 73 თეთრი) ლარი ჩაირიცხა შპს „ ავტო დეტალ სერვისის “ ანგარიშზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაზიანებული მოძრავი ნივთი დაზღვეული იყო სს „ ს---------------------------------------–------ “-ს მიერ, ზიანი 10 418.13 ლარის ოდენობით ანაზღაურებული იქნა დაზღვეული ავტომანქანის მფლობელისათვის, რაც დასტურდება სადაზღვეო პოლისით და გადახდის ქვითრით. მოსარჩელის განმარტებით, დღეის მდგომარეობით დაზღვეული ავტომანქანა სრულად აღდგენილია და რის გამოც აღარ მოხდა მისი წარდგენა ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ზ-------–--------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, ზ-------–-------ს არ დაურღვევია მოძრაობის წესები და 2017 წლის 02 თებერვალს ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარ შეჯახებაში მას ბრალი არ მიუძღვის და შესაბამისად არასწორად იქნა გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვით მომხდარ შეჯახებაში დამნაშავედ იგი იქნა ცნობილი. საპატრულო პოლიციის მიერ ადგილზე შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს მან ხელი მოაწერა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტომანქანას არ ატანდნენ. ზ-------–-------მა მნიშვნელობა არ მიანიჭა სამართალდარღვევის ოქმს და დაჯარიმების შესახებ გამოწერილ ქვითარს და არ გაასაჩივრა მათი კანონიერება კანონით დადგენილ ვადაში.
ზ-------–--------ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „ ავტო დეტალ სერვისის “ ინვოისში მითითებული დაზიანებები ავტომობილ ,,მერსედესს’’ 2017 წლის 02 თებერვალს მომხდარი შეჯახების დროს არ მიუღია. 2017 წლის 02 თებერვალს ადგილი მხოლოდ ჰქონდა მსუბუქ შეჯახებას, რასაც არ მოყოლია ,,მერსედესის’’ მარკის ავტომობილის რაიმე არსებითი დაზიანება. საქმეში წარმოდგენილი შპს „ ავტო დეტალ სერვისის “ აქტი “ არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს, რომ მასში მითითებული დაზიანებები ავტომანქანამ მიიღო 2017 წლის 02 თებერვალს მომხდარი ავტო შეჯახების შედეგად. მოპასუხემ მიუთითა, რომ ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან არ ყოფილა გადაყვანილი საჯარიმო სადგომზე, არ ყოფილა დალუქული და მისი წარდგენა შპს „ ავტო დეტალ სერვისში “ მოხდა შემთხვევიდან მეორე დღეს ,, მერსედესის ’’ მძღოლის მიერ. საქმეს არ ერთვის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, არ არსებობს შემთხვევის ადგილზე შედგენილი დაზიანებების აღწერის რაიმე დოკუმენტი. შპს „ ავტო დეტალ სერვისის “ აქტში მითითებულია ავტონაწილები და მათი ღირებულება, თუმცა არ არის სათანადო დოკუმენტი, რომ ეს დაზიანებები ავტომობილმა მიიღო მითითებული ავტო შემთხვევის შედეგად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2016 წლის 12 ივლისს სს „ ს--------------------------------------–------ს “ მიერ გაცემულია ავტომობილის დაზღვევის პოლისი №M----------, რომლის მიხედვით დაზღვეული იქნა „ Mersedes-Benz Sprinter ” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო № FF 1-- LL “, გამოშვების წელი 2012, მესაკუთრე შპს „ ს------- “.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომობილის დაზღვევის პოლისი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 02 თებერვალს 13 საათზე ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოპასუხე ზ-------–-------მა, რომელიც მართავდა „ ფორდ ტრანზიტის “ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო №OW 6-- WO “ დაარღვია მოძრაობის წესები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის შეჩერება და შეეჯახა წინ მიმავალ „ Mersedes-Benz Sprinter ” მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო № FF 1-- LL “, რომელსაც მართავდა შპს „ ს------- “-ს თანამშრომელი კ------------–----–---–ი. შეჯახების შედეგად ეს უკანასკნელი შეეჯახა მის წინ მიმავალ სატვირთო ავტომანქანას.
შეჯახების ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი იქნა სქემატური ნახაზი, ჩამორთმეული იქნა მხარეთა ახსნა - განმარტებები და ადმინისტრაციოული სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის საფუძველზე ზ-------–--------ს მიმართ გამოწერილი იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი 250 ლარით დაჯარიმების შესახებ და შესაბამისად მომხდარ შეჯახებაში დამნაშავედ ცნობილი იქნა „ ფორდ ტრანზიტის “ მარკის ავტომანქანას მძღოლი ზ-------–--------.
2017 წლის 03 თებერვალს კ------------–----–---–ის მიერ შპს „ ავტო დეტალ სერვისში “ დათვალიერების მიზნით წარდგენილი იქნა „ Mersedes-Benz Sprinter ” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო № FF 1-- LL “, სადაც შედგენილი იქნა დაზიანებული ავტომობილის დეფექტური აქტი, რომლზეც არ ფიქსირდება სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერა. აქტის მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება განისაზღვრა 3 936.50 აშშ დოლარის ოდენობით და გამოწერილი იქნა საგადასახადო დავალება 10 418.73 (ათი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და 73 თეთრი) ლარზე. ამის საფუძველზე სს „ ს--------------------------------------–------ს “ მიერ მოხდა ამ თანხის ჩარიცხვა შპს „ ავტო დეტალ სერვისში “. მხარეთა განმარტებით მითითებული ავტომანქანა სრულად იქნა აღდგენილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 12 ივლისის სადაზღვევო პოლისი;
- შპს „ ავტო დეტალ სერვისის “ დეფექტური აქტი;
- ჯარიმის ქვითარი;
- საგადასახადო დავალება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე,105-ე, 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 799-ე, 832-ე, 992-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი ითვალისწინებს არა რეგრესულ ვალდებულებას, არამედ შესაძლებლობას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებელი პირის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე , როგორც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მოცემული უნდა იყოს შესაბამისი პირობები. კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 02 თებერვალს 13 საათზე ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი შეჯახების მიზეზი გახდა მოპასუხის მიერ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, მაგრამ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ „ Mersedes-Benz Sprinter ” მარკის ავტომანქანამ დეფექტურ აქტში ჩამოთვლილი დაზიანებები მიიღო სწორედ 2017 წლის 02 თებერვალს 13 საათზე კახეთის გზატკეცილზე მომხდარი შეჯახების შედეგად.
6.6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოსარჩლის მიერ არ იქნა წარმოდგენილ სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხის ბრალეული მოქმედებით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი და ოდენობა. დამზღვევისათვის ზიანის ანაზღაურება არ ათავისუფლებს სადაზრვევო კომპანიას ზიანის მიყენების ფაქტის და ოდენობის მტკიცებისაგან. მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა შპს „ ავტო დეტალ სერვისის მიერ 2017 წლის 03 თებერვალს შედგენილი დეფექტური აქტი, რომელშიც მხოლოდ მითითებულია ნაწილების ჩამონათვალი და ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება. შემთხვევის ადგილზე არ არის შედგენილი რაიმე დოკუმენტი ავტო შეჯახების შედეგად დაზიანებების ჩამონათვალის თაობაზე, არ არის შედგენილი რაიმე დოკუმენტი არც საპატრულო პოლიციის და არც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის მიერ, არ არის წარმოდგენილი შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები, არ არსებობს საექსპერტო დასკვნა, რითიც დადასტურდებოდა მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი და ზიანის ოდენობა.
ამრიგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხოლო თავის მხრივ მოპასუხემ გააბათილა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს--------------------------------------–------“ -ს სარჩელი მოპასუხე ზ-------–--------ს მიმართ, სს „ ს--------------------------------------–------ს “ სასარგებლოდ 10 418. 73 (ათი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და 73 თეთრი) ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. სადაზღვევო კომპანია „ ჯ------------–------ “-ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 313 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე