გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2/3094-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 დეკემბერი, 2017 წელი ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - რ-----ი მ---------ე
წარმომადგენელი - მ--–------ გ----------ე
მოპასუხე -გ------- ნ--------–---–ი
წარმომადგენელი - ხ------- უ---ე
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელემ მოითხოვა: მოპასუხე გ------- ნ--------–---–ს მის სასარგებლოდ დაეკისროს 12 270 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 993 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარისა და ადვოკატის მომსახურების - 300 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2011 წელს მოპასუხე გ------- ნ--------–---–ს ასესხა 5 500 აშშ დოლარი თვეში 7%-ის დარიცხვით. 2013 წლის 12 აგვისტოს კი მოპასუხესთან შედგა შეთანხმება-ხელწერილი ვალის აღიარებით, რომლის მიხედვით მოპასუხემ აღიარა ვალი. ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი და პროცენტი- 5230 აშშ დოლარი, სულ ჯამში 10 730 აშშ დოლარი.
ამავე ხელშეკრულებით მან აიღო ვალდებულება, გადაეხადა აღნიშნული თანხა 2013 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, დამატებით ყოველთვიურად 7%-ის დარიცხვით. მაგრამ, მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხე ნებაყოფლობით არ ასრულებს ხელწერილით ნაკისრ ვალდებულებას.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის 11 270 აშშ დოლარის დაკისრება. მანვე განმარტა, რომ მოპასუხეს გარკვეული თანხები გადახდილი აქვს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------- ნ--------–---–მა სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ 2011 წლის 01 იანვრის სესხის ხელშეკრულებით მას ნამდვილად ჰქონდა ნასესხები თანხა მოსარჩელისაგან, რომელიც გასტუმრებული აქვს სრულად. რაზეც არსებობს ხელწერილები, ასევე დაადასტურებენ მოწმეები. 2013 წლის ხელწერილზე მოტყუებით მოაწერინა ხელი, თითქოს სჭირდებოდა დაფინანსების მოსაპოვებლად. შესაბამისად მოთხოვნა უკანონოა, ხოლო შეთანხმება ბათილი, რადგან იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს. მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა თავის საბაზრო ძალაუფლება და ისარგებლა მოპასუხის გულუბრყვილობით. თვეში 7% შეუსაბამოდ მაღალია და მთლიანობაში ძირითად თანხაზე მეტი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ პრაქტიკას. მოთხოვნა დაუზუსტებელია, გაურკვეველია, რამდენია ძირითადი თანხა და რამდენი პროცენტი თუ პირგასამტეხლო, და რაც მთავარია, მოთხოვნა არის ხანდაზმული.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ის სარჩელს არ ცნობს, რადგან ვალი მთლიანად აქვს გასტუმრებული. რ----- მ---------ე მუშაობდა მის მამასთან ელექტრომექანიკურ ქარხანაში და მისგან ისესხა გარკვეული თანხა აშშ დოლარში. 2011 წლის 22 დეკემბერს კვლავ ისესხა 2000 აშშ დოლარი. რ----- მ---------ემ მას გადასცა 1800 აშშ დოლარი, ხოლო საშუამავლო 10% დაიტოვა თვითონ. სესხზე თვეში პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 150 დოლარი. დაფიქსირებული აქვს ყოველთვიური გადახდები და შესაბამისად 2011 – 2012 წლებში სულ მიცემული აქვს 4200 აშშ დოლარი. მისმა თანამშრომლებმა იცოდნენ აღნიშნულის შესახებ. 2013 წლის მარტიდან 2014 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გადახდილი აქვს 6200 აშშ დოლარი და 250 ლარი. 2013 წლის 12 აგვისტოს კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფს რ----- მ---------ემ ისარგებლა მისი გულუბრყვილობით და მისივე ხელით დაწერილ ხელწერილზე მოაწერინა ხელი, უთხრა, რომ სჭირდებოდა ექიმისთვის საჩვენებლად, რათა ძვირადღირებული ოპერაცია გაეკეთებინა. მისივე ხელმოწერით დაფიქსირებული თანხების მიუხედავად, სთხოვდა დაემატებინა თანხა, რადგან ექიმისთვის სჭირდებოდა.
მხარის განმარტებით, 2011 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე მას რ----- მ---------ისაგან ნასესხები აქვს 5500 აშშ დოლარი, მაშინდელი კურსით 9185 ლარი (1 დოლარი=1.67 ლარი). საშუამავლო თანხის სახით მიცემული აქვს 550 აშშ დოლარი. 2011-2012 წლებში ყოველთვიურად გადახდილი თანხის ოდენობაა 4200 აშშ დოლარი. 2013-2014 წლებში მოსარჩელის მიერ მიღებული თანხები კი შეადგენს 6200 აშშ დოლარს და 250 ლარს. ამ თანხების მიღება დადასტურებულია თავად მოსარჩელის ხელმოწერებით.
(იხ. 2017 წლის 06 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 01 ოქტომბერს მოსარჩელე რ----- მ---------ეს და მოპასუხე გ------- ნ--------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ------- ნ--------–---–მა სესხის სახით მიიღო 3500 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება დაიდო 2 თვის ვადით, ყოველთვიურად 7% სარგებლის დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2011 წლის 01 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება (ს/ფ -16-17)
3.1.2. 2011 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელე რ----- მ---------ეს და მოპასუხე გ------- ნ--------–---–ს შორის გაფორმდა ხელწერილი-შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიიღო 2000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით. ყოველთვიურად 7% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით მხარეები პირგასამტეხლოზე არ შეთანხმებულან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2011 წლის 22 დეკემბრის ხელწერილი-შეთანხმება (ს/ფ-18)
3.1.3. ხელწერილი-შეთანხებაზე არსებული მოსარჩელის ხელმოწერების თანახმად, რ----- მ---------ეს გ------- ნ--------–---–ისგან სულ მიღებული აქვს 6200 აშშ დოლარი და 250 ლარი.
მსესხებელს სესხის პროცენტი უნდა ეხადა 2010 წლის 29 მარტის და 2010 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებების შესაბამისად მიღებული სესხის თანხის დაბრუნებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შეთანხმება-ხელწერილი (ს/ფ -133-134),-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (შესაგებელი- ს/ფ- 50-59, სასამ.სხდომის ოქმი)
3.1.4. მოწმის სახით დაკითხულმა პაატა მესხაძემ განმარტა, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს ჰქონდათ ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა. მოპასუხე მუშაობს აუდიო სტუდიაში, სადაც მოდიოდა ხოლმე მოსარჩელე და მას გ------- პროცენტის და ძირითადი თანხის სახით ფულს აძლევდა. თითქმის თანხის გადაცემის ყველა ფაქტს ესწრებოდა. როგორც ახსოვს გ-------ს ნასესხები ჰქონდა 5500 აშშ დოლარი, რომელიც გასტუმრებული აქვს. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მოდიოდა მასთან რ----- მ---------ე, შემდეგ აღარ მოდიოდა, რადგან ვალი გასტუმრებული იყო.
მას გ-------მ ასევე უთხრა, თუ ნასვამ მდგომარეობაში მყოფს როგორ მოაწერინა რ----- მ---------ემ ხელი ხელწერილზე, რომელიც არ წაუკითხავს და უთხრა, რომ ექიმისთვის საჩვენებლად სჭირდებოდა.
3.1.5. მოწმის სახით დაკითხულმა მაია სიხარულიძემ განმარტა, რომ 2012-2013 წლიდან მუშაობს გ------- ნ--------–---–თან. როგორც ახსოვს, გ-------ს ჰქონდა რ----- მ---------ის ვალი 3000 აშშ დოლარი, რომელსაც ის აძლევდა რ----- მ---------ეს, პირადად მასაც გადაუცია 500-600 აშშ დოლარი. მარტო კომპიუტერში მას გატარებული აქვს 3500 აშშ დოლარის გადაცემა რ----- მ---------ეზე. მოსარჩელეს მოპასუხე უხდიდა როგორც ძირ თანხას, ისე პროცენტს. თავად მ---------ეს უთქვამს მისთვის, რომ თავნი გასტუმრებულიაო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოწმეთა ახსნა-განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მოპასუხესთან 2013 წლის 12 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების, კერძოდ კი მისთვის ვალის 5500 აშშ დოლარის და 5230 აშშ დოლარის - სარგებლის არსებობის ფაქტის დამტკიცება. მოსარჩელემ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება სრულად ვერ შეძლო, ვინაიდან მოპასუხემ დაამტკიცა მოსარჩელისთვის ვალის ნაწილობრივ გასტუმრების ფაქტი.
მოსარჩელე მხარემ მართალია შეამცირა მოთხოვნა, მაგრამ სარწმუნოდ ვერ განმარტა და დაადასტურა, თუ სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა რომელი ანგარიშითაა 11 270 აშშ დოლარი და რა თანხებს მოიცავს იგი.
ბუნდოვანია თავად 2013 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შინაარსი, რომელიც დაწერილია რ----- მ---------ის მიერ და რომლის თანახმადაც - ,,2011 წლის 1 ოქტომბრის #110061789 და 2011 წლის 22 დეკემბრის შეთანხმება-ხელწერილის შესაბამისად გ------- ნ--------–---–მა ისესხა რ----- მ---------ისაგან 5500 აშშ დოლარი თვეში 7%-ის გადახდით. 2013 წლის ივლისის ბოლოსთვის დაუგროვდა გადაუხდელი თანხა პროცენტის სახით 5230 აშშ დოლარი და ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი, სულ 10730 აშშ დოლარი. ვალდებულებას ვიღებ აღნიშნული თანხა, მთლიანად 10730 აშშ დოლარი გადავიხადო 2013 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, ძირითად თანხაზე 7%-ის გადახდის შენარჩუნებით ყოველ თვეში.’’ რადგან პირველი ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ხელშეკრულებით 2000 აშშ დოლარს + 2800 აშშ დოლარი, ე.ი. სულ უნდა გადაეხადა 8300 აშშ დოლარი.
წარმოდგენილ შეთანხმება-ხელწერილზე (22.12.2011წ.) რ----- მ---------ის მიერ შესრულებული ხელმოწერებით დასტურდება მის მიერ მოპასუხისაგან 6200 აშშ დოლარის და 250 ლარის (იმ დროს არსებული კურსით=141.96 აშშ დოლარი), სულ 6341.96 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. შესაბამისად მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 8300-6341.96=1958.04 აშშ დოლარი.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას 2013 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში მითითებული სესხის თანხა მოსარჩელისთვის სრულად აქვს დაფარული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
რ----- მ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებმა გამოხატეს ნება და მათ შორის ხელშეკრულება წერილობით იქნა დადებული.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და საერთოდ, იმაზე, იქონიებს თუ არა ეს ურთიერთობა დასახულ შედეგებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პროცენტი.
6.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი. რაც წარმოშობს მოპასუხის ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 01 ოქტომბრის და 2011 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებები დაიდო ორი და ექვსი თვის ვადით. მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი 7% (რაც საკმაოდ მაღალი პროცენტია) და რომელიც უნდა ეხადა გ------- ნ--------–---–ს ყოველთვიურად სესხის თანხის დაბრუნებამდე.
6.5. წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს 6341.96 აშშ დოლარი. მოსარჩელისათვის სესხის თანხების გადახდის ფაქტები არ უარყო არც მოსარჩელის წარმომადგენელმა და ასევე დაადასტურეს მოწმეებმაც.
6.6. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხლი), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით - გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ.
ამავე კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყასიტყვითი აზრიდან.
უდავოა, რომ მოსარჩელეს 2013 წლის აგვისტოსთვის წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და სესხის თანხის დაბრუნების მოთხოვნა სარჩელის აღძვრით განახორციელა კიდეც. თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნას მოპასუხისათვის 11270 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რადგან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ხელმოწერები თანხის მიღებაზე) საწინააღმდეგოს ამტკიცებს. რომლის თანახმადაც გ------- ნ--------–---–ს რ----- მ---------ისათვის გადახდილი აქვს 6341.96 აშშ დოლარი.
სესხის ხელშეკრულებების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა სულ 8300 აშშ დოლარი ძირითადი თანხის სახით, რომლის 7% 2013 წლის 12 აგვისტოს ხელწერილამდე შეადგენს 2800 აშშ დოლარს. რის გამოც ბუნდოვანია შეთანხმება-ხელწერილში მითითებული პროცენტის თანხის ოდენობა, რადგან მისი ოდენობა არ გამომდინარეობს აღნიშნული სესხის ხელშეკრულებებიდან. მართალია, თანხა აღიარებულია მოპასუხის მიერ, მაგრამ შეთანხმების მათემატიკური ბუნდოვანება არ უნდა გახდეს გ------- ნ--------–---–ისთვის იმ თანხის გადახდის დაკისრების საფუძველი, რაც არ გამომდინარეობს ხელშეკრულებათა შინაარსიდან.
სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით კი, გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შინაარსი ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. მოსარჩელემ მის მიერ მოთხოვნილი თანხის და სარგებლის მართლზომიერება სსკ-ის 325-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად მთლიანობაში სრულად ვერ დაამტკიცა. რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული საპროცენტო სარგებელი მხოლოდ 2013 წლის აგვისტომდე, რაც გადახდილი თანხების გამოკლებით შეადგენს 1958.04 აშშ დოლარს.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადები დადგენილია კანონით.
სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, რომლის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დადგენილია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის დეკემბრის ბოლოდან (31 დეკემბერი), მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 2016 წლის 21 დეკემბერს. შესაბამისად დაცულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოპასუხის წარმომადგენლის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
6.8. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის და მისი წარმომადგენლის პოზიციას, რომ მას სესხის თანხა მთლიანად აქვს გადახდილი მოსარჩელისათვის, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით ან მოწმეთა ჩვენებებით ეს ფაქტი უტყუარად არ დასტურდება.
ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს: გადაუხდელი თანხის, სულ 1958.04 აშშ დოლარის გადახდა. მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 993 ლარი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 80.93 ლარი. სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დავის საგნის დარჩენილი ნაწილის 17,3737%, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 912,07 ლარის 17,3737%-ის _ 158.46 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ----- მ---------ის (წარმომადგენელი მ--–------ გ----------ე) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გ------- ნ--------–---–ს მოსარჩელე რ-----ი მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1958.04 (ერთიათას ცხრაასორმოცდათვრამეტი აშშ დოლარი და 04 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა;
3. მოპასუხე გ------- ნ--------–---–ს მოსარჩელე რ-----ი მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 158.46 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. რ----- მ---------ეს დაუბრუნდეს 80.93 ლარი მის მიერ 2016 წლის 20 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით, სს ,,ტერა ბანკში” სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 993 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300183 150, გადამხდელი - მ--–------ გ----------ე, პ/ნ 6----------; დანარჩენი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე