განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100118002256126
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - მიქაილ ქობულაძე, ოლღა მერებაშვილი
ბრალდებული - ანა---------------ლუ
ადვოკატი - ირ---–-------ელი
თარჯიმანი - აგა------------იანი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ანა---------------ლუ
მამის სახელი: პარქევი
დაბადებული: 22.06.1976 წელი
მოქალაქეობა: სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პასპორტის ნომერი: AP 0663382
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: სომხეთის რესპუბლიკა, ქ. აბოვიანი, გეღ-----ის ქუჩა N3, ბინა-24.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ანა---------------ლუმ, 2017 წლის ივნისის თვეში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), თურქეთის რესპუბლიკიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,სარფ“-ში, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, რაშიც მხილებული იქნა 2017 წლის 17 ივნისს სასაზღვრო გამტარ პუნქტ სადახლოდან სომხეთის რესპუბლიკაში გასვლის დროს.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. სასამართლოს დასკვნა ანა---------------ლუს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ინფორმაციულ პატაკს დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმე ბე-----------–---–-ილის გამოკითხვის ოქმს, ანა---------------ლუს გამოკითხვის ოქმს, ამოღების ოქმს, ანა---------------ლუს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ანა---------------ლუმ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი.
სამართლებრივი შეფასება:
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა:
6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქ/პუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ჩვენს ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა, ხოლო დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით.
9. პატრულ-ინსპექტორ ბე-----------–---–-ილის გამოკითხვის ოქმით, რაც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ დადასტურებულია, რომ ანა---------------ლუს, რომელიც 2017 წლის 17 ივნისს საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გადადიოდა, პასპორტში საქართველოში შემოსვლის თარიღ-დამღა არ აღენიშნებოდა, რაც ასევე დასტურდება საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული ცნობით, რომლის თანახმად ანა---------------ლუს 2017 წლის 17 მარტს უფუქსირდება საქართველოდან გასვლა, 2017 წლის 17 ივნისს იგი კვლავ ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას, ისე რომ საქართველოში შემოსვლა არ უფიქსირდებოდა.
10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ანა---------------ლუმ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. ანა---------------ლუს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
12. ანა---------------ლუს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
14. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რაშიც ანა---------------ლუს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ანა---------------ლუს პიროვნების და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
15. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
16. მოცემულ შემთხვევაში, ანა---------------ლუს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმდედებას, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ ანა---------------ლუს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება თანაზომიერია ბრალდებულის მატერიალურ მდგომარეობასთან, ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულ ანა---------------ლუს პიროვნების გათვალისწინებით მითითებული სასჯელი სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
17. ამასთან, ვინაიდან ბრალდებული ანა---------------ლუ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით მსჯვარდებულია საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესით, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ანა---------------ლუ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში მთლიანად ჩაითვალოს ის სასჯელი, რომელიც 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით არის მოხდილი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, საბოლოო სასჯელად დაურჩეს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს რუზანნა ჰარუტიუნიანს დაუბრუნდეს კანონით დადგენილი წესით ანა---------------ლუს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარი. (სს ”საქართველოს ბანკი”, დასტური N ა 04 45 13, სალაროს შემოსავლის ორდერი N2/45412).
ნივთიერი მტკიცებულება: ანა---------------ლუს სახელზე გაცემული პასპორტი NAP 0663382, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილს პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი